კულტურა

წინანდლის მამული - თიბისის ზეიმის მასპინძელი

სექტემბერი 19, 2022

თიბისის 30-ე საზეიმო დაბადების დღისთვის, სულ მალე წინანდალში შევხვდებით. ისტორიული 30 წლის აღსანიშნავად და ახალი, კიდევ უფრო საინტერესო ათწლეულის დასაწყებად, ადგილიც ასეთივე ისტორიული და სადღესასწაულო უნდა ყოფილიყო.

 

არსად ისეთი ლამაზი არ არის შემოდგომა, როგორც კახეთში. და არსად ისე ორგანულად არ ხვდება წარსული და თანამედროვეობა ერთმანეთს, როგორც წინანდლის მამულში.

 

სანამ 8 ოქტომბერს, პირველად ან კიდევ ერთხელ ესტუმრებით ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს, იმ გმირებს გაგაცნობთ და იმ ლეგენდებსა თუ რეალურ ამბებს გიამბობთ, რომლებიც კახეთის გულში გაშენებული მამულის ისტორიას ქმნიან.

ისტორიის დასაწყისი

სამეფო სამსახურის სანაცვლოდ, ერეკლე პირველის მიერ ჭავჭავაძეების ოჯახისათვის გადაცემულმა წინანდლის მამულმა, განსაკუთრებული მნიშვნელობა მე-19 საუკუნეში შეიძინა, როდესაც თავადმა ალექსანდრე ჭავჭავაძემ მამისგან მიღებული მემკვიდრეობა, იმ დროის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრად აქცია.

 

ერთდროულად პოეტის, მეწარმის, სამხედრო პირისა და ქართული რომანტიზმის ფუძემდებლის ყველა ნაბიჯი და გადაწყვტილება ნოვატორული იყო. ალექსანდრე ჭავჭავაძესთან კავშირში არაერთხელ მოისმენთ ფრაზას - „პირველად საქართველოში“.

წინანდლის ბაღი

სასახლემდე უნიკალურ, დეკორატიულ ბაღს გაივლით, რომელიც საქართველოში პირველი ევროპული ტიპის რეკრეაციული ზონაა. ალექსანდრე ჭავჭავაძემ ევროპიდან ლანდშაფტის დიზაინერები და დეკორატორები მოიწვია, სხვადასხვა კონტინენტიდან კი მცენარეების უნიკალური ჯიშები ჩამოატანინა. 18 ჰექტარზე გაშენებულ ბაღში ადგილობრივი, ეგზოტიკური თუ დეკორატიული 1500-ზე მეტი ხე-მცენარეა. მათ შორისაა კავკასიური ცაცხვი, რომლის ფუღუროშიც, ლეგენდის თანახმად, შამილის შემოსევისას, ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილი - ნინო ჭავჭავაძე დაიმალა და ასე გადაურჩა მთიელთა ტყვეობას.

ბაღს სხვა არაერთი ლეგენდაც უკავშირდება. გაიარეთ სიყვარულის ხეივანში, რომელშიც ნინო ჭავჭავაძე და გრიბოედევი ხშირად სეირნობდნენ. ამბობენ, თუკი აქ შეყვარებული წყვილი თვალდახუჭული შეძლებს გავლას, სამუდამოდ ბედნიერები იქნებიანო. გაუყევით ბამბუკების რიგსა და ბზის ლაბირინთს, შეაბით ნატვრის ხეს ნაჭერი და სურვილი ჩაუთქვით.

საქართველოში პირველი

ალექსანდრე ჭავჭავაძე მხოლოდ პოეზიაში არ ყოფილა რომანტიზმის ფუძემდებელი. ეს ესთეტიკა ფონად გასდევს ჭავჭავაძეების ოჯახის მთელ ცხოვრებას, ურთიერთობებსა და საყოფაცხოვრებო დეტალებსაც კი. 

 

ალექსანდრე იყო პირველი ქართველი, რომელმაც მაშინდელი საქართველოსთვის ჯერ კიდევ უცხო, ევროპული ცხოვრების ატრიბუტები შემოიტანა: პირველი როიალი, ბილიარდი, ეტლი. მან არა მხოლოდ ნივთებს, არამედ ევროპულ კულტურასა და ღირებულებებს აზიარა საზოგადოება. დასავლური მუსიკა - მოცარტი, ბეთჰოვენი - პირველად სწორედ წინანდალში გაისმა. აქ დღემდე დგას პიანინო, რომელიც ალექსანდრე გრიბოედოვმა ნინო ჭავჭავაძეს აჩუქა და რომელზეც წყვილი ერთად ხშირად ასრულებდა „გრიბოედოვის ვალსს“. ამიტომაც არაა შემთხვევითი, რომ 2 საუკუნის შემდეგ, დღეს სწორედ წინანდალი მასპინძლობს კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს.

სასახლეში ყოფითი ცხოვრების ნივთები გაფიქრებინებთ, რომ აქ 2 საუკუნე თითქოს არც გასულა: ალექსანდრე ჭავჭავაძის პერანგის სახელურების სამაგრები ინიციალებით, საფრანგეთიდან ჩამოტანილი საათი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გამოსახულებით, დავით ჭავჭავაძის მეუღლის - ანა ბაგრატიონის მარაო, შანდლები, გაზის ლამპები.. იმ დროს, ტრადიციულად, დიდგვაროვნების ქორწილისთვის ჭურჭელი სპეციალურად იქმნებოდა. ასე დამზადდა ჭავჭავაძეებისთვისაც ლიმონჟეს ფაიფურის ჭურჭელი. ასევე, ნინო ჭავჭავაძის ქორწილისთვის - დანა-ჩანგალი ინიციალებით.

დღემდე პირვანდელი სახე აქვს შენარჩუნებული ალექსანდრე ჭავჭავაძის კაბინეტს, რომელიც მისი ინტერესებისა და მისწრაფებების, ევროპისა და აზიის გავლენების ერთგვარი სამყაროა.


ალექსანდრე ჭავჭავაძე დროს ყველგან უსწრებდა. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ მატერიალურთან ერთად, არაერთი არამატერიალური ფასეულობაც დაამკვიდრა. ჭავჭავაძეების ოჯახში გაჩნდა პირველი ქართული თეატრის დაარსების იდეა.

 

სასახლე საუკუნის მოაზროვნეთა შეხვედრებისა და იდეების გაცვლის ადგილი იყო, რომელიც მასპინძლობდა ნიკოლოზ ბარათაშვილს, გრიგოლ ორბელიანს, ვახტანგ ორბელიანს, გიორგი ერისთავს, პუშკინს, ლერმონტოვს, ალექსანდრე დიუმას. აქ პირველად წაიკითხა ბარათაშვილმა პოემა - „ბედი ქართლისა“. სტუმრები წინანდლის მამულს „პოეტებისა და მწერლების ლიტერატურულ გულს“ უწოდებდნენ. 

წინანდლის მუზეუმის არქივი

დები - ნინო და ეკატერინე

ნინო ჭავჭავაძე ტრაგიკული სიყვარულის სიმბოლოდ იქცა. მის ოთახში „სიყვარულის სკამს“ შენიშნავთ, რომელსაც ფრანგულად têt à et, ანუ პირისპირ ეწოდება. აქვე დაცულია მაგიდა, რომელიც საბჭოთა პერიოდში ყავისფერი საღებავით გადაღებეს, თუმცა რესტავრაციამ პირვანდელი, მოოქროვილი ზედაპირი დაუბრუნა უნიკალურ ნივთს.

 

აქვეა ნინო ჭავჭავაძის ხელით ამოქარგული ხელსახოციც, რომლის მსგავსიც ლერმონტოვს უსახსოვრა. ასევე, ძველი ფოტოს მიხედვით აღდგენილი ნინო ჭავჭავაძის მოსასხამი და ფრანგული თარგით შექმნილი შავი კაბა. ნინოს მთელი ცხოვრების განმავლობაში შავი ფერი არ გაუხდია. 16 წლის იყო, როდესაც პოეტ ალექსანდრე გრიბოედოვზე დაქორწინდა. თუმცა, მალევე, 17 წლის ასაკში დაქვრივდა.

ნინო და ეკა­ტე­რი­ნე არაერთი პოეტის შთაგონების წყარო იყვნენ. ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედების ბედი დიდ წილად სწორედ ჭავჭავაძეების ოჯახთან სიახლოვემ განსაზღვრა. ეკატერინე ჭავჭავაძე მართალია დავით დადიანს გაჰყვა ცოლად, თუმცა ცნობილია მისი და ნიკოლოზ ბარათაშვილის სულიერი სიახლოვე. ბარათაშვილმა ეკატერინეს არაერთი ლექსი მიუძღვნა: „საყურე“, „ფორტეპიანოზედ მომღერალი“, „ცისა ფერს, ლურჯსა ფერს“. შემდეგ ხელით გადაუწერა და საჩუქრად გადასცა თავისი ლექსები. ეკატერინე მთელი ცხოვრება ინახავდა ხელნაწერ კრებულს. შემდეგ, როდესაც მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა სტუდენტი - ილია ჭავჭავაძე გაიცნო, ეკატერინემ მას ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება გაუზიარა. 

წინანდლის მარანი

ალექსანდრე ჭავჭავაძე მეღვინეობაშიც ნოვატორი იყო. ააშენა მიწისქვეშა მარანი, ქართული მეღვინეობის 8000 წლიანი ისტორია ევროპული სტანდარტებით გააგრძელა და ქართული ღვინო ბოთლში პირველმა ჩამოასხა. 1841 წელს ჩამოსხმული „საფერავის“ ბოთლი დღესაც ინახება მარანში. როდესაც ნინო ჭავჭავაძე დაიბადა, ალექსანდრემ ქვევრში ჩაასხმევინა ღვინო და - ეს ქვევრი მისი ქორწინების დღეს გაიხსნებაო - დაიბარა. ასეც მოხდა, ქვევრი 16 წლის შემდეგ გახსნეს, როდესაც ნინომ გრიბოედოვზე იქორწინა.

დღეს წინანდლის ენოთეკაში დაცული კოლექცია 16 500-მდე ბოთლს ინახავს. მათ შორისაა უძველესი - 1814 წლის „პოლონური თაფლის“ და 1861 წლის Chateau D’Yquem-ის ბოთლები. 

ისტორიის დასასრული

წინანდლის მუზეუმის არქივი

1854 წელს, წინანდლის მამულს შამილის რაზმი შემოესია. სასახლე დაარბიეს და გადაწვეს. ალექსანდრეს ვაჟი - დავითი იძულებული გახდა წინანდლის მამული გაეყიდა.

 

ამავე პერიოდიდან, არქიტექტორ ალექსანდრე ოზეროვის ხელმძღვანელობით, მამულის რეკონსტრუქცია იწყება. 1887 წელს, პარკის გადაკეთება კი, შვედ ბოტანიკოსს - არნოლდ რეგელს დაუკვეთეს. დღეს წარმოდგენილი სასახლე სწორედ ოზეროვისეულია.

 

არაერთი მფლობელისა, თუ ცვლილების მიუხედავად, წინანდლის მამული ყოველთვის ჭავჭავაძეების გვართან იყო კავშირში და დღემდე ასეა.

 

ისტორიებს სიყვარულზე, ერთგულებაზე, გამბედაობაზე, ბედნიერ დღეებსა თუ განსაცდელზე, მამულის ყოველ კუთხეში ამოიცნობთ. 

 

შევხვდებით წინანდალში! 

ავტორი: მარიამ ყანჩაველი

ფოტოები: წინანდლის მუზეუმის არქივი