აგვისტო 24, 2022
Ad Black Sea – ეს სახელი შემოქმედებითი ინდუსტრიისთვის რამდენიმედღიან დღესასწაულთან ასოცირდება, რომელსაც აგერ უკვე ორი წელია, მოუთმენლად ველით. წლევანდელი ფესტივალი, ტრადიციულად, ბათუმში ჩატარდება და ორი დღის განმავლობაში, 1000-მდე დელეგატს მოუყრის თავს გასართობ, შემეცნებით და საკონკურსო ღონისძიებებზე. ესაა ფესტივალი, რომელსაც ყოველწლიურად საერთაშორისო სპიკერები სტუმრობენ და სემინარების, პანელური დისკუსიების თუ ვორკშოპების განმავლობაში საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ.
ფესტივალის განუყოფელი ნაწილია კონკურსიც. Ad Black Sea ყოველწლიურად აჯილდოებს რჩეულ ნამუშევრებსა და სააგენტოებს. ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია ACAG წლის კრეატიულ სააგენტოსა და დიზაინ სტუდიას გამოავლენს.
წლევანდელ სპიკერებს შორის იქნებიან ბრიტანული შემოქმედებითი სააგენტო Type-ის დამფუძნებლები, კრის ემბიჯი და მარტინ სივერსი.
კრის ემბიჯი Type-ის თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის უძღვება დამკვეთების ზრდასა და მათი ბრენდების მენეჯმენტს. ამავდროულად, სხვადასხვა კომპანიას უწევს კონსულტაციას ბიზნესის, ბრენდისა და პროდუქტის სტრატეგიის განვითარების კუთხით. კრის ემბიჯი კომპანია Xplain-ის პარტნიორიცაა, სადაც დიდ ბრიტანეთში ბიზნეს-დივიზიის განვითარებაზე ზრუნავს. წლების მანძილზე მან დააგროვა გამოცდილება ბრენდინგსა და დიზაინში, ინოვაციებში, ელექტრონულ კომერციაში, მარკეტინგში, B2B, ღონისძიებების, ექსპერიმენტების, შეფუთვის თუ სხვა მიმართულებებით.
მარტინ სივერსი Type-ის თანადამფუძნებელია. მისი გამოცდილება აერთიანებს ანალიტიკურ უნარებსა და შემოქმედებით აზროვნებას პრობლემის გადაწყვეტისას. ის ბრენდისა და დიზაინის კონსალტინგის პრაქტიკოსია, ექსპრესიული და გუნდური მოთამაშე. მისი გამოცდილება აერთიანებს ფინანსური სერვისების, თამბაქოს, ალკოჰოლის, სასმელების, საკვების, პირადი ჰიგიენისა თუ სხვა ტიპის ბრენდებზე მუშაობას.
ორწლიანი პაუზის შემდეგ, Ad Black Sea ბრუნდება და თიბისი კვლავაც არის ფესტივალის მხარდამჭერი. როგორია წლევანდელი საფესტივალო სამზადისი და მოლოდინი?
"
ფესტივალის დაბრუნებას განსაკუთრებული ემოციებით ველოდით. თიბისი და ედ ბლექ სი დაარსების დღიდან მეგობრობენ და ვფიქრობ, ეს ის ერთ-ერთი განსაკუთრებული მოვლენაა, რომელიც ჩვენს ინდუსტრიას ავითარებს და სტიმულს აძლევს ახალ თაობას იფიქროს და შექმნას განსაკუთრებული პროექტები. მზადების აქტიურ ფაზაში ვართ და სულმოუთქმელად ველით 16-17 სექტემბერს, რომ შევხვდეთ სფეროს წარმომადგენლებს, გავიგოთ სიახლეები, ავივსოთ შთაბეჭდილებებით და შევქმნათ მოგონებები, რომელიც შემდეგ ფესტივალამდე გაგვყვება.
- ბეკი ფანცხავა, თიბისის ბრენდის ლიდერი
რატომ არის კვლავაც მნიშვნელოვანი Ad Black Sea-ს მხარდაჭერა თიბისისთვის?
"
თიბისისთვის შემოქმედებითი ინდუსტრია და მისი განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვითანამშრომლოთ ადგილობრივ და საერთაშორისო სააგენტოებთან და შემოქმედებთან იმისთვის, რომ საქართველო მსოფლიო შემოქმედებით რუქაზე მოვნიშნოთ. გვჯერა კრეატიული ეკონომიკის პოტენციალის და ამის ხელშეწყობისთვის ბევრ სხვადასხვა პროექტს ვახორციელებთ. Ad Black Sea გვაძლევს შესაძლებლობას, შევაჯამოთ გასული წელი და ვიფიქროთ იმაზე, თუ რა შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ჩვენი მხრიდან იმისთვის, რომ საქართველოში უფრო მეტი განსაკუთრებული იდეა დაიბადოს.
თქვენი ხელშეწყობით, წლევანდელ ფესტივალს საერთაშორისო სპიკერები ეწვევიან. რით იქნება საინტერესო მათი Ad Black Sea-ზე სტუმრობა?
"
განსაკუთრებით სასიამოვნო და საპასუხისმგებლოა ჩვენი პარტნიორების, კომპანია „ტაიპის“ სტუმრობა წლევანდელ ფესტივალზე. კრის ემბიჯი და მარტინ სივერსი ჩვენი კარგი მეგობრები, გამოცდილი პროფესიონალები და ძალიან საინტერესო ადამიანები არიან. მათთან ერთად ბევრ პროექტზე გვიმუშავია და ფესტივალის ფარგლებში, ისინი ბრენდის შენების გარშემო ვორქშოპს ჩაატარებენ, რომელზე დასწრებაც, ვფიქრობ, როგორც კლიენტის, ისე სააგენტოს მხარესთვის საინტერესო იქნება.
"
თიბისისთან უკვე 3 წელზე მეტია, ვთანამშრომლობთ და შემიძლია ვთქვა, რომ ეს ძალიან სახალისო, საინტერესო და ნაყოფიერი თანამშრომლობა იყო. ერთად ვიმუშავეთ თიბისის, როგორც ბრენდის პოზიციონირების, ახალი საბანკო სივრცეების სტრატეგიასა და დიზაინზე, ბრენდის ციფრული გაფართოების სტრატეგიაზე უზბეკეთში და სხვა. ამ დროის განმავლობაში საოცარი თანამშრომლობა ჩამოგვიყალიბდა და მოხარულნი ვართ, რომ უკვე 11-ჯერ ვართ ნამყოფები თბილისში.
- კრის ემბიჯი, type-ის თანადამფუძნებელი
"
ჩვენ გვჯერა, რომ სტრატეგიული აზროვნება შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველა დონეზე აუცილებელია. დღესდღეობით სტრატეგია აღარ არის მხოლოდ ბრენდის, კომუნიკაციების ან ციფრული სტრატეგის მოვალეობა, ის ყველა დონეზე უნდა იყოს გათვალისწინებული, დაწყებულიდაწყებული შემოქმედებითი გუნდიდან ექაუნთ მენეჯერით დამთავრებული. სამყარო სწრაფად იცვლება და ჩვენ გვჭირდება სტრატეგია, რომ წინასწარ ვიფიქროთ ბევრ რამეზე.
ABS-ზე წელს პირველად გამოვდივართ და ასევე პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოს თბილისის ფარგლებს გარეთაც ვნახავთ. ჩვენ ვისაუბრებთ დიდი იდეების ძალაზე და იმ ძირითად ინსტრუმენტზე, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ – ბრენდის არქეტიპები.
ჩვენი რჩევა იქნება, რომ ნებისმიერმა შემოქმედებითმა ადამიანმა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მეტი დრო დაუთმოს სტრატეგიულ აზროვნებას. ყურადღება მიაქციოს არა მხოლოდ იმას, თუ როგორ ავითარებს იდეას, არამედ იმასაც, თუ როგორ არის ეს იდეები აუდიტორიისთვის წარდგენილი. ასევე მნიშვნელოვანია კლიენტებისთვის არჩევანის ვარიანტების მიწოდება, მაგრამ რაც არ უნდა გააკეთოთ, გთხოვთ, ყოველთვის მოიტანოთ საკუთარი, უნიკალური ქართული სული!
"
საერთაშორისო სტანდარტის ფესტივალის ჩატარებას ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება და ამას ნამდვილად ვერ შევძლებდით ჩვენი ერთგული პარტნიორების გარეშე. Როგორც ბეკიმ ახსენა, თიბისი და ედბლექსი პირველივე წლიდან მეგობრობენ და ჩვენთვის, ორგანიზატორებისთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.
- Ad Black Sea-სა და თიბისის პარტნიორობაზე აღმასრულებელი მენეჯერი თამარ ცინცაძე გვესაუბრა.
"
წელს ჩვენი პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიყვანეთ და თიბისის ბრენდის კონტრიბუცია უშუალოდ პროგრამის გამრავალფეროვნებაშიც აისახება. ამგვარ მიდგომას სამომავლოდაც შევინარჩუნებთ და ვეცდებით, ფესტივალის პარტნიორები უფრო მეტად ჩავრთოთ იმაზე ფიქრში, თუ რას წაიღებს ჩვენთან მოსული ადამიანი და როგორ გამოიყენებს ამ ცოდნას პროფესიული ზრდისთვის.
ავტორი: Marketer.ge