ოქტომბერი 20, 2021
ავტორი: Marketer.ge
DevRel – იგივე Developer Relations – ეს ცნება ტექნოლოგიური ეპოქის მარკეტინგში სულ უფრო ხშირად შეგხვდებათ, თუმცა საქართველოს ბაზარზე სიახლეს წარმოადგენს. უკვე რამდენიმე თვეა, რაც თიბისიმ, როგორც ერთ-ერთმა უმსხვილესმა ტექ-დამსაქმებელმა საქართველოში, DevRel-ის პოზიცია დანერგა კომპანიაში და დეველოპერების მხარდაჭერასა და მათთან კომუნიკაციის ეფექტიანობა სხვა სიმაღლეზე აიყვანა. როგორც პასუხისმგებლიანმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, თიბისიმ განიზრახა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს დეველოპერებზე ზრუნვასა და კომპანიის პროდუქტები მათთვის უფრო მარტივად ინტეგრირებადი გახადოს. ცნობილია კომპანიის პირველი DevRel-ის ვინაობაც – თიბისელი დეველოპერების კომფორტულ სამუშაო გარემოზე ნათია ბარაბაძე იზრუნებს. სწორედ ის იქნება „დეველოპერების ხმა კომპანიაში“, რომელიც მათი კომუნის გაძლიერებასა და განვითარებას უზრუნველყოფს. რას გულისხმობს ახალი პოზიცია და რას შეცვლის ის დეველოპერებისთვის? დეტალებზე ნათია ბარაბაძე გვესაუბრა.
თქვენი განმარტებით, რა არის DevRel?
ამ როლის ბევრი განსაზღვრება არსებობს, რომელიც კომპანიის საქმიანობიდან და მიზნებიდან გამომდინარე განსხვავდება. ჩემთვის, DevRel გარკვეულწილად მარკეტინგული როლია, რომლის მიზანიც სიტყვა სიტყვით დეველოპერებთან ურთიერთობაა, როგორც კომპანიის შიგნით, ასევე გარეთ.
რამ განაპირობა თიბისიში DevRel-ის პოზიციის შექმნა?
კომპანიაში DevRel-ის პოზიციის შექმნის ორი მთავარი წინაპირობა არსებობდა. პირველი ის, რომ მოთხოვნა ციფრულ პროდუქტებზე დღითიდღე იზრდება, რაც თავისთავად ზრდის მოთხოვნას API სერვისებზე, რომელთა გამოყენებაც უშუალოდ დეველოპერებს უწევთ. თიბისი ყოველთვის ცდილობს მომხმარებლებს შეუქმნას მაქსიმალურად კომფორტული გარემო და ახლოს იყოს თავის მომხმარებელთან, გამონაკლისი არც დეველოპერები და ტექ. კომპანიები აღმოჩნდნენ. თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის მნიშვნელოვანია იმ დეველოპერებზე ზრუნვა, რომლებიც ჩვენს პროდუქტებს მოიხმარენ და სწორედ მათთვის შეიქმნა როლი, რომელიც თავს მოუყრიდა ყველა სერვისს, შეაგროვებდა მათ მოთხოვნებს, სურვილებს და დოკუმენტაციას მოაქცევდა ერთიან ჩარჩოში.
და მეორე, თიბისის ტექნოლოგიური გუნდი დღითიდღე იზრდება და საჭირო გახდა არსებობდეს ისეთი გუნდი, რომელიც მათ განვითარებაზე და კომფორტზე იზრუნებს სხვადასხვა ტიპის შეკრებებით, ჰაკათონებით, წახალისებით და ა.შ.
თიბისი პირველი ქართული კომპანიაა, სადაც DevRel-ის როლი გამოჩნდა. ეს იმის გამოხატულებაა, რომ განსაკუთრებულად ვზრუნავთ ამ სეგმენტზე.
რა არის DevRel-ის მთავარი დანიშნულება კომპანიაში?
DevRel არის დეველოპერების ხმა კომპანიაში. ჩვენი მთავარი მიზანია, შიდა და გარე დეველოპერების ბედნიერებაზე ზრუნვა. DevRel ცდილობს გაიგოს რა სურს დეველოპერს და ამ სურვილების შესაბამისად ცდილობს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას სამუშაო პროცესში.
ძნელია მოხიბლო დეველოპერი კარგი რეკლამით, მას უნდა შესთავაზო კარგი დოკუმენტაცია, გამართული სერვისები, თანამედროვე ინსტრუმენტები და კომფორტული სამუშაო გარემო.
კომპანიის შიგნით შევქმენით კომუნა, რომელიც ჯგუფის წევრებს დაეხმარებათ გაცვალონ ინფორმაცია, ცოდნა, უახლესი მიგნებები, რადგან ეს სფერო მუდმივად ვითარდება. ასევე, დავეხმაროთ სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ სოციალური შეკრების ორგანიზებაში.
რა იყო ძირითადი მოლოდინები, DevRel-ის დაქირავებისას – რა უნარები უნდა გქონოდა?
ალბათ ყველაზე მთავარი ემპათია და ანალიტიკური აზროვნებაა. აუცილებელია, უსმინო მომხმარებელს, სწორად დააიდენტიფიცირო პრობლემა, მოაგროვო მათი სურვილები, ჩივილები და გააერთიანო იმ ძირეული ცვლილებების განსახორციელებლად, რაც საბოლოო ჯამში დეველოპერებს ცხოვრებას გაუმარტივებს.
რატომაა მნიშვნელოვანი, რომ დეველოპერების მხარდაჭერაზე სწორედ მსგავსი გამოცდილების მქონე ადამიანმა იმუშაოს?
ძნელია დაეხმარო ადამიანს, თუ მისი ენა არ გესმის. შეიძლება კოდი დამოუკიდებლად ვერ დაწერო, მაგრამ გარჩევა უნდა შეძლო. ტერმინები უნდა გესმოდეს, წარმოდგენა გქონდეს, რა როგორ მუშაობს, შესასრულებელი სამუშაოს შეფასება მოახერხო.
თქვენს გამოცდილებაზე გვიამბეთ, რაც DevRel-ის პოზიციაზე მოხვედრაში დაგეხმარათ…
პროფესიით მარკეტერი ვარ. ქოლ-ცენტრში მუშაობას რომ ვიწყებდი, მიზნად დავისახე საბანკო პროდუქტების სწავლის შემდეგ მარკეტინგში გადავსულიყავი და იქ გამეგრძელებინა კარიერული წინსვლა, მაგრამ შემთხვევით IT ჰელფ დესკში აღმოვჩნდი და აქედან დაიწყო ჩემი და ტექნოლოგიების დამეგობრება. საბოლოო ჯამში ტექნოლოგიურ მარკეტინგში აღმოვჩნდი.
მე-12 წელია IT სფეროში ვარ და სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიმართულების მხარდაჭერის ჯგუფში ვმუშაობდი. ბოლო ორი წელი გავატარე Software Development კომპანიაში, სადაც ვხელმძღვანელობდი მხარდაჭერის გუნდს და ერთგვარი თარჯიმნის როლს ვასრულებდი კლიენტსა და დეველოპერებს შორის. სწორედ აქ ვისწავლე დეველოპერების ხასიათი და სამუშაო პროცესის თავისებურებები. ალბათ, ამიტომაც მესმის მათი.
როგორც DevRel, რა სახის ცვლილებებზე მუშაობთ ამჟამად?
ამ ეტაპზე, ჩვენი მთავარი ამოცანა developers.tbcbank.ge-ის განვითარებაზე ზრუნვაა, რომლის ტექნიკური დოკუმენტაციაც უკვე განახლებულია და აქტიურად ვმუშაობთ მის გალამაზებაზე. დეველოპერ პორტალი ტექნიკური დოკუმენტაციის გარდა ასევე მოიცავს სხვადასხვა რესურსებს, ბლოგებს, ტუტორიალებსა და ინფორმაციებს ღონისძიებების შესახებ, რომ მაქსიმალურად გაუმარტივოს დეველოპერებს ჩვენი პროდუქტების გამოყენება და დაეხმაროს თვითგანვითარებაში.