სიახლეები ბიზნესი

თოდუას სამედიცინო ცენტრი - ბიზნესის წარმატების ისტორია

თიბისი ბიზნესისთვის

ნოემბერი 09, 2020

ადამიანები, მათზე ზრუნვა და, ამასთანავე, ყველაზე დიდი ინვესტიციის - ცოდნისა და გამოცდილების ადამიანებში ჩადება; მუდმივი თვითგანვითარება და საქმისთვის თავდადება - მოკლედ ასე ხასიათდება აკადემიკოს ფრიდონ თოდუას ცხოვრება, რომელიც უწყვეტად იყო დაკავშირებული პრაქტიკულ და თეორიულ მედიცინასთან. 

დღეს უკვე ყველასთვის ცნობილი „თოდუას სამედიცინო ცენტრი“, მოსკოვიდან საგანგებოდ დაბრუნებულმა მეცნიერმა, 30 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების წელს დაარსა. ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება იმ დროს და იმ ქვეყანაში, რომელიც დამოუკიდებლობისკენ პირველ ნაბიჯებს დგამდა. დღეს რეგიონში ერთ-ერთ მოწინავე კლინიკას საფუძველი 1991 წელს, რამდენიმე პროფესიონალითა და ახლადშეძენილი ტომოგრაფიის აპარატით ჩაეყარა. 


„სამედიცინო დაწესებულების წარმატება პაციენტების კმაყოფილებით განისაზღვრება. თანამედროვე მედიცინა მულტიდისციპლინურ მიდგომას გულისხმობს - სპეციალისტების მიერ ერთმანეთის აზრის გათვალისწინებას. პაციენტი კლინიკიდან არ უნდა გავიდეს დაბნეული - მას გასაგებ ენაზე უნდა აუხსნან მისი ჯანმრთლეობის მდგომარეობა და რა შედეგებს უნდა ელოდოს. პაციენტებთან სწორი კომუნიკაცია ერთ-ერთია იმ რამდენიმე ძირითადი მახასიათებლიდან, რაც კლინიკის ხარისხს განსაზღვრავს“


- თოდუას სამედიცინო ცენტრის გენერალური მენეჯერი, გიორგი დიასამიძე.


დაარსების დღიდან, კლინიკას განვითარება ყველაზე რთულ წლებშიც არ შეუწყვეტია. თიბისის მხარდაჭერით, დღეს უკვე 6 კორპუსში განთავსებული ცენტრის 380 თანამშრომელი, ყოველდღიურად 600-ზე მეტ პაციენტს ემსახურება.


კმაყოფილი პაციენტების რაოდენობით, კვალიფიციური პერსონალითა და უმაღლესი ხარისხის აპარატურით, თოდუას სამედიცინო ცენტრი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ უკვე აღიარებულია, როგორც ლიდერი დაწესებულება რადიოლოგიის, ონკოლოგიისა და ქირურგიის მიმართულებებში, ისევე, როგორც ქვეყნის სათაო დაწესებულება რადიოლოგიისა და ონკოლოგიის დარგში. 



„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რეგიონში ონკოლოგიის მიმართულებით ჩვენი კლინიკის მსგავსი სამედიცინო დაწესებულება არ არსებობს. ამ მიმართულების განვითარება ფრიდონ თოდუამ 6 წლის წინ დაიწყო. მან მთელი ინვესტიცია ადამიანებში, პროფესიონალების გამოზრდაში ჩადო და შედეგად უმაღლესი დონის სამედიცინო ცენტრი მიიღო, რომელიც საქმის ერთგულ ადამიანებზე დგას. მისი გარდაცვალების შემდეგ გუნდის არც ერთმა წევრმა არ დატოვა კლინიკა, მიუხედავად იმისა, რომ მათზე ძალიან დიდი მოთხოვნა იყო.“


ის, რისი შეცვლაც გიორგი დიასამიძემ კლინიკაში მოსვლის დღიდან დაიწყო, აპარატურაა. სამ წელიწადში თითქმის მთლიანად განახლდა სამედიცინო ტექნოლოგიები. კლინიკამ შეიძინა მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის, კომპიუტერული ტომოგრაფიის, სხივური თერაპიის უახლესი თაობის აპარატები. ამასთანავე, კლინიკაში გაჩნდა რამდენიმე ახალი მიმართულება - თავკისრის ქირურგია, პლასტიკური ქირურგია, პროქტოლოგიური ქირურგია. არსებულ გუნდს შეუერთდნენ ახალგაზრდა ექიმები, დაიხვეწა და გაჩნდა ახალი, პაციენტების საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული სერვისები. 



„ჩვენ ვმუშაობთ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზეც. ვცდილობთ, მუდმივად მივაწოდოთ ადამიანებს საჭირო ინფორმაცია, როგორც ზოგადად მედიცინისა და ჯანმრთელობის შესახებ, ასევე იმ სერვისებზეც, რომლებსაც პერიოდულად ვამატებთ კლინიკაში. კლინიკა ყოველთვიურად აწყობს სხვადასხვა სოციალურ კამპანიას.“


სამომავლოდ კლინიკა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მიმართულების, მოლეკულური დიაგნოსტიკის განვითარებას გეგმავს. როგორც გიორგი დიასამიძე ამბობს, მოლეკულური დიაგნოსტიკის მნიშვნელობა და აუცილებლობა დღეს, პანდემიის ფონზე, კიდევ ერთხელ დადასტურდა. ამიტომ უკვე ახლდება და ფართოვდება ლაბორატორია. 


პრიორიტეტული მიმართულებაა სამედიცინო ტურიზმის განვითარებაზე ზრუნვაც. გიორგი დიასამიძის მიზანია, აკადემიკოს თოდუას სამედიცინო ცენტრი მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ცენტრალურ დაწესებულებად იქცეს. სწორედ ამ მიზნით, უკვე შექმნილია სამედიცინო ტურიზმის დეპარტამენტი, რომლის ხელშეწყობითაც, კორონავირუსის დამარცხების შემდეგ, კლინიკა საერთაშორისო პაციენტებს მოემსახურება.



ავტორი: მაია ლიპარტელიანი