სიახლეები თიბისელები

თიბისის განახლებული დრეს-კოდი

მარტი 09, 2021

თიბისიში, კომპანიაში, რომელიც ადამიანების ყოველდღიურობის ნაწილია, ფიზიკური სივრცეებიც ადამიანებზე მორგებული და მათთვის უფრო კომფორტული ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მასშტაბით საბანკო სფერო ერთ-ერთ ყველაზე კონსერვატიულ ინდუსტრიად რჩება, ინოვაციების დანერგვაში პიონერობა თიბისისთვის ახალი არაა. ბოლო პერიოდის განმავლობაში, დღითიდღე მრავლდება ახალი საბანკო სივრცეები, რომელთა კონცეფციაც ბრენდისთვის ბევრი სხვა სასიამოვნო ცვლილების საფუძველი აღმოჩნდა. მათ შორის ერთ-ერთია ფილიალების თანამშრომლების ჩაცმის სტილის დოკუმენტი, რომელიც ახლა ბევრად უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ოდესმე.

მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი სულ რამდენიმე წლის წინ შეიცვალა, განახლებული დრეს-კოდი არაერთ მნიშვნელოვან სიახლეს მოიცავს, აბალანსებს სტანდარტებსა და კომფორტს და ძალიან ახლოსაა ყოველდღიურ ჩაცმულობასთან, რომელიც ერთი მხრივ ინარჩუნებს ეტიკეტის ყველა ნორმას და მეორე მხრივ მაქსიმალურად კომფორტულია.

ახალი ფერები, აქსესუარები და ბევრად დიდი არჩევანი ტანსაცმელსა თუ ფეხსაცმელში, მიზნად ისახავს მეტი კომფორტის შექმნას თიბისელებისთვის.

„ფილიალების განახლების პროექტის ფარგლებში გადავწყვიტეთ, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი შეგვემატებინა ამ სიახლისთვის და რადგან თავად სივრცეები ხდება გაცილებით უფრო ღია, კომფორტული და დემოკრატიული, ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა კონცეფციის კიდევ უფრო გამყარება თანამშრომლების ჩაცმის სტილის დოკუმენტის ცვლილებით.


საბანკო სფეროში ან ზოგადად სერვის ინდუსტრიებში, როგორც წესი იყენებენ უნიფორმებს ან მკაცრად გაწერილი დრეს-კოდები აქვთ. შესაბამისად, ჩვენ ახალი სტანდარტი უნდა მოგვეძებნა და ეს სტანდარტი თანამედროვე ბიზნესის ყოველდღიურობაში ვიპოვეთ.

 

აკადემიური ჩაცმის სტილმა ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთი ცვლილება განიცადა. მაგალითად დღეს, თეთრი მაისური და პიჯაკი ისეთივე „ნორმაა“, როგორიც რამდენიმე წლის წინ თეთრი პერანგი იყო. ახალი დრეს-კოდისთვის ვეცადეთ ნაკლებად კონსერვატიულები ვყოფილიყავით, გაგვეთვალისწინებინა გლობალური ტენდენციები და უფრო მეტად გვეზრუნა თანამშრომლების ბედნიერებაზე, ისე რომ რესპექტაბელურობა შეგვენარჩუნებინა ჩაცმულობაში. ასეთი განვითარების საშუალებას ბოლო დოკუმენტი ნამდვილად გვაძლევდა. მეორე მხრივ, გვჯერა რომ თანამშრომელსა და მომხმარებელს შორის თუნდაც ჩაცმულობით გამოხატული ერთიანობა ხელსაყრელი პოზიციაა თანამედროვე კომპანიისთვის, რომელიც ადამიანების ცხოვრების გამარტივებას ისახავს მიზნად. კომპეტენციასა და პროფესიონალიზმთან ერთად, თანამშრომლის ბედნიერება ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია, რომელიც მომსახურების ხარისხს განსაზღვრავს. ვფიქრობ, ნაკლები შეზღუდვები და მეტი ღიაობა და თავისუფლება ყოველდღიურ ჩაცმულობაში, მნიშვნელოვანი ცვლილებაა ჩვენს შიდა კულტურაში.“ - ბეკი ფანცხავა

რწმენა იმისა, რომ მომხმარებლის კმაყოფილება თანამშრომლის ბედნიერების ანარეკლია, უკვე არაერთხელ დამტკიცდა. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ცხოვრების გამარტივების ამოცანა უპირველესყოვლისა თიბისელებს მიემართება.

„ახალი დრეს-კოდი არის ახალი შესაძლებლობა, რომ თანამშრომელმა მეტად თავისუფლად იგრძნოს თავი და განწყობა აუმაღლდეს. ეს სიახლე ვფიქრობ მომსახურების სფეროში დროული და მნიშვნელოვანია.“ - გვანცა ლავრელაშვილი

„არჩევანის თავისუფლება კლასიკურ ბიზნეს სტილსა და თავისუფალ სტილს შორის მისასალმებელია. მაშინ, როცა წინასწარ მაქვს დაგეგმილი შეხვედრა სიამოვნებით ჩავიცვამ უფრო აკადემიურად, ყოველდღიურობისთვის კი თავისუფალი სტილი კომფორტულია და მეტიც, მუშაობისთვისაც უკეთესია. ვფიქრობ, ახალი დრეს-კოდი ჩვენი მომხმარებლებისთვისაც მისაღები იქნება, რადგან ეს კიდევ უფრო გაუსვამს ხაზსს მათ მიმართ უშუალო დამოკიდებულებას. მიხარია, რომ თიბისელებს ბევრ რამეში გვაქვს არჩევანის საშუალება და ახლა ამ სიას ჩვენი ჩაცმის სტილიც დაემატა.“ - ალექსანდრე თურქიაშვილი

„ძალიან გამიხარდა, როცა დრეს-კოდის განახლების შესახებ გავიგე. მგონია რომ ეს სიახლე ყველა თანამშრომლის განწყობაზე პოზიტიურად იმოქმედებს. დროის უმეტეს ნაწილს სამსახურში ვატარებთ. ზოგჯერ არაფორმალურ გარემოშიც გვიწევს ფორმალურად გამოვიყურებოდეთ." - ქრისტინე ხარაბაძე

„ვფიქრობ, რომ დრეს-კოდს დიდი როლი აქვს კომპანიის იმიჯის განსაზღვრაზე და შესაბამისად თანამაშრომლების ჩაცმულობის სტანდარტებზე ზრუნვა მნიშვნელოვანი ამოცანაა. განახლებული დრეს-კოდი ძალიან საინტერესოა და უფრო კომფორტულიც. თითქოს მეტ თავისუფლებასაც გვაძლევს“ - დავით შავიშვილი

„ჩაცმულობა გამოხატავს ადამიანის შინაგან სამყაროს და ინდივიდუალობას უსვამს ხაზს. კიდევ ერთხელ ვიგრძენით, რომ კომპანია ზრუნავს თანამშრომლების კომფორტზე. ახალი დრეს-კოდით მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ჩვენი ჩაცმის სტილი მრავალფეროვანი იყოს. თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ და უფრო თავდაჯერებულიც ვარ.“ - სალომე ჭკადუა

„კომპანიის წარმატების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია თანამშრომელი, ხოლო კმაყოფილი თანამშრომელი პირდაპირ კავშირშია კმაყოფილ მომხმარებელთან და მომსახურების მაღალ ხარისხთან. თიბისის ეს კარგად აქვს გათავისებული და დრეს-კოდის ამგვარი ცვლილებაც სწორედ თანამშრომლების კომფორტისა და კმაყოფილებისკენ არის მიმართული. ახალი დრეს-კოდი ჩემთვის არის თავისუფლების და მრავალფეროვნების მაგალითი. ფილიალის თანამშრომელს კი უფრო შემოქმედებითი მიდგომის საშუალებას აძლევს, რაც ერთგვარი არამატერიალური მოტივაციაა.“ - ჯაბა მჭედლიშვილი

„თანამშრომლების მოტივაციისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მის თავისუფლებას და კომფორტს, რომლის მთავარი კომპონენტი ჩაცმულობაა. ვფიქრობ, რომ ჩაცმულობის ესთეტიკას ქმნის არა მხოლოდ ჩარჩოები, არამედ ინდივიდუალური ხედვა და დელიკატური მიდგომა ეტიკეტის მიმართ. ახალი დრეს-კოდი ვარიაციების საშუალებას იძლევა, რაც თავის მხრივ თვითგამოხატვის კარგი შესაძლებლობაა.“- ხათუნა უგულავა



ავტორი:ქეთი რაზმაძე