ტექნოლოგია

საერთაშორისო ტექ-კომპანია Thoughtworks- მა რეგიონში პირველად თიბისი ჯგუფთან დაიწყო თანამშრომლობა

თებერვალი 13, 2023

თიბისიმ საერთაშორისო ტექნოლოგიურ საკონსულტაციო კომპანია Thoughtworks-თან თანამშრომლობა დაიწყო, რაც Thoughtworks-ის რეგიონში პირველი პარტნიორობა და საქართველოში ტექ-სფეროსთვის გარდამტეხი მომენტია.


თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, მუდმივ პრიორიტეტად რჩება მომხმარებელი, რის გამოც კომპანია ტექნოლოგიურ პროგრესსა და მუდმივი ცვლილებებით ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაზეა ორიენტირებული. სწორედ ამიტომ, თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთ საერთაშორისო მოთამაშეებთან თანამშრომლობა, რომელთა უნიკალური გამოცდილებაც მომხმარებელს ყოველდღიურ პროცესებს გაუმარტივებს.


 ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის განხორციელებაში თიბისის ახალი პარტნიორი, კომპანია Thoughtworks დაეხმარება. Thoughtworks წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მდიდარია სხვადასხვა რეგიონში დაგროვებული უდიდესი გამოცდილებით. თიბისისთვის მნიშვნელოვანი და საამაყო სიახლეა ის, რომ ტექნოლოგიურ რესურებსა და ცოდნას გაიზიარებს ისეთი კომპანიისგან, რომლის მთავარი პარტნიორებიც Microsoft, AWS (Amazon Web Services), Google Cloud და სხვა დიდი და წარმატებული მოთამაშეები არიან.


Thoughtworks-ისთვის მნიშვნელოვანია ისეთი კლიენტების შერჩევა, რომელთან თანამშრომლობის პროცესიც ორმხრივ გამოცდილებასა და საჭირო უნარებს იძლევა. შესაბამისად, კომპანიის სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ოპერირება სწორედ TBC GROUP-თან თანამშრომლობით დაიწყოს, საამაყოა არა მხოლოდ კომპანიისთვის, არამედ სრულიად ქვეყნისთვის.


როგორ შედგა პარტნიორობა?


პარტნიორობის გადაწყვეტილება საერთაშორისო ტექგიგანტებსა და ციფრულ სამყაროში მიმდინარე გლობალურ პროცესებზე დაკვირვების შედეგად გაჩნდა. Thoughtworks არის კომპანია, რომლის სახელიც მთავარ ფიგურად მსოფლიოში არსებულ ყველა ისეთ აკადემიურ ნაშრომში ფიგურირებს, რომლებსაც ტექნოლოგიური პროცესების წარმართვაში ვიყენებთ. სწორედ მისი დამფუძნებლების თანაავტორობითაა შექმნილი საყოველთაოდ ცნობილი Agile Manifesto. თიბისის ციფრულად განვითარების მრავალწლიანი გამოცდილების მანძილზე ყოველთვის ხაზად გასდევდა Thoughtworks-ის იდეები, ხედვები და ნაშრომები, რაც საბოლოოდ შემდგარი პარტნიორობით დაგვირგვინდა. 

რას მოიცავს თანამშრომლობა?

ტექნოლოგიური საკონსულტაციო კომპანია Thoughtworks გლობალურ მასშტაბებზე მოთამაშე წამყვანი ორგანიზაციაა. გამოცდილი პროფესიონალები თიბისის გუნდს საჭირო რჩევებითა და ტექ. პროექტებში უშუალო (Hands-on) ჩართულობით უზრუნველყოფენ, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში დაგროვებულ გამოცდილებას გაუზიარებენ და ტექ-სამყაროს გამოწვევებისთვის ფეხის აწყობაში დაეხმარებიან.


თიბისიში ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია წარმატებით მიმდინარეობს, რომლის მთავარ ვექტორადაც თიბისიმ ტექნოლოგიური პროდუქტების შიდა დეველოპმენტი აირჩია. ამ მიდგომის მიხედვით, კომპანიის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ პროცესებს თავად კომპანიის თანამშრომლები მართავენ, რაც თიბისის დიდძალი ტექნოლოგიური ცოდნისა და გამოცდილების გენერირების საშუალებას მისცემს. 

როგორ გაუმარტივდება ცხოვრება მომხმარებელს?


ტექ-ტრანსფორმაციის პირდაპირი შედეგი ისევ და ისევ მომხმარებელზე გადის, რომლისთვისაც სიახლეების მიწოდების სიხშირესთან ერთად, მიწოდებული ციფრული პროდუქტებისა და სერვისების ხარისხიც გაიზრდება და ცხოვრებას გაცილებით მარტივს გახდის. 


თიბისი ჯგუფისა და Thoughtworks-ის პარტნიორობა, სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესების გარდა, საქართველოს მასშტაბით ტექნოლოგიების სფეროს განვითარებას უკვალავს გზას და სხვა ქართულ კომპანიებს წარმატებულ, გამოცდილ და პროფესიონალ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის საფუძველს უმზადებს.