ტექნოლოგია თიბისელები სიახლეები

თიბისის ტექ გუნდი კონფერენცია Product Management Festival-ზე

იანვარი 17, 2025

შთამაგონებელი გამოსვლები, ინოვაციური სტრატეგიები, სასარგებლო ვორქშოფები და უახლესი თუ მომავლის ტექნოლოგიები - ეს მცირე ჩამონათვალია იმ გამოცდილებისა, რომელიც თიბისის ტექ გუნდმა შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში, კონფერენცია Product Management Festival-ზე მიიღო.

ეს გლობალური მასშტაბის კონფერენციაა, რომელიც პროდუქტის მენეჯმენტის განვითარებაზეა ფოკუსირებული. ღონისძიებაზე თავს იყრიან ამ პროცესში ჩართული პროფესიონალები, ლიდერები და ინოვატორები, რომლებიც ერთმანეთს საუკეთესო და უახლეს ტენდენციებს უზიარებენ.

კონფერენციას თიბისის ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგის 8 თანამშრომელი ესწრებოდა. მათ მიღებულ გამოცდილებაზე, ემოციებზე, მსგავსი კონფერენციების მნიშვნელობასა თუ სამომავლო გეგმებზე საკუთარი პერსპექტივიდან ისაუბრეს.

კონფერენციის ხარისხი ვორქშოფებით, საინტერესო გამომსვლელებითა და მიღებული ცოდნის მნიშვნელობით ფასდება. Product Management Festival-ის ერთ-ერთი მონაწილე, თემო ბაბუციძე ამბობს, რომ აღნიშნული კონფერენცია ამ სამივე კრიტერიუმს უმაღლეს დონეზე აკმაყოფილებდა.

“კონფერენციამ მოგვცა უნიკალური შესაძლებლობა გავცნობოდით საერთაშორისო გამოცდილებას, გაგვეგო პროდუქტის მართვის უახლესი ტენდენციები და რეალური ქეისები მსოფლიოს წამყვანი კომპანიებიდან”. - გვიყვება თემო, გუნდის კაპიტანი ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგიდან.

თიბისის ტექ გუნდის ციფრული პროდუქტების მიმართულების ლიდერი, თეკო ბერიკაული კონფერენციის საუკეთესოდ აღქმაში დაგვეხმარა და გაგვიზიარა, რომ ფესტივალის ფარგლებში ერთდროულად სხვადასხვა ტიპის სემინარები თუ ვორქშოპები ტარდებოდა. მისი თქმით, დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ, სასურველი ღონისძიება საკუთარი ინტერესების მიხედვით აერჩიათ.

ცოდნის მიღება პირველი ნაბიჯია, შესაბამისად, ამის ლოგიკური გაგრძელებაა მისი პრაქტიკაში წარმატებული იმპლემენტაცია. თიბისის ტექ გუნდის კიდევ ერთ წევრს, პროდუქტის მფლობელს ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგიდან, ირაკლი სიჭინავას ამაზე უკვე ნაფიქრი აქვს - ის აპირებს, ხელოვნური ინტელექტი პროტოტიპებისა და აქრიტექტურული საკითხების გადაწყვეტაში გამოიყენოს, რაც აქამდე არ უცდია. ირაკლიმ AI-ის ძალის დემონსტრირებისთვის კონფერენციიდან საინტერესო ისტორიაც მოგვიყვა.

ციურიხში გამართული კონფერენცია მონაწილეებისთვის, ნეთვორქინგის თვალსაზრისით, უნიკალური შესაძლებლობა აღმოჩნდა. როგორც თავად გვიყვებიან, შეხვდნენ და გავცვალეს კონტაქტები სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან.

“კონტაქტები შესაძლოა მომავალში კოლაბორაციის ან გამოცდილების გაცვლის საფუძვლადაც იქცეს, რაც ჩვენი გუნდისა და ორგანიზაციისთვის დამატებითი ღირებულება იქნება”. - თქვა თემო ბაბუცაძემ.

“Google-ის ერთერთი პროდუქტ მენეჯერის გამოსვლა იყო, რომელმაც Gen AI ზე ისაუბრა. თავად კოდის წერა არ იცის და ბაზებშიც ვერ ერკვევა, მაგრამ AI სისტემების გამოყენებით შექმნა სისტემაში შესვლის გვერდი (login page). AI-ის დააწერინა პროდუქტის მოთხოვნები: ტექნიკური მოთხოვნა, ხედვა, წარმატების მეტრიკები და ა.შ. საბოლოდ ხელოვნურმა ინტელექტმა გააკეთა დეველოპმენტი და ფაბლიშინგი ისე, რომ არ დასჭირდა ტექნიკური ცოდნა და კოდის წერა/კორექტირება”, - აღნიშნა ირაკლიმ, რომლისთვისაც ეს გამოსვლა შთამაგონებელი გამოდგა. ირაკლი სიჭინავა, პროდუქტის მფლობელი (TBC WEB) .

თიბისის, როგორც ტექნოლოგიურ კომპანიას, რომელსაც აქვს ამბიცია, ბაზარზე საუკეთესო იყოს, თანამშრომლებს მსგავს ღონისძიებებზე დასწრების შესაძლებლობას პერმანენტულად აძლევს - ეს წლების განმავლობაში ორგანიზაციის კულტურად, განუყოფელ ნაწილად და შეიძლება ითქვა, სავიზიტო ბარათად იქცა.

“თიბისის სურს, რომ საუკეთესო პრაკტიკების და ფუნქციონალების შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივიღოთ, რომ საუკეთესო პროდუქტები შევქმნათ. ასეთი შესაძლებლობა კომპანიისგან არა მხოლოდ პიროვნული განვითარებისთვის, არამედ ჩვენი გუნდის საერთო კომპეტენციის გაძლიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, - თეკო ბერიკაული.

მოკლედ, Product Management Festival-ს ჰქონდა ყველაფერი იმისთვის, რომ სრულყოფილი კონფერენცია ვუწოდოთ, რასაც თიბისის ტექ გუნდის წევრების ემოციებიც გვიდასტურებს. საქართველოში დაბრუნებული ტექ ტალანტები უკვე მზად არიან, რომ შვეიცარიაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება თიბისიში წარმატებულად გამოიყენონ. თავის მხრივ, არც ორგანიზაცია აპირებს გაჩერებას და თანამშრომლებს ახალ თავგადასავლებს ჰპირდება.