თაობა სიახლეები

გაიცანით 4 ახალგაზრდა ინოვატორი, რომელთა მიზანიც სამყაროს გაუმჯობესებაა

აგვისტო 11, 2021

"ბოლო დროს ძალიან აქტუალურია გლობალური დათბობის პრობლემა და ჩემი მიზანია, ამ პრობლემის გადაჭრაში მივიღო მონაწილეობა"


— გვიყვება 16 წლის მარიამი. არ გეგონოთ, რომ ამ ასაკის ადამიანისთვის ეს ზედმეტად ამბიციური განაცხადია. თუ მის განვითარების გზას გადავხედავთ, ეს გეგმა არარეალური სულაც არ ჩანს.

მარიამ მაჩაიძე

მარიამი 13 წლის იყო, როცა მეგობრებთან ერთად "სასწავლო მულტიმეტრი" შექმნა — ხელსაწყო, რომელიც სხვადასხვა გამზომ საშუალებას მაღალი სიზუსტით აერთიანებს. ის და მისი გუნდის წევრები თიბისის სამგზის სტიპენდიატები არიან.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: 2017-2018 სასწავლო წელს ხუთმა კლასელმა გადაწყვიტა, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს შეჭიდებოდა. ამ დროისთვის ისინი მე-9 კლასში იყვნენ და კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილეებს წარმოადგენდნენ. აქტიურად იყვნენ STEM-ით დაინტერესებულები და დაზუსტებით იცოდნენ, რომ მათი მომავალი ტექნოლოგიებთან იქნებოდა დაკავშირებული.


მულტიმეტრის შექმნისკენ საჭიროებამ უბიძგათ. გუნდის წევრები კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 სკოლაში ელექტრონიკის წრეზე დადიოდნენ, სადაც გამზომი ხელსაწყოების შეზღუდულ ფუნქციონალთან ხშირად უწევდათ შეხება. არსებულ საშუალებებს მცირე დიაპაზონი ჰქონდათ და სიზუსტითაც არ გამოირჩეოდნენ. სწორედ ამიტომ მოზარდებმა გადაწყვიტეს, ისეთი ხელსაწყო დაემზადებინათ, რომელიც სხვადასხვა გამზომ საშუალებას გააერთიანებდა და მოსწავლეებისთვისაც მოსახერებელი იქნებოდა. სასწავლო მულტიმეტრი ორ ვოლტმეტრს, ორი ამპერმეტრს, ოსცილოგრაფს (ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც აკვირდებიან და იწერენ ელექტრულ პროცესებს) და სიგნალის გენერატორს მოიცავს. იგი მხოლოდ სამი ღილაკით იმართება და თანამედროვე მიკროკონტროლერის გამოყენებითაა აწყობილი.

მარიამ მაჩაიძე - აქ. ახლა. 16 წლის

მარიამი, რომელიც ბავშვობიდან გატაცებულია კომპიუტერებით, მულტიმეტრის UI-ზე მუშაობდა. მოწყობილობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანიშნულება გაზომილი ანათვლების გრაფიკული გამოსახვაა და სწორედ მისი პასუხისმგებლობა იყო, გაზომვის შედეგად დაგროვილი მონაცემებისთვის მარტივად აღსაქმელი სახე მიეცა.


მე-5 კლასში მშობლებმა საცდელად შეიყვანეს პროგრამირებაზე და რობოტექნიკის კურსებზე. შესაბამისმა გარემომ ტექნოლოგიების მიმართ მისი ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა.

"მგონია, რომ საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებების შესწავლით შემიძლია ის პრობლემები გადავჭრა, რომლებიც მაწუხებს"


— ამბობს მარიამი.

მარიამი 2018-2019 წელს მილენიუმის პროექტის ფინალისტიც იყო. ამ ზაფხულს კი ორი ბანაკის, ESAP და GWC, დაფინანსება მოიპოვა. იქ კომპიუტერულ მეცნიერებებს კიდევ უფრო საფუძვლიანად შეისწავლის.


როცა გამოგონებებზე არ მუშაობს, ფენტეზის ჟანრის წიგნებს კითხულობს, მუსიკას უსმენს და სამაგიდო თამაშებს თამაშობს. სულ რაღაც ერთი თვის წინ, თავისუფალ დროს, სიგნალიზაციის სისტემა ააწყო პირადი მოხმარებისათვის. ამიერიდან მარიამის ოთახში უნებართვოდ ვერავინ გაჭაჭანდება.


მარიამი ფიქრობს, რომ 10 წელიწადში ერთ-ერთი წამყვანი ინჟინერი იქნება და გლობალური დათბობის საკითხებში ტექ-ინოვაციებზე იმუშავებს.მისი საყვარელი ფრაზაა: Don’t stop when you're tired. Stop When you're done (არ გაჩერდე, როცა დაიღლები. გაჩერდი, როცა მიაღწევ)

გიორგი ჩხაიძე - აქ. ახლა. 17 წლის

მულტიმეტრის წარმატების საიდუმლო ისაა, რომ გუნდის წევრებიდან თითოეულს საკუთარი ძლიერი მხარეები აქვს, რომლებიც საკუთარი გამოგონებისთვის გამოიყენეს. გიორგი ჩხაიძის მთავარი დამსახურება კი ისაა, რომ მულტიმეტრს ოსცილოგრაფიც აქვს. ამისთვის ის შვიდი თვის განმავლობაში ხატავდა გრაფიკებს.


გიორგის მათემატიკით ადრეულ ბავშვობაში დაინტერესდა. უკვე მრავალი წელია, ოლიმპიადებზე მონაწილეობს და წარმატებასაც აღწევს, რაც კიდევ უფრო დიდ სტიმულს აძლევს განვითარებისათვის.

17 წლის ასაკში მის "ანგარიშზე" უკვე მრავალი გამარჯვებაა:


Millenium Innovation Award - მეორე ადგილი

International Zhautykov Olympiad 2020 - ვერცხლის მედალი

European Junior Olympiad in Informatics 2019 - ბრინჯაოს მედალი

InfO (1) 2019 cup - ბრინჯაოს მედალი

Asia-Pacific International Olympiad in Informatics 2021 - ბრინჯაოს მედალი

საქართველოს ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადა 2021 - მე-3 ადგილი

საქართველოს ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადა 2020 - მე-2 ადგილი

საქართველოს ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადა 2018 - პირველი ადგილი

კინგსის გაზაფხულის ოლიმპიადა 2016 - პირველი ადგილი

ევერესტის შემოდგომის ოლიმპიადა 2015 - პირველი ადგილი

მეხუთეკლასელი გიორგი მშობლებმა მზიურის ტექნოლოგიურ ცენტრში მიიყვანეს და მას შემდეგ ამ სფეროს არ შეშვებია, ინტერვიუს ჩაწერის პარალელურადაც კოდს წერდა.


თავისუფალ დროს კლასიკურ მუსიკას უსმენს, განსაკუთრებით კი ბახი იტაცებს. ასევე უყვარს მხატვრული ლიტერატურის კითხვა და ლაშქრობები.


ოცნებებზე საუბრისას ამბობს, რომ ოცნებები კი არა, მიზნები აქვს და დარწმუნებულია, რომ მომავალში საკუთარი კომპანია ექნება.

"40 წლის ასაკში ისევ პროგრამისტი არ ვიქნები, მაგრამ STEM სფეროში ვიმუშავებ. თანამედროვეა, საინტერესოა და სამყაროც მგონია, რომ ასე განვითარდება, მნიშვნელოვანი იქნება ამ სფეროს ცოდნა"


— ამბობს გიორგი.

მიუხედავად იმისა, რომ გიორგიმ ბევრი რამ იცის ისეთი, რაც სხვებმა არ ვიცით, მისი საყვარელი ფრაზა "მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი".



იაკობ რიგვავა - აქ. ახლა. 16 წლის

მულტიმეტრის შექმნის პროცესში იაკობი ვოლტაჟის და ამპერის გაზომვებით მიღებული ინფორმაციის გადამუშავებაზე მუშაობდა, რომელსაც შემდეგ მარიამთან ერთად გრაფიკებად აქცევდა.


"ბავშვობიდან კომპიუტერთან ვარ და თამაშებს რომ ვთამაშობ, მაინტერესებს, როგორ კეთდება. ამიტომ დავინტერესდი ზოგადად პროგრამირებით. მერე როცა გავიგე, რომ არა მხოლოდ თამაშები, არამედ ჩვენ გარშემო ყველაფერი პროგრამებითაა აწყობილი, კიდევ უფრო ჩავუღრმავდი ამ თემას", — გვეუბნება იაკობი.


იაკობი მე-4 კლასიდან სწავლობს პროგრამირებას. კითხვაზე, თუ სად ხედავს საკუთარ მომავალს, გვპასუხობს:

"მომავალში პროგრამისტად ვფიქრობ დასაქმებას: გუგლში, ფეისბუქში — რატომაც არა".

თიბისის სტიპენდიანტობა იაკობისთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. მიღებული სტიპენდიის დიდი ნაწილი ლეპტოპში და სხვადასხვა ტიპის ტექნიკაში დახარჯა.

თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ფრენბურთის თამაში უყვარს. გარდა ამისა, დეტექტივებს კითხულობს და ანიმეებს უყურებს. მისი საყვარელი ფრაზაა: "ცოდნა ძალაა".



ლელა ხოხიაშვილი - აქ. ახლა. 17 წლის

ლელა ხოხიაშვილმა, რომელიც პროექტზე მუშაობისას 14 წლის იყო, მულტიმეტრის ინტერფეისზე იმუშავა, მოწყობილობის სამუშაო მენიუ ააწყო და დამოუკიდებელი ნაწილები ერთ პროგრამად გააერთიანა.


"ჩემი უფროსი ძმა ხშირად მონაწილეობდა მსგავსი ტიპის კონკურსებში და წარმატებასაც აღწევდა. ასეთი პროექტები ბავშვობიდან გარს მეხვია და ამიტომაც დავინტერესდი პროგრამირებითა და ელექტრონიკით", — გვიყვება ლელა, — "რატომ STEM მიმართულება? იმიტომ, რომ ეს მსოფლიოს მომავალია. ვერც წარმომიდგენია რაიმე განსხვავებული ვაკეთო".


ელას პროგრამირების გარდა ფოტოგრაფია, გრაფიკული დიზაინი და ვიდეომონტაჟიც აინტერესებს. სულ ძიების პროცესშია. განტვირთვისთვის ძირითადად ცურვას მიმართავს ხოლმე და უნდა, რომ მომავალში მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მოიაროს. ალბათ, იაპონიით დაიწყებს.

იმედი აქვს, რომ 10 წლის შემდეგ არჩეულ სფეროში უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება ექნება და დამოუკიდებლად ცხოვრებას შეძლებს. მისი ცხოვრებისეული დევიზია Just Do it!




მარიამი, გიორგი, იაკობი, ლელა სხვა უამრავ მოზარდს წარმოადგენენ, რომლებიც საქართველოს STEM ისტორიას აქ და ახლა წერენ. სტიპენდია რომ წახალისების ეფექტური ფორმაა, იქიდანაც ჩანს, რომ სტიპენდიის დანიშვნიდან რამდენიმე თვის შემდეგ გუნდმა იმავე კონკურსში ახალი გამარჯვება მოიპოვა და სტენფორდის უნივერსიტეტის STEM ბანაკში გამგზავრება დაიმსახურა.

თიბისის სტიპედიანტების პროგრამა, რომელიც მესამე წელია გრძელდება, მთელი საქართველს მასშტაბით ეძებს ასეთ მოზარდებს. ჭუბერი, გორი, წნორი, წეროვანი, ხონი, თბილისი, თელავი, ლექოკი, ბარისახო, უწერა, არახვეთი, ქუთაისი, კარალეთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი, ხონი, ამბროლაური, სენაკი, პატარძეული — პატარა გამომგონებლები, მოცეკვავეები, მათემატიკოსები, მხატვრები, მუსიკოსები თუ სპორტსმენები საქართველოს ყველა კუთხეში ცხოვრობენ და ერთად ქმნიან ხვალინდელ დღეს.