სიახლეები

როგორ შეიქმნა თიბისის ბარათების ახალი დიზაინი

ინტერვიუ ერეკლე ინაშვილთან

ოქტომბერი 30, 2020

ვერტიკალური, ფერადი და სადა  - დღეს უკვე სწორედ ამგვარია თიბისის განახლებული ბარათები, რომელთა რედიზაინი ბოლო 15 წლის განმავლობაში არ მომხდარა. თიბისიმ ამ მასშტაბურ განახლებაზე მუშაობა გერმანიაში მოღვაწე დიზაინერთან, ერეკლე ინაშვილთან ერთად გადაწყვიტა. ახალი ბარათების კონცეფცია ჯერ კიდევ პანდემიის პირველი ტალღის დასაწყისში ჩაისახა, რამდენიმე თვის შემდეგ კი უკვე გაჩნდა მინიმალისტური, სადა დიზაინის, ვერტიკალური ბარათი. თუ რა იყო დავალება, როგორი იყო პროცესი და რატომ შეირჩა ამგვარი დიზაინი, ყველაფერ ამაზე დეტალურად ერეკლე ინაშვილს გავესაუბრეთ:

დეტალურად გვიამბეთ თქვენი და თიბისის თანამშრომლობაზე – პირველ რიგში, რა იყო დავალება და როგორი იყო მოლოდინი?


როდესაც ბრიფს გავეცანი, მალევე მივხვდი, რომ საქმე განსაკუთრებულ ბრენდ-ატრიბუტს ეხებოდა, რომელიც ჩვენს უამრავ თანამემამულეს უდევს საფულეში. ბარათი ფიზიკური სიმბოლოა საბანკო ბრენდისა და მომხმარებლის ურთიერთკავშირის. პროექტის პირველ ეტაპზე გამოიკვეთა ამოცანა, შეგვექმნა ახალი ტიპის საბანკო ბარათების კონცეფცია, რომელიც ჩვენი დროის და ცხოვრების სტილის ადეკვატურია. თუკი ადრე საბანკო ბარათი გადატვირთული იყო ინფორმაციით, ციფრებით, 3D გამოსახულებებით და ეს ყველაფერი ერთ პატარა სივრცეზე იყო განთავსებული, დღეს მომხმარებელი სისასდავისკენ, სისუფთავისკენ და მკაფიო ვიზუალური მესიჯებისკენ ისწრაფვის. განსაკუთრებით მაშინ, როცა უმრავლესობა სერვისებისა ცდილობს, რაღაცა “მოგაჩეჩოს“ ხელში და ინფორმაციით დაგტვირთოს, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, შეგვექმნა ისეთი პროდუქტი, რომელსაც პირიქით, თვითონ მომხმარებელი შეიტანდა მის პირად სივრცეში და სიამოვნებით მოინდომებდა მის ტარებას.

როგორც ვიცით, ბოლო 15 წლის განმავლობაში ეს იყო ბარათების ერთადერთი მასშტაბური განახლება – გმატებდათ თუ არა ეს უფრო დიდ პასუხისმგებლობას და მუშაობის პროცესზე რა გავლენა იქონია ამ ფაქტმა?


რა თქმა უნდა! მოდი ასე ვთქვათ, თიბისი, როგორც ბრენდი, მნიშვნელოვანი ინოვაციების ფლაგმანია ქვეყანაში, განსაკუთრებით კარგად ჩანს ეს ქვეყნის გარედან. აქედან გამომდინარე, ასეთ პროექტებს აქვს ამბიცია, შეცვალოს სტატუს-კვო, შემოიტანოს სიახლე ამა თუ იმ სეგმენტში. ასეთი პროექტები განსაკუთრებული გამოწვევაა product developer-ებისთვის და დიზაინერებისთვის. დამატებით პასუხისმგებლობასთან ერთად, ეს სპორტული ინტერესიც არის. ის, რაც ზედაპირზე არ ჩანს და სათქმელად ადვილია, სინამდვილეში ბევრი ფიქრის, დაკვირვების, აღმოჩენის, გუნდური შეთანხმებებისა და გრძელი საღამოების შედეგია. მეც სწორედ ასეთი პროექტები მიზიდავს, აქედან გამომდინარე, ფასეულობითი თანხვედრა თიბისის გუნდთან ძალიან კარგად წაადგა პროექტს.

როგორი იყო პროცესი და რა დრო დასჭირდა ბარათების რედიზაინს? იყო თუ არა სირთულეები?


მახსოვს პროექტის პირველი ფაზები, კონცეფციის განვითარება და შერჩევა, pitch-ის ეტაპები. პროექტის სტარტი პანდემიის პირველ ტალღას – თებერვალ-მარტს დაემთხვა. ამ პერიოდში მოხდა პირველი გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის, ვერტიკალური ფორმის არჩევა. განსაკუთრებით საინტერესო იყო პროდუქტის visa-ს გაიდლაინებთან თანხვედრაში მოქცევა. აქვე მივიღეთ გადაწყვეტილება, ბარათების წინა მხარე დაგვეტოვებინა სრულიად სადა, ხოლო ინფორმაციული ნაწილი ბარათის ნომრით უკანა გვერდზე გაგვენაწილებინა. ზაფხულში გვქონდა ინტენსიური კოორდინაცია ბეჭდვით ნაწილზე, ბარათის ტექნიკური დეტალების და ეფექტების დასადგენად. წინასწარ განისაზღვრა ბარათის კანტი, გრამაჟი, ზედაპირის გლუვი ფაქტურა. აღარ მაქვს ლაპარაკი ფერებზე, რომელიც ცალკე მოგზაურობა იყო.

ვისაუბროთ შედეგზე – რატომ შეირჩა ეს ფერები და რატომ გადაწყვიტეთ ამგვარი მინიმალიზმი მათ ვიზუალში?


ერთი შეხედვით, ეს უბრალოდ ფერებია. სინამდვილეში, თითოეული ფერი თავიდან ბოლომდე პროექტში დაიბადა, უამრავი ვერსია გაიარა და აიგო კონცეფციაზე, რომელიც ასოციატიურ კავშირებს ქმნის. თითოეულ მათგანს ინდივიდუალური სახელიც კი აქვს. ასევე მნიშვნელოვანი იყო საერთო ფერითი დე-ენ-ემის დადგენა – ერთნაირად ნათელი და ერთნაირად ხალისიანი, აი ისეთი, „შეჭმა“ რომ მოგინდება, ხილის ან ზღვის პეიზაჟის ასოციაციას რომ მოგიტანს. ფერი, ამ შემთხვევაში, უფრო მეტი ვიზუალური storytelling-ია, ვიდრე სხვა გრაფიკული გამოსახულება. ახალი არ არის, რომ დღევანდელობის ტრენდი არის მრავალფეროვნება და ფერადოვნების ზეიმი. შეხედეთ ჩვენივე გაჯეტებს, მათ ვიზუალურ ენას. ტანსაცმლის მოდის ტრენდებს, სპორტს, თეატრს, მუსიკალურ ივენთებს. დღეს ისინი თამამი, სადა ფერებით გვესაუბრებიან.

საქართველოში, ძირითადად, ჰორიზონტალური ფორმის ბარათებს ვართ მიჩვეული – საიდან გაჩნდა იდეა, ბარათი ყოფილიყო ვერტიკალური ფორმის?

საბანკო ბარათის ვერტიკალური გადაწყვეტა დღეს მსოფლიოში უკვე ხშირად გვხვდება და ჩვენ აქ პიონრები არ ვართ. ეს ყველაფერი ისევ და ისევ ადამიანებზე ორიენტირებული მიდგომიდან მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ პროდუქტი იქმნება მაქსიმალურად მომხმარებლის ჩვევების და სურვილების გათვალისწინებით.

ამ მიდგომით მომხარებელს ბარათის ბანკომატში შეცურებისას ან უკონტაქტო გადახდის აპარატზე დადებისას მისი გადმოტრიალება აღარ უწევს. ამის გათვალისწინებით, საბანკო ბარათის ვერტიკალური გადაწყვეტა მეტად მორგებულია მომხმარებლის ჩვევაზე. გარდა ამისა, დღეს ჩვენ ასეთი ტიპის პროდუქტებზე შინაარსს აღარ ვკითხულობთ, არამედ მხოლოდ თვალით „ვასკანერებთ“ ზედაპირს და ვიღებთ მხოლოდ მნიშვნელოვანს – ბარათის ნომერს, ვადას და cvc კოდს.

საბოლოო ჯამში, როგორ შეაფასებდით შედეგს?


შემიძლია ვთქვა, რომ შევქმენით პროდუქტი, რომელიც ცვლის სტატუს-კვოს და ახალ ეტაპზე გადაჰყავს საქართველოში საბანკო ბარათის მოხმარება. რაც მთავარია, ამრავალფეროვნებს ბრენდის და მომხმარებლის ურთიერთობას. მინდა მადლობა ვუთხრა თიბისის გუნდს, პროექტში ჩართულ ყველა წევრს ძალიან საინტერესო კოლაბორაციისთვის და პროექტისთვის, რომელიც ნამდვილი ფერებში მოგზაურობა იყო.



ავტორი: MARKETER