სიახლეები

ილია

მაისი 23, 2022

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ადამიანი თავისი ცხოვრების განმავლობაში ტვინის შესაძლებლობის მინიმუმს იყენებს. სადავო ჰიპოთეზაა, მითუმეტეს, თუ ზოგიერთი ადამიანის მოღვაწეობის მასშტაბებს გავიაზრებთ. საქართველოს ჰყავდა თავისი ადამიანი-ორკესტრი, ადამიანი - სახელმწიფო, ადამიანი-მეცხრამეტე საუკუნე, ადამიანი, რომელმაც, ისევე, როგორც მითიურმა ატლანტმა ცა, საქართველოს მეცხრამეტე საუკუნე შეიდგა მხრებზე და ბოლომდე ატარა, იმ ბოლო წუთამდე, სანამ ნათელ შუბლს გაუხვრეტდნენ, შესაბამისად, ადამიანს შეუძლია თავისი ტვინიც, გულიც, სისხლიც, სულიც და სიცოცხლეც მთლიანად გამოიყენოს, მთლიანად მიუძღვნას იდეასა და სამშობლოს სიყვარულს.

რომ გავიაზროთ ილიას როლი, მნიშვნელობა და მასშტაბი, წარმოვიდგინოთ მითოლოგიური კოსმოგონიის ის ეტაპი, როცა სამყარო მხოლოდ ქაოსი და სიბნელეა, მერე, თანდათან, ყოველდღიურად იქმნება სამყაროსეული წესრიგი, ჯერ სიბნელე და სინათლე იყოფა, მერე მიწა და წყალი და ა.შ.


სწორედ ასე, თერგდალეულმა ბიჭმა, მარად მჩქეფარემ, მოუსვენარმა, სწორედ ბიჭმა, ასეთი იყო ის, თავისი მოღვაწეობის დასაწყისში, თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ შექმნა მეცხრამეტე საუკუნის საქართველო, ფაქტობრივად, არაფრიდან - ნიჰილიზმიდან, სიზარმაციდან, „ოქროს ჯაჭვიდან“, წარსულზე სადღეგრძელოებიდან შექმნა გაზეთი, ჟურნალი, ბანკი, თეატრი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, სამართალი. მოკლედ, შექმნა პროცესი, დაძრა საქართველო.


ადამიანმა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ქართველთა გათითოკაცებაზე, მამულის ცნების საკუთარ ეზო-კარამდე დავიწროებაზე, სხვისი ჭირის ჩხირად ქცევაზე, გულმხურვალე ადამიანთა ნაკლებობაზე წერდა, გააერთიანა საქართველო, დღემდე ასეა. აი, დააკვირდით, ნებისმიერი კამათისას, ნებისმიერმა დაპირისპირებულმა ჯგუფმა, მემარჯვენეებმა თუ მემარცხენეებმა, ქართველობის დაკარგვის შიშით „შეწუხებულებმა“ თუ ამ შეწუხებულებით შეწუხებულებმა, ღრმად რელიგიურებმა და ათეისტებმა, ორმა სრულიად დაპირისპირებულმა მხარემ კამათისას არგუმენტად ილია ჭავჭავაძე შეიძლება მოიყვანოს.

ილია ყველასია, ილიამ გამოხატა ქართული ხასიათი, მკაცრად და სიყვარულით გააკრიტიკა, მიუთითა, სარკეში ჩაახედა, მოქმედებისკენ უბიძგა და თავისი, ახალი, ილიას წესრიგი შექმნა, როგორც საფუძველი ახალი საქართველოსი.

„ხმლიანს მტერს გავუძელით, გადავრჩით, ქვეყანა და სახელი შევინახეთ, სახსენებელი არ ამოვიკვეთეთ, შევირჩინეთ, საქოლავი არავის ავაგებინეთ. ხმლით მოსეულმა ვერა დაგვაკლო-რა - შრომით და გარჯით, ცოდნით და ხერხით მოსული კი თან გაგვიტანს, ფეხ-ქვეშიდან მიწას გამოგვაცლის, სახელს გაგვიქრობს, გაგვწყვეტს. სახსენებელი ქართველისა ამოიკვეთება და ჩვენს მშვენიერს ქვეყანას, როგორც უპატრონო საყდარს, სხვანი დაეპატრონებიან. შრომასა და გარჯას, ცოდნასა და ხერხს ვერავინ-ღა გაუძლებს, თუ შრომა და გარჯა, ცოდნა და ხერხი წინ არ მივაგებეთ, წინ არ დავახვედრეთ, წინ არ დავუყენეთ. ვართ კი ყოველ ამისთვის მზად?“ - წერდა ის და ამ შრომისა და გარჯის წარმოუდგენელ მაგალითს აძლევდა ქვეყანას.


როდესაც ილია ჭავჭავაძის საქმეების მასშტაბს იაზრებ, რწმუნდები, რომ დრო ნამდვილად სუბიექტურია, ზოგიერთი ადამიანი ერთ ცხოვრებას ისე იყენებს და ხარჯავს, რომ სხვა ათი ადამიანის ცხოვრება არ ეყოფა. 


საქართველოს ბედის ჩარხი წაღმა ბრუნვას მაშინ იწყებს, როცა 24 წლის ილია ჭავჭავაძე აქტიური და შემოქმედებითი სტუდენტობის შემდეგ სამშობლოში ბრუნდება და სწავლის ძვირფასი ოთხი წელის პროგრამად მოაზრებას, სწავლის ნაყოფის მოწევას გეგმავს. თანდათან, რთული საყოფაცხოვრებო და ფინანსური პრობლემების კვალდაკვალ (ის ხომ არისტოკრატიულ, მაგრამ არცთუ ისე შეძლებულ ოჯახს ეკუთვნის და სასწავლებლადაც ნასესხები ფულით წავიდა), ის ახერხებს და ცვლის ქვეყანას, იკრებს თანამოაზრეებს და დიდებულ საქმეებს აკეთებს.


ილია სამშობლოში ბრუნდება და ცოცხლდება პროცესი, იწყება პოლემიკა ენობრივ საკითხებთან დაკავშირებით, ცისკრის თაობის კრიტიკა, საზოგადოებრივი აზრის გამოღვიძება, აქტიური ზრუნვა ახალი, სრულიად თანამედროვე პერიოდული ორგანოს დასაარსებლად.


„ 1861 წლიდან „ილია ჭავჭავაძემ ახალი ლიტერატურული მოძრაობა ასტეხა ჯერ კიდევ „ცისკარში" და გარს შემოიკრიბა თავისი საკუთარი წრე... ამათ შემოიღეს კერძო კრებები, სადაც კითხულობდნენ რეფერატებს და სადაც აღტაცებული ჭაბუკი ილია ჭავჭავაძე თავისი ახალდაწერილი ლექსებისა და „გლახის ნაამბობის" თავების კითხვით ამხნევებდა, ასულდგმულებდა თავის საკუთარ წრეს და წრის გარეშეც არაჩვეულებრივ თანაგრძნობას იძენდა საზოგადოებაში. აი, ამ წრემ ილ. ჭავჭავაძის მეთაურობით გამოსცა „საქართველოს მოამბე" 1863 წელს. ჟურნალში მიიღეს მონაწილეობა მაშინდელმა საუკეთესო მწერლებმა“ - (გ. წერეთელი)

„რაც კი რამ იყო ჩვენში ახალგაზრდა, მხნე, ახალი წესისდა ცხოვრების მოყვარე, ყველამ იცნო ის პატიოსანი მომავლის დროშა, რომელიც მხნედ ეკავა ილია ჭავჭავაძეს.“


-ნიკო ნიკოლაძის ეს ჩანაწერი კარგად აჩვენებს ამ მოძრაობის მნიშვნელობას.

პარალელურად, ამ პერიოდში ილიას ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეა, ის ოლღა გურამიშვილს ხვდება და ცხოვრების თანამგზავრად ირჩევს, ოღონდ აქვე აფრთხილებს მოსალოდნელი სირთულეების შესახებ, რომელსაც ისინი ცხოვრებაში შეხვდებიან:


„მე თვითონ განვიკუთვნე თავი ჩემი სიღარიბისა და შრომისათვის. მართალია, არც ერთი, არც მეორე მე არ მაშინებს, მაგრამ იქნებ მათი თქვენ შეგეშინდეთ?“


მაგრამ ოლღა არ უშინდება, 1863 წლის 10 აპრილს მისი მეუღლე ხდება.

1867 წელს ილია დუშეთის მაზრაში დაინიშნა მომრიგებელ მოსამართლედ. ამავე წლებში, იგი გლეხების დიდი გულშემატკივარია და  დისკუსიაში, მიწები უნდა გადაეცეთ  თუ არა, მათ მხარეს იჭერს. ეს პროცესი ამ იდეის მოწინააღმდეგეთა გამარჯვებით დასრულდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ილიამ ყმათა განთავისუფლების პირველ ხანებშივე გლეხებს საკომლო, სახლკარის მიდამო, მათი ხვედრი ვენახები უსასყიდლოდ დაუთმო, ხელშეუხებელ საკუთრებად დაუმტკიცა.


დუშეთში მუშაობის დროს ილია საზოგადოებრივ ასპარეზსა და ლიტერატურას არ შორდება, წერს აქტუალურ თემებზე, ერთვება დისკუსიაში. სწორედ ამ პერიოდთანაა დაკავშირებული მისი პოლემიკა გრიგოლ ორბელიანთან.


შემდეგ იწყება ყველაზე აქტიური პროცესი, საადგილმამულო ბანკის დააარსება, ბანკის წმინდა მოგება ხმარდებოდა საზოგადოებრივ დაწესებულებებს: ტფილისის სათავადაზნაურო სკოლას (შემდგომ ქართულ გიმნაზიას), რომელშიაც სხვა წოდების შვილებიც სწავლობდნენ და 1900 წლებიდან უმეტესობასაც შეადგენდნენ: წინამძღვარიანთკარის სამეურნეო სკოლას, ქართულ თეატრს, წერა-კითხვის საზოგადოებას და ბევრ სხვა ქართულ კულტურულ დაწესებულებას.

ილიას მონაწილეობით 1879 წელს დაარსდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ყველაზე ავტორიტეტული და მნიშვნელოვანი ქართული ორგანიზაცია, რომელიც სკოლებსა და წიგნების გამოცემას, ლიტერატურისა და განათლების ხელშეწყობას, ქართული ენის გადარჩენის საქმეს ემსახურებოდა.

1879 წ. მუდმივი ქართული თეატრალური დასი, ხოლო 1880 წ. ქართული დრამატული საზოგადოება დაარსდა, ილია რამდენიმეჯერ იყო მისი გამგეობის თავმჯდომარე.


ილია დაუღალავად იბრძოდა ქართული ენის უფლებისათვის სკოლებში. ამ ნიადაგზე მას ხშირი შეტაკება ჰქონდა მთავრობის უმაღლეს წარმომადგენლებთან, როგორც წერა-კითხვის საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარეს. 


აღსანიშნავია აგრეთვე ილიას წერილები ქალთა თანასწორუფლებიანობის შესახებ, აგრეთვე ანტისემიტიზმის წინააღმდეგ, უმნიშვნელოვანესია მისი წერილები ქართველი მუსლიმების, საქართველოს მრავალეთნიკური მოსახლეობის მხარდასაჭერად, წერილები მსოფლიო პოლიტიკაზე, მეურნეობაზე, მეღვინეობაზე, ეკონომიკაზე, მოკლედ, რა თემაზე აღარ...

ის მონაწილეობდა ტფილისის ქართული გიმნაზიის საქმიანობაშიც, იყო მისი სასკოლო კომიტეტის წევრი დიდი ხნის განმავლობაში, თვალყურს ადევნებდა აგრეთვე წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას, რომლის დიდი გულშემატკივარი იყო.


ილიას დიდ საქმეებს შორისაა მეცხრამეტე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდული ორგანოს, ჯერ ჟურნალის და შემდეგ გაზეთის, „ივერიას“ დაარსება. „ივერია" გამოდიოდა ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით 1877 წლიდან, იარსება თითქმის 33 წელიწადს. 1880 წელს შეუერთდა გაზეთ „დროებას", გამოდიოდა ი. ჭავჭავაძისა და ს. მესხის რედაქტორობით, წელიწადში ოთხჯერ, ხოლო 1882 წლიდან ილიას და ი. მაჩაბლის რედაქტორობით — თვეში ერთხელ. 1886 წლიდან „ივერია" გამოდიოდა ი. ჭავჭავაძის რედაქტორობით ყოველდღიურ გაზეთად 1902 წლამდე, როდესაც მისი რედაქტორობა გადავიდა ალ. სარაჯიშვილის ხელში. 


ადამიანი-ორკესტრი, მეცხრამეტე საუკუნის შემოქმედიო, ვამბობთ და გვავიწყდება ყველაზე მთავარი, რომ ილია ჭავჭავაძე დიდი პოეტი და მწერალი იყო, ამ საქმეების პარალელურად იგი წერდა, წერდა, ქმნიდა ახალ ქართულ პროზას, პერსონაჟთა დაუვიწყარ გალერეას, ლექსებს, კრიტიკულ და პუბლიციტურ წერილებს, დრამატურგიულ ტექსტებს, თარგმნიდა... მისი ლიტერატურული მოღვაწეობა აღბეჭდილია ერთი ნიშნით - ყველა ტექსტი მისი დიდი პროგრამის, საქართველოს გადარჩენის გეგმის ნაწილია, გზა ლუარსაბიდან ოთარაანთ გიორგიმდე, გულუბრყვილო პეტრეს თვითშემეცნებამდე, ჰუმანიზმამდე, კითხვებამდე, ლელთ ღუნიას მთავარ შეძახილამდე, რომ ჩვენი თავი ჩვენ უნდა გვეკუთვნოდეს.

„წიწამურში რომ მოკლეს ილია,

მაშინ ეპოქა გათავდა დიდი“

დაწერს გალაკტიონი. სინამდვილეში, ეპოქა დაიწყო კიდეც, გზა ილიას მკვლელობიდან საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკამდე. სინამდვილეში, ილია რომ არ ყოფილიყო, არ იქნებოდა ოცნება დამოუკიდებელ, ევროპულ, განათლებულ საქართველოზე. ქვეყანა მისი ხსოვნაა, გმირების ხსოვნა-საქართველო არსებობს მანამდე, სანამ მას ექნება პასუხისმგებლობა, მოვალეობა, არასდროს დაივიწყოს ილია ჭავჭავაძე - კაცი, რომელიც თავისი ქვეყნის მომავალს საძირკვლად ჩაეშენა.




ავტორი: დიანა ანფიმიადი

ილუსტრატორი: გიო ჯინჭარაძე

ფოტო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა