თაობა თიბისი შენთვის სიახლეები

შენთვის, ახალი იდეებით

ახალი თაობა

მარტი 30, 2022

სიმბოლოები ხშირად განსაზვრავს შინაარსს. ისტორიების, ადამიანების, იდეების სიმბოლური სახეები თითქმის ყველგან და ყველაფერშია ჩვენ გარშემო.


თიბისი Z იყო მიძღვნა ახალი თაობისთვის, რომელიც ახალგაზრდების მხარდასაჭერად შეიქმნა. ყველაზე ლაღი და თავისუფალი თაობის სახელი, ბოლო დროს, ფართო მასშტაბიან აგრესიულ საომარ სიმბოლოსთან ასოცირდება. ამიტომ, თიბისიმ მიიღო გადაწყვეტილება უარი თქვას Z სიმბოლოზე პლატფორმისთვის, რომელიც ძალიან განსხვავდება ლათინური ანბანის ბოლო ასო-ბგერის ახლანდელი დატვირთვისგან.


ცვლილების ინიციატივა ბრენდის ერთგვარი პასუხი იყო მიმდინარე მოვლენებზე. თუმცა, ერთია სახელზე უარის თქმა, მეორე კი მისი ახლით ჩანაცვლება. გარდა იმისა, რომ პლატფორმას სწრაფი რეაქცია უნდა ჰქონოდა Z სიმბოლოსთან დაკავშირებით, მას უნდა შეენარჩუნებინა საყრდენი კონცეფცია: მთავარი ძალის, ახალგაზრდების ჩართულობა ბრენდის განვითარების პროცესში.

შეუძლებელია შექმნა პლატფორმა ახალი თაობისთვის მისივე თანამონაწილეობის გარეშე. ამიტომ, ბრენდი ყოველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას არა მხოლოდ საქმის კურსში აყენებს თაობის წარმომადგენლებს, არამედ მათთან ერთად დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს და მეტიც, საკუთარ რესურსებს უთმობს ახალგაზრდებს თავიანთი იდეების განსახორციელებლად.

“თიბისი Z-ის მიმართულების იდეა თავშივე მოიაზრებდა თაობის მხარდაჭერას და პლატფორმის განვითარებას ახალგაზრდების ჩართულობით.


იმის მიუხედავად, რომ ამ სახელით ბრენდი სულ რამდენიმე თვის შექმნილი იყო, გუნდში ერთხმად შევჯერდით, რომ აღნიშნული სიმბოლიკით ბრენდის კომუნიკაცია შეუსაბამო ხდებოდა იმ მთავარ ღირებულებებთან, რომლებსაც თაობა ატარებს - თავისუფლება, მრავალფეროვნება, ღიაობა და აქტივიზმი უკეთესი მომავლისთვის.


რაც ძალიან გვახარებს, არის ცვლილებაზე დადებითი გამოხმაურება ახალი თაობის მხრიდან, რომელიც მხარს გვიჭერს და აქტიურად ერთვება ბრენდის ახალი სიცოცხლის შექმნის პროცესში.”


მარიამ მიქელაშვილი

თიბისის ახალგაზრდული მიმართულების ბრენდის მენეჯერი

თიბისის განცხადება რებრენდინგის თაობაზე:

აქ. ახლა ერთ-ერთი ისეთი მნიშველოვანი ეტაპია ბრენდის ისტორიაში, როცა ახალგაზრდული პლატფორმა სრულიად ღიაა ახალი სახელის იდეებისა და შთაგონებებისთვის, რომლებიც უნდა ასახავდეს ყველაზე თავისუფალი, მრავალფეროვანი და დამოუკიდებელი თაობის ხასიათს.


მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან განსხვავებულობა ამ თაობის მთავარი მახასიათებელია, მათ ბევრი საერთოც აქვთ: სხარტი აზროვნება, პრაგმატულობა, ინფორმაციის მიღებისა და გადამუშავების განსაკუთრებული უნარი, მაღალი მიმღებლობა და უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის სურვილი. 

ინფორმაციით და ტექნოლოგიებით შეიარაღებული ახალგაზრდებისთვის, ცხოვრების საშენი მასალა სრულიად განსხვავებულია იმ მეთოდებისგან, რომელთაც წინა თაობები იყენებენ. მარტივი აღსაქმელია ისიც, რომ სამყაროს ტრანსფორმაციის პროცესი აჩქარებულია და ეს თაობა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ფაზის შემქმნელი იქნება. შესაბამისად, მისი ხასიათი და როლი თანამედროვე რეალობაში უჩვეულო და საინტერესოა.

თიბისის სტრატეგიული გადაწყვეტილება - ყველასთვის მიეცა პლატფორმის სახელის ავტორობის საშუალება, ინტენსიურ საჯარო პროექტად იქცა. ნებისმიერ მსურველს შეუძლია გააზიაროს სახელის საკუთარი ვერსია. მიღებული იდეებიდან კი საბოლოოდ შეირჩევა ერთი ვარიანტი, როგორც მიმართულების ახალი სახელი.


2 კვირის წინ გამოცხადებულ ინიციატივაში მონაწილეობენ როგორც კრეატიული სააგენტოები ისე დამოუკიდებელი პირები და ქმნიან პლატფორმის ახალი სახელის ვერსიებს. უკუკავშირი სხარტია, თაობის შესაფერისად. ბაზაში კი უკვე 200-მდე სახელია სხვადასხვა შთაგონებით.

განახლებული ბრენდის ქვეშ, მალე შევხვდებით - უცვლელი ხედვით და ღირებულებებით.