ბიზნესი

როგორ ვაქციოთ მშვენიერებისადმი სიყვარული წარმატებულ ბიზნესად - ლევან ბერულავას ამბავი

სექტემბერი 22, 2023

სამეგრელოში სტუმრობისას თითქმის ყოველთვის მახსენდება ილია ჭავჭავაძის სიტყვები: "სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახე, დიდი საქართველოო."

ამ დინჯ, "ბურთივით მრგვალ ლიბერალს" ეს სიტყვები რომ აღმოხდა, უცნაური ნამდვილად არ არის. ცნობილია, რომ ილიას განსაკუთრებით უყვარდა გამრჯე და საქმის გულითადად შემსრულებელი ადამიანები, სამეგრელოში კი სწორედ ასეთებს ხვდებოდა. სხვაგან სად არის ისე მოვლილი, მოკოხტავებული და პეწიანად რიგზე მოყვანილი ეზო-კარი, რომ გახედავ და გესიამოვნება. საქართველო სულ ლამაზია, ღმერთს ყოველი კუთხისთვის უბოძებია ბუნებრივი სილამაზე, მაგრამ სამეგრელოში ამას ადამიანის ნაშრომის შედეგიც ემატება.

ეზოს არსი ხომ ესაა - ადამიანი ბუნებას ხვდება და მის სილამაზეს თავის ნაშრომს შეჰმატებს და ამ შეხვედრიდან ნამდვილი მშვენიერება იბადება.

რაც უნდა იყოს, მთავარი ხომ ადამიანია და როგორი იქნება შენი თავგადასავალი დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, ვის შეხვდები, ვინ გიმასპინძლებს და ვინ გაჩვენებს რაღაც ისეთს, რაც შენს გულს და გონებას შემორჩება.

ამჯერად ჩემი მასპინძელი ლევან ბერულავაა, ზუგდიდელი კაცი, რომელმაც ოჯახური მეურნეობის წარმატებულ ბიზნესად გადასაქცევად განსხვავებული გზა აირჩია. როგორც თვითონ გამიმხილა, ყველაფერი შემთხვევით დაიწყო. ლევანი მგალობელია და ცხადია, ტკბილი სიმღერაც იცის. ტკბილი სიმღერა რომ იცის ადამიანმა, იმან მოლხენაც კარგი იცის და მოსალხენად კი უკეთეს ადგილს სად იპოვი თუ არა ლამაზ ეზოში, მეგობრები რომ ხშირად იკრიბებოდნენ და ერთ-ერთი მეგობრის დედას ყვავილების ბაღი რომ ჰქონდა გაშენებული. ლევანს ვიოლას თესლი სწორედ ამ ქალმა აჩუქა. ლევანმაც დათესა. მალე იმაზე ბევრად მეტი ყვავილი ამოვიდა, ვიდრე მებაღე ელოდა. ლევანმა გადაწყვიტა ყვავილები გაეყიდა და ასე დაიწყო ყველაფერი. 

ჩემ მასპინძელს, როდესაც საყვარელ საქმეზე ლაპარაკობს, თვალები უციმციმებს და პერიოდულად თხრობა ისე გაიტაცებს ხოლმე, რომ ჩემნაირ საქმეში ჩაუხედავ ადამიანსაც შეიძლება აფიქრებინოს, მეც ხომ არ მეცადაო.

მიმხელს, რომ თავიდან, როდესაც გადაწყვიტა სერიოზულად მოეკიდა მეურნეობისთვის ხელი, მის გარშემო ამ იდეის წარმატების ბევრს არ სჯეროდა, მაგრამ მას ჰქონდა საკუთარი თავის რწმენა, ამიტომ გადაწყვიტა ცოდნა გაეღრმავებინა და საჭირო ტრენინგები გაევლო. ასეც მეუბნება, ცოდნა გადამწყვეტიაო. 

სწორედ ცოდნამ მისცა შესაძლებლობა ერთი ყვავილით დაწყებული საქმე წარმატებულ ბიზნესად ექცია. მას არ ჰქონია განსაკუთრებული ფინანსური შესაძლებლობები. როგორც ყველას, მასაც ჰქონდა ოჯახური მეურნეობა და მოჰყავდა ბოსტნეული, პარალელურად ეკლესიაში გალობდა და ამ საქმეს დღესაც ერთგულად ემსახურება. იქნებ ვინმეს დაუჯერებლად მოეჩვენოს, რომ ადამიანმა ერთი ყვავილით შეიძლება ბიზნესი დაიწყოს და ეს საქმე საბოლოოდ წარმატებულადაც იქცეს, მაგრამ როდესაც გაქვს იდეა, შეიძენ ცოდნას და ზუსტად იცი რისი გაკეთება გინდა, შესაძლებლობებიც ჩნდება. ასე აღმოაჩინა ლევანმა თიბისის აგროსესხების პროგრამა და მისი საშუალებით შეძლო საკუთარი მეურნეობის გაფართოება. ახლა სიამაყით მიყვება, რომ მისი ეზო და მეურნეობა ზუგდიდელების და არა მხოლოდ მათი საყვარელი ადგილია. მას დიდი სიხარულით სტუმრობენ ქუთაისიდან, სამტრედიიდან, ჩხოროწყუდან თუ წალენჯიხიდან; თანამშრომლობს სხვადასხვა მუნიციპალიტეტთან და დროდადრო დიდ ლანდშაფტურ პროექტებშიც ერთვება. 

ჩემი მასპინძელი სათბურს მათვალიერებინებს და მრავალწლიანი მცენარეების ნარგავებს მაჩვენებს. ეს მისი მეურნეობის გაფართოების კიდევ ერთი საფეხურია. მოულოდნელად მიმხელს, რომ აქცენტს ისეთ მცენარეებზე აკეთებს, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი და რომელსაც გაქრობის საფრთხე ემუქრება

ჩემთვის ცხადი ხდება, რომ ლევანი ცდილობს თავისი საქმე საერთო სიკეთედაც აქციოს. ამას ჩვენი საუბარი კიდევ უფრო შორს მიჰყავს, კლიმატის ცვლილებაზე მსჯელობით ვაგრძელებთ და მოულოდნელად ჩემი მასპინძელი მეუბნება, რომ ამ ყველაფერს ბიომეურნეობის მიმართულებით ავითარებს, უარს ამბობს პესტიციდების გამოყენებაზე და მხოლოდ ბუნებრივ, ნატურალურ საშუალებებს იყენებს. გაკვირვებას ვერ ვმალავ, ვეუბნები ეს ყვავილები ხომ საკვებად არ გამოიყენება-მეთქი, ის კი მპასუხობს, მერე რა, მცენარეები ხომ საბოლოოდ მიწაში ხვდება, პესტიციდების ნარჩენები გრუნტის წყლებში ჩაიჟონება, შედეგად კი პლანეტა ბინძურდება. ასე არ შეიძლება, ჩვენ ხომ ყველა ამ ქვეყნის შვილები ვართო. ასე წაგვიღებს საუბარი მისი პატარა მეგრული ეზოდან და უნებურად მახსენდება ვაჟა-ფშაველას ცნობილი ესე "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი", რომელშიც ვაჟა ამბობს: 

"ზოგს გონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტია." 

ამ ფიქრებით ვემშვიდობები ჩემ მასპინძელს და თან მომყვება შეგრძნება, რომ „სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახე, დიდი საქართველო.“

ავტორი: ტორესა მოსი

ფოტო: ანკა გუჯაბიძე