თიბისელები თიბისი შენთვის

თიბისის IT გუნდი

2000-ზე მეტი თიბისელი სახლიდან მუშაობის რეჟიმზე წარმატებით გადაეწყო. ეს IT მიმართულების ჯამში 35-მდე თანამშრომელმა მოახერხა.

აპრილი 13, 2020



როდესაც გადაწყდა, რომ საგანგებო რეჟიმის გამო, თიბისი დისტანციურ მუშაობაზე უნდა გადასულიყო, ერთ-ერთი ყველაზე დიდი „თავსატეხი” ბანკის IT მიმართულებას გაუჩნდა.


IT მიმართულების გუნდს რამდენიმე საათში უნდა მოეფიქრებინა და დაეგეგმა, როგორ გაჩენილიყო თიბისელების სახლებში და მათ კომპიუტერებში ის სპეციალური პროგრამები, რომლებსაც ბანკის სხვადასხვა განყოფილებები სფეროების მიხედვით იყენებს. მეტიც: მათ ეს ყველაფერი თიბისის მნიშვნელოვანი ინფორმაციული უსაფრთხოების მკაცრი სტანადრტების დაცვით უნდა დაეგეგმათ. 


ამ დავალების ამოხსნა, ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობით, IT მიმართულების ორმა განყოფილებამ დაიწყო: ოპერაციების მართვის და მომხმარებელთა მომსახურების დეპარტამენტებმა.



„ამ ორი გუნდის პარალელური და სინქრონიზებული მოქმედებით შესაძლებელი გახდა დისტანცირებულ მომსახურებასა და მუშაობაზე გადაწყობა. ეს ადამიანები 24/7 მუშაობენ“,


- გვითხრა IT მიმართულების ხელმძღვანელმა, ბიძინა მაცაბერიძემ. 

გივი დოჭვირს შეუძლია ძალიან ბევრი ისაუბროს იმ საინტერესო ტექნოლოგიურ გამოსავლებზე, რაც IT მიმართლების გუნდებმა, სხვა განყოფილებებთან თანამშრომლობით, ზოგი ღამის 3 საათზე, ზოგიც დილის 10-ზე მოიფიქრეს. 


ერთ-ერთი ასეთი მთავარი გამოსავალი ე.წ. „ტერმინალების ფერმაა“, რომელიც მათ ააწყეს და რომლის მეშვეობითაც თავსატეხის მნიშვნელოვანი ნაწილი სრულდება: ფილიალების, სატელეფონო მომსახურების ცენტრის თუ სხვა განყოფილების თანამშრომელი სახლიდან რთავს კომპიუტერს და მის ეკრანზე ყველა ის საჭრო პროგრამა იტვირთება, თან უსაფრთხოდ, რომლებიც აქამდე მხოლოდ ოფისში, ბანკში არსებული რთული საკომუნიკაციო და ინფრასტრუქტურული ქსელის დამსახურებით მუშაობდა.


ერთ ასეთ ფერმას, როგორც გივი გვიხსნის, 100-150 თანამშრომლის მუშაობის უზრუნველყოფა შეუძლია და ბანკში უამრავი ასეთია. გივი ამბობს, გამოსავლების დროულად პოვნაში, სხვა ფაქტორებთან ერთად, გუნდის პროფესიონალიზმი გადამწყვეტი იყო:



 „ თიბისის IT გუნდი, მთელ საქართველოში მართლაც გამორჩეულად მაგარია“. 



„ერთია, როცა თანამშრომელს უმართავ კომპიუტერს და ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ სხვა ეტაპია, როცა ამას აკეთებ იმიტომ, რომ მის უკან ადამიანების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა დგას.“

ის, რაც IT ოპერაციების განყოფილებამ სტრატეგიულად დაგეგმა, ტექნიკურად სწორედ მომსახურების გუნდმა განახორციელა. ტექნიკის შერჩევა, ფიზიკურად გადაწყობა, მონტაჟი და მსგავსი აქტივობები მათ აიღეს თავის თავზე. 


მენეჯმენტი, უსაფრთხოების, შესყიდვების და სხვა განყოფილებები ინფორმაციული ტექნოლოგიების გუნდთან მუდმივ კავშირზე იყვნენ, რომ მათ საქმე დროულად, უსაფრთხოდ და ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე მოეგვარებინათ. ამ პროცესისთვის თიბისიმ უამრავი ახალი კომპიუტერული ტექნიკაც შეიძინა.




ბიძინა მაცაბერიძე მიიჩნევს, რომ კარგად გააზრებული საერთო მიზანი და გუნდების იდეალური კოორდინაცია ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო, რის ხარჯზეც, პროფესიონალიზმთან და დაუღალავ შრომასთან ერთად, IT მიმართულების თანამშრომლებმა ყველაფერი დროულად და ეფექტურად განახორციელეს.



ასეთი ერთიანობით, ორ კვირაში ძირითადი საქმეები მოგვარდა. 2000-ზე მეტი თიბისელი სახლიდან მუშაობის რეჟიმზე წარმატებით  გადაეწყო. ეს IT მიმართულების ჯამში 35-მდე თანამშრომელმა მოახერხა. 


ავტორი: რუსუდან ფანოზაშვილი