თიბისელები სიახლეები

ფონდი „თიბისელები თიბისელებისთვის“

თებერვალი 18, 2021

ორგანიზაციების კულტურა, მოწყობა, ხედვა და კიდევ არაერთი სხვა რამ ყველა ცალკეულ შემთხვევაში უნიკალურია ხოლმე. მითუმეტეს ასეა წარმატებული კომპანიებისთვის. თუმცა, ერთი რამ უცვლელია - მიღწევების უკან ყოველთვის დგას ძლიერი და ერთიანი გუნდი. სხვა საკითხია, თუ რა ქმნის ამ ძალას და მთლიანობას. ალბათ ეს მხოლოდ გამართული მექანიზმის დამსახურებით არ ხდება. არის კიდევ სხვა, არამატერიალური საფუძვლები, ემოციები, შეგრძნებები, რომლებიც საერთო საქმის კეთებისას ჩნდება და მით უფრო ახლოსაა ოჯახურ განწყობებთან, რაც უფრო ჯანსაღი და მთლიანია გუნდი. ამ დროს ადამიანები იზიარებენ არა მხოლოდ ერთმანეთის წარმატებას და სიხარულს, არამედ პრობლემებს და სირთულეებსაც.


სწორედ ასეთი ქცევის მაგალითია ფონდი თიბისელები თიბისელებისთვის, რომელიც უკვე ათწლეულზე მეტს ითვლის და დღემდე 7000-ზე მეტი თანამშრომლის სახელით მხარს უჭერს თიბისელებს და მათი ოჯახის წევრებს მაშინ, როცა გვერდით დგომა ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება, როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება

ისტორია 2009 წელს დაიწყო, როცა ერთ-ერთ თანამშრომელს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, მკურნალობის დაფინანსებისთვის კი თიბისელებმა შეაგროვეს თანხა. რამდენიმე ასეთი ინიციატივის შემდეგ, სიკეთის კეთების პრაქტიკას თიბისიში სისტემატიური ფორმა მიეცა და ჩამოყალიბდა ფონდი, რომელმაც დღემდე 1600-ზე მეტი განაცხადი დააფინანსა და 6,200,000 ლარზე მეტი გასცა.


ფონდში თანამშრომლები ნებაყოფლობით ერთვებიან და ყოველთვიურად თავიანთი ხელფასის 1 ან 2 %-ს გამოყოფენ იმ კოლეგებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდასაჭერად, რომლებსაც სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. თუმცა მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა ის, რომ ფონდი არა მხოლოდ მატერიალურად, არამედ მორალურადაც გვერდით უდგას თანამშრომლებს. ბენეფიციარი თიბისელების მოსმენისას, ცხადი ხდება თუ როგორი იმედი და სიმშვიდე შეიძლება მოიტანოს იმის ცოდნამ, რომ ათასობით ადამიანი მზადაა შენს დასახმარებლად.

2020 წელი ისევე როგორც ყველასთვის, ფონდისთვისაც უჩვეულო აღმოჩნდა, თუმცა დაბრკოლებების მიუხედავად 250-ზე მეტი განაცხადი დაკმაყოფილდა და 1,000,000 ლარზე მეტი გაიცა.

ამასთან, განხორციელდა მნიშვნელოვანი შეთანხმებაც, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი ამბავია მრავალწლიან ისტორიაში - ფონდმა წელს მემორანდუმი გააფორმა თურქეთის ერთ-ერთ უმსხვილეს, აჯიბადენის კლინიკათა ქსელთან.

„მიუხედავად პანდემიისა სასიხარულო მომენტები ნამდვილად გვქონდა და საკმაოდ აქტიური წელიც იყო. ფონდმა 2020-ში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რამხელა ძალა აქვს სიკეთეს. აქ, ჩვენს კომპანიაში იმხელა ზურგი გაქვს თანამშრომლების, მეგობრების, აქ შეძელინი ახლობელი ადამიანების სახით, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ამ მხარდაჭერად ყველაფერი ღირს. იმედი გვაქვს მომავალშიც ბევრ კეთილ საქმეს გავაკეთებთ ერთად.“ - მარიამ ბერელიძე, თიბისელების ფონდის საბჭოს მდივანი

წლევანდელი წელი გამორჩეული იყო დაფინანსებული აუტიზმის თერაპიების და ინვიტრო განაყოფიერების სიმრავლის თვალსაზრისითაც. ეს უკანასკნელი საქართველოში პირველად სწორედ თიბისელების ფონდმა დააფინანსა.

თიბისელმა მარიამმა სწორედ ამ თხოვნით მიმართა თიბისი ფონდს:


„მეგობარმა მირჩია, რომ ფონდი ინვიტროს აფინანსებს და მეცადა . რამდენიმე თვე ვფიქრობდი და თავს ვიკავებდი, როგორ მოვითხოვო ეს დაფინანსება, როცა ვიღაცა სიცოცხლეს ებრძვის.. ვიღაცას ჩემზე მნიშვნელოვანი რამისთვის ჭირდება დახმარება, მაგრამ ჩემმა არაამქვეყნიურმა სურვილმა გადამადგმევინა ეს ნაბიჯი. ალბათ ასეთ კეთილ საქმეს თითზე ჩამოსათვლელი კომპანია თუ აკეთებს. მართალია ჩემი ისტორია პოზიტიურად არ დასრულებულა, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა რამხელა მნიშვნელობა აქვს მხარდაჭერის პროცესს: 1. იმედი გაქვს დახმარების 2. შესაძლებლობას გაძლევს ფონდი, რომ იბრძოლო, მიზანს მიაღწიო. ფონდის თითოეულ წევრს და ყველა თიბისელს ვუსურვებ ჯანმრთელობას. მიხარია, რომ ერთმანეთის იმედი გვაქვს და ვიცით გასაჭირში ვის შეგიძლია მიაკითხო გვერდში დგომისთვის.“


წლების განმავლობაში ასობით ასეთი ისტორია ხვდება თიბისი ფონდის არქივში. თითოული საკმაოდ რთულ და ემოციურად ამაღელვებელ გზას აღწერს. თუმცა აღელვება ნამდვილად ღირს სიკეთედ! ახალი 2021 წლის ათვლაც დაიწყო. იმედია წელსაც ბევრ ბედნიერ ფინალს შექმნიან თიბისელები თიბისელებისთვის.


ავტორი: ქეთი რაზმაძე