აპრილი 18, 2023
თიბისი კონცეპტისა და ისთერნ პრომოუშენის მხარდაჭერით, 9-11 მაისს თბილისში 26-ე ჯაზფესტივალი გაიმართება.
ტრადიციულად, წელსაც მრავალფეროვანი იქნება იმ აღიარებული არტისტების ჩამონათვალი, ვისაც ფესტივალის განმავლობაში მოუსმენთ - აღმოაჩენთ ახალ მსოფლიო ვარსკვლავებს ან ძველი საყვარელი მუსიკოსების ცოცხალ კონცერტებს დაესწრებით.
ფესტივალს წელსაც „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ მასპინძლობს.
ფესტივალის განმავლობაში სასტუმროს მისაღებში ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა აქტივობები: ირაკლი ჩიქოვანის პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით - „ჯაზის საათი“, ასევე კომპანია „აუდიო ლაბის“ ვინილების გამოფენა/გაყიდვა და კახა თოლორდავას რიგით მეორე ფილმის - „პირველ პირში - ერთი ფესტივალის ამბავი“ პრემიერა.
რაც შეეხება უშუალოდ ჯაზფესტივალს, კონცერტების სერიას 9 მაისს ლუკა თოფურიძე და მისი ბენდი გახსნის “ჯაზ ლაბის“ დარბაზში.
მოგვიანებით კი “სთარ სთეიჯზე“ JAZZ/TAKES SUPERGROUP-ს და მის ოთხ გამორჩეულ შემსრულებელს - Bill Evans-ს, Niels Lan Doky-ს, Felix Pastorius-სა და Harvey Mason-ს - შეხვდებით.

10 მაისის საღამოს შესაძლებლობა გექნებათ ჩეხ შემსრულებლებს - Martin Kratochvil-ს და Jazz Q-ს მოუსმინოთ.
მოგვიანებით კი გენიოსად აღიარებულ იტალიელ პიანისტსა და კომპოზიტორს - Stefano Bollani-ს, რომელიც შემოგთავაზებთ საკუთარ ვარიაციებს ცნობილი როკ-ოპერიდან - Jesus Christ Superstar.
ფესტივალის ბოლო დღეს - 11 მაისს, “ჯაზ ლაბის” დარბაზში იტალიური ბენდი - Motel Kaiju წარდგება თქვენ წინაშე.
“სთარ სთეიჯს” კი Stanley Clarke დაიკავებს. სწორედ ის დახურავს სამდღიან ფესტივალს თავისი პერფორმანსით.