სიახლეები

თიბისელები დედამიწის დღისთვის

ჩვენთვის, როგორც ბიზნესის #1 მხარდამჭერისთვის, პრიორიტეტულია იმ კომპანიების დაფინანსება, რომლებიც მდგრად საქმიანობას ეწევიან და თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საერთაშორისო სტანდარტებს ნერგავენ ბაზარზე.

აპრილი 22, 2025

სამსახურში მანქანით მოვდივართ, დღის განმავლობაში დოკუმენტებს ვბეჭდავთ, გასაგრილებლად კონდიციონერს ვრთავთ, ვცდილობთ ბევრი წყალი დავლიოთ და ამას ხშირად ახალი, ერთჯერადი ჭიქით ვაკეთებთ, ნაგავს სამუშაო მაგიდის ქვეშ ჩვეულებრივ ურნაში ვყრით, სამსახურიდან გასვლისას, მხოლოდ კომპიუტერის ეკრანს ვთიშავთ - ეს თანამედროვე ყოველდღიურობაში და ჩვევაში გამჯდარი რუტინაა, რომელსაც ხშირად მონოტონურად გავდივართ.

თუმცა, წლიდან წლამდე, რაც უფრო იზრდება ჩვენი ცნობიერება გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების შესახებ, ვცდილობთ, პატარ-პატარა ნაბიჯებითა და გადაწყვეტებით ჩვენი გავლენა სულ უფრო მეტად შევამციროთ და ეს ჩვევებიც შევცვალოთ. 

ცვლილებების აუცილებლობას ყველაზე მკაფიოდ 22 აპრილი - დედამიწის დღე გვახსენებს ხოლმე, როდესაც ერთიანად ვაჯამებთ - რა გავაკეთეთ მთელი წლის განმავლობაში, ან კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია გარემოზე მავნე ზეგავლენის შესამცირებლად.

დედამიწის დღე მსოფლიოში 1970 წლიდან აღინიშნება. ყოველ წელს განსხვავებული და მრავალფეროვანია კამპანიები და აქტივობები. თუმცა, იდეა და მიზანი მთელი დედამიწის მასშტაბით უცვლელია - დავიცვათ გარემო და ბუნებრივი რესურსები.


დედამიწაზე ზრუნვაში ჩართული სულ უფრო მეტი ადამიანისა და სამთავრობო თუ კერძო კომპანიის მიუხედავად, ამ 55 წლის განმავლობაში, CO₂-ის ემისია მაინც 90%-ითაა გაზრდილი. ამიტომ, წლიდან წლამდე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რომ გარემოზე ზრუნვა ჩვენს საქმიანობაში იყოს ინტეგრირებული. ასეა თიბისის შემთხვევაში, რომელმაც გარემოზე ზრუნვა ყოველდღიურობის ბუნებრივ ნაწილად აქცია. 

ბიზნესის მხარდაჭერა, ტექნოლოგიები, ახალი თაობა, სპორტი და კულტურა - თიბისი ამ მიმართულებებით განხორციელებული პროექტების რაოდენობითა და მასშტაბით, წამყვანი კომპანიაა. თუმცა, შესაძლოა ბევრმა არ იცის, რომ 2014 წლიდან - ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში გადანაცვლების შემდეგ, ბანკს გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებული მიზნებიც აქვს.

თიბისიში გვჯერა, რომ ჩვენს მომხმარებლებამდე,

ჯერ ჩვენ თვითონ უნდა ვაკმაყოფილებდეთ გარემოსდაცვით საერთაშორისო სტანდარტებს.

ასე შევქმენით გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემა, რომელიც ბანკის ნებისმიერ საქმიანობაში, გარემოსდაცვით და კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებებს ახალისებს და თითოეული ჩვენგანის ცნობიერებას ამაღლებს. 2024 წელს მეხუთედ მივიღეთ ISO 14001:2015 სერტიფიკატი, რაც ადასტურებს, რომ ჩვენი გარემოსდაცვითი მართვის სისტემა სრულად თანხვედრაშია საერთაშორისო მოთხოვნებთან. 

წლიდან წლამდე, თიბისიში პატარ-პატარა ცვლილებები დიდ ინიციატივებად ვაქციეთ. შედეგები კი სულ უფრო მასშტაბური და ხელშესახები გახდა.

თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში, 46 ფილიალში ნარჩენების დასახარისხებელ ურნებში, 2024 წელს, ჯამში 2300 კგ პლასტმასა შევაგროვეთ და სპეციალიზებულ საწარმოში გადავამუშავეთ. შეგროვებული და გადამუშავებული 46 840 კგ მაკულატურით კი, 782 ხე გადავარჩინეთ მოჭრას.

ქაღალდს ვზოგავთ Signify-ის პლატფორმასთან თანამშრომლობითაც, რომლის ფარგლებშიც, პროცესების გამარტივების მიზნით, ბანკის კორპორაციული საბანკო ბიზნესის მიმართულებაში, ელექტრონული ხელმოწერა დავნერგეთ.


დღეს თიბისის კორპორაციულ კლიენტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის 65% უკვე ელექტრონული ხელმოწერით დასტურდება. 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე, ამ გზით, ჯამში 5000-ზე მეტი დოკუმენტი და ხელშეკრულება დავადასტურეთ. შედეგად კი, 70 000 ფურცელი დავზოგეთ. 

კომპანიაში წყლის რესურსსაც სულ უფრო მეტად ვუფრთხილდებით. 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, წყლის მოხმარება თითო თანამშრომელმა 13%-ით შეამცირა. ჯამურად მოხმარება 5 მლნ ლიტრით შევამცირეთ.


2024 წელს დავიწყეთ განახლებადი ენერგიის მოხმარება. მზის ელექტროსადგურებიდან 891 136 კვტ.სთ ელექტროენერგია მივიღეთ, რომელმაც რეგიონებში 28 ფილიალის ელექტროენერგიის მოხმარების ნაწილი დაფარა. დაგეგმილია, რომ 2025 წელს, რეგიონებში ფილიალების ელექტროენერგიის მოხმარების 70% განახლებადი ენერგიით დაიფარება.

 

თბილისში კი, წელს პირველი მზის ელექტროსადგური დავამონტაჟეთ, რომელმაც ელექტროენერგიის 77% დაფარა.

თანამშრომლების ყოველდღიურობასთან ერთად, მნიშვნელოვანია კომპანიის მდგრადი ბიზნეს გადაწყვეტები. მაგალითად, 2024 წელს, WM მომხმარებლებისთვის, გადამუშავებული მასალისგან პირველი ეკომეგობრული, Visa Infinite საკრედიტო ბარათი შევქმენით.

 

თიბისი საქართველოში მდგრადი ინვესტირების მზარდ ტენდენციასაც უწყობს ხელს. საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე ESG და მწვანე ობლიგაციების გამოშვება სწრაფი ტემპით იზრდება. ბაზრის კაპიტალიზაცია უკვე 1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. საქართველოშიც სულ უფრო მეტი ინვესტორი ზრდის საკუთარ პორტფელში მწვანე ობლიგაციების წილს და გარემოსთვის სასარგებლო საინვესტიციო გადაწყვეტებს იღებს. დღეს, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 5 მწვანე ობლიგაციაა განთავსებული ბაზარზე, რაც ხაზს უსვამს თიბისი ჯგუფის წვლილს და ინტერესს მდგრადი განვითარების მიმართულებით. 

მხოლოდ 2024 წელს თიბისის მდგრადი პორტფელის მოცულობამ დასახულ მიზანს - 1.4 მილიარდ ლარს 23.79%-ით გადააჭარბა და 1.733 მილიარდი ლარი შეადგინა. პორტფელის დიდი ნაწილი მწვანე დაფინანსებასა და კლიმატის დაცვასთანაა დაკავშირებული.


თიბისიში უკვე 13 წელია, დაკრედიტების დროს, აქტიურად ვამოწმებთ - რამდენად შეესაბამება თიბისის პარტნიორი თითოეული ბიზნესი გარემოსდაცვით სტანდარტებს. ჩვენთვის, როგორც ბიზნესის #1 მხარდამჭერისთვის, პრიორიტეტულია იმ კომპანიების დაფინანსება, რომლებიც მდგრად საქმიანობას ეწევიან და თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საერთაშორისო სტანდარტებს ნერგავენ ბაზარზე.

წელს დედამიწის დღე გვახსენებს, რომ ჩვენი საქმიანობით და გადაწყვეტებით, ერთად გავიმარჯვებთ დედამიწისთვის. თიბისიში გვახსოვს, რომ დედამიწა ჩვენი სახლია და მისი მოფრთხილება ჩვენი პასუხისმგებლობაა. 

ავტორი: მარიამ ყანჩაველი