თიბისელები სიახლეები

პასუხისმგებლობა კეთილდღეობისთვის - თიბისის ESG ინიციატივები

დეკემბერი 03, 2021

ბიზნესების პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე უფრო და უფრო აქტუალური საკითხი ხდება. ვნახოთ, როგორ გახდა თიბისი მოწინავე კომპანია, რომელიც ESG პრინციპების საქმიანობაში აქტიურად დანერგვას განაგრძობს და როგორია  სამომავლო გეგმები.

 

ძნელია, კონკრეტული თარიღის თქმა, როდის გადაწყვიტა კომპანიამ, აეღო დამატებითი ვალდებულებები, რომლებიც სცდებოდა მის ძირითად საქმიანობას. ისეთმა პროექტებმა, რომლებიც საზოგადოებისა და მეწარმეობის განვითარებას, განათლებისა და კულტურის გაძლიერებას ემსახურება, თიბისისთვის შექმნის დღიდანვე  არსებითი მნიშვნელობა შეიძინა. თუმცა აქ. ახლა არა მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებზე, არამედ უფრო მრავლისმომცველ მიდგომაზე ვსაუბრობთ, რომელიც კომპანიის ყოველ ოპერაციულ საფეხურზე უნდა იგრძნობოდეს.

 

რა განსხვავებაა ESG პროექტებსა და CSR-ს შორის? საქმე ისაა, რომ ESG ბიზნეს პროცესის ორგანული ნაწილია  და  დამოუკიდებელ ინიციატივად ან პროექტად არ განიხილება. თემები, რომლებიც გარემოს, საზოგადოებისა და ორგანიზაციის კეთილდღეობას ეხება, კომპანიის სხვადასხვა რგოლის ყოველდღიურ საქმიანობასთან არის გადაჯაჭვული. მართალია, ეს ტერმინი შეიძლება ჯერ კიდევ უცხოდ ჟღერს, მაგრამ ESG-ც  უკვე წლების განმავლობაში არსებული მსოფლმხედველობის გაგრძელებაა, დაწყებული თანამშრომლებთან და მომხმარებლებთან ურთიერთობის სტანდარტებით, დასრულებული ინვესტორებთან კომუნიკაციის პრინციპებით.

„წელს თიბისიში შეიქმნა ESG სტრატეგია, რომელიც თავს უყრის წლების განმავლობაში განხორციელებულ ყველა პროექტს და აქტიურ სამუშაო გეგმას სახავს, რომ ჩვენი ღირებულებები ინტეგრირებული იყოს მაქსიმალურად სიღრმისეულად სამუშაო პროცესის ყველა ეტაპზე, იქნება ეს ახალი პროდუქტების შექმნა, ტალანტების მოზიდვა თუ სხვა. ESG არის ერთგვარი ფილტრი ყველა ახალი ინიციატივისთვის და არსებული სამუშაო სისტემისთვის, რომელიც ზომავს, რამდენად კეთილდღეობის მომტანია ჩვენი თითოეული ნაბიჯი მომხმარებლებისთვის, თანამშრომლებისთვის, გარემოსა და საზოგადოებისთვის. 


ESG მიდგომების მიხედვით წარმართული პროცესები მხარს უჭერს ადგილობრივი ბიზნესების განვითარებას, ამაღლებს ცოდნას მომხმარებლებსა და თანამშრომლებში, ზრდის ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობას, რაც საბოლოოდ ქმნის ინოვაციურ, მდგრად ბიზნესებსა და პროდუქტებს და ზრდის თიბისის წვლილს ქვეყნის ეკონომიკისა და საზოგადოების განვითარებაში. შედეგი კი, თავის მხრივ, თიბისის მდგრად განვითარებას განაპირობებს.

ვფიქრობ, რომ ერთიანი ძალებით ძალიან ბევრი სასიკეთო ცვლილებების განხორციელება შეგვიძლია, როგორც ჩვენთვის, ისე ქვეყნისთვის.“


- მაკა ბოჭორიშვილი

დიდი კომპანიის მხრიდან საზოგადო კეთილდღეობაზე ზრუნვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, თიბისიმ არაერთ ინიციატივას ჩაუყარა საფუძველი. კომპანია 2012 წლიდან გაეროს გლობალური შეთანხმების წევრია. შეთანხმება ემსახურება ბიზნეს საქმიანობაში 10 ძირითადი ეთიკური პრინციპის დაცვას, როგორც კომპანიის შიგნით, ისე მის გარეთ, და უკავშირდება ადამიანის უფლებებს, შრომით ურთიერთობებს, გარემოსდაცვით და ანტი-კორუფციულ საკითხებს. ამავე 2012 წლიდან თიბისიში არსებობს გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის ჩარჩო, რომელიც აფასებს ყველა კომერციულ მომხმარებელს, (რაც მთლიანი სასესხო პორტფელის 50%-ს შეადგენს), გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მიმართულებით და შესაბამისად წყვეტს სესხების გაცემის საკითხს. ისეთ კომპანიებთან პარტნიორობის დამსახურებით, როგორებიცაა საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), თიბისის შრომითი უსაფრთხოების სტანდარტი ჯერ კიდევ შესაბამისი კანონის არსებობამდე ჰქონდა გათვალისწინებული. საბოლოო ჯამში, რადგან საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის უდიდესი ნაწილი 70-80% ბანკების მიერ ფინანსდება, აქედან 37.8% კი თიბისის წილია, კომერციული პროექტების დიდი ნაწილი სწორედ ამ შემოწმების ე.წ. „სქრინინგის“ პროცესს გადის. ამ მასშტაბის კარგად გააზრების შემდეგ კიდევ უფრო ცხადი ხდება, რამდენად დიდი როლი შეიძლება ჰქონდეს კომპანიას ქვეყნის კეთილდღეობაში.

 

საერთო მიზნებისთვის განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი არც თუ ისე მცირეა:

თიბისი აკადემია

თიბისი აკადემია კომპანიის განათლებაში ინვესტიციისა და საკუთარი და ახალი კადრების განვითარებაზე ზრუნვის შედეგია. აკადემია აერთიანებს ბიზნეს სკოლას, ეჯაილ აკადემიასა და Avalanche აკადემიას. 2020 წელს ჯამურად 855-მა თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა აკადემიის სხვადასხვა სასწავლო პროგრამაში.


2020 წლის ბოლოს დაარსდა რისკების აკადემია, რომელიც ახალგაზრდა პროფესიონალებს რისკების მართვის რამდენიმე კურსს სთავაზობს. პროექტის მიზანია, ახალგაზრდები აღჭურვოს საბანკო სექტორისთვის საჭირო, სპეციალური ცოდნით რისკების მართვის საკითხებში, რასაც, როგორც წესი, იშვიათად ასწავლიან უნივერსიტეტებში. 2021 წელს დაარსდა თიბისის მარკეტინგის აკადემია, რომლის პირველი კურსი სექტემბერში დასრულდა.

ქალების მხარდაჭერა ტექნოლოგიურ პროფესიებში

2021 წლის მარტში, IT აკადემიამ დაიწყო ახალი პროგრამა სპეციალური მიზნით - ქალები ტექნოლოგიებში. ვებინარები და კურსები მიმართულია ქალების ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში გაძლიერებისკენ და მათ ზრდისა და პროფესიული განვითარების საშუალებას აძლევს. ონლაინ სესიები ღიაა და მათში, საშუალოდ 150 დამსწრის ჩართვაა შესაძლებელი. პლატფორმის მეშვეობით, ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში წარმატებული ქალები თავიანთ გამოცდილებასა და მიღწევებს სხვებს უზიარებენ. ეს პროგრამა გოგონებსა და ქალებს მათი მიზნების მიღწევას უმარტივებს, კარიერულ წინსვლაში ეხმარება და სასარგებლოა როგორც საზოგადოების განვითარებისთვის, ასევე თანამედროვე სამყაროში ბიზნეს საქმიანობის წარმატებულად წარმართვისთვის.


IT აკადემიის 176 კურსდამთავრებულიდან 114 თიბისიში დასაქმდა; მათგან ყოველი მესამე ქალია. აღსანიშნავია, რომ ეს შედეგი ეხმიანება თიბისიში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით დასაქმებული ქალების წილს, რაც 36%-ს შეადგენს.

ფინანსური განათლება და კიბერუსაფრთხოება

დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც, ერთი მხრივ, საბანკო სისტემა, მეორე მხრივ კი თითოეული მომხმარებელი დგას, კიბერუსაფრთხოებაა. კიბერთაღლითები ახალ-ახალი გზებით ცდილობენ მომხმარებლების მოტყუებას და მათი საბანკო მონაცემების გამოყენებას. 2020 წელს, თაღლითობის პრევენციისთვის, თიბისიმ შექმნა ფინანსური განათლების ფეისბუქ პლატფორმა – „Edufin”, სადაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რჩევები მომხმარებლებს მათთვის გასაგები და მარტივი ფორმატით მიეწოდება. თიბისისთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მომხმარებელი ამ საკითხებში გაცნობიერებული იყოს და მათ კომპანიასთან ერთად იზრუნონ საკუთარი უსაფრთხოების დაცვაზე.

მენტალური ჯანმრთელობის პროგრამა

2021 წელს ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებამ წამოიწყო პროექტი ორგანიზაცია „ღიასთან“ ერთად. პროექტის ჩარჩოს ფარგლებში, იმართება ვორქშოპები და შეხვედრები, რომლებიც შეეხება: სტრესის ფსიქოლოგიას, ენერგიის სხვადასხვა წყაროებს და მათი მართვის პრინციპებს, პოზიტიური ფსიქოლოგიის პრინციპებს, საკუთარი თავის დახმარებისა და გაძლიერების მექანიზმებს.

 

მენტალური ჯანმრთელობის პროგრამა თანამშრომლებზე ზრუნვის ერთი-ერთი ნაწილია, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კომპანიამ ფეხი აუწყოს თანამშრომლების საჭიროებებსა და სურვილებს, შესაბამისად განვითარდეს საკუთარი ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით და როგორც თანამშრომლებს, ასევე მომხმარებლებსა და საზოგადოებას შესთავაზოს ჯანსაღი გარემო, სამუშაო სივრცე და მომსახურება.

 

 

მიუხედავად პროექტების მრავალფეროვნებისა, ახლა კომპანია ახალ ეტაპზე გადადის და ESG ღირებულებების ყველა ოპერაციულ დონეზე ინტეგრაციას იწყებს.

„ჩვენი მიზანია ESG-სა და კომპანიის ძირითად საქმიანობას შორის ზღვარი უფრო და უფრო შევამციროთ და ყველა საფეხურზე ავსახოთ ჩვენი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება საზოგადოების წინაშე. მარტივი მაგალითები იმისთვის, თუ რას ვგულისხმობთ ინტეგრაციაში:


  • მართალია, გაციფრულების პროცესი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია მომხმარებლებისთვის პროდუქტის ხელმისაწვდომობის გაზრდაში, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ პროცესი უნდა იყოს მარტივი, რათა თითოეული მომხმარებლისთვის კომფორტული იყოს ციფრული პროდუქტების გამოყენება;


  • მიუხედავად იმისა, რომ თვითდასაქმებულების ოფიციალური ფინანსური მაჩვენებლები მერყევია, უნდა არსებობდეს მათთვის სესხის აღების შესაძლებლობა, რაც რეალურად წელს უკვე განვახორციელეთ... სწორედ ამაში მდგომარეობს ჩვენი საქმიანობა, რომ შევქმნათ დაბალანსებული პროდუქტები, რომელთა საწყისიც ადამიანების საჭიროებები იქნება.


„მსგავსი მასშტაბის პროექტების ზეგავლენის მნიშვნელოვნად გაზრდა მხოლოდ ცენტრალიზებული გზით რთული წარმოსადგენია და, ისევე, როგორც სხვა მასშტაბური პროექტების შემთხვევაში, საერთო კეთილდღეობის შექმნაში თანამონაწილეობა თითოეულ თიბისელს შეუძლია.” - მაკა ბოჭორიშვილი

სულ ახლახან, თიბისიმ კიდევ ერთი უნიკალური პროექტი წამოიწყო. ESG ელჩი - ეს არის ინიციატივა, რომლის მიზანია გაზარდოს თიბისელების ჩართულობა ESG მიმართულებით და მათ მისცეს შესაძლებლობა, ისე წარმართონ საქმიანობა, რომ ყველა დაინტერესებულმა მხარემ მიიღოს სარგებელი.

 

მიუხედავად იმისა, რომ გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე სტრუქტურული ერთეულები ზრუნავენ, იმ თიბისელების ჩართულობით, რომლებსაც აქვთ სურვილი, წვლილი შეიტანონ საზოგადოების სიკეთეში, ბევრად უფრო დიდი შედეგების მიღწევა იქნება შესაძლებელი. ისინი თიბისის ESG ელჩები იქნებიან, როგორც კომპანიის შიგნით, ასევე მის გარეთ. ESG ელჩის ფუნქცია ნებაყოფლობითია. სხვადასხვა მიმართულებით დასაქმებული ESG ელჩის როლი მისი პოზიციის შესაბამისი იქნება. ESG ელჩები მონაწილეობას მიიღებენ თიბისის მიერ ESG მიმართულებით დასახული მიზნების დაგეგმვასა და შესრულებაში და შეძლებენ, მათი საქმიანობით წვლილი შეიტანონ თანამშრომლების, მომხმარებლების, თიბისისა და საზოგადოების მდგრადობის ხარისხის ამაღლებაში, გაუზიარონ ცოდნა თანამშრომლებს და იზრუნოს ESG-ის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე.

„ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა წამოვიწყეთ ESG ელჩების სახით, რადგან ამ ღირებულებების კომპანიის მასშტაბით გავრცელება და კულტურაში დანერგვა ESG მიზნების უფრო სწრაფად და ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს. ეს ინიციატივა საშუალებას მოგვცემს, გავაძლიეროთ თანამშრომლები მათივე ჩართულობით.

ვფიქრობთ, კეთილ მიზნებს ბევრი თიბისელი შემოუერთდება და ადამიანების ცხოვრების გამარტივებაში ამ ფორმითაც შევიტანთ წვლილს.“ - მაკა ბოჭორიშვილი






ავტორი: ქეთი რაზმაძე