მაისი 31, 2021
მეცნიერი, მორაგბე, მოთხილამურე, მუსიკოსი — გაიცანით თიბისის სტიპენდიატი გოგოები
სულ რაღაც 128 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიოში პირველად ქალებმა არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მოიპოვეს. კიდევ უფრო გვიან, 121 წლის წინ შეძლეს ქალმა სპორტსმენებმა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღება. საუკუნის შემდეგ უფრო ხშირად გვესმის ამბები ყოჩაღ გოგოებზე, რომლებიც მიდიან კოსმოსში, მართავენ ქვეყნებს, ხდებიან ჩემპიონები ან იგონებენ ვაქცინებს პანდემიის დასამარცხებლად, მაგრამ, წინგადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, დღემდე არსებობს სფეროები, სადაც საზოგადოებაში დამკვიდრებული არასწორი შეხედულებების გავლენით გოგოები იშვიათად ჩანან. მაგალითად, ქალები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგში დასაქმებულთა მხოლოდ 28%-ს წარმოადგენენ.
სინამდვილეში, “მომავალი ქალებისაა” — გოგოები, რომელთა შესახებ ამ სტატიაში მოგიყვებით, სულ რაღაც 13-17 წლისანი არიან, თუმცა უკვე ცვლიან სამყაროს უკეთესობისკენ. ისინი აქ და ახლა არღვევენ ყველა სტერეოტიპს, გვაძლევენ კარგ მაგალითს და ამტკიცებენ, რომ არ არსებობს სფერო, სადაც გოგოებს წარმატების მიღწევა არ შეუძლიათ.
ახალგაზრდა მეცნიერი თბილისიდან
14 წლის მარიამ ნინუა რობოტექნიკითა და პროგრამირებითაა გატაცებული. ის ამ მიმართულებებს STEM აკადემიაში ეუფლება. 2019 წელს მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსში “ლეონარდო და ვინჩი” მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო 2020 წელს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში პირველ ადგილზე გავიდა და მალე NASA-ში, ორკვირიან სასწავლო ბანაკში მიემგზავრება.
გამოგონებები, რომლებიც მარიამმა ამ კონკურსებზე წარადგინა, ინოვაციური და შთამბეჭდავია.
“ლეონარდო და ვინჩის კონკურსზე წარვადგინეთ რობოტობენდი, რომელიც ვირტუალური დირიჟორისა და რეალური რობოტი ქსილოფონისტისგან შედგებოდა. მათ ვასწავლიდით ნოტების ნებისმიერ კომბინაციას, თუნდაც სიმღერას, შემდეგ კი დირიჟორი “ეუბნებოდა” ქსილოფონისტს, რა უნდა დაეკრა. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსზე კი წარვადგინეთ პარკინსონის დაავადების 24-საათიანი მონიტორინგისა და მკურნალობის გაუმჯობესების პროექტი”, — გვიყვება ახალგაზრდა გამომგონებელი.
მარიამი ამბობს, რომ ტექნოლოგიებისადმი ინტერესი ადრეული ბავშვობიდანვე გამოავლინა. “თუკი რაიმე მოძრავი ან მოლაპარაკე სათამაშო მქონდა, ყველას ვშლიდი და ვნახულობდი, რა იყო შიგნით. მაინტერესებდა, როგორ იდო ელემენტები და როგორ მუშაობდა მექანიზმები. ყველა ჩემი თოჯინა, რაც კი დადიოდა ან ხმას გამოსცემდა, ახლა გაფუჭებული და დაშლილია”, — ამბობს ის და ამატებს, რომ ამ ინტერესის გაღვივებაში დიდი როლი დედამ ითამაშა.
“პატარაობაში მომიტანა წიგნი, სადაც პლანეტების შესახებ ბევრი ინფორმაცია ეწერა. მოგვიანებით პროგრამირება-რობოტექნიკაზე მაკითხებდა სტატიებს, მერე კი მიმიყვანა STEM აკადემიაში ბატონ დავით სონღულაშვილთან, სადაც ცოდნის გაღრმავება შევძელი”.
მარიამის ყოველდღიურ რუტინაში გაკვეთილებზე დასწრება, მეცადინეობა და კიბერსპორტით გართობა შედის — მას ვიდეოთამაშები ძალიან იტაცებს. სასკოლო საგნებიდან, ბუნებრივია, ტექნიკური მიმართულებები იზიდავს. თავისუფალ დროს კი მეგობრებთან ერთად თამაშობს და სკეიტბორდით სეირნობს.
მარიამის ოცნებაა, სწავლა ამერიკაში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სამედიცინო მიმართულებით განაგრძოს. “ბავშვობიდან ვოცნებობდი პლასტიკურ ქირურგობაზე, ძალიან მაინტერესებს ეს დარგი და მის შესახებ ვიდეოებსაც სულ ვუყურებ. მინდა, სამედიცინო სფეროს ჩემი რობოტიკის ინტერესებიც დავუკავშირო — ვიცი, რომ უკვე არსებობს რამდენიმე სახის რობოტი, რომელიც პლასტიკურ ოპერაციებს აკეთებს, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს რაღაც ახალი და უნივერსალური შევქმნა”, — გვიამბობს მარიამი.
ახალგაზრდა მეცნიერისთვის თიბისის სტიპენდიატობა მოულოდნელი და სასიამოვნო მოვლენა აღმოჩნდა.
“ძალიან კარგი გრძნობაა, არ მჯეროდა თავიდან, როცა მითხრეს, რომ თიბისის სტიპენდიატი ვიქნებოდი. კიდევ უფრო გამიხარდა, რომ მომდევნო წელსაც ჩამრთეს პროექტში, რითაც უფრო დიდი სტიმული მომეცა, ჩემი საქმე უკეთ ვაკეთო”, — ამბობს ის.
მორაგბე პატარძეულიდან
13 წლის იაკო ყუშიტაშვილი პატარძეულიდანაა. თამაშობს რაგბის, დადის მუსიკაზე და თავისუფალ დროს ხატავს.
ის უკვე 6 თვეა, რაც რაგბითაა დაკავებული და პატარძეულის სარაგბო მოედანზე კვირაში სამი დღე ვარჯიშობს. იაკო იქ ერთადერთი გოგოა, რომელიც ამ სპორტს მისდევს. “ხშირად ვუყურებდი თამაშებს, მომწონდა ეს სპორტი და ამიტომ გადავწყვიტე, მეც მეთამაშა”, — ამბობს სპორტსმენი და იმასაც აღნიშნავს, რომ კარგი იქნებოდა, მეტი გოგო დაინტერესებულიყო რაგბით.
იაკო გვიყვება, რომ პანდემიის მიუხედავად, ვარჯიში არ შეუწყვეტია. რა თქმა უნდა, დადის სკოლაშიც. ახლა ის მეშვიდე კლასშია, სასკოლო საგნებიდან უყვარს ბიოლოგია და ინგლისური ენა, სამომავლოდ კი ფიქრობს, რომ პროფესიას ისევ რაგბის დაუკავშირებს. ამისთვის შეჯიბრებებზე გასვლასაც აპირებს და ვარჯიშს აქტიურად განაგრძობს.
თიბისის სტიპენდიატობა პატარა სპორტსმენისთვის სასიხარულო ფაქტი აღმოჩნდა — “ძალიან გამიხარდა, ძალიან კარგი რამ არის ეს ჩემთვის” — ამბობს იაკო.
მოთხილამურე თბილისიდან
ნინი ენუქიძე 15 წლისაა, ყველაზე დიდ სიამოვნებას სპორტისგან იღებს და დროის უმეტეს ნაწილსაც მის სხვადასხვა სახეობას უთმობს. “ჩემი ჰობი სპორტია, თანაც, ყველანაირი. კარგი გამოცდილება დამიგროვდა სპორტის სხვადასხვა სახეობაში, თუმცა მათგან ყველაზე წარმატებული თხილამურებით სრიალი აღმოჩნდა”, — გვიამბობს ნინი.
მან საქართველოს პირველობაზე რამდენჯერმე გაიმარჯვა, ამასთან, არაერთხელ გავიდა პირველ ადგილზე სპორტულ სკოლებს შორის გამართულ შეჯიბრზე ბაკურიანში.
როგორც ვახსენეთ, თხილამურებზე სრიალი მისი ერთადერთი სპორტული გატაცებაა არაა — “ძალიან მიყვარს ჩოგბურთი, ასევე რამდენიმე წელი ტანვარჯიშს პროფესიულად მივყვებოდი”, — გვიმხელს ის და აღნიშნავს, რომ ამ ორივე მიმართულებით სხვადასხვა შეჯიბრზე არაერთი გამარჯვება მოუპოვებია. მან, ასევე, საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ პარკურის შეჯიბრზეც გაიმარჯვა.
“რაც თავი მახსოვს, სპორტით ვარ დაკავებული, ჩემთვის ეს ყველაფერია და ყველაზე მეტ დროს მას ვუთმობ”, — ამბობს ნინი.
ის ახლა მეათე კლასშია და იაკოს მსგავსად, მასაც ბიოლოგიის სწავლა უყვარს. პანდემიის დროს, როცა სწავლება ონლაინ რეჟიმზე გადავიდა, ცოტა სირთულეებს შეეჩეხა, თანაც ზაფხულზე, როცა კორონავირუსის შემთხვევებმა მკვეთრად იმატა, ვარჯიშიც ონლაინ, სახლის პირობებში გაგრძელდა.
ახლა სათხილამურო სეზონი ახალი დამთავრებულია და ნინი დროებით ისვენებს, თუმცა მალე ისევ გააგრძელებს ვარჯიშს თბილისის შემოგარენში, ვაკის პარკსა და სავარჯიშო ცენტრ პროლესკიში, სადაც დახურულ სივრცეში სრიალის შესაძლებლობა აქვს.
ნინის ჯერ არ გადაუწყვეტია, რა იქნება მისი პროფესია მომავალში, თუმცა თხილამურებით სრიალის შეწყვეტას არ აპირებს და ფიქრობს, რომ დიდი ალბათობით, სპორტის ამ სახეობას გაჰყვება. პარალელურად გეგმავს, უნივერსიტეტშიც ისწავლოს.
მისი ყველაზე დიდი ოცნებაც სპორტს უკავშირდება, ამბობს, მინდა, ერთხელ მაინც მივიღო მონაწილეობა მსოფლიო ოლიმპიადაშიო.
თავისუფალ დროს ნინი წიგნებს კითხულობს, მღერის, უკრავს გიტარაზე, უნდა, რომ ფორტეპიანოზე დაკვრაც ისწავლოს, თუმცა ჯერ ინსტრუმენტი არ აქვს, ამასთან, უყვარს უცხო ენები — სწავლობს ოთხ უცხო ენას: რუსულს, ინგლისურს, ფრანგულსა და გერმანულს.
თიბისის სტიპენდიატობა ნინისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. “წარმოუდგენელი იყო ჩემთვის ეს, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ სტიპენდიატებს შორის მოვხვდებოდი. ძალიან მიხარია, რომ ეს პროექტი არსებობს და ამდენ ახალგაზრდას უკეთესი მომავლის შექმნაში ეხმარება”, — ამბობს ის.
მუსიკოსი ქუთაისიდან
თიბისიმ სტიპენდიატებს სხვადასხვა რეგიონიდან და სფეროდან მოუყარა თავი. სოფიო გიორგაძე 17 წლისაა, ცხოვრობს ქუთაისში და ბავშვობიდან უკრავს ვიოლინოზე. ის ახლა ქუთაისის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში სწავლობს და დღის განმავლობაში 2-3 საათს ინსტრუმენტზე მეცადინეობას უთმობს, ხშირად იღებს მონაწილეობას კონკურსებში და ხშირადაც იმარჯვებს.
“ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ჩემთვის 2019 წელს, 15 წლის ასაკში ამერიკაში, კარნეგი ჰოლში დაკვრა იყო”, — იხსენებს სოფიო.
მისი ყოველდღიურობა ჰანგებითაა გაჯერებული — თავისუფალ დროსაც კი მუსიკას უთმობს. ამბობს, რომ ამ სფეროსადმი ინტერესი პატარაობიდანვე გაუჩნდა და მას შემდეგ დაკვრით მიღებული ემოცია მხოლოდ და მხოლოდ ძლიერდება. “მუსიკა ჩემს ცხოვრებაში მთავარ როლს თამაშობს, ვუკრავ შვიდი წლიდან და ამის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, რაც უფრო მემატება წლები, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ამის გარეშე არ შემიძლია. როცა ცუდ ხასიათზე ვარ ვუკრავ და ნეგატიური ემოციებისგან მაშინვე ვთავისუფლდები. თუ არ ვუკრავ — ყურსასმენებში ვუსმენ მუსიკას და ფაქტობრივად, ის ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა”, — ამბობს სოფიო.
მისი ყველაზე დიდი მიზანი კი ნიუ-იორკში, ჯულიარდის სამუსიკო სკოლაში ჩაბარებაა, რისთვისაც მომდევნო წლიდან მზადებასაც დაიწყებს.
სოფიომ თიბისის სტიპენდიატობის შესახებ საკუთარ დაბადების დღეზე შეიტყო — “თავიდან არ მჯეროდა, მერე კი ძალიან გამიხარდა. საკმაოდ საპასუხისმგებლო რამაა ეს ჩემთვის. იმის გათვალისწინებით, რომ მეორე წელსაც გამიგრძელეს ეს სტატუსი, მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, ამიტომაც ინტენსიურად ვმეცადინეობ და მეტ კონკურსზე გასვლასაც ვგეგმავ” — ამბობს სოფიო.
ივლისში სოფიო თბილისში მორიგ მუსიკალურ კონკურსზე წარდგება და დიდი მიზნების მისაღწევად კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს.
ეს მხოლოდ ოთხი გოგოს ისტორიაა, თუმცა თიბისის სტიპენდიატების პროგრამა ბევრ სხვა გამორჩეულ გოგოსა და ბიჭს უჭერს მხარს. წელს ახალგაზრდა, ნიჭიერ, მიზანდასახულ და შრომისმოყვარე მოზარდთა რიგებს კიდევ 45 წევრი შეემატა და ჯამში მათმა რიცხვმა სამასს გადააჭარბა. თიბისი მათ ყოველ თვე 100-ლარიან სტიპენდიას უნიშნავს, სთავაზობს მათივე ინტერესებზე მორგებულ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამებს, ლექციებს, შეხვედრებსა და ღონისძიებებს.