სიახლეები

დავით აღმაშენებლის სააჯო კარი

ივლისი 20, 2022

გამორჩეულად ჭკვიანი, სწავლული, გაბედული, თვითკრიტიკული, შემოქმედებითი... ამგვარი ეპითეტებით ამკობს თანამედროვე ბრიტანელი ქართველოლოგი, დონალდ რეიფილდი დავით IV აღმაშენებელს, რომელიც 1089 წელს 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას. ეს ეპითეტები რომ სამართლიანია, ამას სწორედ ეს 36 წელი ადასტურებს - ამ ხნის განმავლობაში დავითმა თურქ-სელჩკთაგან აოხრებული და დემორალიზებული ქვეყანა რეგიონში უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია. ეს არის მეფე, რომელიც მმართველობის დასაწყისში მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე ავრცელებდა ძალაუფლებას, შემდეგ კი ქვეყანა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმა და თავის მოჭრილ მონეტაზე საიმპერატორო სამოსშიც „გამოეწყო“. 

ქართველთა კოლექტიურ მეხსიერებაში ალბათ სწორედ დავით აღმაშენებლს უჭირავს ყველაზე გამორჩეული ადგილი. რთულია მოძებნო ქართველი, რომელსაც რამე მაინც არ გაუგია მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით. გელათის აკადემია, რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, „გალობანი სინანულისანი“, დიდგორის ბრძოლა თუ უბრალოდ „1121“ თითქმის ყველა ქართველისთვის რაღაცას ნიშნავს.


დავით აღმაშენებლის მოღვაწეობაზე ბევრი რამაა დაწერილი, სტატიებით დაწყებული და მხატვრული ნაწარმოებებით დასრულებული. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ რაღაც ვიცით მასზე, დავით აღმაშენებლის მოღვაწეობა დღემდე კვლევის საგანია; არის უამრავი საკითხი, რომელიც კვლავ სადავო, მოძველებული, გადასახედი თუ დასაზუსტებელია. ქვემოთ მე მხოლოდ ერთ საკითხს შევეხები. მის სასამართლო რეფორმას, ერთი იმიტომ, რომ ვფიქრობ მკითხველისთვის, შესაძლოა ნაკლებ ცნობილი იყოს (თუმცა ამაზე ვერ დავდებ თავს) და მეორე, ამ რეფორმაში ჩანს დავით აღმაშნებელის, როგორც გამჭრიახი პოლიტიკოსისა და დიპლომატის სახე.

რას გულისხმობდა ეს რეფორმა?

თუ მანამდე უმაღლეს მსაჯულად მეფე ითვლებოდა, მუდმივი სამხედრო კამპანიების გამო მე-12 საუკუნის დასაწყისში, მეფეს ამ ფუქციის შესრულება გაუჭირდებოდა, ამიტომაც მისი ბრძანებით შეიქმნა უმაღლესი სასამართლო ორგანო „სააჯო კარი“. სასამართლო კოლეგიალური ხასიათის იყო, რომელსაც მწიგნობართუხუცესი (მეფის კანცელარიის უფროსი) ჭყონდიდელი ხელმძღვანელობდა. სასამართლო პროცესში ჩართულნი იყვნენ საწოლის მწიგნობარი და ზარდახანის მწიგნობარი. სახელი მომდინარეობს სიტყვიდან „აჯა“, რაც ძველ საქართველოში ნიშნავდა თხოვნას, ვედრებას სამართლის მისაღებად. თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, მოსახლეობას შეეძლო სააჯო კარზე შეეტანა საჩივარი (აპელაცია) და გაესაჩივრებინა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამაში თითქოს განსაკუთრებული, უჩვეულო და რთული არაფერი არაა, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ეპოქის კონტექსტი. 


ზემოთ ვთქვით, რომ რადგან მეფე ვეღარ იცლიდა მოსამართლეობისათვის, ამიტომ შექმნა „სააჯო კარი“, მაგრამ აქ მხოლოდ ამასთან არ უნდა გვქონდეს საქმე. შუა საუკუნეების ფეოდალურ სახელმწიფოში მეფე არ ფლობს აბსოლუტურ ძალაუფლებას (რაოდენ ძლიერიც არ უნდა იყოს ის). ძალაუფლება გადანაწილებულია მიწათმფლობელ არისტოკრატიაზე-ფეოდალებზე. თავად სამეფო დინასტიაც ტექნიკურად ამ არისტოკრატიის ნაწილია, იმ განსხვავებით, რომ ის გარკვეულ დროს, გარკვეულ პირობებში დანარჩენ არისტოკრატთა სათავეში მოექცა და დროთა განმავლობაში, უკვე გამეფებულმა, სხვადასხვა საშუალებით გაიმყარა მდგომარეობა (სამხედრო წარმატებებით, პიროვნული თვისებებით, რელიგიური კონცეფციებით და ა.შ), მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დანარჩენმა არისტოკრატიამ ძალაუფლება დაკარგა. ისინი ფლობდნენ მიწებს და, შესაბამისად, მათზე იდგა სამეფოს სამხედრო ძლიერება, რადგან სწორედ მათ გამოჰყავდათ საკუთარი ტერიტორიებიდან მეომრები, რომლებიც მეფის გვარდიისა და მოქირავნეების გვერდით ლაშქრის მთავარ წილს შეადგენდნენ. თეორიულად, მაღალი ფეოდალური არისტოკრატია მეფის წინაშე იყო ვალდებული, მათ სამსახურის სანაცვლოდ ჰქონდათ მიღებული ეს მიწა და თანაც დროებით - სანამ ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას, ისინი ფლობდნენ მიწას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ეს მიწა უნდა ჩამორთმეოდათ. თეორიულად კი ასე იყო, მაგრამ პრაქტიკაში სრულყოფილად ამ თეორიას არც საქართველოში უმუშავია და არც არსად სხვაგან, სადაც ფეოდალიზმს უარსებია. საქმე იმაშია, რომ თითოეული ფეოდალური გვარი ყოველთვის მიდრეკილი იყო საკუთარ ტერიტორიაზე მაქსიმალურად დამოუკიდებლად ეგრძნო თავი, სურდა რაც შეიძლება მცირე დოზით ჩარეულიყო მეფე მის საქმეებში. ფეოდალები განსაკუთრებით იღვწოდნენ დროებით მიღებული მიწები მემკვიდრეობით სამფლობელოებად გადაექციათ. რამდენად წარმატებით მოახერხებდნენ ამას, ეს სამეფო ხელიფულების ძლიერებაზე იყო დამოკიდებული. მაგალითად, ძლიერი საგარეო მტრის, წარუმატებელი სამხედრო კამპანიების, ეპიდემიების, ეკონომიკური კრიზისის და ა.შ (ეს ეს ყველაფერი შესაძლოა ერთმანეთში ყოფილიყო გადაჯაჭული) დროს სამეფო ხელისუფლება სუსტდებოდა, შესაბამისად, ფეოდალური არისტოკრატია მეტ დამოუკიდებლობას იღებდა. როდესაც მეფეს არ შეეძლო მათი ეფექტური კონტროლი, მაგრამ სჭირდებოდა მათი თანადგომა, ამა თუ იმ ფეოდალის მიმხრობისათვის იურიდიულ დათმობაზეც კი უწევდა წასვლა - ასეთ შემთხვევაში ფეოდალს შესაძლოა მიეღო შეუვალობა ანუ იმუნიტეტი. შეუვალობა სხვადასხვა სახისა იყო, რომელთაგან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანს სასამართლო შეუვალობა წარმოადგენდა. ეს ნიშნავდა იმას, რომ ფეოდალი საკუთარ მიწაზე თავად წარმოადგენდა უზენაეს მსაჯულს. მთელი შუა საუკუნეების მანძილზე, ყველა ფეოდალურ სახელმწიფოში, ყველა მსხვილი ფეოდალი ცდილობდა ამგვარი შეუვალობის მოპოვებას, თავის მხრივ, მეფეები ცდილობდნენ შეეზღუდათ ან გაეუქმებინათ ის. 

ამ პრობლემის წინაშე იდგა დავით აღმაშენებელიც. გამეფებისას ის ფაქტობრივად მხოლოდ დასავლეთ საქართველოს მართავდა. აღმოსავლეთ საქართველო თურქ-სელჩუკთა არეალად იყო ქცეული, აქაური ფეოდალები მხოლოდ ნომინალურად აღიარებდნენ მეფის უზენაესობას, კახეთი საერთოდ ცალკე სამეფოს წარმოადგენდა. შესაბამისად, სამეფო ხელისუფლება შესუსტებული იყო, არაერთი ფეოდალი საკმაოდ დამოუკიდებლად გრძნობდა თავს და საკუთარ მიწაზე უზენაეს მსაჯულადაც მიაჩნდა თავი. დავით აღმაშენებლის ბრძოლა ქვეყნის გაერთიანებისათვის სწორედ ამ ორ „ფრონტზე“ იყო გაშლილი: ერთის მხრივ, 1099 წლიდან ებრძოდა თურქებს და მეორეს მხრივ, ფეოდალებზე რეალური ძალაუფლების გავრცელებას ცდილობდა. ეს უკანასკნელი ბრძოლა საკმაოდ ფრთხილი და წინადახედული უნდა ყოფილიყო, რადგან ფეოდალთა საქმეებში უხეში და აგრესიული ჩარევა ყოველთვის ქმნიდა მეფის წინააღმდეგ მათი ფართომასშტაბიანი გაერთიანების საფრთხეს, რაც, მითუმეტეს საგარეო საფრთხის პირობებში, შესაძლოა მეფისთვის სავალალო შედეგით დასრულებულიყო. სწორედ ამ ფრთხილი პოლიტიკის ნაწილია სააჯო კარის შექმნა. მეფემ შექმნა კოლეგიალური სასამართლო ორგანო, რომლის საქმეებშიც ძალიან იშვიათად ერეოდა და რომელსაც დაუქვემდებარა ყველა სხვა სასამართლო. მარტივად რომ ვთქვათ, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც რომელიმე დიდი ფეოდალის მიწაზე ცხოვრობდა, მაგალითად, განიცდიდა ამ ფეოდალისგან შევიწროებას და ცხადი იყო, რომ თავის სიმართლეს იქ, იმ ფეოდალთან ვერ დაიცავდა, შეეძლო მიემართა სააჯო კარისთვის და იქ დაეცვა თავი. 


თავის მხრივ, ეს სასამართლო მეფის, დავით აღმაშენებლის პოზიციის გამტარებელი იყო, რადგან სათავეში მეფის აღმზრდელი და პირველი მოხელე, გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი ედგა. გიორგის ამ პოზიციაზე დანიშვნა სხვა ფაქტორმაც განაპირობა, რაც ასევე უსვამს ხაზს დავითის გამჭრიახობას. შუა საუკუნეებში თანამდებობის პირები ხშირად ცდილობდნენ ამ თანამდებობის სამემკვიდრეოდ  გადაქცევას, რასაც ზოგჯერ ახერხებდნენ კიდეც. სავარაუდოდ, ამ რისკისგან თავის დასაცად ჩაუყენა სააჯო კარს სათავეში დავითმა ჭყონდიდის ეპისკოპოსი, ბერი, რომელსაც ფიზიკურად ვერ ეყოლებოდა მემკვიდრე და, შესაბამისად, არც შეეცდებოდა ამ პოზიციის სამემკვიდრედ გადაქცევას.

ასე და ამგვარად, მეფემ შექმნა სამეფო ხელისუფლების გამტარებელი უმაღლესი სასამართლო ორგანო, რომლითაც შეზღუდა ფეოდალთა შეუვალობა, თან ეს მათ საქმეებში უხეში ჩარევის გარეშე შეძლო; მან უბრალოდ საზოგადოებას შესთავაზა ადგილი, სადაც ნებისმიერი სხვაგან მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება იქნებოდა შესაძლებელი. 

სხვა ღონისძიებებთან ერთად ამ გზით დავით აღმაშენებელმა ოსტატურად შეასუსტა ფეოდალთა გავლენა, გააძლიერა სამეფო ხელისუფლება, რითიც მან გარეშე მტერთან ბრძოლაში ქვეყნის სამხედრო პოტენციალის ეფექტურად გამოყენების საშუალება მიიღო. თანაც ეს ისე ოსტატურად გააკეთა, რომ მაქსიმალურად აიცილა თავიდან ფეოდალებთან ურთიერთობის დაძაბვა. მისი მოღვაწეობის ეს კონკრეტული ეპიზოდი ნათლად აჩვენებს დავით აღმაშენებლის პოლიტიკურ გამჭრიახობას, ვითარების სწორად შეფასების გასაოცარ უნარსა და დიპლომატიურ ნიჭს. თვისებებს, რომელთა დახმარებითაც მოახერხა და შექმნა უძლიერესი სახელმწიფო და მიიღო კიდეც ხალხისგან დამსახურებული ზედწოდება - „აღმაშენებელი“.

ავტორი: ნიკოლოზ შონია

ილისტრატორი: გიო ჯინჭარაძე

ფოტო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა