იანვარი 29, 2025

2023 წელს თიბისიში თვითორგანიზებული გუნდი, პროდუქტის გილდია, შეიქმნა, რომლის მთავარი მიზანიც ორგანიზაციის მასშტაბით პროდუქტული ხედვის გაძლიერებაა. ინიციატივის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი კი პროდუქტის რუკის შექმნა იყო, რომელიც პროდუქტების განვითარების პროცესში კომპანიის სახელმძღვანელო იქნებოდა. გამოწვევებისა და სირთულეების მიუხედავად, გუნდმა მიზანს მიაღწია და დღეს, სწორედ პროდუქტის რუკის შესაძლებლობებზე, დანიშნულებასა და მომავალზე ვისაუბრებთ.
პროდუქტის რუკა თიბისიში პროდუქტებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას ორგანიზაციის ყველა წევრისთვის ხელმისაწვდომს ხდის. ის თანამშრომლებს პროდუქტის და პროდუქტების მოწყობის სტრუქტურის განმარტებებს სთავაზობს, რაც ორგანიზაციის სხვადასხვა მიმართულებებს შორის კომუნიკაციას აუმჯობესებს. ამასთან, მისი გამოყენებით გაცილებით მარტივია უკუკავშირის მიღება და იმის გაზომვა, თუ რამდენად ეფექტურია ესა თუ ის არჩეული მიმართულება.
“სტრატეგიულ პროდუქტებზე ფოკუსის გაძლიერება გვეხმარება ბაზარზე გასვლის დროის შემცირებასა და კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში” -ეკა სანაძე, პროდუქტის გილდიის ლიდი, პროდუქტის მფლობელი, მომხმარებლის მოზიდვის და აქტივაციის ლიგა.
რა არის პროდუქტის რუკაში საინტერესო და ინოვაციური?
აქამდე პროდუქტის ნებისმიერი სახის დეტალზე ინფორმაციის მოძიება ხანგრძლივი და კომპლექსური პროცესი იყო, თუმცა პროდუქტის რუკამ შესაძლებელი გახადა ეს ყველაფერი ერთიან სივრცეში წარმოედგინა. ეს ორგანიზაციის სხვადასხვა მიმართულებას ინფორმაციის უმოკლეს დროში მიღებაში ეხმარება, რაც პროდუქტების სწრაფი და ეფექტური განვითარებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
მეტი თვალსაჩინოებისთვის, პროდუქტის კატალოგი ამ ეტაპზე მოიცავს ინფორმაციას პროდუქტის დომეინების, საბდომეინების, პროდუქტის ოჯახების და უშუალოდ პროდუქტების შესახებ. ცალსახად, ეს პასუხისმგებელი პირების მარტივად იდენტიფიცირებისა და ეფექტური თანამშრომლობის საწინდარია.
ცხადია, ინოვაციის დანერგვა გამოწვევებით სავსე პროცესია, ხოლო მათი ეფექტური გადალახვა განვითარების საწყისი. პროდუქტის რუკის შექმნამაც ბევრი გამოწვევა გვქონდა და ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება ორგანიზაციისთვის მისი მომხმარებელზე მორგებული სახით მიწოდება იყო.
“მაგალითად, საკმაოდ რთული აღმოჩნდა მივსულიყავით შეთანხმებამდე, რომელი პროდუქტული ოჯახისთვის მიგვეკუთვნებინა კონვერტაციები, თუმცა მსგავსი დისკუსიები ხელს უწყობს პროდუქტული ხედვის გაძლიერებას და შესაბამისად გვეხმარება პროდუქტზე ორიენტირებული ორგანიზაციული გარემოს შექმნაში”- ჰარდიკ მაჰეშვარი, პროდუქტის გილდიის ლიდი, დომენის ექსპერტების გუნდის ლიდერი.
აღსანიშნავია, რომ პროდუქტის რუკაში ცვლილებები თანამშრომლების მოთხოვნების ან ორგანიზაციაში მიმდინარე ტრანსფორმაციული პროცესების საფუძველზე შედის. მნიშვნელოვანია პროდუქტის რუკაზე ყოველთვის განახლებული ინფორმაცია იყოს, რაშიც კომპანია თითოეულ თანამშრომელს ენდობა და მათი ჩართულობის იმედი აქვთ.
მოკლედ, პროდუქტზე ორიენტირებული ხედვის გაძლიერება თიბისის სტრატეგიის ნაწილია. როგორც კომპანიაში ამბობენ, პროდუქტის გილდიის უმთავრეს მიზნად კვლავ პროდუქტის რუკის განვითარება რჩება. ამ კუთხით იგეგმება ყველა პროდუქტისთვის პასუხისმგებელი თანამშრომლის დაიდენტიფიცირება და პროდუქტებისა და სისტემების კავშირების ამსახველი ხედვის შექმნა. ასევე, ვგეგმავთ, რომ სახალისო გზით ხელი შევუწყოთ პროდუქტული ხედვის გაძლიერებას თიბისელებში. შევქმენით პროდუქტის რუკის თამაში, რომლის მიზანია, უკეთ გავიგოთ პროდუქტის რუკის მნიშვნელობა, გავაუმჯობესოთ ჩვენი ცოდნა და ვიცოდეთ რუკის გამოყენება.
“პროდუქტების რუკის დანერგვას ნებისმიერ კომპანიას ვურჩევ, რომელსაც სურს, მომხმარებელზე მორგებული პროდუქტები შექმნას და იმყოფება პროდუქტული განვითარების ტრანსფორმაციის პორცესში.” - ეკა სანაძე, პროდუქტის გილდიის ლიდი, პროდუქტის მფლობელი მომხმარებლის მოზიდვის და აქტივაციის ლიგა.