თაობა

რას ირჩევს თაობა Z

TBC Z

ნოემბერი 05, 2021

კლაუსტროფობიულ ოფისებსა და კისერზე მაგრად მომდგარ ჰალსტუხებში ვერ ვხედავთ ჩვენს თავს. ისიც წარმოუდგენლად გვეჩვენება,  გამოყო ერთი საქმე და ცხოვრების ბოლომდე მხოლოდ ეს აკეთო. რატომ უნდა აირჩიო ერთი, როდესაც შეგიძლია სცადო ყველაფერი?

ყველაზე დიდი სირთულე სწორედ რომ არჩევანშია. თანამედროვე სამყაროში კი, სადაც ყველაფერი ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანია, რატომ უნდა შეიზღუდო თავი? დამთავრდა გამოუყენებელი ორი და სამი დიპლომების დრო. თაობა Z პრაქტიკულობას ირჩევს და უარს ამბობს დაკმაყოფილდეს მხოლოდ თეორიული, აბსტრაქტული ცოდნებით.

ბავშვობაში გვეკითხებოდნენ „ვინ გინდა რომ გამოხვიდე?“ და ჩვენგან სწორ პასუხებს ელოდებოდნენ. ზოგიერთს, ალბათ, დღემდეც გვეკითხებიან ვინ უნდა გამოვიდეთ ან ვინ გამოვედით, თუმცა როგორ გინდა ამ კითხვაზე სწორად უპასუხო ერთი პროფესია და განსაზღვრული რეალობის არჩევით უარი თქვა სხვა ყველა შესაძლო ვარიანტზე. კითხვაზე პასუხი სინამდვილეში ძალიან მარტივია. უბრალოდ არ არის საჭირო იცოდე, რისი კეთება გინდა ან გენდომება მთელი ცხოვრება.

ჩვენ გვინდა გამოვიდეთ: რეჟისორები, მუსიკოსები, მწერლები, ვებ დიზაინერები, დეველოპერები, კონტენტ კრეატორები, მეცნიერები და ვინ თქვა, რომ ეს ყველაფერი ერთად შეუძლებელია?

ქვეყნის საზღვრებს შიგნით თუ გარეთ თაობა Z-ის ცხოვრება სწორედ ასეთია. მეცნიერები, რომლებიც ქმნიან მუსიკას. მხატვრები, რომლებიც წერენ კოდს თქვენი საყვარელი აპლიკაციებისათვის. გადით ქუჩაში, გაჰყევით საინტერესოდ  ჩაცმულ ახალგაზრდებს და თქვენ აუცილებლად გაიცნობთ ასეთ ადამიანებს.

მთავარი საიდუმლო გაზიარებაშია!

მრავალი პროფესიისა თუ ინტერესის ქონის შესაძლებლობა სწორედ ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარებამ გახადა რეალური. შესაბამისად, ჩვენი თაობა, რომელსაც ინტერნეტთან შეხება ბავშვობიდან აქვს, მეტად არის ღია ახალი გამოცდილებებისათვის.

ჩვენი “როლ მოდელები” არ ყოფილან  მასწავლებლები, რომლებიც ჩვენთვის ნაკლებად საინტერესო თემებზე გვესაუბრებოდნენ, არც ის მშობლები, რომლებიც ფინანსურად ყველაზე ხელსაყრელი პროფესიის არჩევისკენ მოგვიწოდებდნენ. ჩვენთვის მისაბაძი ადამიანები ჩვენსავე ეკრანებზე იყვნენ. ღამის სამ საათზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გვიყვებოდნენ და გვიხსნიდნენ როგორ გვეკეთებინა საქმე, რომელიც გვაინტერესებდა. გვასწავლიდნენ ახალ მიდგომებს და ესმოდათ ჩვენი.

თაობა Z-თვის მატერიალიზმი და გამდიდრების სურვილი მეორეხარისხოვანია. სოციალურ პასუხისმგებლობასა და ღირებულებებს უფრო მეტი დრო ეთმობა და გაცილებით პრიორიტეტულია. პროფესიის არჩევის დროსაც ყურადღებას სწორედ ამ ნაწილს ვაქცევთ.

ჩვენ არ გვსურს ჩვენი ცოდნა, თუ რესურსი მოვახმაროთ იმ იდეებს, რომლისაც არ გვჯერა. გვადარდებს როგორია სამყარო და ვფიქრობთ, რომ ის უკეთესი შეიძლება იყოს. სწორედ ამიტომ გვაინტერესებს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ეკოლოგია, განათლება, მენტალური ჯანმრთელობა, იდენტობა, გენდერი..

როდესაც დასრულებულ თუ პროფესიონალურად შესრულებულ პროექტს ვხედავთ, ჩვენი ფიქრები ხშირად ნაცნობ პატერნებს უბრუნდება და ვფიქრობთ ბევრი ადამიანისაგან დაკომპლექტებულ გუნდზე, რომელიც დიდ შენობაში ერთად შეიკრიბა და ასე გაართვა თავი შრომატევად სამუშაოს. სინამდვილეში უფრო და უფრო რეალისტური ხდება სიტუაცია, როდესაც პროექტის ყველა დეტალი ერთმა დიდ მაისურში გამოწყობილმა მწვანედ შეღებილ თმიანმა გოგომ გააკეთა ოთახიდან გაუსვლელად, სანამ ოლივია როდრიგოს ახალ ალბომს უსმენდა და ტიკტოკისათვის ახალ იდეებს იფიქრებდა.

თაობა Z ირჩევს არ აირჩიოს, არ მიანიჭოს უპირატესობა ყველა შესაძლო ვარიანტიდან მხოლოდ ერთს და სცადოს ყველაფერი, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე პროფესიას ეხება.

პროფესია, ისევე როგორც სხვა ყველაფერი, შესაძლოა გახდეს გზა ადამიანის ჩარჩოში მოსაქცევად. ტიტრი, რომელიც დაეწერება სიუჟეტს. ჩვენ კი არ გვსურს, რომ ვინმემ ოთხ კედელში გამოგვკეტოს, მოგვაკრას იარლიყები, დაგვიძახოს სახელები, რომლებიც თავად არ გვიწოდებია ჩვენი თავისათვის და შეზღუდოს ჩვენი გამოხატვის თავისუფლება. გვსურს მუდმივი ცვლილებები და განვითარება. ახლის ძიება და ყოველ ჯერზე საკუთარი თავის თავიდან პოვნა. აღმოჩენა იმ ადგილების, რომლებიც აქამდე არ აღმოგვიჩენია და ცდა ყველაფრის, რაც აღგვაფრთოვანებს.

ავტორი: ანი კილაძე

ილუსტრაციები: თათა მანაგაძე ( @eat_vashli )