სიახლეები

მერაბ კოსტავა - მთავარი ქართველი დისიდენტი

ივლისი 13, 2022

მერაბ კოსტავაზე წერას მისივე ცნობილი 9 აპრილის გამოსვლით დავიწყებ: „საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი ერთ-ერთი უდიდებულესია...“. დიახ, საქართველოს ისტორიაში დაბადებულან გმირები, მაგრამ მერაბ კოსტავა მათ შორის ერთ-ერთი უდიდებულესია. თუ რატომ, ამას ისევ მისი სიტყვები ადასტურებს 9 აპრილის შესახებ: „ამ 70 წლის მანძილზე, ამ ტანჯვასა და ვაებაში, ამ სისხლისღვრაში პირველად ასე შეკრული, ასე მთლიანი წარმოდგა ქართველი ერი ღვთის წინაშე...“. 

საქართველოს იმ უკიდეგანო დაბნეულობისა და უიმედობის წლებში, რომელშიც მერაბ კოსტავა დაიბადა და იღვაწა, თითქოს მრავალი იდეალი უნდა ყოფილიყო დიდებული წამების განმსაზღვრელი, მაგრამ მისთვის, ისეთი ფრთხილი და დაკვირვებული ადამიანისთვის, როგორიც მერაბ კოსტავა იყო, ერთიანობა გახდა დიდებულების მთავარი სიმბოლო. არავინ ისე არ საუბრობდა თავისუფლებაზე, როგორც მერაბ კოსტავა, თუმცა საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მომენტში, ის ამბობს, რომ

ერის დიდებულებას სწორედ ერთიანობა განსაზღვრავს.

ეს იყო მისი მთავარი საზრუნავი და გამოწვევაც პოლიტიკური თუ ინტელექტუალური ჭიდილის მთელ ეპოპეაში. დავით ბერძენიშვილი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და საბჭოთა დისიდენტი, მერაბ კოსტავაზე საუბრისას სწორედ ამ თვისებას უსვამს ხაზს:


„მერაბი გამაერთიანებელი ფიგურა იყო. მას შეეძლო თავი გაეწირა თავისი ბავშვობის მეგობრისა და თანამებრძოლისთვის, ზვიად გამსახურდიასათვის, მაგრამ ამავე დროს დაეცვა და ემეგობრა მათთან, ვინც ზვიად გამსახურდიას არ ეთანხმებოდა. ის ერთგვარი მომრიგებელი იყო ნაციონალისტურ და დემოკრატიულ ფრთებს შორის...დამზღვევი, უანგარო ფიგურა ეროვნულ მოძრაობაში.“


მერაბ კოსტავას გამორჩეულ პიროვნულ მახასიათებლებს უსვამს ხაზს ლევან ბერძენიშვილიც, თავის ახალ წიგნში „1921-1990 - ერთი კაცის და ქვეყნის ამბავი: „1989 წლის თებერვალია, ყველა აპირებს, რომ გააპროტესტოს 25 თებერვალი, საბჭოთა ოკუპაციის დღე, მაგრამ ცალ-ცალკე, სხვადასხვა ადგილას. წინა დღეებში თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსთან „ნივა“ ჩერდება და ვხედავ, რომ საჭესთან ზის თამარ ჩხეიძე, მის გვერდით მჯდომი მერაბ კოსტავა კი მანქანიდან გადმოდის. მივესალმეთ ერთმანეთს და მომეფერა. საოცარი მოფერება იცოდა...ჩემს კითხვაზე, ხვალ სად მიდიხარ 25 თებერვლის გასაპროტესტებლად-მეთქი, მერაბმა საათობით ჩამომითვალა, სად უნდა მისულიყო და აღმოჩნდა, რომ ის მიდიოდა ყველა იმ აქციაზე, სადაც საქართველოს ოკუპაციის დღეს გააპროტესტებდნენ, მიდიოდა ერთმანეთთან დაპირისპირებულ მხარეებთან...“ . ის იყო ერთ-ერთი, თუ არა ერთადერთი ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის რიგებიდან, სიმართლის ამგვარი სიყვარულითა და ურყევი ერთგულებით ყველას მიმართ, ვინც ქვეყნის მტრად საბჭოთა კავშირს აღიქვამდა. 


დავით ბერძენიშვილი მას მთავარ ქართველ დისიდენტად მოიხსენიებს და ამბობს, რომ მისი დროის ყველა სხვა პოლიტპატიმარს შორის ის ყველაზე დიდხანს იჯდა ციხეში, ისე, რომ წამით უკან არ დაუხევია. დიდხანს იშიმშილა, შვილის ტრაგედიაც მარტომ გადაიტანა და ყველა აბსურდულ სასჯელსა და ცილისწამებას ღირსეულად შეხვდა. გარდა იმისა, რომ „მავნე საქმეების“ ორგანიზებისა და „ცუდი ყოფაქცევისთვის“ უგრძელებდნენ სასჯელის ვადებს, საბჭოთა იდეოლოგიამ მის წინააღმდეგ, სისტემისთვის კარგად ნაცნობი და ყველაზე უღირსი მეთოდიც გამოიყენა იმაზე მითითებით, რომ მერაბი თითქოს „ვერ იყო კარგად“. 

დინების საწინააღმდეგოდ სვლა სკოლის ასაკიდანვე საბჭოთა კავშირის ყველაზე სასტიკ, რეპრესიულ ფაზაში მენტალურ სიმტკიცეს უდავოდ მოითხოვდა, თუმცა მერაბ კოსტავას რეალობასთან კავშირი, გადასახლებისა და კარცერში ჯდომის დროსაც არ დაუკარგავს. „მერაბ კოსტავა ფეხზე მოსიარულე თავისუფლება იყო, ხოლო მისი სიცოცხლე მარადიული მზადება რაინდული სიკვდილისთვის“ - დაწერა ჯანსულ ჩარკვიანმა მერაბ კოსტავას დაღუპვის შემდეგ.

კითხულობ მერაბ კოსტავას ტექსტებს, ეცნობი მის ბიოგრაფიას, უყურებ მის ფოტოებს, უსმენ მის მტკიცე და უშიშარ ხმას და გინდა დაახასიათო, მაგრამ ხვდები, რომ ბოლომდე შესაბამის სიტყვებს ვერ პოულობ. მე რომ მისი წერილები არ წამეკითხა, რომ არ გამეგო რამდენად ყოვლისმომცველი და ყველგანმყოფი იყო, დამაჯერებლად ვერ ვიტყოდი, ვინ იყო რეალურად Amnesty International-ის მიერ სინდისის პატიმრად აღიარებული მერაბ კოსტავა. არ მიკვირს, რომ პოსტსაბჭოთა განათლების სისტემაში გაზრდილს მერაბ კოსტავა უფრო წინააღმდეგობრივ ფიგურად დამამახსოვრდა, ვიდრე ის ამბები და ადამიანები, რომლებიც მის გარშემო ტრიალებდნენ. მაშინ ამ მიზეზების ამოხსნა არ მიცდია, თუმცა მოგვიანებით, როდესაც მისი ნაწერები წავიკითხე და მის თანამოაზრეებს მოვუსმინე, მივხვდი, რამ აქცია ის ორაზროვან სახედ საქართველოს ისტორიაში. ის ბევრს ფიქრობდა, სანამ არჩევანს გააკეთებდა. ის უსმენდა და ესაუბრებოდა თავის მტრებს.  საკუთარ თავზე მეტად მიზანი უყვარდა, რომელსაც მთელი ცხოვრება უშიშრად ემსახურა.


გასაკვირი არ არის, რომ ასეთი ღირებულებების მქონე ადამიანს, ზრუნვაც არ ეშლებოდა. დავით ბერძენიშვილი დიდხანს ინახავდა მერაბ კოსტავას სიცოცხლეში დაწერილ ალბათ უკანასკნელ წერილს, რომელიც 1989 წლის 12 ოქტომბრით თარიღდება (მერაბ კოსტავა 1989 წლის 13 ოქტომბერს დაიღუპა). წერილი ქუთაისში წასვლამდე თბილისში გამართული მიტინგის შემდეგ დაწერა და დავით ბერძენიშვილს გაუგზავნა. მერაბ კოსტავა მეგობარს სთხოვდა გაეთვალისწინებინა ერთი აჭარელი ქალბატონის მდგომარეობა, რომელსაც დასახმარებლად მერაბისთვის მიუმართავს. 

თუკი ლიტერატურა და ისტორია რეალობის მხატვრული რეპრეზენტაციაა, მერაბ კოსტავა ნამდვილად ატარებდა ყველა იმ თვისებას, რასაც საქართველოს ისტორიის ცნობილ გმირებს მივაწერთ, დავით აღმაშენებლისა თუ ცოტნე დადიანით დაწყებული ილია ჭავჭავაძითა და ქაქუცა ჩოლოყაშვილით დამთავრებული. ლიტერატურული გმირებიდან კი მას ყველაზე მეტად მაინც რუსთაველის პერსონაჟად წარმოსახავდა მისი უახლოესი მეგობარი ზვიად გამსახურდია. ასეც იყო. ვიზუალური მახასიათებლებითაც და ღირებულებებითაც: „ვიწრო და კლდიანი გზის“ გამვლელი, უშიშარი და „ძალ-გულოვანი“, რომლისთვისაც „სიცრუე“ და „ორპირობა“ სულიერი და ხორციელი კვდომის წინაპირობაა. 

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მერაბ კოსტავა პროფესიით მუსიკოსი იყო. მუსიკით დაიწყო, ამით გააგრძელა და ამ საქმეს ემსახურა, როდესაც პატიმრობიდან პირველად დაბრუნდა სამშობლოში 1987 წელს. მის მუსიკალურ განათლებასა და ნიჭიერებაში ეჭვს ვერ შეიტანთ, თუკი მის ტექსტებს გადახედავთ. თითქმის ყველა მისი წერილი  მუსიკალური ნაწარმოებივით და თეატრალური სცენარივით გამორჩეულია. სიტყვების არჩევანი და წინადადების წყობა პოეტურად გაკითხებს მის მოსაზრებებს საქართველოს მომავალზე, ეკონომიკაზე, მდინარეების და ხეობების გადარჩენაზე, ჯარზე, ფაუნის შენარჩუნებაზე, ემიგრაციის გამომწვევ მიზეზებზე, მაგრამ, ამავე დროს, გაფიქრებს და პრობლემის შეულამაზებელ პროექციას გთავაზობს.


მერაბ კოსტავას სიკვდილიც ისე ესმოდა, როგორი პიროვნებაც თვითონ იყო. დაუვიწყარია სტროფი ტრაგიკულად გარდაცვლილი შვილის ირაკლისადმი მიძღვნილ ლექსში, რომელიც საპატიმროში დაწერა: 

„ო, როგორ ვღელავ, როგორ ვინაღვლი,

აწ მომხდარს რომ ვერ გადავეღობე,

კიდევ კარგი, რომ ჩემთვის, ირაკლი

გარდაცვლილები არ არსებობენ.“

მერაბ კოსტავას 50 წლიანი ცხოვრების ისტორია საბჭოთა მარწუხებში ცხოვრების ისტორიაა. ის საკუთარი სამშობლოს დამოუკიდებლობის ოფიციალურად გამოცხადებასაც ვერ მოესწრო, მაგრამ მისთვის თავისუფლება არც კონკრეტული თარიღებით იწყებოდა და არც საერთაშორისო აღიარებით მთავრდებოდა. მისთვის თავისუფლება იქ იყო, სადაც თავად ხვდებოდა, მათ შორის საკანშიც: „...ნამდვილი თავისუფლება აქ, კუბოსდარ ვიწრო საკანში იშვის. აქ, შეგრძნებათათვის, ხანგრძლივ მოწყენილობაში იბადება იგი. უჩინრად ისახება ენერგიულ ფიქრებში, დაიძვრის, როგორც მდინარე მეხსიერებისა და მიეშურება ჩემივე ცხოვრების სათავისაკენ...“ 


როგორი ძლიერი უნდა იყო შინაგანად, კარცერში მჯდომი იმაზე მეტად გრძნობდე თავისუფლებას, ვიდრე „ცაში მონავარდე ფრინველი“, რომელსაც, მერაბისვე სიტყვებით, „სივრცეები ასწავლიან ფრენას“. ეს მხოლოდ საკუთარი თავის გასამხნევებლად არ უთქვამს, ის კარგად იცნობდა თავის დიდ მისიას და შინაგან დიდებულებას, რომელიც ყველაზე მკვეთრად ციხეში შიმშილობის დროს დაწერილ მისსავე ლექსში ამოვიკითხე:

„...გმადლობ უფალო, რომ გამაჩინე, აუხდენელი ოცნების კაცად.

რომ შემაყვარე იდეალური სავსება გარეშეუწერელის,

მიზანი მუდამ მაქსიმალური, სურვილი მხოლოდ შეუძლებელის...“

თუკი აუხდენელ ოცნება საქართველოს სრული დამოუკიდებლობა იყო, შეიძლება ითქვას, რომ ეს ოცნება მისი სიკვდილიდან მალევე ახდა, თუმცა საკითხავია, იყო კი ეს მაქსიმალური მიზანი მისთვის, ან რა მიჩანდა მას შეუძლებელ სურვილად? პასუხებს თუ გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე „ლიტერატურულ საქართველოში“ გამოქვეყნებულ მისსავე წერილში „გამოღვიძების ეტაპი“ მოვძებნით, უნდა ითქვას, რომ მისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვება, როგორც ადამიანების უფლებების დაცვის მყარი გარანტიების შექმნა დამოუკიდებელ საქართველოში:


„...დღესვე კონკრეტულად თუ არ იბრძოლე ადამიანთა უფლებებისთვის, არ ებრძოლე მათ დარღვევებს სასამართლოებში, საპატიმროებში, სასწავლებლებში, დაწესებულებებში, წარმოებებსა და სხვაგან, ისე საფუძველს ვერ ჩაუყრი, მომავალი დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნას.“




ავტორი: სალომე აფხაზიშვილი

ილუსტრატორი: გიო ჯინჭარაძე

ფოტო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა