მაისი 02, 2023
განათლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ადამიანის ცხოვრებაში. სამყაროს განვითარებასთან ერთად, ვითარდება განათლების მიღების გზებიც და თანამედროვე ადამიანს მრავალმხრივი რესურსი აქვს იმისთვის, რომ გაიცნოს და დაეუფლოს მისთვის საინტერესო სფეროებს.
ციფრული საუკუნე, სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიების მეშვეობით, ბევრ ახალ და საინტერესო პროფესიას გვთავაზობს. თანამედროვე ტექნოლოგიები ამცირებს მანძილებს, აახლოებს ადამიანებს და აჩენს ახალ შესაძლებლობებს ისეთ კარგად ნაცნობ სფეროებშიც, როგორიცაა მედიცინა, ფუნდამენტური მეცნიერებები, მრეწველობა, მომსახურების სფერო და ა.შ.
ტექნოლოგიების მეშვეობით, უკვე შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად მისწვდე მსოფლიოს სხვადასხვა პროფესიულ მწვერვალებს. ახლა უკვე შეგიძლია, საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან იმუშაო მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან.
თანამედროვე ადამიანისთვის ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა აუცილებელი წინაპირობაა ცოდნის გაღრმავების, საქმიანობის გაფართოების თუ წარმატების მიღწევისთვის.
სწორედ ამიტომ, ჩვენ შევქმენით განათლების პროგრამა ახალი თაობისთვის, რომელიც შედგება სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო აქტივობებისგან, როგორიცაა ვორქშოფები, ონლაინ კურსები, კონკურსები, ჰაკათონები და სხვა.
თიბისის განათლების პროგრამის მიზანია, ახალ თაობას მივცეთ შესაძლებლობა, უფასოდ გაიცნონ და დაეუფლონ ციფრული ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებებს. ციფრული თვალსაწიერის გაფართოება მოსწავლეებს ახალ შესაძლებლობებს დაანახებს და გაუკვალავს გზას მომავალი პროფესიებისკენ.
„
თიბისი ყოველთვის უჭერდა მხარს განათლების ხელმისაწვდომობას, იქნებოდა ეს ნიჭიერი ახალგაზრდების სასტიპენდიო პროგრამები, სამეცნიერო და ტექნოლოგიური კონკურსები, საგანმანათლებლო - შემეცნებითი ტურები სკოლის მოსწავლეებისათვის, ტრენინგები ბიზნესებისთვის და სხვა. წელს კი ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად ვაქციეთ. ვინაიდან, თანამედროვე ტექნოლოგიების სათანადო ცოდნა არის გზა ახალი შესაძლებლობების სამყაროსკენ, ჩვენ, თიბისის ტექნოლოგიური განათლების პროგრამით, გვინდა გავუმარტივოთ ახალ თაობას გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღება და ათასობით ახალგაზრდას მივცეთ წვდომა ხარისხიან განათლებაზე“
- ალექსანდრე მაყაშვილი, თიბისის სტრატეგიული პროექტების ლიდერი.
თიბისის განათლების პროგრამა შექმნილია სანდრო ასათიანთან ერთად.
„
ახალი ტექნოლოგიები უსაზღვრო შესაძლებლობებს გვთავაზობენ. ის რასაც კაცობრიობა მითებში და ზღაპრებში ინახავდა დღეს ტექნოლოგიების დახმარებით რეალობად იქცა. ვირტუალური რეალობა შესაძლებლობას გვაძლევს არარსებულ სამყარობეში ვიმოგზაუროთ. მნიშვნელოვანია მოსწავლეებს დავანახოთ, რომ ტექნოლოგიები ადამიანებს სხვადასხვა სახის სამუშაოს შესრულებაში გვეხმარება. თიბისის განათლების პროგრამა აძლევს სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობას შეისწავლონ და თავად შეასრულონ გარკვეული სამუშაო კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით, რაც მისცემს მათ ბიძგს სამომავლოდ სწორედ შეარჩიონ პროფესია,“
- სანდრო ასათიანი, უნილაბის დირექტორი.
თიბისის განათლების პროგრამა გთავაზობთ გაცნობით და სასწავლო კურსებს, რომლებიც ტექნოლოგიის სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს.
სასწავლო პროგრამა განკუთვნილია, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის და არის უფასო.
პირველ ეტაპზე, ახალგაზრდებს დარეგისტრირება შეეძლებათ ორი ტიპის კურსზე.
ერთთვიანი, გაცნობითი კურსი:
ტექნოლოგიების საფუძვლების გაცნობა - მოკლე, 7 შეხვედრისგან შემდგარი, ერთთვიანი კურსი, სადაც ისწავლი, თუ როგორ იქმნება მოლაპარაკე პროგრამები (ჩატბოტები), კომპიუტერულ თამაშები, აპლიკაციები და სხვა მსგავსი ტექნოლოგიები. კურსის ფარგლებში, გაეცნობი მედია წიგნიერებას - მედია გზავნილების სათანადოდ გააზრებისა და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საფრთხეებისაგან თავდაცვის საკითხებს.
სამთვიანი, სასწავლო კურსები:
მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტების) შექმნა - კურსის განმავლობაში გაეცნობი იმ პლატფორმებს, რომლის საშუალებითაც იქმნება მოლაპარაკე პროგრამები (ჩატბოტები). გაიგებ, რა ტიპის სამუშაოა შესასრულებელი უშუალოდ ჩატბოტის აწყობამდე და დამოუკიდებლად შექმნი მოლაპარაკე პროგრამებს.
კომპიუტერული თამაშების შექმნა - კურსის განმავლობაში გაეცნობი თამაშების შესაქმნელ გარემოს - love2D, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია 2D თამაშების შექმნა. ისწავლი თამაშის სცენარის შემუშავებას და მის პირველად ტესტირებას. კურსის დროს, თამაშის დაპროგრამებას, პროგრამული ენის - lua-ს საშუალებით შეძლებ.
ვებგვერდების აწყობა - კურსის განმავლობაში გაეცნობი იმ პროგრამულ ინსტრუმენტებს (HTML, CSS), რომლის გამოყენებითაც შეძლებ ვებგვერდის აწყობას და შეისწავლი ამ პროცესს.
ტექნოლოგიური განათლების პროგრამა სრულად ფინანსდება თიბისის მიერ.
თიბისის განათლების პროექტი ხორციელდება ჯეოლაბის, უნილაბის, ექსპლორიუმის, USAID-ისა და PH International-ის პარტნიორობით.
კურსებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 2-დან 12 მაისის ჩათვლით. დეტალური ინფორმაციის მისაღებად და სასურველ კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.tbceducation.ge