ივლისი 13, 2022
1951 წელს, ცივი ომის გარიჟრაჟზე ამერიკის სადაზვერვო სამმართველო უკვე ინტენსიურად სწავლობდა ხალხთა საპყრობილის - საბჭოთა კავშირის შიდა ვითარებას. აგენტურული რეპორტი კავკასიიდან იტყობინებოდა:
“... ადგილობრივი მოსახლეობის ბუნებრივი განწყობა არა მხოლოდ ანტი-კომუნისტური, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ანტი-რუსულიცაა. მიუხედავად იმისა, რომ სტალინი და ბერიაც ორთავე კავკასიაში დაიბადნენ, ისინი საკუთარი ხალხის მოღალატეებად განიხილებიან. ეროვნული გმირების და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა სახელები და ღვაწლი ჯერაც არ დაუვიწყებიათ: ისეთი სახელები, როგორებიცაა საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ჟორდანია… საყოველთაოდ ცნობილია…”

საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომლის სახელის შებღალვისათვის საბჭოურ რუსულ პროპაგანდას იმდენი დრო და ენერგია დაეხარჯა, რაც მან ნოე ჟორდანიასთვის გამოყო. ამ ძალისხმევამ ნაყოფი მაინც გამოიღო - 1968 წელს გადაღებულ ქართულ ფილმში - “არაჩვეულებრივი გამოფენა”, იაკობ ნიკოლაძის გამოქანდაკებული ნოე ჟორდანიას ბიუსტმა ფილმის ერთ სცენაში გაიელვა, თუმცა რეჟისორისათვის, მსახიობებისა და მაყურებლების აბსოლუტური უმრავლესობისათვის ეს სახე უკვე სრულიად უცნობი და უმნიშვნელო იყო.
სახელმწიფოს დამფუძნებლის სახე და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეა, როგორც წესი, ერთმანეთს გადაებმება და შთამომავლებისათვის ერთნაირად ძვირფას სიმბოლოდ გადაიქცევა ხოლმე. ნოე ჟორდანიას და ჩვენს პირველ, თანამედროვე სახელმწიფოს - საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას კი, პირიქით - მწარე ხვედრი ერგოთ; XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი და დღეგრძელი ტოტალიტარული მონსტრის, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს რესპუბლიკის დაპყრობის, მისი წარმატებული დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პრაქტიკის საფუძვლიანი დანგრევის, ჩვენი ქვეყნის დასავლური, ევროპული ცივილიზაციის ორგანულ ნაწილად გადაქცევისათვის მშრომელი თაობების ფიზიკურად მოსპობის შემდეგ, ათწლეულების განმავლობაში ინფორმაციის წყაროების დახშობის, ისტორიის გაყალბების, დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის წლების დაცინვის, დაკნინების და გაბაიბურების შედეგად, საბჭოთა საქართველოს მოქალაქეებს ან არაფერი სმენოდათ დამოუკიდებელი საქართველოს და მისი ლიდერის შესახებ, ან აგდებით და დაცინვით უყურებდნენ და უნიათო, შემთხვევით ადამიანებად თვლიდნენ დამფუძნებელ მამებს, ან კი და დარწმუნებული იყვნენ, რომ XX საუკუნის დასაწყისის მთავარი ქართული პოლიტიკური ძალა - სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომლის მტკიცე ნებაზე, განუწყვეტელ ბრძოლასა და მსხვერპლზე დაეფუძნა საქართველოს დამოუკიდებლობის და დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობის პრეცედენტი, თითქოს არაპატრიოტები და რუსოფილები იყვნენ და ოდნავ თუ განსხვავდებოდნენ ბოლშევიკებისაგან.
ამ სისტემური დეზინფორმაციის გარემოში გაზრდილი თაობებისათვის, 1980-იანი წლების ბოლოს, საბჭოთა რეჟიმის რყევისა და დაცემის ხანაში, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის კონტურები სულ უფრო და უფრო მკვეთრი და ახლო ხდებოდა, რამდენადაც ცხადი და გასაგები იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნილი იურიდიული საფუძველის მნიშვნელობა რუსეთის მოდერნიზებული იმპერიისაგან თავის დაღწევისათვის ბრძოლაში, იმდენად ბუნდოვანი და უცხო იყო დემოკრატიული რესპუბლიკის შემქნელი თაობის პოლიტიკური იდეები, ღირებულებები და სახელმწიფოს და საზოგადოების მშენებლობის ფილოსოფია და პრაქტიკა - რატომ უნდა ყოფილიყო ადამიანის პოლიტიკური და სოციალური უფლებები და თავისუფლებები სახელმწიფოს ქვაკუთხედი, რა საჭირო იყო სეკულარიზმი, რატომ უნდა ყოფილიყო დეცენტრალიზაცია და ძლიერი თვითმმართველობა ქვეყნის განვითარების მოდელის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება, რატომ არ უნდა აშინებდეს რესპუბლიკას მრავალეთნიკურობა და მულტიკულტურულობა და პირიქით, წარმატების რესურსად აქციოს… ოკუპირებული, დახვრეტილი და უკვალოდ წაშლილი ამ საქართველოს მეხსიერება, ცოცხალი გამოცდილება და ემოციური მუხტი ფიზიკურად ვეღარ გახდა თაობათა შემაკავშირებელი და მეგზური ახალი მსოფლიოს გამოწვევების ლაბირინთში და საუკუნის შეწყვეტილი პროექტის გაგრძელების - საქართველოს ევროპულ სახელმწიფოთა ოჯახის თანასწორ და სრულფასოვან წევრად დაბრუნებისათვის სწრაფვის ენერგიის წყარო.

სწორედ ამ პირველი, მოდერნული და დასავლური საქართველოს დიდი პროექტის აღიარებული ლიდერი და სიმბოლო იყო ნოე ჟორდანია.
საქართველოს განმანათლებლების პირველი თაობის იდეებზე აღზრდილი, მათივე შექმნილი თანამედროვე ეროვნული იდენტობის მქონე და განმავითარებელი. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ არენაზე თვისებრივად ახალი, ენერგიული და მკაფიო მიზნების მქონე თაობის გამომყვანი, რომლებიც აცნობიერებდნენ, რომ სოციალური ემანსიპაცია და ეროვნული თავისუფლება ერთმანეთთან ორგანულად გადაჯაჭვული ამოცანა იყო და ათწლეულები შეალიეს ამ მიზნებისთვის ბრძოლას; ცარისტული იმპერიის რეჟიმის პირობებში, იატაკქვეშეთში შექმნეს დასავლური ტიპის მასობრივი დემოკრატიული და მებრძოლი ორგანიზაცია, 1905 წელს საფუძვლიანად შეარყიეს თვითმპყრობელობის ტახტი და საქართველოს რიგ მხარეებში დემოკრატიული სახელმწიფოს მცირეხნიანი კუნძულები შექმნეს, ურყევ კედლად ჩადგნენ და ეთნიკური სიძულვილით გამოწვევული ძმათამკვლელი დაპირისპირებები შეაჩერეს თბილისსა და სხვა ქალაქებში და განუწყვეტელი შრომით, არაფორმალური პოლიტიკური და საბაზო განათლების მასობრივად გავრცელებით საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისათვის რეალური შინაარის მქონე და ბუნებრივ მოცემულობად აქციეს - “მოქალაქეობის” ცნება და განცდა.
ნოე ჟორდანიას არ უყვარდა და თავს არიდებდა საკუთარი პიროვნების მნიშვნელობის და ადგილის გამოკვეთას ამ დიდი შრომისა და კულტურული და პოლიტიკური გარდატეხების სურათში. რეალურად, მისი მოგონებები განვლილი პოლიტიკური პროცესების ლაკონური, სხარტი, ღრმად ნაფიქრი და გაანალიზებული თხრობაა - სადაც პიროვნული განცდების, ლირიული მოტივებისა და ყოფითი სურათებისათვის ადგილი არ რჩება. რაც უფრო ღრმად იცნობს მკითხველი XIX-XX საუკუნის საქართველოს განვითარების სურათს, უფრო მეტად აცნობიერებს რამდენად საკვანძო და განმსაზღვრელი პროცესებს მონაწილე და წარმმართველი იყო ნოე ჟორდანია რა ოსტატურად გადმოსცემს ამ მოვლენების არსს - ერთგვარ პოლიტიკურ მასტერ-კლასს სთავაზობს შთამომავლებს.
ნოე ჟორდანიას მთელს პოლიტიკურ მოღვაწეობას და პუბლიცისტურ მემკვიდრეობას მუდამ განსაზღვრავდა მისი, როგორც პიროვნებისა და პოლიტიკური ლიდერის ღრმა რწმენა და სიყვარული ქართველი ხალხის, მისი უმრავლესობის - ჩვეულებრივი, მშრომელი ადამიანების ბუნებრივი სიჯანსაღის, დამოუკიდებლობისადმი სწრაფვის და ევროპული, დასავლური ცივილიზაციის ორგანულ ნაწილად გახდომის სურვილის, როგორც უალტერნატივო პოლტიკური არჩევანისა. ამ საქართველოსი სჯეროდა მას სიცოცხლის ბოლომდე, როდესაც მარადიული სკეფსისით სავსე კითხვას - განა რა შეუძლია პატარა საქართველოს? წარბშეუხრელად და ღრმა რწმენით პასუხობდა - ათენიც პატარა ქალაქი იყო, მაგრამ ცივილიზაცია შექმნა!

დღეს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებიდან საუკუნის შემდეგ, საბჭოთა რუსული იმპერიიდან თავის დაღწევის სამი ათეული წლის გამუდმებული და განგრძობადი მცდელობებისას, საქართველოს პირველი რესპუბლიკის და მისი დამფუძნებლის - ნოე ჟორდანიას იდეები და ღირებულებები, გამოცდილება და გაკვეთილები არის მომავალში გადმოსროლილი ის გზავნილი, რომელმაც კვლავ უნდა შეგვახსენოს ჩვენი მთავარი ეროვნული პროექტის არსი და დასავლური, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისაკენ გზის გაკვლევაში დაგვეხმაროს. ამ გზაზე, ჩვენი თაობა ყოველ წელს, ნაბიჯ-ნაბიჯ უფრო ცხადად და სიღრმისეულად ხედავს და აცნობიერებს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი თაობის პოლიტიკურ მემკვიდრეობას და უფრო და უფრო ძირფასი ხდება “ჩვენი მოხუცის” რბილი, დასავლური აქცენტით, წამღერებით წარმოთქმული სიტყვები:
“ …საქართველოს ღრუბლიან ციდან 26 მაისმა ჩამოანათა. ერმა მას ჩასჭიდა მაგარი ხელი და უდიდეს დღესასწაულად გამოაცხადა. მან იცნო მასში თავისთავი, თავის სული და გული, თავისი აწმყო და მომავალი და თავის სვე-ბედი მას გადააბა. 26 მაისი გახდა მწვავე განვლილი ისტორიის დაბოლოვება და ახალი ცხოვრების დაწყება. ქართველმა ერმა ამ დღეს უარყო სხვისი ბატონობა და გადაწყვიტა თვით-ბატონობა. „საქართველო ეკუთვნის საქართველოს ხალხს“ - შესძახა მან მსოფლიოს და ამ გზაზე მამაცურად შედგა. 26 მაისი არის დაბადების დღე ახალი საქართველოისა. ამ დღეს გამოჩნდა ის ერთი მთლიანი, მორიგებული და ერთი აზრით გამსჭვალული. ამ დღეს გამოჩნდა ქართველი ხალხი შეგნებული, შეკავშირებული და თვითმმართველი. 26 მაისს ქართველობა ერთსულოვნად გამოეყო ჩრდილოეთს, გამოვიდა მის ტყვეობიდან, დალეწა მისი ბორკილები და მოიპოვა თავისუფლება. ის თვით შეიქმნა თავისი ცხოვრების კულტურისა და შემოქმედების ამწყობი და დამწყობი. ის ამ გზაზე ამაყად ვიდოდა, ამ ხაზზე მუშაობდა სამ წელიწადს. მუშაობდა შეუჩერებლად, შეურყევლად, თავდადებულად. მან ძირბუდიანად გამოგავა ძველი მობერებული ცხოვრება, დაშალა ძველი დამპალი შინაური ურთიერთობა, ჩაუყარა საძირკველი ახალ ხალხურ და ეროვნულ დაწესებულებას. დახსნა ყველა შეკრული არტახები აზროვნების, შემოქმედების და მოძრაობის. 26 მაისს საერთაშორისო ოჯახს მიემატა ერთი ახალი წევრი. ის შევიდა ამ ოჯახში თავისუფალი, მხიარული სახით, ნათელი აზრით. ის იცნეს აქ თავის ტოლად და მას ხელი გაუწოდეს ჩამოსართმევად. საქართველო იშვა 26 მაისს, იშვა თავის ქვეყანაში, იშვა მსოფლიოში - ნაციონალურად, ინტერნაციონალურად…”
ავტორი:
ილუსტრატორი: გიო ჯინჭარაძე
ფოტო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა