ივლისი 17, 2025
თიბისი უზბეკეთი, ცენტრალურ აზიაში ფინანსური სერვისების განვითარების მთავარი ინოვატორი, CNBC-სა და Statista-ს მიერ, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფინტექ კომპანიად დასახელდა - ნეობანკინგის კატეგორიაში. აღსანიშნავია, რომ თიბისი უზბეკეთი არის პირველი და ერთადერთი კომპანია უზბეკეთსა და ცენტრალური აზიის რეგიონში, რომელმაც მსგავსი აღიარება მოიპოვა.
CNBC-სა და Statista-ს რეიტინგი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია ფინტექ ინდუსტრიაში და ის კომპანიების ღრმა ანალიზს - ფინანსურ მაჩვენებლებს, შემოსავალს, მომგებიანობას, მომხმარებელთა რაოდენობას, ბაზრის წილსა და ტრანზაქციების მოცულობას ეფუძნება.
თიბისი უზბეკეთი ქვეყნის უმსხვილესი ციფრული ბანკია, მისი ეკოსისტემა მოიცავს: “Payme” - ციფრული გადახდების აპლიკაციას, “Payme Nasiya” - BNPL სერვისს, „თიბისი დაზღვევას“. საერთო ჯამში, თიბისი უზბეკეთის პლატფორმა 19.7 მილიონ მომხმარებელს აერთიანებს.
თიბისი უზბეკეთი გამორჩეულია არა მხოლოდ სწრაფი ზრდის ტემპით, არამედ მომხმარებელზე მორგებული, სრულად ციფრული და თანამედროვე სერვისებითაც. ბოლო ერთ წელში კომპანიამ არსებითად გააფართოვა თავისი შეთავაზებები: ბაზარზე წარადგინა სადებეტო ბარათი Salom Card და საკრედიტო ბარათი Osmon Card, განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანა TBC Business - ბიზნეს ბანკინგისა და საკრედიტო მომსახურების პლატფორმა, ხოლო TBC დაზღვევის მეშვეობით, სრულად ციფრული სადაზღვევო სერვისები შესთავაზა მომხმარებლებს.
ამავდროულად, თიბისი უზბეკეთმა შეისყიდა საცალო ვაჭრობის მართვის SaaS - პლატფორმის, BILLZ - ის, საკონტროლო პაკეტი, რაც კომპანიის შესაძლებლობებს კიდევ უფრო აძლიერებს მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) სეგმენტში და ქმნის მყარ საფუძველს B2B სერვისების დივერსიფიკაციისთვის.
"თიბისისთვის დიდი პატივია გახდეს უზბეკეთიდან და ცენტრალური აზიიდან პირველი და ერთადერთი ბიზნესი, რომელიც 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფინტექ კომპანიების სიაში დასახელდა. ჩვენი სწრაფი, უწყვეტი და მომგებიანი ზრდა, ინოვაციური მიდგომა და მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია გლობალურ საზოგადოებას არ დარჩენია შეუმჩნეველი. ეს მხოლოდ დასაწყისია - ჩვენ ვაგრძელებთ ეკოსისტემის გაფართოებას და ფინტექ ინოვაციების გზაზე სვლას.“- ნიკა ქურდიანი - თიბისი უზბეკეთის გენერალური დირექტორი.
უზბეკეთი ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ბაზრად ითვლება ციფრული ფინანსების მიმართულებით. თიბისი უზბეკეთი თავისი ეკოსისტემით არამარტო პასუხობს ამ ბაზრის საჭიროებებს, არამედ ქმნის ციფრული ბანკინგის ახალ სტანდარტებს რეგიონში.