თიბისი შენთვის სიახლეები კულტურა

როგორ აღნიშნავს თიბისი დედამიწის დღეს

აპრილი 24, 2023

#ვიზრუნოთგარემოზე

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. თემები კი, რომლებიც გარემოს, საზოგადოებისა და ორგანიზაციის კეთილდღეობას ეხება, თიბისელების ყოველდღიურ საქმიანობასთან არის გადაჯაჭვული.

საზოგადო კეთილდღეობაზე ზრუნვა კი - ჩვენი, როგორც დიდი კომპანიის, მხრიდან უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება და თიბისის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

შესაბამისად, დედამიწის მსოფლიო დღეს თიბისი ყოველწლიურად ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივით აღნიშნავს.


ამჯერად ამ დიდი მიზნით, კომპანია „პოლივიმთან“ დავმეგობრდით.

პარტნიორობის ფარგლებში, თიბისელების და მომხმარებლების ჩართულობით შევაგროვებთ პლასტმასის ნარჩენებს და შემდგომი გადამუშავებისთვის გადავცემთ კომპანია „პოლივიმს“, რომელიც აგროვებს, ახარისხებს და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ამუშავებს გამოყენებულ პლასტმასას ნარჩენებს.


პოლივიმის მთავარი მიზანია, შეამციროს პლასტმასას ნარჩენი, შექმნას დამატებითი ღირებულების პროდუქტი და ხელი შეუწყოს ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას საქართველოში.

საწყის ეტაპზე, თიბისის 21 ფილიალში განთავსდება პლასტმასას ნარჩენების შესაგროვებლად სპეციალური ურნები თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში. შემდგომ ეტაპზე თიბისის ყველა ფილიალს მოვიცავთ მთელი საქართველოს მასშტაბით.

“საყურადღებოა, რომ საქართველოში მავნე გამოფრქვევების დაახლოებით 9% ნარჩენებზე მოდის, შესაბამისად, მნიშნელოვანია, შევამციროთ ნარჩენები, რაც პირველ რიგში, მათი დახარისხებით, შეგროვებითა და შემდგომი გადამუშავებით შეგვიძლია.


პოლივიმთან თანამშრომლობა ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის აუცილებელი ცვლილების ხელშემწყობი ინიციატივაა, რომლის ფარგლებში ამჯერად პლასტმასის ნარჩენების გადამუშავებას ვიწყებთ“ - მაკა ბოჭორიშვილი, თიბისის გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორი.

თიბისელები გარემოსდაცვითი და სოციალური პრობლემების გადაჭრას სხვადასხვა გზით ვცდილობთ და პასუხისმგებლობას ვიღებთ მსოფლიოს წინაშე.


ჩვენი მიზანია ერთობლივი ჩართულობითა და ცნობიერების ამაღლებით შევამციროთ არსებული და ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ისეთი ინიციატივები დავნერგოთ, რომლებიც თავიდან აგვაცილებს პლასტმასას ნეგატიურ ზეგავლენას გარემოსა და ადამიანებზე.

პლასტამასას რამდენიმე ეტაპიანი გადამუშავების შედეგად მიიღება მაღალი ხარისხის ბოჭკოვანი ქსოვილი, რომლის გამოყენებაც ისეთ ინდუსტრიებში შეიძლება, როგორიცაა, მაგალითად, სამოსის შეკერვა და ნივთების დამზადება. გამოყენებული პლასტმასას ნარჩენებით ახალი ნივთების დამზადება წრიული ეკონომიკის ერთ-ერთი კარგი მაგალითია, რაც გულისხმობს ნარჩენების შემცირებას, ხელახალ გამოყენებასა და გადამუშავებას.