სიახლეები

დავით სარაჯიშვილი

ივლისი 27, 2022

 დავით სარაჯიშვილი - XIX საუკუნის 80-იან წლებში ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი, წარმატებული და გონიერი კომერსანტი, მეცენატი და ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საქმეთა წამომწყები და დამფინანსებელი.

“მხოლოდ ევროპელ კაცს შეეძლო ყველა მადლიერი ჰყოლოდა და არ გაეფლანგა. … ამ პიროვნებაში სამაგალითოდ შეზავდა საქები ქართველობა და საქები ევროპელობა. და ჩვენ გვგონია ქართველის გაევროპელება სწორედ ამ გზით უნდა მოხდეს. როცა თითოეული ჩვენგანი ისწავლის ევროპულ საქმიანობას და თან თავის ნაციონალურ ხასიათს არ დავკარგავთ – ჩვენი გაევროპელება ფაქტი იქნება. დ. სარაჯიშვილი ქართველი-ევროპელი იყო.”


- გაზეთმა “ივერიამ” ასეთი მომავლის შესაძლებლობა დაუხატა ქართველებს დავით სარაჯიშვილის მაგალითზე.

ერმანიის განთქმულ უნივერსიტეტებში განათლებამიღებული სარაჯიშვილის ევროპული აზროვნება და საქმის გაძღოლის უნარი თითქოს გასაკვირიც არაა, მაგრამ ამ “ქართველი-ევროპელი” კაცის ბიოგრაფია ზოგჯერ ძალიან პირდაპირ პარალელებს გკარნახობს: დავითის ანდერძით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადაეცა 300 000 მანეთი, რომელიც ასე ნაწილდებოდა:


150 000 – ეროვნული მუზეუმის აშენება-მოწყობა;

150 000 – საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში მყოფი ახალგაზრდების სტიპენდიით უზრუნველყოფა.  


ანდერძში საგანგებოდ აღინიშნა, რომ სტუდენტების დაფინანსებაზე გამოყოფილი თანხა უნდა იყოს “მუდმივი და ხელუხლებელი კაპიტალი” და ყოველთვიურ დახმარებაზე დაიხარჯოს მხოლოდ მისგან მიღებული სარგებელი. ამრიგად, ბანკში დაბანდებული თანხა ქმნიდა ამოუწურავ ფინანსურ რესურსს, რომელიც განვითარების და განათლების გაღრმავების შანსს აძლევდა ყოველ შემდეგ თაობას. შეგახსენებთ, ნობელის ანდერძის მიხედვით იგივე პრინციპით დაარსებული პრემია საუკუნეზე მეტია, რაც გაიცემა. ჩვენთან ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. კერძო ქონების ნაციონალიზაციის მერე იმდროინდელ კომერსანტებს დიდი არჩევანი არ ჰქონიათ - მიქაელ არამიანცი თავისი ყოფილი სახლის სარდაფში მოკვდა, აკაკი ხოშტარია ემიგრაციაში წავიდა.


20 ნოემბერი 1939 წ.


ამხ. ფორაქიშვილს

შაუმიანის ქუჩა #2


თბილისის საქალაქო საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილების თანახმად დიდუბის სასაფლაო გაუქმებულია.

პანთეონისთვის გამოყოფილ ნაკვეთზე უნდა დაკრძალულ იქნას ის პირნი, რომელთა მოღვაწეობაც ლიტერატურის, მეცნიერების და ხელოვნების დარგში ცნობილია.


დ. სარაჯიშვილი და მისი მეუღლე, რადგანაც ისინი არ ეკუთვნიან აღნიშნულ კატეგორიას, პანთეონის ნაკვეთზე დასატოვებელ სიაში არ არის.


ამიტომ გევალებათ დ. სარაჯიშვილის და მისი მეუღლის ნეშტი გადაიტანოთ სხვა სასაფლაოზე 10 დღის ვადაში.


პანთეონის დირექტორი: ენიკოლოფიშვილი

წერილში მითითებულ უკიდურეს ვადაში - 1 დეკემბრის გამთენიას, დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიის ეზოში ე.წ. “უცხო საფლავების” გახსნას ორ ჭირისუფალი დაესწრო.  გადასვენებამდე დავითის კუბო გახსნეს, რათა  ხარჯების დასაფარად ლომბარდიდან ნასესხები ნისია მისი ბეჭდით დაეფარათ. “… ერთ მტკაველ მიწაში აღარ გაჩერებენ” – ტიროდა დავითის ცოლისძმა – ადამ ფორაქიშვილი.

 

ეკატერინე ფორაქიშვილი 18 წლის იყო, როცა დავით სარაჯიშვილზე იქორწინა. ჯვრისწერა 1880 წლის 10 სექტემბერს, ბორჯომში გაიმართა. დავითი ამ დროს 32 წლისაა და 14 წლის შემდეგ ახალი დაბრუნებულია ევროპიდან ფილოსოფიისა და ქიმიის დოქტორის წოდებით და ღრმა და საფუძვლიანი ცოდნით მევენახეობა-მეღვინეობის დარგში. მაუდით მოვაჭრე და ქველმოქმედებით განთქმული ზაქარია სარაჯიშვილის ერთადერთ ვაჟს მამისეული ანდერძით ერგო 700 000 მანეთი, სახლი გარეთუბანში და დიღმის  მამული მინდვრით, ტყითა და ზვრებით. ამასთან, დავითი უშვილო ბიძის, ერთ დროს ქალაქის თავის, სოლომონ სარაჯიშვილის ქონების მემკვიდრეც ხდება და გადაწყვეტილებას იღებს გაერთიანებული კაპიტალის დიდი ნაწილით კონიაკის წარმოება წამოიწყოს. ეს საქმე ზედმიწევნით კარგად იცის – ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ჰოჰენჰაიმის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში ისმენდა ლექციებს და საგანგებოდ  მეღვინეობის და სპირტიანი სასმელების წარმოების შესასწავლად საფრანგეთშიც დაჰყო ორი წელი.  

“… ცხადად გეტყობოდა, როგორც ევროპულათ განათლებულს, რომ შენ დიდად აფასებდი დროს და უქმი მსჯელობა გძაგდა”.


აკაკი ჩხენკელი

რუსეთსა და ამიერკავკასიაში არყის წარმოებისა და სარეალიზაციო ბაზრის შესწავლას შემდეგ, დავითმა კავკავში (ვლადიკავკაზი), საქართველოს სამხედრო გზის პირას არყის სახდელი ქარხანა შეიძინა. განახლებულმა და ევროპულ ყაიდაზე რეორგანიზებულმა წარმოებამ პირველი პროდუქცია 1885 წელს გამოუშვა. ამ დროს თბილისში, მაშინდელი აგურის და ოლღას, დღევანდელი ჭოველიძის და კოსტავას ქუჩების კვეთაზე უკვე არსებობს საკონიაკე სპირტის დასაძველებელი ცენტრალური საწყობი და კავკასიაში პირველი არყის სარექტიფიკაციო ქარხანა - სადაც იმ დროისთვის უახლესი ტექნიკის გამოყენებით უხარისხო სპირტი და არაყი მინარევებისგან იწმინდება. ამას მოჰყვა ლიქიორის სპეციალური ქარხანა თბილისში და სპირტსახდელი ქარხანა ერევნის მახლობლად. არაყთან ერთად სარაჯიშვილის კომპანია ადგილობრივი ხილისგან დამზადებულ ლიქიორს და ნაყენებსაც უშვებს. თუმცა დავითის მთავარი ინტერესი და საბოლოო მიზანი კონიაკის წარმოებაა. დიღმის მამულში ჩატარებული პირველი ცდები მალე აჩვენებს, რომ ქართული ვაზის სუფრის ჯიშები თავისი მახასიათებლებით: მაღალი მჟავიანობით, დაბალი შაქრისშემცველობით და ნეიტრალური გემოთი იდეალური ნედლეულია უმაღლესი ხარისხის კონიაკის მისაღებად.


სარაჯიშვილის პირველი კონიაკის ქარხანა 1888 წლის შემოდგომაზე, არყის სარექტიფიკაციო ქარხნის ბაზაზე გაიხსნა და იმავე წელს პირველი პროდუქციაც გამოუშვა. შემდეგ იყო კონიაკის ქარხანები ყიზლარში, ერევანში, ბესარაბიაში, ბაქოს გუბერნიებში – გეოქჩასა და ბარგოშეთში. სხვადასხვა მხარეში დამზადებული საკონიაკე სპირტი თბილისის ცენტრალურ საწყობში იგზავნებოდა. სარაჯიშვილის სპირტსაცავის # 11499 კასრში დღესაც ინახება ჯერ კიდევ დავითის სიცოცხლეში -  1893 წელს დამზადებული საკონიაკე სპირტი. აქვეა საფრანგეთიდან ჩამოტანილი მუხის კასრი – ჟან ბატისტ კამიუს საჩუქარი – კაცის, რომელმაც სარაჯიშვილს კონიაკის წარმოების საიდუმლოებები გაანდო.

“საქმე მან ისე წესიერად მოაწყო, რომ ყველა განცვიფრებული შეჰყურებდა...”.


(გაზეთი “თემი” 1911წ.)

მშრალი ფაქტების მოყვანა საკმარისია იმის საილუსტრაციოდ თუ რამდენად გონივრულად და წარმატებით მართავს დავითი ბიზნესს: 1901 წლისთვის კომპანია 65 დასახელების ალკოჰოლურ სასმელს აწარმოებს და აერთიანებს სარექტიფიკაციო, არყის, ლიქიორის და კონიაკის ქარხნებს. პროდუქტის რეალიზებას უზრუნველყოფენ სავაჭრო საწყობები და სავაჭრო სააგენტოები რუსეთის იმპერიის მსხვილ ქალაქებში. სარაჯიშვილის ფირმის კონიაკს და არაყს იცნობენ ლონდონში, ბერლინში, ჟენევაში, ვენაში, კონსტანტინოპოლში…  

ძველისძველი, ფინშამპანი, გრანშამპანი და “кавказский натуральный” 1,2,3 და 4 ვარსკვლავიანი – კონიაკის კლასიფიკაცია მახასიათებელების მიხედვით დავითმა შეიმუშავა. თვითონ შეარჩია კომპანიის სიმბოლოც - ქარაფზე გადმომდგარი ჯიხვი, რომელიც ქართულ წარმომავლობასთან ერთად ხასიათის სიმტკიცეს და მოხერხებულობას განასახიერებს, რადგან მწვერვალზე ასვლისას ყველაზე ციცაბო ფერდობზეც მოიკიდებს ფეხს. ხელოვნურ კლდეზე აღმართული ჯიხვის ფიგურა იმ პავილიონის ცენტრალური კომპოზიცია გახდა, რომლითაც დავითი თავის პროდუქციას საერთაშორისო გამოფენებზე წარმოადგენდა. პირველად ის 1901 წელს, თბილისში, მასშტაბურ სასოფლო-სამურნეო და სამრეწველო გამოფენაზე გამოჩნდა და საყოველთა აღფრთოვანება გამოიწვია. გამოფენისადმი მიძღვნილ საგაზეთო სტატიებში სარაჯიშვილის კომპანიის პავილიონს განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ.


“სიმშვენიერით, გარეგანის მორთულობითა და სილამაზით ყველას ბ-ნ სარაჯიშვილის პავილიონი სჯობია. იგი წარმოადგენს მაღალ კლდეს, რომლის თავიდგანაც ამაყად გადმოიყურება ჯიხვი. კლდის თავიდან წყალი გადმოჩანჩქარებს და ჩადის პატარა ტბაში, სადაც ჩინური იხვები დასცურავენ… საუცხოვო სანახავია სარაჯიშვილის პავილიონი განსაკუთრებით საღამოთი, როდესაც მთელი პავილიონი და დეკორაციები ელექტრონითაა განათებული.”


(გაზ. “ივერია” 1901 წ.)  

“… თანხა, რომელიც მამისაგან დარჩა, კი არ გაფლანგა სხვებივით, თანდათან გაზარდა და ბოლოს მილიონებად აქცია.”


(ი. გოგებაშვილი)

როგორც ჩანს, ადგილ-მამულის და ფასიანი ქაღალდების გარდა სხვა რამეც მიუღია დავითს მამისგან და ისიც ქონებასავით გაუმრავლებია. თანამედროვეების აღწერით ზაქარია სარაჯიშვილი “იყო პატივისმცემელი ქართულის მწიგნობრობის და დიდათ მოტრფიალე საქართველოს და ქართულის და მამულიშვილურის ჰაზროვნების…” დიღმელები ხომ საერთოდ “მფარველ მამას” ეძახდნენ და მის დაუკითხავად საქმეს არ წყვეტდნენ. ზაქარია იყო მათი შემწე და ქომაგი. ისე, როგორც დავითი ქომაგობდა ქართული საზოგადოებისთვის სასიკეთო ნებისმიერ მნიშვნელოვან წამოწყებას: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, სამუსიკო სასწავლებლის, თბილისის ქირურგიული საავადმყოფოს, ქუთაისის თეატრის, თბილისის უნივერსიტეტის დააარსება, ეკლესია-მონასტრების მშენებლობა - რესტავრაცია, არქეოლოგიური ექსპედიციების დაფინანსება, საგამომცემლო საქმის ხელშეწყობა, ხიდების და სკოლების მშენებლობა… განსაკუთრებულ ყურადღებას განათლებას უთმობდა: ქარხნებთან საკვირაო სკოლები და ბიბლიოთეკები გახსნა და სხვა მუშების წასახალისებლად, ყველას, ვინც წერა-კითხვას და ანგარიშს ისწავლიდა, ჯამაგირს უზრდიდა. მის მიერ დაარსებულ სპეციალურ კომიტეტს, რომელსაც ნიკო ცხვედაძე თავჯდომარეობდა, ნიჭიერი ახალგაზრდების სასწავლებლად გაგზავნა და მათი ფინანსური უზრუნველყოფა ევალებოდა. სარაჯიშვილის სტიპენდიანტები იყვნენ: მელიტონ ბალანჩივაძე, ია კარგარეთელი, დიმიტრი არაყიშვილი, კოტე ფოცხვერაშვილი, იაკობ ნიკოლაძე, გიგო გაბაშვილი, მოსე თოიძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი, კალისტრატე ცინცაძე, შალვა ქიქოძე, ვახტანგ კოტეტიშვილი და სხვები…

“შენი სამაგალითო მოქმედებით ანდერძად დაგვიტოვე ჩვენ ქართველ ვაჭრებს: ვიყვეთ საქმეში მხნენი და ფხიზელნი, სიმართლის მოყვარენი, შეგნებული მამულიშვილნი და ქველმოქმედნი.”


(იოსებ (სოსიკო) მერკვილაძე

დავით სარაჯიშვილი 1911 წელს, 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. ერთ კვირაში მისი ანდერძის ოფიციალური ნაწილი გამოქვეყნდა: წერა კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას – ზემოთხსენებული 300 000 მანეთი, 10 000 - თბილისის პირველ ვაჟთა გიმნაზიას, 5 000 - თბილისის მართლმადიდებლურ სემინარიას, სამი წლის განმავლობაში შემწეობა ყველა სკოლას, რომელსაც დავითი სიცოცხლეში ეხმარებოდა, 25 000 – კონიაკის ქარხნის მუშებს, 100 000 – მომსახურე პერსონალს. ანდერძის არაოფიციალურ ნაწილში მოხსენიებული იყვნენ დავითის მეგობრები და ნათესავები.

“...ეკატერინე კი მომჭირნეობით ცხოვრობდა, სიმდიდრეს თავს უყრიდა, რომ ბოლოს მთელი ერისთვის მიეძღვნა.”


(ჟურნალი “თეატრი და ცხოვრება”, 1916წ.) 

ეკატერინე ფორაქიშვილი ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ანდერძში გამოხატული ნების თანახმად, სათავეში ჩაუდგა წარმოებას და როგორც თანამედროვეები გადმოგვცემენ - შემოსავალი გაასამმაგა. სწორედ ეკატერინეს მმართველობის დროს მიიღო სარაჯიშვილის კომპანიამ წოდება “მისი საიმპერატორო უდიდესობის კარის მიმწოდებელი.”


1916 წლის 5 აპრილს, გარდაცვალებამდე ზუსტად 4 თვით ადრე, ავლაბრელმა ნოტარიუსმა ეკატერინეს ანდერძი დაუმოწმა. “ სიუხვის გარდა ანდერძში მოსჩანს აზრიანობა… საკუთარი შეხედულება იმის შესახებ, თუ რას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის და ამიტომ რას უფრო ყურადღება უნდა მიექცეს”. (გაზეთი “სახალხო ფურცელი,” 1916 წ.) ანდერძის მიხედვით თანხები უნდა დახარჯულიყო: ქუთაისში თეატრის და თბილისში - ქირურგიული საავადმყოფოს ასაშენებლად, ეკატერინეს და დავითის სახელზე ქალთა პროფესიული სკოლის დასაარსებლად და შესანახად, კავკავის ღარიბი მოსწავლეების სწავლის ხარჯის დასაფარად – განურჩევლად ეროვნებისა, საეთნოგრაფო საზოგადოების ხელმძღვანელობით წიგნების გამოსაცემად, ქართული ფილარმონიის საზოგადოებისთვის, მცირეწლოვან დამნაშავეთა სამიწათმოქმედო კოლონიისთვის, სარაჯიშვილის ფირმის მუშა მოსამსახურეებისთვის, ისტორიულ-ეთნოგრაფიული და ქუთაისის დრამატული საზოგადოებისთვის… დიდძალი თანხა და პროცენტიანი ქაღალდები გადაეცემოდა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. საერთო ჯამში, ანდერძი ითვალისწინებდა სარაჯიშვილის მთლიანი ქონების ლიკვიდაციით მიღებული სრული თანხის – 3 000 000 მანეთის განაწილებას საქვეყნო საქმეებზე. ის კი არა, ეკატერინე მოკრძალებულ და უგვირგვინო დაკრძალვას და თანხის ბოლო კაპიკამდე გაღებას ითხოვდა. სარაჯიშვილის კომპანიის თანამშრომლებმა მას უკანასკნელი თხოვნა შეუსრულეს და გვირგვინისთვის აგროვილი თანხა ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიასთან არსებულ უფასო სასადილოს შესწირეს.

ამხელა ამბავს კი მოვყევით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც სტიპენდიებისთვის ბანკში დაბანდებული თანხა მგონია. მოდით, მისი თანამედროვე მსყიდველუნარიანობის გამოთვლა ვცადოთ: თუ ოჯახში შემორჩენილი ბებიის ნამზითვ 5 მანეთიან მონეტას, ნიკოლოზ II-ის გამოსახულებით, აწონით - 5 გრამია.  მაშასადამე, გრამი ოქრო მაშინ , XX საუკუნის დასაწყისში 1 მანეთი ღირდა. დღეს გრამი ოქროს ფასი საერთაშორისო ბაზარზე 57.8 აშშ დოლარია. ახალგაზრდების ევროპულ განათლებაში ჩადებული 150 000 მანეთი ოქროთი ანუ დღევანდელი 8 671 500 $ , განასახიერებს უკეთესი მომავლის ყველა შანსს, რომელიც საქართველომ 1921 წელს, დამოუკიდებლობასთან ერთად დაკარგა.





ავტორი: თამარ ესაკია / ინდიგო

ილუსტრატორი: გიო ჯინჭარაძე

ფოტო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა