აპრილი 11, 2022
თიბისი, როგორც ბიზნესის მუდმივი მხარდამჭერი საქართველოში, უკვე ხუთი წელია პროგრამა სტარტაპერს ქმნის. ამ წლების განმავლობაში სტარტაპერის ფინანსური და არაფინანსური მხარდაჭერით 55 ათასზე მეტმა ახალბედა ბიზნესმა ისარგებლა და მათ ჯამში 315 მილიონ ლარზე მეტი დაფინანსება მიიღეს.
სტარტაპერი არის ყველგან, სადაც ახალი იდეებია.
სწორედ ამ იდეების მხარდასაჭერად და ქვეყანაში სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებისთვის მუშაობს თიბისელების გუნდი, რომელსაც ამ ბლოგში გაგაცნობთ.
ანკა თოთიბაძე გუნდთან ერთად დამწყები ბიზნესების საჭიროებებს იკვლევს და მათთვის ახალ პროექტებსა და პროდუქტებს ქმნის. ის სხვადასხვა სტარტაპთან მუდმივ კომუნიკაციაშია, ეძებს პარტნიორებს პროექტებისთვის და ამ პროექტების აღსრულებაზე ზრუნავს.
ანკა ამჟამად გუნდთან ერთად აქტიურად მუშაობს პროექტებზე სტუდენტები სტარტაპებისთვის და სტარტაპ კურსი.
“სტარტაპების მხარდაჭერა ჩემთვის განსაკუთრებით საყვარელი საქმეა, რადგან ვფიქრობ, რომ ამ პროექტებით ჩვენ დიდი ღირებულება მოგვაქვს არა მხოლოდ ბანკისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის. ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი ბიზნესი შეიქმნას, ჩვენი პროგრამა კი ზუსტად ამას უწყობს ხელს”.
ანკა თოთიბაძე
ანკას თქმით, სტარტაპერის გუნდი აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც ძალიან კარგად აქვთ გააზრებული საკუთარი მისია, არიან მიზანზე ორიენტირებული, მოტივირებული, შემოქმედებითი და მხიარული ადამიანები.
ლაშა დარახველიძე გვიამბობს, რომ თიბისის, როგორც სტარტაპ პროექტების ყველაზე დიდი მხარდამჭერის მთავარი მისიაა, სტარტაპერებმა შეძლონ რაც შეიძლება მეტი ახალი პროექტის განხორციელება და დროულად შეძლონ იდეის გარდაქმნა ხელშესახებ ბიზნესად.
“სტარტაპ ეკოსისტემაზე ზრუნვა, ვფიქრობ, არის ჩვენი პირდაპირი მოვალეობა, რადგან მისი განვითარება დადებითად მოქმედებს როგორც კონკრეტულ ინდივიდებზე, ასევე ზოგად ეკონომიკურ გარემოზე. ახალი პროექტების დანერგვით კიდევ უფრო ვითარდება და ჯანსაღდება ბიზნესი.”
ლაშა დარახველიძე
ლაშას მუდმივი კომუნიკაცია აქვს სტარტაპერებთან, მათ უზიარებს სიახლეებს ბიზნესის სწორად განვითარებისთვის. ამავდროულად, კონსულტაციას უწევს მათ, რათა პროცესები დახვეწონ.
“ჩვენი გუნდი შედგება იმ პროფესიონალი ადამიანებისგან, რომლებიც ყოველდღიურად ცდილობენ სტარტაპერებს გაუმარტივონ საქმიანობა. ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორ სტარტაპერებთან და ვცდილობთ, ვიყოთ მაქსიმალურად პროდუქტიულები, რათა ერთად მივაღწიოთ დასახულ მიზანს.”
ლაშა დარახველიძე
“სტარტაპერის მისიაა, გააღვივოს საქართველოში სტარტაპერული სულისკვეთება. ამასთან, მისი მიზანია, რაც შეიძლება, მეტ ადამიანს გაუჩინოს საკუთარი ბიზნესის წამოწყების სურვილი და მისცეს საამისოდ ყველანაირი შესაძლებლობა.”
სალომე მიქაბერიძე
ის აღნიშნავს, რომ გუნდი ყოველდღიურად მუშაობს, რათა სტარტაპერი იქცეს ახალი ბიზნესების საჭიროებებზე მორგებულ პლატფორმად.
“ეს პროგრამა სტარტაპერებს ყველა შესაძლო შეხების წერტილში დახვდება და საჭიროებებს დაუკმაყოფილებს აქ და ახლა. ჩვენ ფართო საზოგადოებას ახალ ბიზნესებს ვაცნობთ. ერთი მხრივ, მომავალი სტარტაპერები ხედავენ რეალურ მაგალითებს, თუ როგორ შეიძლება ნულიდან დაიწყო ბიზნესი და მეორე მხრივ, არსებული სტარტაპების ცნობადობის ზრდას და პოპულარიზაციას ვეწევით.”- გვიამბობს სალომე.
სალომე გუნდთან ერთად ყოველდღიურად მუშაობს პროექტებზე, რომლებიც სტარტაპერებს ფინანსური რესურსების მოპოვებას უადვილებს, ეხმარება იდეების დამუშავებაში და საერთო ჯამში, მეტად აძლიერებს მათ.
“ვცდილობთ, ამ ეკოსისტემაში ჩავრთოთ სხვა ორგანიზაციები, არ ვიყოთ მარტოები და ერთად, სინერგიით, მეტი სარგებელი მოვუტანოთ სტარტაპებს”, — აღნიშნავს სალომე და მიიჩნევს, რომ სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებით ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური თუ სოციალური ცვლილებების მოტანაა შესაძლებელი. “მიხარია, რომ მე, თიბისი და ჩემი გუნდი ამ მიმართულებით თანამოაზრეები ვართ”, — ამბობს ის.
“ჩვენი გუნდის მიზანია, საკუთარი წვლილი შევიტანოთ საქართველოში სტარტაპ გარემოს გაუმჯობესებაში, ამასთან ბიზნესის დაწყება იყოს მარტივი, ხელსაყრელი და ხელმისაწვდომი.”
სოფო კახიძე
ამ მიზნის მისაღწევად, როგორც სოფო აღნიშნავს, გუნდი ქმნის და ამარტივებს წვდომას როგორც ფინანსურ საბანკო პროდუქტებზე, ასევე არაფინანსურ სერვისებზე.
“ახალი ბიზნესების საჭიროებების საპასუხოდ, ჩვენ მუდმივად ვქმნით პროექტებს. მათ შორის არის როგორც საგანმანათლებლო პროექტები, ასევე მედია მხარდაჭერა და ქუჩის ბაზრობები”.
სოფოს თქმით, სტარტაპერი ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ახალი ბიზნესების მხარდამჭერი პროგრამაა, რომლის ყველა მიმართულება სტარტაპ გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება.
“პროგრამა გათვლილია ყველა ტიპის სტარტაპზე და მათ მრავალმხრივ მხარდაჭერას სთავაზობს სიცოცხლის ციკლის ყველა ეტაპზე.”
სოფო კახიძე
“ადრე სტარტაპს ყველა სარისკოდ უყურებდა. ყველას აშინებდა რაღაც ახლის წამოწყება, რადგანაც არ იყო გამოცდილება და სტაბილურობა. დღეს სტარტაპი ახალ თავგადასავალს ნიშნავს. ხოლო პროექტი სტარტაპერი გაძლევს საშუალებას, შთაბერო სიცოცხლე ბიზნეს იდეას, მიიღო მხარდაჭერა, რჩევა, დაფინანსება და დადო შენი აგური ქვეყნის მშენებლობისთვის.”
გიორგი საური
გიორგი თიბისიში 2014 წლიდან ბიზნესებისთვის სესხების გაცემის მიმართულებით მუშაობს. ის მიიჩნევს, რომ სტარტაპებისთვის გაცემულ თითოეულ სესხსა თუ დაფინანსებას ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში დიდი წვლილი შეაქვს.
“ძალიან სასიხარულოა, როდესაც წლების შემდეგ შენი მხარდაჭერით შექმნილ, გაზრდილ და განვითარებულ ბიზნესებს, აშენებულ საწარმოებს და, რაც მთავარია, იქ მომუშავე უამრავ ადამიანს ხედავ. მათ უკან კიდევ ბევრი ადამიანი დგას და ეს ჯაჭვი არ ირღვევა.” — აღნიშნავს გიორგი.
მარიამ კანდელაკი სტარტაპერის პროექტებს არაფინანსური და ფინანსური პროდუქტების მიმართულებით მართავს.
“ჩვენი გუნდის მისია ბიზნესების მხარდაჭერაა, შესაბამისად, ჩვენი ყველა პროექტით მათ დახმარებას ვცდილობთ. ხშირად ვხვდებით სტარტაპერებს, რომ მათი აზრი გავიგოთ როგორც ჩვენს პროდუქტებზე, ასევე თავიანთ ყოველდღიურ საჭიროებებზე. ეს გვეხმარება იმაში, რომ მხოლოდ გარედან დანახულით არ ვიმსჯელოთ და მათი მოყოლილი ამბებიდან გვქონდეს ინსაითები, რომლებზეც დავაშენებთ ჩვენს იდეებს.”
მარიამ კანდელაკი
მარიამი აღნიშნავს, რომ გუნდი აერთიანებს როგორც პროექტ მენეჯერებს, ისე მარკეტერებს და ისინი ერთიანი ძალებით ცდილობენ, დამწყებ ბიზნესებს განვითარებაში დაეხმარონ.
“ვფიქრობ, გუნდურად გამოგვდის მუშაობა, ყველამ იცის საკუთარი როლი და ერთიანი ძალებით ვცდილობთ სტარტაპერი, საყვარელ ბრენდთან ერთად, დამწყები ბიზნესების რეალური მხარდამჭერი იყოს.”
“თიბისისთვის ბიზნესის მხარდაჭერა კორპორაციული და სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და მრავალი წელია, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის პროექტებს ახორციელებს.
დამწყები ბიზნესებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჰქონდეს მარტივი წვდომა სხვადასხვა ფინანსურ თუ არაფინანსურ წყაროზე, თუმცა წლების წინ ჩვენს ქვეყანაში სტარტაპერებისთვის საკმაოდ რთული იყო ამ რესურსებზე წვდომის მოპოვება. სწორად ამიტომ, 2017 წლის თებერვალში შეიქმნა პროგრამა სტარტაპერი მისიით, იყოს ყველგან, სადაც ახალი ბიზნესები და იდეებია”
ლევან გობეჯიშვილი
მისი თქმით, გუნდი სტარტაპებს ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ მხარდაჭერას სთავაზობს და ამავდროულად ცდილობს, გაუმარტივოს მათ ბაზარზე შესვლისა და თავის დამკვიდრების პროცესი.
“ჩვენ, ეტაპობრივად, სტარტაპერის პროგრამაში დავამატეთ სტარტაპ სასტუმროს, სტარტაპ რესტორნის, სტარტაპ საწარმოს სესხები, ასევე აგრო მიმართულებით — აგრო საინვესტიციო და აგროტურიზმის სესხები. არაფინანსური მხარდაჭერის კუთხით, მუდმივად გვაქვს სხვადასხვა სახის ტრენინგი და ინდივიდუალური კონსულტაციები.
რამდენიმე თვის წინ შევქმენით სტარტაპ ნაკრები, რომელშიც ახალი ბიზნესებისთვის საჭირო სხვადასხვა საბანკო პროდუქტი გაერთიანდა. სტარტაპერის პროგრამის მხარდაჭერით იქმნება ახალი ბიზნესები, სამუშაო ადგილები, რაც უფრო მეტად გვარწმუნებს იმაში, რომ სწორ და ძალიან მაგარ საქმეს ვაკეთებთ.”
ლევან გობეჯიშვილი
ლევანი აღნიშნავს, რომ სტარტაპერის პროგრამაზე ძალიან მოტივირებული გუნდი მუშაობს, სადაც სხვადასხვა კომპეტენციის ადამიანები არიან შეკრებილი.
“გუნდის თითოეული წევრი საკუთარი საქმის პროფესიონალია და რაც მთავარია, ყველას გააზრებული გვაქვს, რა ღირებულებას ვქმნით სტარტაპებისთვის. სტარტაპერის გუნდში მუდმივად მიმდინარეობს შეხვედრები სხვადასხვა თემაზე, განვიხილავთ ახალ იდეებს, გვაქვს ვორქშოპები, რის შედეგადაც იქმნება პროდუქტები, სერვისები და შეთავაზებები სტარტაპერების ცხოვრების გასამარტივებლად.”
თიბისის პროგრამა სტარტაპერი უკვე ხუთი წელია ათასობით დამწყებ ბიზნესს პირველი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება. პროგრამა მოიცავს სესხს სტარტაპებისთვის, საოპერაციო პროდუქტებს, ტრენინგებს, ინდივიდუალურ კონსულტაციებს, მედიამხარდაჭერას და სტარტაპ ღონისძიებებს.
თუ გსურს, გახდე სტარტაპერის პროგრამის მონაწილე და განავითარო საკუთარი საქმიანობა, ეწვიე ბმულს www.startuperi.ge