თებერვალი 18, 2025
ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივება უკვე 30 წელზე მეტია თიბისისთვის შეუცვლელ მისიად რჩება. ამ მიზნამდე მისასვლელი გზა შეიძლება ყოველი ინდივიდისთვის განსხვავებულია, მაგრამ ჩვენი გზები რამდენიმე მნიშვნელოვან წერტილში მაინც იკვეთება.
ასეთი წერტილია განათლება, რომელიც, ვფიქრობთ, რომ ცხოვრების გამარტივების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ამიტომ იქცა ეს მიმართულება თიბისის ინოვაციური სტრატეგიული პროექტების მთავარ მოტივაციად - გავაჩინოთ ახალი თაობისთვის უნიკალური შესაძლებლობები და გავხდეთ მათი კარიერული აღმოჩენების აქტიური დასაბამი.

„სწავლობ იქ, სადაც ხარ“
სწორედ ასეთი ინიციატივაა „თიბისი კამპუსი“, რომელიც 18-24 წლამდე სტუდენტებისთვის აჩენს შესაძლებლობას, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, სრული დაფინანსებითა და ონლაინ კურსებით დაეუფლონ სხვადასხვა მოთხოვნად დისციპლინებს.

რაც იმას ნიშნავს, რომ არ აქვს მნიშვნელობა სად ცხოვრობ, რამდენად დატვირთული საუნივერსიტეტო გრაფიკი გაქვს, რომელ ფაკულტეტზე სწავლობ, შენ შეგიძლია თიბისის სრული დაფინანსებით ჩაერთო 3 თვიან ონლაინ პროგრამაში და დარგების პროფესიონალ ლექტორებთან ერთად შეისწავლო თანამედროვე სამყაროში ყველაზე პოპულარული ბიზნეს-ტექნოლოგიური კურსები.

სტუდენტებისთვის შექმნილი, ტექნოლოგიურ დარგებზე სიღრმისეულად ფოკუსირებული, თიბისის კიდევ ერთი საგანმანათლებლო პროგრამისგან აგანსხვავებით (IT Academy), „თიბისი კამპუსი“ გთავაზობს ტექნოლოგიური და ბიზნეს მიმართულებების სინთეზს, როგორებიცაა: ტექნოლოგიური პროექტების მართვის საფუძვლები, მონაცემთა ანალიზი, გრაფიკული დიზაინი, UI/UX დიზაინი, მეწარმეობა და ბიზნესის დაგეგმარება, სარეკლამო კონტენტის შექმნა, საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია - SEO და ციფრული მარკეტინგი.
ასევე, გახსოვდეს, რომ „თიბისი კამპუსში“ შენ გაცდები ამ დისციპლინების თეორიულ ჩარჩოებს და პრაქტიკული, ხელშესახები მაგალითების განხილვით მიიღებ ახალ ცოდნასა და უნარებს. პროფესიონალ ლექტორებთან მუშაობის შემდეგ მიღებული პრაქტიკული გამოცდილება კი მოგცემს საშუალებას, გაუმკლავდე თანამედროვე საბაზრო გამოწვევებს და, ამ დარგებში არსებული მაღალი კონკურენციის მიუხედავად, დასაქმდე შენ მიერ არჩეული მიმართულებით.
„მე გავიარე ციფრული მარკეტინგის მიმართულება და, იმის მიუხედავად, რომ ბიზნეს ადმინისტრირების სტუდენტი ვარ, „თიბისი კამპუსი“ უნივერსიტეტისგან სრულიად განსხვავებული გამოცდილება იყო. ჩვენმა ლექტორმა ტატომ თანამედროვე და პრაქტიკული ბიზნეს მაგალითებით უფრო დაწვრილებით აგვიხსნა მარკეტინგის ახალი კონცეფციები.“
- ნინა კობალავა, „თიბისი კამპუსის“ კურსდამთავრებული. მიმართულება - ციფრული მარკეტინგი.

„თიბისი კამპუსის“ პირველ ნაკადზე მთელი საქართველოდან 6037 სტუდენტი დარეგისტრირდა, რამაც გვაფიქრებინა, რომ განათლების მიმართულებით ახალი თაობისთვის სასურველ გზაზე ვდგავართ. საბოლოოდ, ორ ეტაპიანი კონკურსის შედეგად, 310 სტუდენტი შეირჩა და მათ სხვადასხვა მიმართულებით 3 თვიანი ონლაინ კურსები გაიარეს. ამ პროცესში „თიბისი კამპუსის“ კურსების პარტნიორი იყო „კოლაბი“, რომელიც დაგვეხმარა, სტუდენტებისთვის მაქსიმალურად სასიამოვნო გარემო შეგვექმნა. ეს თიბისისთვის მნიშნელოვანი პრიორიტეტია, რადგან, გვჯერა, რომ სწავლობ იქ, სადაც მშვიდად და კომფორტულად ხარ.
„თიბისი კამპუსის“ პირველი ნაკადის შემაჯამებელი ღონისძიება 24 იანვარს თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა, სადაც მოწვეულები იყვნენ კურსდამთავრებული სტუდენტები, სხვადასხვა მიმართულების ლექტორები, „კოლაბის“ წარმომადგენლები და თიბისის გუნდის წევრები.
„დღეს გვქონდა შეხვედრა თიბისის კამპუსის კურსდამთავრებულ სტუდენტებთან, რომლებმაც გაიარეს სხვადასხვა დისციპლინები განსხვავებული მიმართულებით. შეხვედრის მიზანი იყო, გაგვეგო მათი უკუკავშირი და რამ იმუშავა ან ვერ იმუშავა ამ პროექტის ფარგლებში. იქიდან გამომდინარე, რომ ეს პროექტი ახალია და მის უწყვეტ განვითარებაზე ვართ ორიენტირებული.“
მაკუნა თავბერიძე, თიბისის ბრენდის გამოცდილების და მარკეტინგის ხელმძღვანელი.
ღონისძიების ფარგლებში მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ „თიბისი კამპუსის“ სამომავლო განვითარების პერსპექტივით ყურადღებით მოგვესმინა თითოეული ლექტორისა და სტუდენტის უკუკავშირისთვის.
„გავიარე ციფრული მარკეტინგის კურსი. ნამდვილად ძალიან კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის, რადგან ძალიან ბევრი ახალი რამ ვისწავლე, რაც არ მეგონა საერთოდ რომ მარკეტინგს ეხებოდა. ბევრი სტერეოტიპიც დამემსხვრა. სამომავლო დასაქმებისთვის ციფრული მარკეტინგის ცოდნა მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი უნარია, რადგან ამ მიმართულებას დღეს უკვე ყველა კომპანია იყენებს.“
- კესო მეჭურჭლიშვილი, „თიბისი კამპუსის“ კურსდამთავრებული. მიმართულება - ციფრული მარკეტინგი.
კესოს უნივერსიტეტში არჩეული სპეციალობა აბსოლუტურად განსხვავებულია ციფრული მარკეტინგის სფეროსგან, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ, მთავარია, ისწავლო ის, რაც გაინტერესებს და აქციო ეს ინტერესი შენს თუნდაც მეორე პროფესიად. შეიძლება კურსის გავლის შემდეგ აღმოაჩინო, რომ ახლანდელი კარიერული მიმართულების სრულიად შეცვლა გინდა. განათლების მიღების გზა ხომ სწორედ ასეთ აღმოჩენებად ღირს. სწავლობ იქ, სადაც ხარ ყველაზე შემოქმედებითი. ისეთ გარემოში, სადაც არ წყდება იდეების კასკადი, ხარ სულ ახლისა და საინტერესოს მოლოდინში. ამიტომ ვეცადეთ, ლექტორებთან ერთად „თიბისი კამპუსში“ სწორედ ასეთი გარემო შეგვექმნა სტუდენტებისთვის.
„სტუდენტების უკუკავშირიდან გამომდინარე, ძალიან საინტერესო იყო ციფრული მარკეტინგის კურსი, რადგან ბევრი ისეთი რამ ისწავლეს, რასაც უნივერსიტეტში ვერ ისწავლიდნენ, რაც ციფრული მარკეტინგის „კულისებს მიღმა ხდება“. სწორედ ამიტომ ჩვენი „მოტო“ იყო - „გასწავლით ისეთ რაღაცას, რასაც მარტივად ვერ დაგუგლავთ.“
- ტატო ნორაკიძე, ციფრული მარკეტინგის ლექტორი
სტუდენტებისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო აღმოჩნდა დარგების წამყვან პროფესიონალ ლექტორებთან კომუნიკაცია, მათთან ერთად მუშაობა, მათი აზრების მოსმენა და გაზიარება. შესაბამისად, „თიბისი კამპუსში“ არა მხოლოდ თეორიულ და პრაქტიკულ უნარებს იძენ, არამედ იცნობ ახალ ადამიანებს, დარგების წამყვან პროფესიონალებს, იფართოვებ პროფესიულ სანაცნობო წრეს.
„ტექნიკური საკითხები, რომლებიც გავიარეთ ამ კურსზე, გამომადგება სამომავლოდ იმისთვის, რომ უფრო ფართოდ შევხედო ამ დარგს. ასევე, რესურსები, რომლებიც ლექტორებმა კურსის განმავლობაში გაგვიზიარეს ძალიან გამოსადეგია, როგორც დამწყებებისთვის, ასევე უბრალოდ ადამიანებისთვის, რომლებსაც მეტის სწავლა უნდათ არჩეული დარგის შესახებ.“
- ბათა ტერელუელი, „თიბისი კამპუსის“ კურსდამთავრებული. მიმართულება - ციფრული პროდუქტის დიზაინი.

თიბისის გუნდისთვის განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა შემაჯამებელ ღონისძიებაზე სტუდენტების აქტიურობა, მათი უკუკავშირის გაზიარების სურვილი, რაც გვაძლევს საშუალებას, „თიბისი კამპუსის“ ყოველი შემდეგი ნაკადის გამოცდილება წინაზე პროდუქტიული და შთაგონებებით სავსე იყოს.
Გახსოვდეს, რომ სწავლობ იქ, სადაც ხარ სიახლეების მუდმივ მოლოდინში, იღრმავებ შენს ინტერესებს და რჩები შენი მიზნებისკენ მიმართული. ჩვენი გუნდი კი ყოველდღიურად ცდილობს, რომ „თიბისი კამპუსი“ შენთვის სწორედ ასეთი ადგილი იყოს.