დეკემბერი 04, 2023
DevOps ტექნოლოგიურ სამყაროში შედარებით ახალი პრაქტიკა და ფილოსოფიაა, რომელიც ორგანიზაციებს გაცილებით სწრაფად და ხარისხიანად მუშაობაში ეხმარება. მიუხედავად ამისა, სულ რამდენიმე წელიწადში DevOps თიბისის განუყრელი ნაწილი გახდა და კულტურად იქცა, რომელიც ეტაპობრივად იხვეწება - კომპანიის მენეჯმენტი მაქსიმალურად ცდილობს, რომ გუნდს, რომელიც ამ ტექნოლოგიაზე მუშაობს, განვითარებისა და ახლის სწავლის შესაძლებლობა მისცეს. სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდა თიბისის DevOps გუნდი კონფერენციაზე Devops Barcelona.
DevOps Barcelona 9-10 ნოემბერს გაიმართა. ღონისძიება 2019 წლიდან ტარდება. ძირითადი მიზანი ინჟინრებისთვის, რეალურ ქეისებზე დაყრდნობით, გამოცდილების გაზიარებაა. წლევანდელი ღონისძიების სპონსორები ისეთი ცნობილი კომპანიები იყვნენ, როგორებიცაა Fastly, New Relic, PagerDuty, Varnish, OVH cloud და სხვა.
კონფერენციის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებაზე, ემოციებზე, მნიშვნელობასა და შეძენილი ცოდნის კომპანიაში დანერგვის გეგმებზე თიბისის DevOps გუნდის ლიდი, ქეთი წიკლაური გვესაუბრა.
“კონფერენციის ფარგლებში განხილული ქეისებისა თუ ხელსაწყოების უმრავლესობა ჩვენთვის უკვე ნაცნობი იყო, რამაც დაგვარწმუნა, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. ამასთან ერთად, ახალ ქეისებსაც გავეცანით, რაც სასიამოვნო და საჭირო გამოცდილება იყო. ძალიან გამიხარდა, როცა საქართველოში დაბრუნებულმა აღმოვაჩინე, რომ თიბისის DevOps გუნდი პრაქტიკაში უახლეს ხელსაწყოებს იყენებს”.
ქეთი ამბობს, რომ კონფერენციის ფარგლებში მიღებული ახალი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას გუნდის სხვა წევრებისთვისაც აპირებენ, თუმცა, იქამდე ამ ყველაფრის კარგად გააზრება და კომპანიის საჭიროებებზე მორგებაა საჭირო, რაც მარტივი პროცესი არ არის.
“ის თემები, რაც კონფერენციიდან წამოვიღეთ, დასამუშავებელი გვაქვს. უნდა დავფიქრდეთ, რამდენად მოერგება ორგანიზაციას ხელსაწყოები, რომლებსაც ჯერ არ ვიყენებთ. ერთობლივი დისკუსიებისა და მსჯელობის შემდეგ კი მათ კომპანიაში დანერგვას ვეცდებით. DevOps Barcelona-დან ძალიან ბევრი სიახლით დავბრუნდით, რომლის გაცნობის პროცესიც ჩვენი ზრდისთვის ძალიან საინტერესო იქნება და დარწმუნებული ვარ, ამით კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ TBC Tech ში მიმდინარე პროცესებს”.
დამსწრე საზოგადოება DevOps Barcelona-ს კონფერენციის ფარგლებში ბევრ საინტერესო ქეისს გაეცნო. ქეთიზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება გუნდების შრომისმოყვარეობამ მოახდინა - რამდენს აკეთებდნენ იმისთვის, რომ კონკრეტული შედეგისთვის მიეღწიათ.
“განსაკუთრებით საინტერესო იყო პერფორმანს ტესტირების ქეისი Grafana k6-ის გამოყენებით, Kubernetes-ის node-ების მაშსტაბირებადობის ქეისი Karpenter-ის გამოყენებით, Kubernetes-ის შესაძლებლობების გაფართოების ქეისი CDR-ების გამოყენებით, ინციდენტ მენეჯმენტი და ალერტინგი PagerDuty-ის გამოყენებით, უსაფრთხოების და ინფრასტრუქტურული კონფიგურაციის შეცდომების აღმოჩენის ქეისი DataDog-ის გამოყენებით და უამრავი სხვა”.
ქეთის თქმით, უმნიშვნელოვანესია, როცა კომპანია, რომელშიც მუშაობ განვითარებისთვისა და ახლის შესწავლისთვის მსგავს, მაღალი დონის კონფერენციაზე გიშვებს. ეს გუნდის მუშაობისა და ლოიალურობის ხარისხზე დადებითად ისახება.
“DevOps კონფერენციებს საქართველოშიც ხშირად ვესწრებით. თუმცა, როცა ქვეყნის გარეთ გადიხარ და სხვა დიდ ორგანიზაციებს უყურებ, თუ როგორ მუშაობენ და ვითარდებიან, უფრო თავდაჯერებული ხდები. მსგავსი გასვლები საჭირო და სასარგებლოა - ახალ კონტაქტებს იძენ, გამოცდილებას იღებ და პირიქით, უზიარებ და ა.შ.”.
ქეთის აზრით, ერთ კონფერენციასაც კი შეუძლია დაგანახოს და შთაგაგონოს ის, რასაც შეიძლება თავად ვერ მიხვდე - ახალი ხელსაწყოების გაცნობის პროცესიც საინტერესოა - უნდა ჩაუჯდე, ისწავლო, წაიკითხო, ინფორმაცია მოიძიო, გაარჩიო, რაც, რა თქმა უნდა, განვითარებაში გეხმარება.
ავტორი: Dev.ge