თაობა მუსიკა | ცა

სანდრო თავართქილაძე | ექსპერიმენტები

TBCZ x ELECTRONAUTS

დეკემბერი 09, 2021

მუსიკა დასაწყისშივე მარტო კაცის პროცესია ჩემთვის. ალბათ რადგან ბენდში არასოდეს დამიკრავს და ყველაფერი მარტომ დავიწყე” - ასე იწყება ჩემი საუბარი სანდრო თავართქილაძესთან, ქართველ მუსიკოსთან, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ჩემნაირი სტაჟიანი მსმენელის გაოცებაც კი შეძლო. სწორედ გაოცების მომენტია ის, რაზეც მისი მუსიკა ყველაზე მეტად ამახვილებს ყურადღებას მსმენელთან კომუნიკაციის დროს.

სანდროს სახელს 2015 წლიდან დაწყებული ხშირად ვაწყდებოდი Youtube-ის კომენტარების დასტაში, ყოველთვის ჩემი საყვარელი მუსიკოსების კომპოზიციებთან. მალევე დამაინტრიგა, თუ ვინ იყო ის ადამიანი საქართველოდან, ვინც ამ ყველასგან გადახაზულ მუსიკას მიაგნო და დააინტერესა. შემდეგში უკვე 2017 წელი იყო, როდესაც ერთ-ერთ საღამოს ჩემს ვირტუალურ სივრცეში გამოჩნდა ალბომი სახელად Fantasize Forms, რომელსაც ჩემი ფეისბუკ მეგობრები აქტიურად აზიარებდნენ. ალბომზე გადასვლისას შემსრულებლად ვინმე IC122 იყო მითითებული, რომელიც თურმე თბილისში ქმნიდა ისეთ მუსიკას, მე რომ მხოლოდ ლოს-ანჯელესის სცენიდან მქონდა გაგებული. ეს იყო ყველანაირ ლოგიკას მოწყვეტილი ხმოვანი იმპულსები, ათასობით ერთმანეთთან გადახლართული ჩანართებით, მოწყენის საშუალებას რომ არ მოგცემდა. მალევე ჩემთვის ცნობილი გახდა მუსიკოსის სახელიც - სანდრო თავართქილაძე და აქ უკვე წერტილების შეერთების დროც დადგა.

მას შემდეგ 4 წელი გავიდა და, ალბათ, არცერთი ქართველი მუსიკოსი არ გაზრდილა ისე და არცერთი მათგანი ისეთი პროდუქტიული არ ყოფილა, როგორც სანდრო. 4 განსხვავებული პროექტი, განსხვავებული მუსიკით, 20-მდე ალბომით ან EP-ით, ინსტაგრამ პერსონითა და ვიზუალური თუ ხმოვანი დიზაინის დახვეწილი ხედვით, სანდრო თავართქილაძე „ელექტრონავტების“ მეთორმეტე დაჯილდოების ნომინანტი იყო 2 ნომინაციაში:„საუკეთესო ალბომი“ – მისი ქოთნის მუსიკით, რომელიც სექტემბერში გამოვიდა და „Z არტისტი“ - ახალი თაობის რჩეული მუსიკოსის სტატუსის მოსაპოვებლად. ქვემოთ მოცემულ ტექსტში ვეცდები, უკეთ გაგაცნოთ მისი შემოქმედება და პიროვნება, რომლის სახელი სამომავლოდ თქვენთვისაც უფრო ახლობელი გახდება.

სანდროს ბავშვობა და სილამაზე

24 წლის სანდროს შეხება მუსიკასთან საკმაოდ ადრეულ ასაკში იწყება - რეჟისორი მამის წყალობით, რომელსაც საკუთარი ფილმებისთვის მუსიკის დაწერა სურდა, 8 წლის ასაკიდან უკვე FL Studio-ს აუდიო ინტერფეისს ეცნობა.

„ოჯახში პატარაობიდანვე გვედგა პენტიუმ 4. მესამე კლასში ვიყავი, როცა სახლში მოსვლისას აღმოვაჩინე, რომ მამაჩემმა FL Studio ჩაიწერა. მამაჩემი რეჟისორია. ძალიან უნდოდა თავისი ფილმისთვის მუსიკა დაეწერა, მაგრამ სამომხმარებლო ინტერფეისთან მწყრალი დამოკიდებულების გამო ვერ ჩაწერა. კლავიატურაზე უკრავდა ხოლმე. რომ მორჩებოდა, მერე მეც ვჯდებოდი, FL Studio-ს მზა პროექტებიდან რომელიმეს ამოვარჩევდი, ჩავრთავდი და საათობით ვუკრავდი კლავიატურაზე.

 

2009 წელს, მეექვსე კლასში, როცა MUS.GE-ს გარდა მუსიკის მოსასმენი საიტი არ ვიცოდი და საიტზე ყველაზე პოპულარული Deadmau5 იყო, მეც მომინდა რამე გამეკეთებინა. ამიტომ FL Studio-ში ვიღებდი ტრეკის გამზადებულ პროექტებს, ყველაზე უტვინოდ მოვნიშნავდი სეკვენსერის ყველა სემპლის ყველა სლოტს, დავაექსპორტებდი MP3 ფაილად და ვტვირთავდი MUS.GE-ზე. ძალიან უტვინო წლები იყო.“

პირველი გიტარა და Rock n Roll

მიუხედავად შემდგომი ელექტრონული ექსპერიმენტებისა, სანდროს მთავარი ინსტრუმენტი მოზარდობის პერიოდიდანვე გიტარა იყო (და დღემდე რჩება). პირველი დიდი შთაბეჭდილება მასზე Led Zeppelin-ის ჯიმი პეიჯმა მოახდინა და ამ დღიდან სანდროს საბავშვო ყულაბა მხოლოდ ერთი მიზნით ივსებოდა - შეეძინა პეიჯისნაირი წითელი Gibson SG - საბოლოოდ კი მეთორმეტე იუბილეზე გიბსონის გიტარასთან მხოლოდ ფერით მიმსგავსებული აკუსტიკური მოდელი მიიღო საჩუქრად.

„მინდოდა პეიჯისნაირი სოლოები დამეკრა. საათობით ვუკრავდი და კოჟრებს ვიჩენდი, რაზეც მეუბნებოდნენ, გაგივლის და გაგიქვავდება თითებიო, მაგრამ გვიან აღმოვაჩინე, რომ ჩემს გიტარას არანაირი აკუსტიკური მონაცემი არ ჰქონდა, ვერც თითები შეეჩვია და მასზე დაკვრა დღესაც კი თუნუქის ფურცელზე დაკვრის ტოლფასია.

 

სხვათა შორის, 12 წლის შემდეგ ეს თუნუქის ფურცელი არ ვიცი რანაირად, მაგრამ კრისტალიზირდა და ძალიან თვითმყოფადი ჟღარუნა ხმა მიიღო, რისი შთაგონებითაც დავწერე ალბომები ძაღლო და ქოთნის მუსიკა.“

პირველი ექსპერიმენტები და ჩაწერის მცდელობები

ბავშვობაში მისთვის ყველაზე დიდი მუსიკალურ გარღვევა გიტარაზე ენერგიულად ჩამოკვრის სწავლა იყო - ერთხელაც დაინტერესდა, თუ ვინ უკრავდა ყველაზე უცნაურად ამ ინსტრუმენტზე და Explosions In The Sky-ის მიაგნო, რომლის გიტარისტიც საწერი კალმით ცდილობდა ინსტრუმენტის აჟღერებას. მოზარდობის პერიოდში, ბიძაშვილის რჩევით მეგობარი მეტალისტების საყვარელი პროგრამა Guitar Rig ჩაიწერა - ვინაიდან ლეპტოპში გიტარას ვერ აერთებდა, ცდილობდა, ხმა პირდაპირ ლეპტოპის მიკროფონით ჩაეწერა - ასე დაიწყო მისი პირველი ექსპერიმენტები Lo-Fi სტილსა და ესთეტიკაში.

„საინტერესო ამ პროგრამაში ის იყო, რომ მხოლოდ ორი deck მქონდა, გიტარას ვერ ვაერთებდი კომპიუტერში, ამიტომ პირდაპირ ლეპტოპის მიკროფონით ვიწერდი. პირველ ბილიკში გიტარა, მეორეში დრამი ანუ - გიტარაზე ტყაპუნი. მახსოვს ახალი წელი იყო, ეზოში ასაფეთქებლებს ისროდნენ და ამიტომ თითო დექისთვის 20-მდე თეიქი ჩავიწერე.

 

ზოგადად ვერასოდეს ვუკრავდი გიტარაზე კარგად, უბრალოდ შემეძლო დღეობით ვმჯდარიყავი და იმდენჯერ ჩამეწერა, სანამ იდეალურ დაკრულს არ მივიღებდი.“

„ფარღალალა“

16 წლის სანდროსთვის მუსიკალური მეგობრების ნახვა საკმაოდ ადვილი აღმოჩნდა. სკოლის დამთავრების პერიოდში სწორედ მომავალი მუსიკოსების წრეში მოექცა - ლუკა დგებუაძესთან, გიორგი ტეცოშვილთან და ნიკა ჭყონიასთან ერთად. მუსიკალური თუ იუმორისტული იმპროვიზაციების ღამეებს ტყუილად არ ჩაუვლიათ და ასე ჩამოყალიბდა პროექტი „ფარღალალა“, რომელსაც მუსიკოსი უკვე ღიმილით იხსენებს. 

სკოლის გაცდენის და 1000 ხუმრობის შემდეგ ლუკასთან ავდიოდით. ლუკას ოთახში ვუკრავდით. ხან 1 საათით, ხან მთელი ღამე. ვუკრავდით ყველაფერზე, არ იყო არანაირი საზღვარი, ვისაც რა გვინდოდა, იმას ავიღებდით, ლუკას ყველანაირი აბსურდული ინსტრუმენტი ჰქონდა (დიჯრიდუ, სათამაშო პიანინო, კალიმბა, ბაყაყი გირო) ლუკას ხმის ჩამწერ Zoom H2n-ს დავიდგამდით, ვიწერდით და ალბომებად ვდებდით ბენდქემფზე (რატომაც არა?).

 

ზოგადად პირისპირ ვინმესთან შეხვედრის გარდა 3 კაცი თუ იკრიბებით, და თუ ხართ თბილისელი ბიჭები, მაშინ ჯგუფის სამივე წევრი ქადაგებულნი ხართ, რომ ერთმანეთს ბევრი ეხუმროთ, ან ხუმრობით დაამციროთ. ჩვენს შემთხვევაშიც ასე იყო. სხვებთან შეიძლება ჩხუბი ყოფილიყო, დაჭრა, ათასი უბედურება, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ლუკა, ტეცო და ნიკუშა ყველანაირად დამეხმარნენ, რომ ჩემი სახუმარო თემების დიაპაზონი ბოლომდე მიმეღო და, შესაბამისად, ყველაზე რეგრესულ ხუმრობაზეც კი აუცილებლად გაუცინიათ, რისთვისაც დიდი მადლობა მათ."

„არასდროს მინდოდა მოცარტობა“

სხვა ბევრი მისი თანატოლი მუსიკოსის მსგავსად, ამ განხრით განათლება არც სანდროს გააჩნია და სიმართლე უნდა ითქვას, არც არასდროს დაინტერესებულა. „მოცარტობა და პომპონი თავზე“ - ეს მისგან სრულიად განსხვავებული სამყაროა. პროფესიით UI/UX დიზაინერია და უკვე თითქმის 10 წელზე მეტია მატერიალურ სტაბილურობას სწორედ მისი დახმარებით აღწევს. ამ ყველაფერმა მის მუსიკალურ იდეებს თავისუფლების სიო ჩაჰბერა. მთავარი კომფორტის ზონა სახლში, ერთი ოთახის პერიმეტრზე სამუშაო პროცესია და აქ მარტოდ ყოფნით იმარტივებს ცხოვრებასაც.

„ბავშვობიდან ვფიქრობ ცხოვრებაზე, ვინ ვარ, რა მინდა, ვინ უნდა ვიყო, რა მაქვს სათქმელი. თავიდან ვჭმუნავდი, მაგრამ საბოლოოდ ამ ჭმუნვამ მუსიკაში გადაინაცვლა. არ მაქვს პრეტენზია სიმებიან ორკესტრზე და სხვა სანდროებისნაირად არც შოენბერგის ატონალობა მაღელვებს, ჩემი ერთადერთი საფიქრალია, როგორ მივიღო ტექსტურებიანი ჟღერადობა და როგორ შევქმნა კომპოზიცია. 

 

ჭეშმარიტების მომენტი ჩემთვის იმაშია, რომ რაღაც მომენტში, დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, შეგიძლია მშვიდად დაჯდე და ჰაერში დაგროვილი მაგია WAV ფაილებში გადაიტანო. საბოლოოდ ესაა, ალბათ, რაც ახარებს ჩემნაირი ბუნების ადამიანს და არა ის, თუ რამდენ კასეტას გაყიდი ან რამდენ ლაივს დაუკრავ ან რამდენი მსმენელი გეყოლება Spotify-ზე.“

მელომანი სანდრო

მისი მუსიკალური ბიბლიოთეკა წლებთან ერთად სხვადასხვა მუსიკოსის შთაგონებით მდიდრდებოდა, იქნებოდნენ ესენი ლო ბორხესი და მილტონ ნაშიმენტუ ბრაზილიიდან, პიერო უმილიანი თუ სტელვიო ციპრიანი 70-იანი წლების იტალიური კინომუსიკიდან თუ Daedelus - არტისტი ლოს ანჯელესის თანამედროვე ბიტ სცენიდან.

„გიტარა სულ მეჭირა ხელში და სულ ვთხზავდი გასართობ კომპოზიციებს. ერთხელაც, პირველ კურსზე რომ ვიყავი, სახლში ძალიან გაბრაზებული მოვედი, მქონდა სოციალური შფოთვითი აშლილობა, თერაპევტის რჩევით სოციალიზაცია დავიწყე, ერთ გოგონას ვწერდი, რომელსაც დღე-დღეზე შევხვდებოდი, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მითხრა, სხვა ბიჭი მიყვარსო. რაზეც ძალიან ირაციონალურად გავბრაზდი, აღმომხდა ყველა ბრაზიანი ეპითეტი და 30 წუთში, ექსპრომტად შემომეწერა “ბანძი სიმღერები.”

 

როგორც ევამ გაასინჯა ადამს ვაშლი, ჩემი Singer/Songwriter-ობაც ასე დაიწყო.“

ინტერნეტის შვილი და ინსტაგრამ პერსონა

როგორც ზევით აღვნიშნე, მისი ძირითადი საქმიანობა UI/UX დიზაინერობაა, რომლის ფარგლებშიც დღე-ღამეების განმავლობაში, უამრავ დროს უთმობს ვებ-გვერდების თუ აპლიკაციების დიზაინ სისტემას, ტიპოგრაფიას და პიქსელ-პიქსელ გასწორებული იერარქიულად გამართული ვიზუალების შექმნას. როგორც ინტერნეტ კულტურის შვილი, მულტი-თასქინგის გარეშე მისი ცხოვრებაც წარმოუდგენელია - ამაში კი რა თქმა უნდა მოიაზრება მისი ინტერნეტ პერსონაც, რომელიც ალბათ ბოლო 2 წლის განმავლობაში ქართული ინსტაგრამ სივრცის ერთ-ერთი ნათელი წერტილია .

„ინსტაგრამ პერსონა - ჩემი ქვეცნობიერიდან ამოსროლილი უწყვეტი აზრის დინებაა, რომელიც ყოველთვის ადგილზეა. რითაც არ უნდა ვიყო დაკავებული, რაზეც არ უნდა ვმუშაობდე, დიზაინზე თუ მუსიკაზე, ქვეცნობიერმა ყოველთვის იცის, აზრს მიღმა რა უნდა დაინახოს და ყოველთვის გამოთქვამს შინაგან პროტესტს, გოგოებზე, პოპ-კულტურაზე და ბედის დაუნდობლობაზე (იცინის)“

პროდიუსერობა და კომპოზიცირება

სანდროს ამჟამინდელ სამუშაო პროცესზე დიდი გავლენა მოახდინა კომპიუტერული პროგრამებისა და ზოგადად პროდიუსინგის გამოცდილებამ. მისი მუსიკალური ფუძე ხომ ბენდიდან არ წამოსულა და დღემდე ერთკაციანი ორკესტრის პოზიციიდან ცდილობს კომპოზიციების აგებას. 4 წლის წინ აქტიურად გადავიდა გიტარის ჩაწერაზე - იწერდა მობილურით შემდეგ კი ჩანაწერს უკვე GarageBand-ის აპლიკაციაშივე ამუშავებდა.

„დამწყები ელექტრონული პროდიუსერების ნამუშევრებს, ყველას ეტყობა რიტმული სეკვენსიის სიღატაკე. ყველა სლოტს ერთი და იგივე ინტენსიურობა აქვს და ყოველთვის მონოტონურად მეორდება. მე, სხვებისგან განსხვავებით, ადრეულად შევამჩნიე, რომ მხოლოდ სლოტების მონიშვნა და 4 სემპლით აწყობილი რიტმი თავისთავად კარგ მსუყე ბითს ვერ მომცემდა, თანაც იმ დროს Flying Lotus-ს ვუსმენდი და ამიტომ 2015 წლიდან უკვე დავიწყე ჩაწერილი ხმების გამოყენება.


ვიწერდი გიტარაზე სლეპს, ტაშს, პერკუსიულ ჯემბეს, ქარის ხმაურს, ფურცლის დაკეცვის ხმას, ოპერატორთან საუბარს, სხვა არტისტების კომპოზიციების ნაწილებს და ყველაფერს, რაც ხმას მომცემდა. შემდეგ ამ ხმებს ერთგვარ მოზაიკად ვაწყობდი. რიტმულ სეკვენსიას ვქმნიდი არა სეკვენსერით, არამედ აუდიო ბილიკებზე დალაგებული ბევრი ხმით.


სწორედ ამ დროს აღმოვაჩინე, რომ თუ ზოგიერთ ხმას შეანელებ, რიტმულის გარდა ასევე შეგიძლია სინთეზატორის მაგვარი ხმაც მიიღო, მაგალითად მანქანის სიგნალის ხმა, შეგიძლია შეანელო, დააეფექტო, და გამოიყენო როგორც წამყვანი სინთი, როგორც აი ამ კომპოზიციაში 4:57 წუთზე.”

შემოქმედებითი პროცესის თავისებურებები

მიუხედავად სანდროს ბოლოდროინდელი აკუსტიკური წიაღსვლებისა, საბოლოოდ მისი სამუშაო პროცესი მთლიანად ნაკარნახევია ელექტრონული მუსიკისთვის დამახასიათებელი პროდიუსინგის მეთოდებით. რაც შეგვიძლია, ქართული სცენისთვის ერთგვარ არადამახასიათებელ, უჩვეულო ნიშადაც კი მივიჩნიოთ.  

„ქოთნის მუსიკაზე მუშაობისას მივხვდი, რომ როდესაც შემოქმედებითი ბლოკი მაქვს და ვერ ვიფიქრებ პირველ 4 ნოტს, რაც უნდა შევქმნა მუსიკად, იმ წამსვე მივმართავ ძველ მეთოდს და ვიწყებ ექსპერიმენტებს. ვიწერ უბრალოდ გაბნეულ აკორდებს, თითო ნოტს და ვცდილობ შევანელო, დავაეფექტო, მივცე დისტორცია ან ექო. ხმის ნაჭრებთან მოპყრობა ძალიან დამამშვიდებელი პროცესია. საბოლოოდ კი, ამ პროცესში გართულს, უკვე მარტივად მესმის, რა როგორ უნდა გავაკეთო და მივყვები ინტუიციას.


ამ კომპოზიციაში, ბილიკის გასაგრძელებელი მუხტი 0:12-0:20 წამზე არსებულმა ჭრების ექსპერიმენტმა მომცა”.

სიმარტივე და ჰარმონია

მიუხედავად იმისა რომ IC122-ის მუსიკალური პროექტი სრული ქაოსის მატარებელია, ბოლო დროს, აკუსტიკური მუსიკის წერის პროცესს სანდრო ბევრად მარტივად უყურებს. შერჩეული აქვს რამდენიმე ფავორიტი პლაგინი და რაც რჩება მხოლოდ გიტარების ჩაწერა და Record- ღილაკზე თითის დაჭერაა, ეს მუსიკა სრულიად თავისუფალია გადატვირთული მოდულაციებისგან. სანდროსთვის მუსიკა ყოველდღიური რუტინაა, ერთგვარი დაუძლეველი ჩვევა. შედეგად, ბოლო ალბომის გამოშვებიდან დაახლოებით 20-მდე დაუმთავრებელი კომპოზიცია დაუგროვდა და ამჟამად ხელსაყრელ დროს ელოდება, რომ მსმენელის ყურამდე საბოლოო ვერსიით მიიტანოს.

„ძირითადად სულ წამყვანი ნოტებით ვიწყებ, მელოდიით, რომელიც თავში მესმის ან თითებით გამოვიყვანე. შემდეგ Garageband-ში ვამრავალფეროვნებ, პერკუსიული ელემენტებით, მათ შორის - ფურცლის ხახუნის ხმით, გიტარაზე Chipmunk ეფექტის დადებით, ბასით ან ჩემი აშლილი პიანინოს ჩანაწერით.


მაგალითად, ქოთნის მუსიკიდან ქოთნის ჩანახატ 1-ს მინდოდა იტალიური კინო-მუსიკის ხასიათით გაეჟღერა, ოღონდ ფილმის მაგივრად დისნეის რომ კლასიკურ, კეთილ ნახატ-ფილმად გადაეღო. ბასს უფრო პერკუსიული ელემენტის დატვირთვა აქვს. გიტარები ტექსტურირებულია და ფონზე მწვანე მდელოს ხმა გვესმის."

ბევრი ქართული მუსიკა

როდესაც ფავორიტ ქართველ მუსიკოსებზე ჩამოვარდება სიტყვა, სანდროს სია წლიდან წლამდე იზრდება. არც არის გასაკვირი, მისი მრავალფეროვანი შემოქმედებისა და ქართული მუსიკალური სივრცის შემხედვარე, მისი ფავორიტი არტისტები დღეს უკვე მუსიკალური კოლაბორატორები და იდეური მეგობრები არიან.

●     დავით დათუნაშვილი. მხოლოდ ეს ადამიანი, ჩემი შთაგონება პირველი დღიდან. დავითიც ზუსტად იმ გზაზე დგას, რასაც მე დავადექი, და სწორედ ამ ყველაფრის პატივისცემის ნიშნად დავაქავერე მისი სიმღერა „4 Real“. დავითს აქვს არნახულად დიდი ნიჭი, შექმნას პულსირებადი, მუდამ ცვალებადი და მშვიდი გარემოები, რომლებსაც თბილისის ნატანჯ ინდუსტრიულ რკინის ინსტრუმენტაციას ურთავს ზედ. მე მგონია, რომ დავითისნაირად თბილისის სულს ვერავინ გადმოსცემს.

●     4D Monster Lobsters - მათ ცოცხალ შესრულებაზე ყოველთვის ისეთი ენერგია ტრიალებს, რომ მეც ძალიან მინდება ხოლმე ისევ თინეიჯერი ვიყო და ჩემს შეყვარებულთან ერთად ძალიან ბევრი ვიცეკვო. რაც მხოლოდ დასაფასებელია. იციან ინსტრუმენტთან მოპყრობა, და საკმაოდ ყოჩაღები არიან ამ კუთხით. სხვათა შორის, ერთად ტრეკიც ჩავწერეთ და ესეც ძალიან მიხარია.

●     თამადა. ნეო-ფანოღ, დუქან-ჰაუსის დაფუძნებაში ლაშას უდიდესი როლი მიუძღვის. ადამიანს, რომელსაც ჩემზე მეტად შეუძლია, დედაჩემს მოაწონოს თავისი მუსიკა, ალბათ ყველანაირ დაფასებას იმსახურებს. "მე უშენოდ" სწორედ თამადას და გლახო ზახაროვის შთაგონებით დავწერე. ნათამაშები მაქვს მის ორ კლიპში, ორივეგან ეშმაკის როლში. ცხოვრებაშიც ზუსტად თამადაა, მეტყველება, ხასიათი. ახლაც ალბათ სადმე ქეიფობს, და სწორედ ესაა დასაფასებელი - სრული წვა, არანაირი ბიჯი სასცენო ნიღაბსა და პიროვნებას შორის.

●     Organs & Oceans, ჩემი ძველი მეგობარი ტატო ანთაძე და ივა ნიკოლაძე, რომლებიც ძალიან ეფემერულ და ცოდვით დამძიმებულ სივრცეებს ეჭიდებიან. ძალიან მომწონს ტატოს ვოკალი და ახლა რასაც მასმენინებს, იმედით მავსებს, რომ სულ მალე შეიძლება ნამდვილი კარტოფილით ჩაწერილი, გულიდან წამოსული ქართული Indie მოვისმინოთ. ასე რომ გაყევით და დაელოდეთ მათ ახალ ალბომს!

●     ლექსო რატიანი, რომელიც შინაარსის კუთხით ძალიან საინტერესო სიმღერებს წერს. არაადამიანურად ბევრს მუშაობს ხარისხიანი ტექსტის დაწერაზე, და ვოცნებობ ხოლმე, ნეტავ მეც ლექსოსნაირად გიტარით დავბადებულიყავი და ბავშვობიდანვე შემძლებოდა სიმღერებით ლაპარაკი. მოისმინეთ ლექსოს ალბომი „თამაში“ რომელიც მგონია, რომ უდიდესი სიკეთით სავსე, რომანტიკული, პატარა, უბოროტო ფრენაა.

●     ზუკა სიმონიშვილი, ქართველი კურტ როზენვინკელი. ყოველ შეხვედრაზე ვპირდები ხოლმე ჩემს თავს, რომ მეც ვივარჯიშებ, რომ მასზე უკეთ დავუკრა გიტარაზე, მაგრამ დღემდე არაფერი გამომდის. ძილის წინ ვუყურებ ხოლმე ზუკას არხს იუთუბზე და მისი ჟღერადობის სათნო, სუფთა და წრფელი აზრები გადამეკრება ხოლმე გონებაზე. ეს კომპოზიცია მისი შთაგონებით დავწერე.

●     ძალიან მომწონს LUA, აბრეშუმივით ნაზი ხმა აქვს და მიუხედავად იმისა, რომ საფუძვლიანად არ შემისწავლია მისი დისკოგრაფია, ძალიან ხშირად ვუსმენ ხოლმე მის პატარა ალბომს Paper Crown. ძალიან რბილი ჰარმონიული მონახაზები და გიტარის სათნოობა საკმაოდ მამშვიდებს და გუნებაში მზიან მდელოზეც წამომაწვენს ხოლმე.

●     ერეკლე გეწაძე. ტრეკიდან ტრეკამდე საკმაოდ დიდ გრადაციას გადის. ყოველი ნამუშევარი განსხვავდება, ზოგი მომწონს ზოგი არა, მაგრამ ფაქტია რომ ერეკლე, წლებთან ერთად, პროდიუსინგში მხოლოდ აღმავლობას განიცდის. ძალიან მომწონს Barfüßerstraße EP, თავისი ყველანაირი, ყავა და ლუდის 2000-იანების ესთეტიკით. ბოლოს გაკეთებული პროექტი, Bad Habitz ძალიან მსუყე რამაა, ბითები, ფანკი, ელენე კალანდაძის ჰიპ-ჰოპ ინტონაციები, ჩვენი რეალობისთვის უბრალოდ გრანდიოზულია. იმედი მაქვს ოდესმე მოვხვდები მათ ლაივზე. გირჩევთ თქვენც მოისმინოთ ეს უჩინარი ვირტუოზები. 

„Fantasize Forms“ - სანდროს სიზმრისეული ხმოვანება

2016 წელს, 19 წლის ასაკში, სანდრომ ელექტრონულ მუსიკაში წლების განმავლობაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ალბომით „Fantasize Forms“-ით გადმოსცა. ეს ალბომი ალბათ წლების შემდეგ მის მაგნუმ ოპუსად დარჩება - ნამუშევარი, რომელიც ალბათ ყველაზე არასტანდარტული ელექტრონიკაა, რაც საქართველოში გაკეთებულა. Flying Lotus-ის და Machinedrum-ის ზეგავლენამ მუსიკოსს გიტარაზე ხელის აღება გადააწყვეტინა და მთლიანად დრამ სექციის პროგრამირებაზე გადაერთო. მალევე დაინტერესდა ჰარმონიებით და გაეცნო 70-იანი წლების მუსიკოსების ჯაზ-ფიუჟენის შემოქმედებას, მათ შორის Denny Zeitlin, George Duke, Pat Metheny და Mike Stern.

„FL Studio-ს პიანო როლში თითო-ნოტით შემთხვევით მელოდიას ვაწყობდი, მერე ამ ნოტებს სხვა ნოტებით ვამდიდრებდი და ბევრ-საათიანი ცდების შემდეგ ჰარმონიული მონახაზი მზად მქონდა. ღამეებს ვათენებდი, ნული ცოდნით freesound-იდან წამოღებულ ქიქის, სნეარის და ჰეთების ხმას ერთი-მეორის მიყოლებით ვალაგებდი. მერე, ისევ პიანო როლშივე, სოლოებსაც ავუწყობდი და ტრეკი მზად იყო.“

სიმშვიდე და Hyperfidelity

სანდროს მუსიკას თუ კარგად დაუკვირდებით (განსაკუთრებით IC122-ის პროექტის ფარგლებში) ადვილად მიხვდებით, რომ იგი ჰარმონიებით სავსეა, სადაც ერთმანეთს რამდენიმე ხმოვანი შრე ავსებს და ერთად როგორც რამდენიმედონიანი ტალღა, ისე მოედინება თქვენკენ - ყველაფერს კი ის გაოცების ეფექტი აერთიანებს, რომელიც მოულოდნელი შეხვედრასავით მოედება თქვენს სასმენ აპარატს. მუსიკოსიც სწორედ ამ იმპულსზე აფუძნებს საკუთარ ნაშრომებს.

თუმცა მის საკმაოდ დიდ დისკოგრაფიაში არის პროექტი, რომელიც სრულიად განსხვავებული მიმართულებით უბერავს - Hyperfidelity - ეს პატარა ბუნაურ-ბუნაგია ინტერნეტში, რომელზეც ყველა ისეთ ნამუშევარს ვდებ, რომელიც ნაკლებად პრეტენზიული და უფრო მშვიდი მოსასმენია.”

ქოთნის მუსიკა და ჩანახატები

2021 წლის პანდემიური პერიოდი სანდროსთვის საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა და წლის დასასრულისთვის ორი ალბომის მასალა გაამზადა ქოთნის მუსიკა და ძაღლო. პირველი მათგანი დღეს უკვე „ელექტრონავტების“ დაჯილდოების ნომინანტია „საუკეთესო ალბომის“ ნომინაციაში და არც თუ ისე უსაფუძვლოდ. თუ მოუსმენთ ამ მოკლე, აკუსტიკური გიტარის თანხლებით შექმნილ კომპოზიციებს, თქვენ აუცილებლად შეამჩნევთ ახალგაზრდა მუსიკოსის მცდელობებს, რომ შექმნას საკუთარი, უნიკალური კომპოზიცირების სტილი და ხმოვანება, რაც ასე ძალიან აკლია ქართულ მუსიკას.

„ალბომს არ აქვს არანაირი სპეციფიკური ისტორია, გარდა იმისა, რომ ბოლო წელიწადნახევარია, ვცდილობ მივიღო ტექსტურებიანი ჟღერადობა და რომ პირველად შევძელი აუდიო-ინტერფეისისა და მიკროფონის გამოყენებით ნორმალურად ჩამეწერა აკუსტიკური გიტარა.“

„სიტყვები შენ უნდა მოიხელთო და არა სიტყვებმა - შენ!“

ტექსტი რომ ქართველი მუსიკოსების აქილევსის ქუსლია ამის განმტკიცება რამდენიმე წლის აქტიური დაკვირვებით შემიძლია - განსაკუთრებით კი ტექსტები ქართულ ენაზე. სანდრომ ეს ეკლიანი და რისკიანი გზა მაინც აირჩია - მის მუსიკაში ტექსტებს დამატებითი, დეკორატიული ფუნქცია გააჩნია, რომლითაც მუსიკას აფორმებს. თუმცა ამ დეკორატიულობაშიც ჩანს მისი უნიკალური მიდგომა ტექსტის აგების მიმართ.

„მე რასაც ზოგადად ვუსმენ ხოლმე, გაურითმავია, ქართულებში კი რითმა ყველგან ძალიან საგრძნობია. რაც ცოტა გამაღიზიანებელია, სიტყვები შენ უნდა მოიხელთო და არა სიტყვებმა - შენ! თუ მაინცდამაინც ჰიპ-ჰოპს არ აწვები და ფორმა არ მოითხოვს მიმსგავსებულ სიტყვებს („რაიმინგი“ რომ გამოგივიდეს), რატომ უნდა დაწერო ლექსი.“

ძაღლო და ძაღლური ცხოვრება

მისთვის ამ ეტაპისთვის ბოლო ალბომი ძაღლოა, რომელიც უფრო სოციალური ხასიათისაა ვიდრე მისი რომელიმე წინა ნამუშევარი. ეს იმ გარემო-ფაქტორებს ეძღვნება, რომლებიც ისე ზემოქმედებენ ადამიანზე რომ ჩვენი ერთადერთი დანიშნულება გადარჩენაა - ისე როგორც ე.წ. „უჯიშო ძაღლებს“ უწევთ საკუთარი ბედის (ან უბედობის) ამარა ცხოვრება. ალბომი მალე კასეტის ფორმატში გამოვა - A-Side ბოლო წელიწადის ნამუშევრებისგან შედგება. B-Side კი 4 წლის წინ გაკეთებული საუნდტრეკის სამუშაო ვერსიაა. საუნდტრეკი, რომელიც მუსიკოსს ძმის ფილმისთვის „ცუდი ხალხი” უნდა გაეკეთებინა, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოვიდა.

„ეს ალბომი ერთგვარი მიძღვნაა მამაჩემის თაობისადმი, ჩემი ახლობლებისთვის, მარტივი ხალხის მიმართ, რომლებიც ჩემს გონებაში დღემდე ცოცხლობენ; ტურბულენტური წლების შემდეგ ვერგახარებული ადამიანების მიმართ, ბიძაჩემისთვის, ბებიასთვის და ბაბუასთვის.”

„გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის“

თუ მის დისკოგრაფიას ბოლომდე გადახედავთ (და თავიდანვე მოგიწევთ ამისთვის რამდენიმე დღის გადადება) მიხვდებით, რომ კომპოზიციების უმეტესობა არასდროს ცდება 2 წუთს. მისი სახელით დაწერილი საავტორო მუსიკა, ინტერპრეტაციის ბევრ შრეს ტოვებს და შესაბამისად შესაძლებლობას გაძლევთ ყოველ მოსმენაზე სხვადასხვა შთაბეჭდილებით აივსოთ.

„მე მუსიკის მიღმა ყოველთვის ვხედავ ატმოსფეროს, რომელიც ამ მუსიკას მოაქვს. ადრინდელ შემთხვევაში (IC122) მუსიკალური შიგთავსის გამო თუ თითოეული წამი ძალიან მსუყე იყო და შეგრძნებას ტოვებდა, თითქოს ძალიან დიდი ალბომი მოისმინე ახლა ჩემი სახელით დადებულ საავტორო მუსიკაში, აკუსტიკური ინსტრუმენტაციაა წამყვანი. რომელიც თავის სათქმელს სხვაგვარად, მაგრამ იმავე სისხარტით ამბობს.”

დაუმთავრებელი ალბომი Still Makes Sense

რაც სანდროს ვიცნობ, უკვე 4 წელია ჩვენს საუბრებში ყოველთვის ფიგურირებს მისი დაუსრულებელი ალბომი, რომელიც მან 2017 წლიდან, სამუშაო სახელით, „IC122 Makes Sense“ დაიწყო. ეს არის ამონ ტობინისნაირი კოლაჟებით გაძეძგილი მუსიკა, სადაც სანდრომ საყოფაცხოვრებო ნივთების დახმარებით ჯაზ კომპოზიციები შექმნა - როგორც მისი იმ პერიოდის მუსიკა, ეს ნამუშევარი კომპლექსური რიტმული სექციებითა და მოულოდნელი ჰარმონიებით იწონებს თავს.

„ალბომის კონცეფციაა, ყოველი ტაქტი იყოს განუმეორებელი და ყოველთვის გაგაოცოს პატარ-პატარა ილეთის დემონსტრირებებით, რომელშიც კომპოზიცია აღიქმება, როგორც ლამაზი მოძრაობა, როგორც ტექნიკის დემონსტრაცია. Fantasize Forms თუ პატარ-პატარა მონაკვეთები იყო აქ უკვე სრული 5+ წუთიანი კომპოზიციური ბრძოლებია. 


ალბომს მინდოდა მაქსიმალურად მჭახე ჟღერადობა ჰქონოდა, ამიტომ მე თვითონ გამოვიყვანე Serum-ში სინთეზატორის პატჩები. მობილურით ჩავიწერე ქვაბებზე დაკრული. შევქმენი მრავალ ნაწყვეტზე დაფუძნებული, გადატვირთული ხმის კოლაჟები.


ამ პერიოდში მოვასწარი და 65 ლეიბლს გავუგზავნე. არავისგან მომსვლია გამოხმაურება. ამიტომ ველოდები შესაბამის დროს, რომ შესაბამის ადგილას დავდო.

მანამდე კი კომპოზიცირების პროცესში, ჟღერადობის გამოყვანისას მორჩენილი უთვალავი დამთავრებელი ტრეკისგან ალბომი “Fossil Counterpoint” და სინგლი “Anderer Tag” დავდე. სწორედ ასეთი ჟღერადობა ექნება ალბომს “IC122 - Makes Sense.”

პროდუქტიულობა და მუსიკით ცხოვრება

მასთან პირველივე საუბრიდანვე ყოველთვის აღმაფრთოვანებდა ის პროდუქტიულობა და მუსიკისადმი მიძღვნა, რაც საბოლოოდ თითქმის ყოველ ორ თვეში ახალი ნამუშევრების კრებულით გამოიხატებოდა ხოლმე. ქართველი მუსიკოსებისთვის სრულიად არადამახასიათებელი ეს მიდგომა და პროცესი სანდროსთვის ცხოვრების ჩვეული დინებაა, სადაც ხან თავად ცხოვრებაა შთაგონების წყარო, ხანაც თავად პროცესი ქმნის ამ უშრეტ ენერგიას.

„გაოცების მომენტია ყველაზე ფასეული, შემდეგ კი ამ გაოცების მოხელთება. ალბათ, როცა იპოვი საწყის ინსტრუმენტაციას, სიტყვათა წყობას, რომელიც ცხოვრებიდანაა მოსული, და მელოდიასთან ემოციურ კავშირს - გააცნობიერებ, როდის ხარ უფრო წარმადი, როგორია შენი წერის პროცესი; რომელი ხმა როგორ მოპყრობას ითხოვს და რა სახის სტრუქტურაში გესმის ეს ყველაფერი.


2014 წელს მე და ლუკა (დგებუაძე) ვსეირნობდით. სუსხიანი ზამთრის ღამე იყო, ჰაერში სპეციფიკური ნამწვის სუნი იდგა. ჩავიწერე ტბის სანაპიროსთან ჩვენი სიარულის ხმა, რამაც კონკრეტული კომპოზიცია L.D. დამაწერინა.”

სამომავლო გეგმები და გაზაფხულის მერცხლის ლოდინი

თუმცა კი ის დროც იწურება, როცა სანდროს მუსიკისთვის ოთახი ერთადერთი სივრცე იყო. ბოლო პერიოდში უკეთესად გააცნობიერა, რომ კარგი მუსიკალურ პროდუქტს, კარგი შეფუთვა და მსმენელისთვის მიწოდების სწორი ფორმები ჭირდება. გაზაფხულისთვის კი ვიმედოვნოთ რომ მისი პირველი სოლო შოუს მომსწრეებიც ვიქნებით.

„ქოთნის მუსიკა” დავბეჭდე კასეტაზე. არტ მიმართულება და დიზაინიც მთლიანად ჩემი გაკეთებულია. მუტანტ რადიოს დახმარებით გავაკეთეთ ალბომის აუდიო კასეტის პრეზენტაცია/მოსასმენი წვეულება (დიდი მადლობა მათ).


ძალიან მნიშვნელოვანია ვიზუალურ მასალასთან მუშაობა, სანამ უშუალო მუსიკალურ პროდუქტს გაეცნობა ადამიანი აუცილებელია სწორი იმპულსი მისცე, რომ უბრალოდ ჩართოს. მალე ალბათ ლიმიტირებულ მერჩანდაიზსაც გავაკეთებ, მაისურების სახით.


მინდა, რომ ძაღლოს მოსასმენი დღეც მოვაწყო. საინტერესოა ხოლმე სხვადასხვა აზრის მოსმენა. ზამთრის არდადეგებზე მინდა ახალი სიმღერები დავამთავრო, რომლებზეც მხოლოდ ვოკალია ჩასაწერი.


შემდეგ კი, სანამ დათბება, ვაპირებ ჩემი სიმღერები ცოცხალ კონტექსტში გადავიყვანო, აი როცა გამოთბება მაშინ კი ნამდვილად მექნება სოლო შოუ, ან ბენდის ლაივი.“

ავტორი: ჯაბა შავიშვილი

ფოტო: მასუ მწარიაშვილი