ივლისი 06, 2022
1999 წლის 8 ოქტომბერს „დილის გაზეთში“ გამოქვეყნებულ წერილში („მამულისათვის“) ერლომ ახვლედიანმა იკითხა:
„ვართ თუ არა ჩვენ რევოლუციური ერი? ჩვენ რომ დამოუკიდებელნი ვყოფილიყავით, მოხდებოდა თუ არა ჩვენთან რევოლუცია? მოვკლავდით თუ არა მეფეს?
მართალია, ისტორიას არ უყვარს კავშირებითი კილო, მაგრამ, ალბათ, მთლად უსაფუძვლოც არ იქნება, თუკი სამივე კითხვას დადებითად ვუპასუხებთ. მეფის მკვლელობაზე კიდევ შევიკავებდით თავს, მაგრამ სადაც ილია ჭავჭავაძე მოვკალით, იქ მეფის მკვლელობის შესაძლებლობა გადაჭრით როგორ გამოვრიცხოთ?
ქართველი ბოლშევიკების ბიოგრაფიების გათვალისწინებით, რამდენადაც მეფის მკვლელობის წარმოდგენაა იოლი, იმდენად დაუჯერებლად მოჩანს ბოლშევიკების შთამომავლების ხელში მეფისთვის ძეგლის დადგმა, მითუმეტეს, რომ ეს არ ყოფილა საბჭოთა პროპაგანდის მიერ „მოძმე რუსეთისთვის“ ტახტის მჩუქებელ მეფედ წარმოჩენილი ერეკლე მეორის ძეგლი.
1958 წელს, როცა საზეიმოდ აღინიშნებოდა საქართველოს დედაქალაქის 1500 წლისთავი, საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა მეტეხის პლატოზე დაედგა ვახტანგ გორგასლის ძეგლი. გამოცხადდა კონკურსი, რომელმაც გულგრილი ვერავინ დატოვა: ვერც მოქანდაკეები, ვერც პროფესიონალი ხელოვნებათმცოდნეები, ვერც ისტორიკოსები და ვერც რიგითი მოქალაქეები. რაც ძეგლზე გამოცხადებული კონკურსის გარშემო ხდებოდა, თამამად შეიძლება გადავთარგმნოთ, როგორც გაწყვეტილ წარსულთან კავშირის აღდგენისა და ეროვნულ ფესვებთან დაბრუნების პირველი მცდელობა, შესაბამისად, ყველასთვის მნიშვნელოვანი იყო, როგორი იქნებოდა საჯარო სივრცეში დადგმული თუ დაბრუნებული მეფე.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო ძველი და ახალი თაობის ლამის ყველა ქართველმა მოქანდაკემ, მათ შორის იმათმაც, ვინც, მომდევნო სამი ათეული წლის განმავლობაში „ქართული ქანდაკების“ ახალი ეპოქა შექმნეს: ელგუჯა ამაშუკელმა, მერაბ ბერძენიშვილმა, გოგი ოჩიაურმა, ირაკლი ოჩიაურმა, გურამ კორძახიამ, გიორგი გიგაურმა, ჯუნა მიქატაძემ და სხვ.
წლების შემდეგ კონკურსში გამარჯვებული ელგუჯა ამაშუკელი იხსენებდა, როგორ გადაიდო ორჯერ ძეგლის პროექტების განხილვა იმის გამო, რომ რუსთაველის თეატრის დარბაზმა ვერ დაიტია განხილვით დაინტერესებული ყველა ადამიანი.

„გადაწყდა განხილვა მოწყობილიყო ფილარმონიის საზაფხულო დარბაზში, სადაც მრავლად იყვნენ მწერლები, მეცნიერები, მხატვრები, დედაქალაქის ინტელიგენცია და ა.შ. დიდი იყო აჟიოტაჟი. მრავლად იყვნენ „კლაკერებიც“ (ტაშის დასაკრავად ან შესაქებად დაქირავებული ხალხი), რომლებიც საზოგადოებამ დროულად გააძევა დარბაზიდან. განხილვა საინტერესოდ ჩატარდა. გამოიკვეთა საზოგადოებრივი აზრი. ამან ჟიურის მუშაობა გაუადვილა. თუ როგორ დამთავრდა კონკურსი, დღეს ყველასათვის კარგადაა ცნობილი“
„მეექვსე გრძნობა“. ელგუჯა ამაშუკელი).
ვახტანგ გორგასლის ძეგლის კონკურსში წარდგენილი პროექტების ემოციურ განხილვებში აქტიურად იყო ჩართული გურამ რჩეულიშვილიც, რომელმაც, მწერლის ჩანაწერების მიხედვით, პირველივე ნახვისთანავე გააკეთა არჩევანი ამაშუკელის პროექტის სასარგებლოდ:
„მარინე და მე ლაპარაკით წავედით გორგასლის გამოფენაზე. პირველადვე თვალში მოგვხვდა მხედარი, ოთხივე ფეხით დასობილ ცხენზე მჯდარი, გამართული, დოინჯით, ცალი ხელი ოთხკუთხად მაღლა აწეული - ნამდვილი მპყრობელი, დამაარსებელი, კეთილშობილი. უცებ აგვიყვანა მეც და მარინეც. მარინემ უცებ მოუძებნა მის ქებას სწორი შესატყვისები - სავსეა, მთლიანობის შეგრძნებაა, ვერ იტყვი, რომ ასეთი ხასიათი აქვს, ან ისეთი, უბრალოდ მთლიანად არის მეფე!“.
ვახტანგ მეფე რომ ღმერთს უყვარდა, ქართული ხალხური პოეზიიდან ისედაც ვიცოდით, მაგრამ ვახტანგ მეფე ხალხსაც რომ უყვარდა, თვალსაჩინოდ სწორედ მისი ძეგლის დადგმის დროს გამოჩნდა, რამაც შოთა ნიშნიანიძეს ხალხური ლექსის „შევსების“ საფუძველი მისცა:
"...ქართლის ცა და მგლის სიავე თავზე ადგა მუზარადად,
მტერს ხაფი ხმით დაჰყიოდა და ზურგის ძვალს უბზარავდა.
ახსოვს მისი ნაფეხური ამ უღრან ტყეს,
ნამუხარ მთებს,
ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა
და კაცს როგორ არ უყვარდეს!''
უყვარს კიდეც და, თუ ვახტანგის ცხოვრებასა და მოღვაწეობას გადავავლებთ თვალს, სამართლიანადაც უყვარს, რადგან სწორედ ვახტანგ გორგასლის მოღვაწეობას უკავშირდება დედაქალაქის თბილისში გადატანა, საქართველოს გაერთიანებისთვის თავდადებული ბრძოლა, ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ქვეყნის ინტერესების დაცვა, სპარსეთის უღლის გადაგდება, მონასტრების მშენებლობა, ქრისტიანობის გაძლიერება და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება. ალბათ, არც ის უნდა იყოს შემთხვევითი, რომ სწორედ ვახტანგის ეპოქაში შეიქმნა ქართული მხატვრული ლიტერატურის ჩვენს დრომდე მოღწეული უძველესი ძეგლი „შუშანიკის წამება“ („წამებაჲ წმიდისა შუშანიკისა დედოფლისაჲ“), რომელიც, პროფესორ სარგის კაკაბაძის ვარაუდით, სწორედაც რომ ვახტანგ გორგასლის საყურადღებოდ დაიწერა ქართულად.
„და აწ დამტკიცებულ გითხრა თქვენ აღსასრული წმიდისა და სანატრელისა შუშანიკისი... ცოლად (ვარსქენისა) იყო ასული ვარდანისა, სომეხთა სპაიპეტისა, რომლისათვის ასე მივწერე თქვენდა.“ - იაკობ ხუცესის ამ სიტყვების ადრესატი უნდა იყოს ვახტანგ გორგასალი, რომელიც, მეცნიერის აზრით, 448 წლის ახლოს უკვე ხანგრძლივად იმყოფებოდა სპარსეთს. „ყოველივე ამის მიხედვით, - ამბობს სარგის კაკაბაძე, - საფიქრებელია, რომ იაკობ ხუცესმა „შუშანიკის წამება“ დაწერა ერთდროულად ორ ენაზე - ქართულად და სომხურად. ქართული ტექსტი შესრულებული იყო ვახტანგ გორგასლის საყურადღებოდ, ხოლო სომხური იყო ზოგად სახმარებლად“.
დონალდ რეიფილდი, ბრიტანელი ისტორიკოსი და ლიტერატურათმცოდნე, საქართველოს ისტორიაზე დაწერილ ვრცელ ნაშრომში „საქართველო ისტორიათა გზაჯვარედინი“, ამბობს, რომ ვახტანგ გორგასალი იყო ქარიზმატული და ძლიერი მეფე.
„ვახტანგის მმართველობის პერიოდიდან დაიწყო იბერიის აღორძინება. მან შეძლო დასავლელი და აღმოსავლელი ქართველების ერთ სახელმწიფოში გაერთიანება და სპარსული უღლის გადაგდება“, თუმცა რეიფილდი ასევე დასძენს, „ძნელია ვახტანგ I-ის შემთხვევაში მითების, ფაქტებისა და გამოგონილი ამბების ერთმანეთისგან გამიჯვნაო“.

რა უნდა ვთქვათ? ნამდვილად საძნელო საქმეა ისტორიული წყაროების სიმწირისა და თქმულებების სიმრავლის გამო, მაგრამ „უტყუარი ფაქტების“ გამოყოფა მაინც შეიძლება:
ფაქტია, რომ მცირე ასაკიდან ომებში იყო ჩართული; ფაქტია, რომ ორჯერ იქორწინა და ორივე დინასტიური ქორწინების მეშვეობით იბერია ორივე იმპერიას - რომის აღმოსავლეთ იმპერიას და სპარსეთის იმპერიას - დაუახლოვა: 19 წლის ასაკში ცოლად შეირთო ბალენდუხტი, შესაძლოა, შაჰ ჰორმიზდ III-ის ქალიშვილი (უფლისწულ დაჩის დედა, რომელიც მშობიარობას გადაჰყვა), მოგვიანებით კი იქორწინა ბიზანტიის იმპერატორ ზენონის ნათესავ ქალ ელენეზე. მეორე ქორწინებას, კონსტანტინოპოლში ჩასვლასა და ზავის დადებას წინ უძღოდა ეგრისის დაბრუნების ბრძნულად დაგეგმილი სამხედრო და პოლიტიკური ოპერაცია, რომელშიც, ვახტანგის გათვლით, გადამწყვეტი როლი ითამაშა სვანეთის მთავრის, მახარას აჯანყებამ ეგრისის მეფის, სამანღირის წინააღმდეგ. ომი დამთავრდა ეგრისის დამორჩილებითა და ვახტანგის ჩასვლით კონსტანტინოპოლში, სადაც, ზავის პირობებით, დაუმტკიცეს ტერიტორიები: სამცხე, შავშეთ-კლარჯეთი, ეგრისი და აფხაზეთის ნაწილი.
ფაქტია, რომ მცირე ასაკიდან სამშობლოსთვის იბრძვის ხან საქართველოში და ხან მის ფარგლებს გარეთ, თანაც, როგორც ჩანს, ვახტანგი იმდენად უნარიანი სარდალი იყო, რომ პერსონალურადაც იწვევდნენ ირანის ლაშქრობებში, ჯარის გარეშე (ერთ-ერთი ლაშქრობის დროს ვახტანგი პირისპირ ებრძვის სინდეთის მეფეს, რომელსაც ოროლით დაჭრის და მიუყვანს სპარსეთის მეფეს).
ფაქტია, რომ ვახტანგ გორგასალს გამართული ჰქონდა სამხედრო სამსახურის სტრუქტურა, რომელსაც „განწესება“ ეწოდებოდა, მეომარს კი - „განწესებული“, პრივილეგირებულ მეომარს - „კარგი“, ასევე „მხნე“ (ჯუანშერის მიხედვით, როცა ვახტანგი ოსებთან ბრძოლიდან გამარჯვებული დაბრუნდა, „წარჩინებულ ქმნა მხნედ მსახურნი და გამოცდილნი წყობასა შინა ოვსთასა“). გამორჩევისა და პრივილეგიების გარდა, მეომრები ასევე იღებდნენ სარგოს, ჯამაგირს, რასაც საკარგავი ეწოდება.
ფაქტია, რომ ვახტანგმა, რომელიც სპარსეთში თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში იმყოფებოდა, არ დათმო თავისი რელიგია, არ გაცვალა ქრისტიანობა ცეცხლთაყვანისმცემლობაზე; ფაქტია, იმდენად ბრძენი იყო, რომ მოერია პატივმოყვარეობას და ქვეყნის ინტერესებით იხელმძღვანელა, როცა ქართლის მთავარეპისკოპოსმა მიქელმა, სრულიად უსაფუძვლოდ, სახეში წიხლი ჩაარტყა და კბილი მოსტეხა. მრავალწლიანი განშორების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული ვახტანგი პირადად ეწვია და დაუჩოქა მთავარეპისკოპოსს სამთავროს მონასტერში, თუმცა, კურთხევის ნაცვლად, მიიღო ქუსლი კბილებში. როგორც „უწყებულება ქართლის მეფეთა შესახებ“ გადმოგვცემს, ამის საპასუხოდ პირველ ხანებში ვახტანგი იმუქრებოდა, სრულად აღმოვფხვრი ქრისტიანობას ქართლშიო, მაგრამ, გორგასალმა, როგორც მაღალნიჭიერმა და დიდად ჭკვიანმა სახელმწიფო მოღვაწემ, თავისი მუქარა არ შეასრულა, რადგან ცეცხლთაყვანისმცემლობა, თავისი ჩამორჩენილობით, ვერ შეუწყობდა ხელს ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას.
ფაქტია, რომ ეკლესიაზე შურისძიების ნაცვლად ვახტანგმა ერთი ათად გააძლიერა ეკლესია: გაამრავლა როგორც მონასტრები, ასევე საეპისკოპოსო კათედრები (რომლებსაც მმართველობის ფუნქციაც მიანიჭა), ყველაფერი კი დასრულდა 475 წელს ავტოკეფალიის, ეკლესიური ავტონომიის აღიარებითა და კათოლიკოსობის შემოღებით.
ფაქტია, რომ ვახტანგმა გადაწყვიტა მცხეთა გაეხადა საეკლესიო ცხოვრების ცენტრად, ხოლო საერო ხელისუფლების ცენტრად გამოეცხადებინა თბილისი;
ფაქტია, რომ თბილისის ისტორიული ნაწილი, რა სახითაც დღემდეა ის შემორჩენილი, სწორედ ვახტანგის ძალისხმევით ჩამოყალიბდა. ვახტანგს უკავშირდება მეტეხის, სიონის, ანჩისხატის ეკლესიების, დარბაზების, ციხის, სახლების, ქულბაქებისა, ბაზრებისა და ქალაქის გალავნის მშენებლობა. „აღაშენა ტფილისი და მცხეთა მუნ მიიცვალაო“, ამბობს მემატიანე, თუმცა ვიდრე მიიცვლებოდა, ააგო ციხე-ქალაქები, თავისი ახალი რეზიდენცია უჯარმაში (სადაც გარდაიცვალა კიდეც), ასევე, ბოჭორმა, ხორნაბუჯი და ჭერემი, რაც ქვეყნის აღმოსავლეთიდან დაცვას ემსახურებოდა. ბიზანტიისგან დაბრუნებულ კლარჯეთის ტერიტორიაზე შექმნა საერისთავო და ააგო არტანუჯის ციხე... - ეს ყველაფერი ისტორიული ფაქტებია, რაც შეეხება ვახტანგ გორგასლის სახელთან დაკავშირებულ მითებსა და თქმულებებს, ეს სამყარო, პირველ რიგში, იმით არის საინტერესო, რომ მასში ვახტანგ გორგასალი არ არის წარმოჩენილი სწორხაზოვან გმირად, რომელიც ყველაზე ძლიერი, შეუმცდარი, სამართლიანი და უცოდველია. საინტერესოა ვახტანგთან დაკავშირებული ორი ამბავი: I - ფართოდ გავრცელებული ოს გოლიათთან შებმისა და II - ნაკლებად გავრცელებული ჯავახი გუთნისდედის დასჯისა.
I - „მე ვტეხე ფიცი“
15 წლის ვახტანგის მიერ ოსი გოლიათის, ბაყათარის მოკვლის ამბავი გადმოცემულია ქართულად დაწერილ ოსურ ლექსში.
„ქართველ ბატონს და მოვსტაცე, არ დავაგდე ჩემი გვარი,
მომწვდა, ფიცით მიღალატა, მან დაიდვა ჩემი ბრალი,
ბაყათარ წყალსა მიეცა, აღიხოცა ოსთა ჯარი“.
ამ ლექსიდან ჩანს, რომ ვახტანგმა ფიცი გატეხა და ღალატით მოკლა ოსი გოლიათი, რომლის მშვილდის სიგრძე 12 მტკაველი, ისრისა კი 6 მტკაველი ყოფილა. 1904 წელს ეპისკოპოს კირიონის ინიციატივით ქართლში ჩაწერილი გადმოცემის მიხედვით, ბაყათარს ფიცი მოუთხოვია, რომ ვახტანგი მდინარის გადმოლახვას აცდიდა და არ დაესხმებოდა თავს. ვახტანგსაც უთქვამს, ვფიცავ ჯვარცმულსო! ბაყათარს დაუცინია, ეგ რა ფიცია, ჯვარცმულს რომ რამე შესძლებოდა, ჯვარზე ვერ გააკრავდნენ, დაიფიცე ღმერთი დღისა და ღამისა, მთისა და ბარისა, ტბისა და ტყისა, ელვა-ქუხილისა და მეხისაო.
ვახტანგმა, რომელიც ასევე გოლიათური აღნაგობისა ყოფილა („ათორმეტი ბრჭალი კაცისა იყო სიმაღლე მისი (ე.ი. 2 მეტრზე მაღალი)“, ფიცი გატეხა და ერთი ვერსიით გარღვეულ ჯაჭვის პერანგში ესროლა ისარი მეტოქეს, მეორე ვერსიით კი, მოტყუებით მიახედა, რა ვაჟკაცობაა უკან მაგდენი მშველელი რომ მოგყვებაო და ისარი შიგ კისერში კრაო. შემდეგ, მთლიანი ბრძოლაც ოსების დამარცხებით დასრულებულა. ვახტანგს დაუმორჩილებია ალანები, გამოუხსნია ტყვეები, მათ შორის, თავისი და მირანდუხტი, დაუკავებია დარიალის ციხე და გაუმაგრებია ქართლის ჩრდილოეთი საზღვარი.
თქმულება იმასაც გვეუბნება, რომ ვახტანგი ძალიან განიცდიდა ფიცის გატეხის ამბავს და მოსანანიებლად ორი ეკლესია ააგოო. „შემინდვე უფალო, ცოდვა ჩემი, რამეთუ მე ვტეხე ფიცი!“ - სწორედ ამ „მე ვტეხე ფიცისგან“ იშვა მეტეხიო, თუმცა ცნობილია, რომ „მეტეხი“ ბერძნული „მეტოქი“-დან მოდის და ნიშნავს „ეპისკოპოსთა (ან არქიმანდრიტთა) დროებით სადგომს ეკლესიითურთ სხვის ეპარქიაში“.
II – „ღმერთი უშველის ჩემ მკვლელსა“
თქმულება ვახტანგ გორგასლისა და ჯავახი გუთნისდედის შესახებ კი 1885 წლის „დროების“ 25-ე ნომერში გამოქვეყნდა. 80 წელს მიტანებული მოხუცი ტფილისიდან უჯარმაში გასულ ყმაწვილებს უყვება ამბავს იმაზე, თუ როგორ დაბრუნდა ინდოეთის ლაშქრობიდან მეფე ვახტანგი და როგორც წაასწრო ცოლს ღალატზე.
„უჯარმის ციხის ძირში ცხოვრობდა ჯავახი გუთნი-დედა. იგი თურმე მადლიანი ვაჟკაცი იყო და ხვნა-თესვით ცხოვრობდა, მოსავალიც ზღვა მოსდიოდა. მეფის ცოლი ხვნის დროს ზევიდამ დასცქეროდა ხოლმე. კაი ნამუსის ქალი არ ყოფილიყო და ეს პატიოსანი გუთნი-დედა შეაცდინა. რადგან ისე დროს ვერ შეხვდებოდნენ ერთმანეთს, იმიტომ გუთნი-დედას ღამე-ღამე კლდე ეთხარნა, რო გორის წვერამდის ამძვრალიყო. ის ნახვრეტები რო მოჩანს, ისინი არიან, რა ღამესაც ახვრიტა და ავიდა დედოფალთან, მეფეც ინდოეთიდან მაშინ მოვიდა, რომ სასახლეში მოასწრო გუთნი-დედას:
დღისით ვხნამდი გუთანსა,
ღამით ვანგრევდი სალ კლდესა,
შუაღამეს შევეყარე,
ტანდაბალ და პირად მზესა,
ნამუსზე ხელი ავიღე,
ღმერთიც უშველის ჩემ მკვლელსა.
ეთქო ლექსად გუთნი-დედას მეფისთვის, მაგრამ მეფეს არ მოეკლა ის, მხოლოდ ჯავახეთისკენ გაეძევებინა. ქართლ-კახეთის მოსავალიც თურმე თან გაჰყვა ამ გუთნის-დედას და დიდხანს აღარაფერი მოდიოდა ჩვენში, ჯავახეთი კი მოსავლის ზღვად გადაიქცა. მერე გაგზავნეს ჯავახეთს კაცი, რომ უკან დაბრუნებულიყო გუთნის-დედა, მაგრამ თვითონ აღარ წამოსულიყო და რამდენიმე პეშვი კი ჭირნახულისა გამოეტანებინა. გადააბნიეს თუ არა ეს თესლი, იმ წლიდან ქართლ-კახეთში ისევე დაბრუნდა მოსავალი, მაგრამ ჯავახეთი მაინც დღესაც სჯობნის ორივე მხარეს. მეფე გულკეთილი ბრძანდებოდა და არცარა ცოლს დაუშავარა, მაგრამ ცოლმა კი არ დაინდო ის“.
ამ თქმულების თანახმად, სწორედ ცოლმა ურჩია ვახტანგის მტრებს, როცა მეფე ლაგამს მაღლა მოზიდავდა, ისარი იღლიაში ესროლათ, თუმცა ესეც მხოლოდ ამ დაუჯერებელი თქმულების ასევე დაუჯერებელი ნაწილია, ფაქტი კი ისაა, რომ ვახტანგ გორგასალი, რომელიც თქმულებაშიც კი შემწყნარებელი და ქვეყნის ბედზე მოფიქრალი კაცია, ბრძოლაში მიღებული ჭრილობით გარდაიცვალა და დაასაფლავეს მისგანვე აგებულ მცხეთის დიდებულ სიონში, როგორც არსენ კათალიკოსი ამბობს, „თვით ეკლესიაში, წინაშე სუეტსა ცხოველსა და მისსა ზედა საფლავსა წერილ არს ხატი მისი სწორი ჰასაკისა მისისა“-ო;

ფაქტი ისაა, რომ სწორედ ვახტანგის საუკუნემ დასახა ქართველი ხალხის შემდგომი განვითარების ახალი გზები და საშუალებანი, რომელნიც, პროფესორ სარგის კაკაბაძის თქმით, მომავალში ეფექტური აღმოჩნდნენ ქართული ეროვნულობის და მისი ინდივიდუალური სახის კულტურის განვითარებისთვის შემდგომი საუკუნეების განმავლობაში. ალბათ, სწორედ ამიტომაც ქართველმა ხალხმა თავის ხსოვნაში უკვდავყო ვახტანგ გორგასლის სახელი, მათ შორის უკვდავყო ძეგლის დადგმითაც. თუ რამე უხდება თბილისს, მათ შორის უხდება მეტეხის პლატოზე შემდგარი დიდებული მეფის გამოსახულებაც, რომლის დაშორება ქალაქისგან ისევე წარმოუდგენელია, როგორც - თბილისის ისტორიისა და ვახტანგ გორგასლის ბიოგრაფიისა. ელგუჯა ამაშუკელის ბრინჯაოს ვახტანგიც დგას ისე, თითქოს დედაქალაქის დაარსების დღიდან აქ იდგა და ფეხი არ მოუცვლია!
ავტორი: ჯიმშერ რეხვიაშვილი
ილუსტრატორი: გიო ჯინჭარაძე
ფოტო: საქართელოს ეროვნული ბიბლიოთეკა