ტექნოლოგია

თანამედროვე ტექნოლოგიური ინდუსტრიები

აგვისტო 12, 2021

ტექნოლოგია ადამიანის ცხოვრებას ამარტივებს: ასე იყო უწინ, როცა ადამიანმა ცეცხლი დაიმორჩილა და ასე არის ახლაც, როცა ბიზნესი და ტექნოლოგია იმდენად შესისხლხორცებულია, რომ ერთზე საუბრისას, მეორეს თავისთავად მოვიაზრებთ. ჩვენი სამყარო ფრიად დინამიური და კონკურენტულია: მასში საკუთარი თავის დასამკვიდრებლად კომპანიებს და მათ უკან მდგომ ინდივიდებს გამჭრიახობა სჭირდებათ - იმ პროდუქტმა ან სერვისმა, რომელსაც ისინი ბაზარს სთავაზობენ, ადამიანების ცხოვრება სხვათა მოწოდებულ საქონელზე მეტად უნდა გაამარტივოს. სწორედ ამგვარი კონკურენციის დამსახურებით, ტექნოლოგიამ ბიზნესის, ერთი შეხედვით, ტრადიციულ ინდუსტრიებში შეაღწია - შედეგად მივიღეთ ფინტექი, აგრიტექი, ედტექი, ფემტექი და ზოგადად - ციფრული ჯანდაცვის ინდუსტრია.


ამ ინდუსტრიების პირმშო პროდუქტები და სერვისები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილებად იქცა, მათი არსებობა უფრო მარტივი და კომფორტული ცხოვრების საწინდარია. ისე კი, ამგვარი სიახლოვე ზოგჯერ დამაბნეველიც კი არის, რადგან ყველაზე მნიშვენელოვანი გვავიწყდება - ამ ტექნოლოგიური გადაწყვეტების დასაბამი. თითოეული მათგანი ხომ ადამიანის გონებაში გაჩენილი რევოლუციური იდეის შედეგია. მოდი, ასეთი იდეების ამბავს მოვყვეთ. 

ფინტექი

ფინანსური ტექნოლოგია, ანუ ფინტექი, საბანკო და ფინანსურ ინდუსტრიაში მომხმარებელზე, მისი გამოცდილების გამარტივებასა და ფინანსური გარემოს გაჯანსაღებაზე ორიენტირებული ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების კრებითი სახეა. კომპანიები, რომლებიც ფინტექ ინდუსტრიას ქმნიან, ტრადიციულ ფინანსურ სექტორებს იკვლევენ, მათ ნაკლოვანებებს აკვირდებიან და პრობლემების გადასაჭრელად ახალ ტექნოლოგიებს და ინოვატორულ მიდგომებს ნერგავენ.

 

ფინტექ-პროდუქტები არაერთგვაროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებულია - ზოგიერთი კომპანია ინვესტირებასთან ისტორიულად ასოცირებულ ბარიერებს შლის, ზოგი კი - ბლოკჩეინის ტექნოლოგიას ავითარებს, რაც თავისთავად, სმარტ კონტრაქტების არსებობის საწინდარია. არსებობენ კომპანიები, რომლებიც გადახდებს, გადარიცხვებსა და სასესხო მომსახურებას ამარტივებენ. მანქანური დასწავლა, ხელოვნური ინტელექტი, ბიგ დატა ანალიზი და სხვა მსგავსი ფინტექ ინოვაციები ხშირად გამოიყენება გადაწყვეტილებების მიღებისა და რისკების შეფასების პროცესში, რაც, თავისთავად, მომხმარებლის პროდუქტთან ურთიერთობის გამოცდილებას აუმჯობესებს და კომპანიის ეფექტურობას ზრდის. ჩვენთვის კარგად ნაცნობი ყოველდღიური ფინანსური პროდუქტებიც, მათ შორის ინტერნეტბანკი, მობაილბანკი, ნეობანკი და აწ უკვე ღია ბანკინგი - სხვა არაფერია, თუ არა ფინტექ-ინდუსტრიის ნაყოფი. 

აღსანიშნავია, რომ ფინტექ-ინდუსტრია ინკლუზიურია - მისი ეკოსისტემა სტარტეპებსა და დიდ ინსტიტუციურ მოთამაშეებს აერთიანებს. სწორედ ეს ერთობა უზრუნველყოფს ფინტექ-ინდუსტრიის სწრაფ ზრდას: ტრადიციული ბანკები ტექნოლოგიას სიხარულით ითვისებენ და მის განვითარებაში ფინანსურ და ადამიანურ რესურსს აბანდებენ. ერთ-ერთი ასეთი მოთამაშე ტექნოლოგიური კომპანია „თიბისი ბანკია“, რომელიც სიახლეებზე უარს არასდროს ამბობს და მეტიც, ყოველ წელს აპლიკაციების კონკურსსაც კი ატარებს, რომლის მიზანი ინდუსტრიის განვითარება და მასში ტექნოლოგიური გადაწყვეტების შემოტანაა. წინა წლების გამარჯვებულებს შორის წამყვანი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი არის - Payze რომელიც ელექტრონული კომერციის სივრცეში თანამედროვე და მოქნილი გადახდების პლატფორმას ქმნის.

აგრიტექი

სოფლის მეურნეობა ადამიანის განვითარების თანდმევი ინდუსტრიაა, რომელმაც მისი დასაბამიდან არაერთგზის დადგა თავდაყირა. იმან, რაც ათი ათასი წლის წინათ, ადამიანის მიერ მცენარეების მოშენებით დაიწყო, არაერთი ტექნოლოგიური რევოლუცია განიცადა და, რაც მთავარია, ეს პროცესი დღესაც გრძელდება. ადამიანთა სწრაფმა გამრავლებამ და ცხოვრების ხარისხისა და ხანგრძლივობის ზრდის პარალელურად აუცილებელი გახდა სოფლის მეურნეობის წარმადობისა და ეფექტურობის ამაღლება. შეიქმნა დანადგარები, გამარტივდა და დაიხვეწა პროცესები, აღმოცენდა რიგი აგრარული მეცნიერებები და განვითარდა აგრარული ინჟინერია, რამაც, საბოლოო ჯამში, თანამედროვე აგრარულ ტექნოლოგიასთან, ანუ აგრიტექთან მოგვიყვანა.

          

აგრიტექი, რომელიც შედგება როგორც დამატებითი საგარეო ტექნოლოგიისაგან, ისევე ბიოლოგიური ინჟინერიისაგან, სასოფლო-სამეურნეო სექტორის წარმადობის, ეფექტიანობისა და სარგებლიანობის გაზრდას და სიღარიბის, საკვების უკმარისობისა და სხვა გლობალური პრობლემების აღმოფხვრას ისახავს მიზნად. კომპანიები, რომლებიც აგრარულ-ტექნოლოგიურ ინდუსტრიას ქმნიან, მრავალფეროვანი და ყოვლისმომცველნი არიან.


ისინი ტრადიციულ მიდგომებს ახალ ტექნოლოგიებს უთავსებენ და შედეგად, სოფლის მეურნეობას ერთი შეხედვით გამოუსადეგარ ადგილებში ეწევიან - უდაბნოსა და უმიწო გარემოში და იქაც, სადაც სასმელი წყლის დეფიციტია.


ისინი, ვინც ეკოლოგიაზე ზრუნავენ ბიოპლასტმასის შექმნაზე მუშაობენ და არსებული ნარჩენების გადამუშავების გზებს იკვლევენ. არიან ისეთი კომპანიებიც, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებს საკვები ჯაჭვის ეფექტურობის გასაზრდელად იყენებენ: ასეთი გადაწყვეტების მაგალითად, ვერტიკალური და ურბანული ფერმერობა, გენური ინჟინერია და საკვების 3D პრინტერით წარმოება გამოდგება.


აღსანიშნავია, რომ ასეთი კომპანია საქართველოშიც არის - Space Farms ვერტიკალურ ფერმერობის და სხვა რევოლუციური ტექნოლოგიების გამოყენებით ტრადიციულ ფერმაზე 85%-ით ნაკლებ წყალს იყენებს, მაგრამ ოპტიმალურ წარმადობას მაინც აღწევს. არსებობენ ისეთი კომპანიებიც, რომლებიც დრონების, ხელოვნური ინტელექტის, ბლოკჩეინის, ნანოტექნოლოგიებისა და მონაცემების ანალიტიკის გამოყენებით აგრარულ პროცესებს მაკრო დონეზე აუმჯობესებენ.

ედტექი

ედტექი განათლების სფეროში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების კრებითი სახელია, რომელიც მოიცავს, როგორც აპარატულ, ისევე პროგრამულ უზრუნველყოფას და მიზნად ისახავს სასწავლო პროცესის გამარტივებას, მის ინკლუზიურობასა და ინდივიდუალურობას და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. დინამიურ და მუდმივად ცვალებად სამყაროში, რომელშიც ტექნოლოგია დღითი დღე უფრო და უფრო მეტ როლს ითავსებს, განსაკუთრებული სიყოჩაღის და, რაც მთავარია, სწორი განათლების გარეშე, ადამიანს ხელოვნურ ინტელექტთან კონკურირება გაუჭირდება - ედტექის ინდუსტრიის განვითარების ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს არის.

 

საგანმანათლებლო-ტექნოლოგიური ხელსაწყოები მრავალფეროვანია: რობოტები მოსწავლეებს საჭირო ცოდნას ინტერაქტიულად აწვდიან, ხოლო ნივთების ინტერნეტის მოწყობილობების დახმარებით, შესაძლებელია არამხოლოდ საკლასო ოთახის გაციფრულება, არამედ ბევრი სხვა ადგილისა თუ ისტორიული მოვლენის - თან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სულაც არ არის აუცილებელი ამ დროს სკოლაში იყოთ. განათლების სფეროში უფრო კომპლექსურ ტექნოლოგიებიც ინერგება: მანქანური დასწავლისა და ბლოკჩეინის გამოყენებით, მასწავლებლებსა და ლექტორებს შემაჯამებელი წერებისა და გამოცდების შეფასება, პლაგიატისა და სხვა დარღვევების აღმოჩენა და ინფორმაციის მიმოცვლა უმარტივდებათ. გარდა ამისა, ფრიად მნიშვნელოვანია, რომ ედტექი ინდივიდუალური განათლების მასშტაბირების საშუალებას გვაძლევს. ყველაფერში განსხვავებული ადამიანები განათლების მიღებაშიც განსხვავდებიან: მათ სხვადასხვა ინტერესები და მიდრეკილებები აქვთ და, რაც მთავარია, სწავლის მიმართ თითოეულის მიდგომა - უნიკალურია. თანამედროვე ტექნოლოგია მათ საშუალებას აძლევთ განათლება ისე მიიღონ, როგორც სურთ.

 

აღსანიშნავია, რომ ქართულ საგანმანათლებლო-ტექნოლოგიურ ბაზარზე არაერთი საინტერესო კომპანია გვხვდება. ქართული Upway სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო და სამოყვარულო კურსების ონლაინ-პლატფორმაა, რომელზეც მომხმარებლებს მათთვის სასურველი კურსების მოძებნა და გაფილტვრა, მათი ერთმანეთთან შედარება და, რაც მთავარია, შეძენა შეუძლიათ. Upway-ის მიზანია ადამიანებს ახალი ცოდნის მიღების პროცესი გაუმარტივოს, სულ რამდენიმე წუთში. EduPay ბიზნესის მხარეზე ორიენტირებული ვებ-პლატფორმაა, რომელიც ფასიან საგანმანათლებლო ორგანიზაციებს სწავლის გადასახადის კონტროლის ავტომატიზაციაში ეხმარება.

ჯანმრთელობის ტექნოლოგია

ტექნოლოგიური განვითარება და მეცნიერული პროგრესი ერთმანეთს მჭიდროდ ჩაჭიდული ორი სფეროა, რომელთა ერთ არსად შერწყმა ადამიანებს ყველაზე ძვირფასი რესურსის - ჯანმრთელობის გახანგრძლივების საშუალებას აძლევს. ჯანმრთელობის ტექნოლოგიის ინდუსტრია, ანუ healthტექი, ყველა იმ ტექნოლოგიურ გადაწყვეტას აერთიანებს, რომელიც ჯანდაცვის სისტემის ყველა რგოლის გაჯანსაღებისკენაა მიმართული. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის ინდუსტრია, რომელსაც ყველაზე ფართო სამიზნე აუდიტორია ყავს, ბიუროკრატიითა და მაღალი დანახარჯებით არის დახუნძლული. ჯანმრთელობის ტექნოლოგიის ინდუსტრია სწორედ ამ ორი ტენდენციის საზღვარზე გვევლინება, ერთი მიზნით: ჯანდაცვის ხარისხი და ეფექტურობა საგრძნობლად უნდა გაიზარდოს. 

 

ჯანდაცვის სფეროში ახალი ტექნოლოგიების დანერგვით, ამ სისტემის ყველა რგოლს ვაძლიერებთ: დაზღვევაში გამოყენებული ტექნოლოგიების წყალობით ჯანმრთელობის დაზღვევა უფრო მეტი ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი. ხელოვნური ინტელექტისა და წინასწარი ანალიტიკის წყალობით, პაციენტები მოსაცდელებში სულ უფრო და უფრო ნაკლებ დროს ატარებენ. ზედმიწევნით აკურატული დამხმარე რობოტების წყალობით პროცედურები ნაკლებად აგრესიული და ინვაზიურია, ხოლო ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, რთულ დაავადებათა დიაგნოსტიკა უფრო და უფრო სანდო ხდება. აღსანიშნავია, რომ ზემოთხსენებული ინდივიდუალური მიდგომა ჯანდაცვის ტექნოლოგიის ინდუსტრიაშიც აქტიურად გამოიყენება - სხვადასხვა ხელსაწყოებისა და მონაცემების გამოყენებით, ექიმებს შეუძლიათ პაციენტების სასიცოცხლო პარამეტრები პირდაპირ ეთერში აკონტროლონ, მაშინაც კი, როცა პაციენტი სახლში იმყოფება.

 

ცალკე აღნიშვნის ღირსია ჯანმრთელობის ტექნოლოგიის ერთ-ერთი ნაირსახეობა, რომელიც ექსკლუზიურად ქალთა ჯანმრთელობისაკენაა მიმართული - ფემტექი. ეს ტერმინი მენსტრუალური ციკლისა და ფერტილობის ათვლის აპლიკაციის შემქმნელმა, დანიელმა იდა თინმა, 2016 წელს შემოიღო. ფემტექ-ინდუსტრია აერთიანებს, როგორც აპარატულ, ასევე პროგრამულ უზრუნველყოფას და ერთმანეთთან დაკავშირებულ პროდუქტებსა და სერვისებს, რომელთა მთავარი მიზანი, ქალთა ჯანმრთელობაზე და ზრუნვა და ქალის ცხოვრების გამარტივებაა. თუმცა, ამასთან ერთად, ხშირად, ფემტექი იმ ტექნოლოგიურ სერვისებსა და პროდუქტებს აერთიანებს, რომელთაც ქალები ქმნიან, რადგან მათ ყველაზე კარგად იციან თუ რა სჭირდებათ მათ და სხვა ქალებს. გამორჩეული ფემტექ სტარტაპი საქართველოშიც არის - MyNanny ბავშვებზე ზრუნვისათვის საჭირო ადამიანურ სერვისებს აერთიანებს, მათი დახმარებით ძიძის პოვნა და კლასგარეშე აქტივობების დაგეგმვა ძალიან მარტივდება.

 

ტექნოლოგია ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია: ეს ასე იყო, ასე არის და ასე იქნება. ჩვენი სამყარო დინამიური და უზომოდ ცვალებადია და მის რიტმს რომ არ ჩამოვრჩეთ, ტექნოლოგიურ განვითარებაზე და ინოვაციებზე უარი არ უნდა ვთქვათ. მეტიც - მათ ხელგაშლილად და მომღიმარი სახეებით უნდა შევხვდეთ, რადგან დადგება დრო და ისინი ჩვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიან!