კულტურა ლიტერატურა

3 წიგნი თიბისი კონცეპტის ბიბლიოთეკიდან - ანდრო დგებუაძის რეკომენდაცია

თიბისი კონცეპტი - მარჯანიშვილის 7

სექტემბერი 28, 2021

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, მარჯანიშვილის 7-ში, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და შთამბეჭდავი ბიბლიოთეკაა.

მრგვალ დარბაზში მოწყობილი ბიბლიოთეკა, რომელიც საუკეთესო ადგილია თვითგანვითარებისთვის და ასევე მშვიდ გარემოში სამუშაოდ, იშვიათ გამოცემებს ინახავს, მათ შორის - უცხოურსაც. აქ მკითხველი მისი ინტერესის გათვალისწინებით არაერთ წიგნს აღმოაჩენს - იქნება ეს ბიზნესი, ხელოვნება თუ ინოვაციები. საწყის ეტაპზე მომხმარებლებს შეუძლიათ ადგილზე გაეცნონ ფიზიკურ თუ ციფრულ რესურსებს. შემდეგ ეტაპზე კი წიგნების გატანასაც შეძლებენ.


ჩვენი თხოვნით ანდრო დგებუაძემ რამდენიმე საინტერესო წიგნი გვირჩია,მათ შორის მისი ავტორობით ნათარგმნი ,,აშტავაკრა გიტა".

აშტავაკრა გიტა ანდრო დგებუაძის თარგმანი

ვინმემ რომ მკითხოს, დედამიწა რომ იღუპებოდეს და სხვა პლანეტაზე გიწევდეს გადასახლება, თანაც მხოლოდ ერთი წიგნის წაღების უფლება გქონდეს, რომელს აირჩევდიო - ვეტყოდი, „აშტავაკრა გიტას“ მეთქი.

ჩემთვის ეს წიგნი იყო აღმოჩენა. ისეთი განცდა მქონდა, რომ შეუძლებელია ასე კარგად და სრულად ვინმე მხედავდეს მე. ჩემთვის ეს არ იყო წიგნის კითხვა, ეს იყო სარკეში ყურება. „აშტავაკრა გიტა“ არის ხელმწიფესა და მის გურუს შორის დიალოგი. ყველა დიალოგი აზროვნების პროცესს გამოხატავს, ფიქრს, მაგრამ ხელმწიფისა და ხეიბარი ბრძენის საუბარი თავიდანვე გასაგები ჩანდა, რისი სიმბოლოც იყო - ესაა ჩემი ეგოს და ჩემი სინდისის საუბარი. „აშტავაკრა გიტა“ არაა რელიგიური წიგნი, არც კოსმოლოგიაა, არც მორალურ-ეთიკური კოდექსია. ის არის თვითშემეცნების ორმოში ჩამგდები, უმარტივესი ენით დაწერილი, ყველასათვის გასაგები ინტრიგა, რომელიც იმდენად პარადოქსულია და ამავდროულად, ლოგიკურიც, რომ ნებისმიერი ტიპის მკითხველს ჩააგდებს საგონებელში. მერაბ მამარდაშვილი ამბობდა, აზროვნება არის ის, როცა ცხოვრების დინებაში უცბად მოეჭიდები ტოტს, რომელიც გვერდიდან განახვებს იმ დინებას, რომელსაც ვერ აღიქვამდი, რომ მიგერეკებოდა, მანამ მას მიჰყვებოდი. ასეა ეს წიგნიც. „აშტავაკრა გიტას“ შეუძლია გააჩეროს დრო, გაგიყვანოს შენი ფიქრებიდან და გვერდიდან დაგანახვოს შენივე თავი. ამის მერე მხოლოდ ისღა დაგრჩენია, საკუთარ თავს ჰკითხო: კი მაგრამ, ვინ ვარ მე, ვინც აკვირდება თუ ვისაც ვაკვირდები? ასეთი კითხვით იწყება აზროვნება, ასეთი კითხვით იწყება თვითშემეცნება.


ფაუსტი - იოჰან ვოლფგანგ გოეთე

„ფაუსტი“ არის წიგნი - მიწისძვრა! ეს არის ხედვა, რომელიც დაგაფიქრებს იმაზე, მართლა არის თუ არა კეთილი და ბოროტი. ეს არის ფორმების მიღმა არსის ჭვრეტა. ეს არის მომენტი, როცა უნდა გასცდე იმას, რაც იცი და აღმოაჩინო ის, რაც არის - “არაფერი არ ვიცი გარდა იმისა, რაც ვიცი”. გოეთე ამბობდა, მე თავი მაქვს გაყოფილი ზეცაში, მიწაზე მყარად ვდგავარ. ხიდი ვარ ორ სამყაროს შორის და ამდენად ვარ ადამიანიო.

„ფაუსტი“ არის ნაწარმოები, რომელიც დაგაყენებს ისეთ წერტილზე, საიდანაც მოგიწევს იყო ადამიანი, იყო მოაზროვნე, შემმეცნებელი და შემოქმედი.

მუსიკალური ინსტრუმენტების ენციკლოპედია

პანდემიის პერიოდში ხშირად დავფიქრებულვარ, რა არის ის, რაც სულ მინდოდა გამეკეთებინა, მაგრამ უდროობის გამო ყოველთვის გვერდით მქონდა გადადებული. აღმოვაჩინე, რომ მუსიკა და კერძოდ, ახალი ინსტრუმენტის ათვისება იყო წარმოუდგენლად დიდი ინტრიგა, რომელსაც ახლა თერაპიულსაც კი დავარქმევდი. ამასწინათ ფეისბუქ-პოსტიც კი ვნახე, სადაც მუსიკალური ინსტრუმენტის ათვისება ტვინის განვითარების საშუალებადაც კი იყო მიჩნეული. ამ საქმის მეცნიერული მხარე არ ვიცი, მაგრამ როდესაც თიბისი კონცეპტის ბიბლიოთეკაში ვნახე მუსიკალური ინსტრუმენტების ენციკლოპედია, გავიფიქრე - მოდი, ვურჩევ ამას ადამიანებს და თუ ვინმემ რომელიმე ინსტრუმენტს ხელი მოჰკიდა, ამით სამყარო ნამდვილად გახდება უკეთესი მეთქი.



ავტორი: ანდრო დგებუაძე / AT.GE

ფოტო: გიორგი ნაზღაიძე