ტექნოლოგია განათლება

DevOps for NonDevOps - ინიციატივა, რომელიც ცვლის პროდუქტზე მუშაობის კულტურას

ივნისი 20, 2025

„პროდუქტი ტექნიკური გუნდის საქმე არ არის. პროდუქტი საერთო საქმეა.“


ეს ერთი შეხედვით მარტივი წინადადება, გახდა თიბისის შიდა ინიციატივის – DevOps for NonDevOps – საფუძველი. დღეს, როცა თიბისიში უკვე 3 წელზე მეტია აქტიურად ვავითარებთ DevOps კულტურას, ვაცნობიერებთ, რომ მხოლოდ ინჟინრების ჩართულობა სრული ტრანსფორმაციისთვის, საკმარისი არ არის და საჭიროა ამ პროცესში ყველა იმ ადამიანის მონაწილეობა, ვინც გავლენას ახდენს პროდუქტის განვითარებაზე.

DevOps-ის არსი და გლობალური ტრენდი

DevOps - ეს არის თანამშრომლობის ფილოსოფია, ეს არის პრინციპი, რომელიც მსოფლიოში ათასობით წამყვან ორგანიზაციას დაეხმარა:


  • დაერღვია silo-ები (იზოლირებული გუნდები)
  • გაეზარდა პროდუქტის რელიზების სიჩქარე
  • შეემცირებინა დრო ბაზარზე გამოსვლამდე (Time to Market)
  • და მნიშვნელოვნად გაეზარდა თანამშრომლობის ხარისხი ტექნიკურ და ბიზნეს გუნდებს შორის

Forbes, McKinsey და Deloitte ერთხმად აღნიშნავენ, რომ DevOps-ის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია არა ტექნიკურ ინსტრუმენტებზე, არამედ საერთო მიდგომაზე, საერთო ენაზე და საერთო პასუხისმგებლობაზე.


და სწორედ აქ ჩნდება კითხვა:


როგორ ვასწავლოთ DevOps აზროვნება იმ ადამიანებს, ვინც თავად არ არიან DevOps როლებში, მაგრამ ყოველდღიურად ურთიერთობენ მათთან?

ამაზე პასუხია თიბისის ინიციატივა – DevOps for NonDevOps

ეს არის შიდა სასწავლო პროგრამა, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ:


  • ტექნიკურმა და არატექნიკურმა თანამშრომლებმა საერთო ენაზე ისაუბრონ
  • გუნდებმა უკეთ გაიაზრონ ერთმანეთის როლები, პროცესები და გამოწვევები
  • პროდუქტზე მუშაობა გახდეს მჭიდრო, ღია, პროგნოზირებადი და ეფექტიანი

პროგრამა თიბისი IT აკადემიისა და თიბისის დევოპს ლიდერების ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა და მასში ჩართული იყო, დევოპს ცოდნის ცენტრის ლიდერი, ჯაბა მაჭარაშვილი, ასევე დევოპს გუნდის ლიდერები, რომლებიც ამჟამად უძღვებიან ლექციებს - ნიკოლოზ კოშკელი და ირაკლი ბერეჟიანი.

პროგრამის შექმნის უმთავრესი პრინციპი იყო, შეგვექმნა ტრაიბების საჭიროებასა და ყოველდღიურობაზე მორგებული ინდივიდუალური სასწავლო პროგრამები, რომელიც სრულად ითვალისწინებს იმ გამოწვევებსა და სპეციფიკას, რასაც ტრაიბის წევრები თავიანთ ყოველდღიურობაში აწყდებიან.

როგორ მუშაობს პროგრამა

DevOps for NonDevOps - ეს არის ცოცხალი, ადაპტირებადი სწავლება, რომელიც ტრაიბიდან ტრაიბამდე იცვლება და ერგება კონკრეტული გუნდის საჭიროებებს, როლებსა და რეალობას.

პროგრამას აქვს ორი დონე:


Essentials Track - თანამშრომლებისთვის, რომლებიც არ არიან ტექნიკურად ჩართული პროცესებში, მაგრამ ხშირად თანამშრომლობენ DevOps გუნდებთან – იქნება ეს პროდუქტის მენეჯერი, CX, ანალიტიკოსი, დიზაინერი თუ ოპერაციების სპეციალისტი.


Deep Dive Track - მათთვის, ვისაც სურს უფრო ტექნიკურად გაიაზროს DevOps პროცესები, აინტერესებს, როგორ მუშაობს deployment pipeline, ავტომატიზაცია, ტესტირება და ინფრასტრუქტურა.

პროგრამას უძღვებიან თიბისის DevOps გუნდის ლიდერები, რაც ქმნის თიბისის რეალურ გამოცდილებაზე დაფუძნებულ სწავლებას, ხოლო ყოველი ტრაიბის შემთხვევაში ერთვება ამავე ტრაიბის DevOps წარმომადგენელი, რომელიც სწავლების პროცესს მაქსიმალურად აკავშირებს გუნდის რეალურ სამუშასოთან.

რა გამოარჩევს პროგრამას?

ტრაიბზე მორგებულობა - არ არსებობს ერთი ფიქსირებული კურსი – ყოველი შემდეგი კურსი ფორმირდება ტრაიბის საჭიროებების, პროცესებისა და გამოწვევების ირგვლივ


შიდა ექსპერტების ჩართულობა - სწავლება ხორციელდება ჩვენი გუნდის წევრების მიერ – ადამიანებისგან, ვინც თავად ქმნიან პროდუქტებს ყოველდღიურად


პრაქტიკული მიდგომა - მონაწილეები სწავლობენ არა მხოლოდ თეორიას, არამედ იმეორებენ რეალურ ქეისებს, განიხილავენ საკუთარ პრობლემებს და პოულობენ გზებს გაუმჯობესებისთვის


ფინალური ვორკშოპი - live - ყოველი კურსის ბოლოს ტარდება ფიზიკური, ინტენსიური ვორკშოპი, სადაც სხვადასხვა როლის წარმომადგენლები იკრიბებიან და ერთად ლაივში განიხილავენ აპლიკაციას მის იდეიდან – ფროდაქშენამდე. ეს არის handson დემონსტრაცია სრული DevOps ციკლის.

 

სად ვართ და სად მივდივართ?

პროგრამა უკვე წარმატებით განხორციელდა Digital Tribe-ში, BizOps და MSME ტრაიბებში.


წლის ბოლომდე უნდა დაიფაროს თიბისის ყველა ტრაიბი, 500-ზე მეტი თანამშრომლის ჩართულობით.


რატომ არის ეს საჭირო და რას გვაძლევს გრძელვადიანად?

ბარიერების გარღვევა - DevOps for NonDevOps ხსნის იმ ბარიერებს, რაც დევოპს ინჟინრებსა და პროდუქტული გუნდის სხვა წევრებს შორის არის.


სწრაფი და ხარისხიანი პროდუქტები - როცა ყველა რგოლი უკეთ გაიაზრებს პროცესებს, ცვლილებების დანერგვა ხდება უფრო სწრაფი, ეფექტური და სტაბილური - ნაკლები გადაცდომა, ნაკლები ბლოკერი, ნაკლები იტერაცია.


საერთო ენა და საერთო პასუხისმგებლობა - DevOps-ის კულტურა აყალიბებს shared ownership-ს - პროდუქტზე მუშაობა აღარ არის silo-ებში მოქცეული პროცესი, არამედ ყველას ერთიანი ძალისხმევა ირთვება


თანამშრომელთა ჩართულობის ზრდა - შესწავლის და პროცესში რეალური ჩართულობის შემდეგ, თანამშრომლები ბევრად მოტივირებულები ხდებიან, რადგან ხედავენ საკუთარ წვლილს სრულ ციკლში და გრძნობენ, რომ მათი როლი პროდუქტზე ნამდვილად მნიშვნელოვანია.


ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია, რომელიც არ შემოიფარგლება ტექნოლოგიით - ეს ინიციატივა არ ცვლის მხოლოდ პროცესებს - ის ცვლის ადამიანების აზროვნებას.

DevOps for NonDevOps ერთ-ერთი ღირებული შიდა ინიციატივაა, რადგან ის ცვლის გუნდების დინამიკას, ენას, ურთიერთობას და მიზანს.