კულტურა სიახლეები

ქართლის სასახლეების ტური - "მოგზაურობა მივიწყებულ ისტორიებში.“

თიბისი კონცეპტი - პერსონალური საბანკო მომსახურება

მაისი 01, 2023

მსოფლიო ლიტერატურასა თუ კინოში ნაპოვნ საუკეთესო ამბებზე არანაკლებ შთამბეჭდავი, მოგზაურობისას გადახდენილი თავგასასავლები, შეგროვილი ცოდნა და ემოციებია, რომელთა ავტორებიც თავად მოგზაურები ვართ..


მოგზაურობისას ვაცნობიერებთ, რომ მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ბევრი ვიცით, შესაცნობი ყოველთვის უფრო მეტია.. 

თიბისი კონცეპტის და „მოგზაურის“ პირველი ერთობლივი „კონცეპტ თავგადასავალი“ „ქართლის სასახლეების ტური - მოგზაურობა მივიწყებულ ისტორიებში“ ქართლის ფეოდალთა მე-17, მე-18, მე-19 საუკუნეებში აგებულ, ყოფილ ციხე-სასახლეებში, მათი დიდების და ევროპული თუ აზიური გავლენებით, მათივე კულტურულ-სოციალური ცხოვრების ნაკვალევზე დაიწყო...


სადაც ქართლის დიდგვაროვანთა მდიდარი და მრავალფეროვანი ცხოვრების ნიშნები, დაზიანებულ კედლებზე ჯერ კიდევ იკითხება. ციხე-სასახლეები წლებია მეპატრონეების აჩრდილებს და მათ ისტორიებს ინახავს.

ხელოვნებთმცოდნე ნიკა ვაჩეიშვილის და რეჟისორ ლევან წულაძის მეგზურობით,

ქართლის სასახლეების ტური - დროში მოგზაურობის საუკეთესო გამოცდილება იყო.


დროში, რომლის მნიშვნელოვანი ამბები შემდგომმა წლებმა და საბჭოთა წარსულმა დაგვავიწყა!

მოგზაურობა კასპის მუნიციპალიტის სოფელ ლამისყანადან დავიწყეთ, სადაც ჯამბაკურ ორბელიანის სასახლე-მუზეუმის და მათ მკვიდრთა ისტორიას გავეცანით. სასახლე მე-18 საუკუნიდან ლიტერატურული სალონი, იმ პერიოდის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი კერა ყოფილა.


მისი ბოლო მეპატრონეები იყვნენ ალექსანდრე ორბელიანი და მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი (ერეკლე მეფის ქალიშვილის, თეკლას შვილიშვილი).

სოფელ ლამისყანაში ორბელიანების სასახლის შემდეგ ქსნის ერისთვების (მანამდე აზნაურ გარაყანიძეების) მე-17 საუკუნეში აგებული სასახლის ნანგრევებად ქცეული შენობა მოვინახულეთ. გადმოცემით, სწორედ ამ სასახლეს უკავშირდება დავით გურამიშვილის სიყვარულის ისტორიაც.

ერთერთი ვერსიით, სპარსული ორიენტაციის ქსნის ხეობის ერისთავები და აზნაურების შეთქმულების გეგმა, დავით გურამიშვილის გატაცება ყოფილა, რის შემდეგაც გურამიშვილი ლეკებმა დაატყვევეს.


ხანგრძლივი, უშედეგო ძებნის შემდეგ გურამიშვილის მეუღლემ, აზნაურ გარაყანისძის ქალიშვილმა, ქეთევანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით სასახლის სარდაფში დაასრულა. ქართლის ფეოდალთა ისტორიების გაცნობა, სოფელ ქვემო ჭალაში განვაგრძეთ. 

ამილახვართა ციხე-სასახლე, კომპლექსი, ეკლესია და სხვა შენობა-ნაგებობები მე-17, მე-18 საუკუნეებით თარიღდება. სასახლის მეპატრონე ივანე გივის ძე ამილახვარი (1829- 1905) კავკასიის საარმიო კორპუსის მეთაური იყო, რომელმაც მშობლიურ და მეზობელ სოფლებში გაიყვანა გზები, გახსნა სკოლა - სასოფლო–სამეურნეო განხრით, საკუთარ სახლში მოაწყო აფთიაქი და პატარა ამბულატორია, მოიწვია გამოცდილი ფერშალიც.


 ისტორიულ წარსულში მოგზაურობა სოფელ გარიყულაში თარხან-მოურავების „მარშლიანთ“ სასახლეში კიდევ უფრო შთამბეჭდავი გამოდგა. „მარშლიაანთ“ სასახლის პირველი სართული მე19საუკუნის მიწურულს თავად დავით თარხან-მოურავის (მიმბაშის) მიერ აშენდა. მეორე სართული კი შვილებმა დააშენეს, კედლების მოსახატად კი სპარსი მხატვრები მოიწვიეს, რომლებმაც მოხატვას ათი წელი მოანდომეს.

გადმოცემით, გიორგი ერისთავის ცნობილი თეატრალური დადგმა "გაყრა" პირველად „მარშალიანთ სასახლეში“ წარუდგენიათ. ამბობენ, რომ სასახლის ერთერთი დარბაზის ცენტრში მდგომ შადრევანში განსაკუთრებულ დღეებში ღვინო მოედინებოდა. შემდგომ წლებში საბედისწეროდ დაზიანებულ სასახლეს, ამჟამად თარხანმოურავების შთამომავლები უვლიან. 

პირველი დღის მიწურულს, ქართლის სასახლეების ტურის მეგზურმა ნიკა ვაჩეიშვილმა, მოგზაურებს ატენის ხეობაში მდებარე საკუთარ სასტუმროში გვიმასპინძლა.


აქვე მოვინახულეთ მე-7 საუკუნის ჯვარ-გუმბათოვანი ატენის სიონი შთამბეჭდავი ისტორიითა და განსაკუთრებული მდებარეობით.


ნიკა ვაჩეიშვილმა მოგზაურებს მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი ახალგორის ქსნის ერისთავების, სოფელ მეჯვრისხევში - მირმანოზ და კოტე ერისთავების, სოფელ კორინთაში - დავით ერისთავის, სოფელ იკოთში - მუხრანბატონის, სოფელ თამარაშენში ივანე მაჩაბლის სასახლის, ასევე ოკუპიპაციის შედეგად დეფაქტო საზღვრის მიღმა დარჩებილი ხუროთმოძღვრების ძგლების შესახებ სევდიანი ისტორიები გაგვაცნო.  

მეორე დღეს უკვე სოფელ მუხრანში, 148 წლის წინ აგებული მუხრანბატონის განახლებული სასახლე მოვინახულეთ. სასახლე ეკუთვნოდა მდიდარ ქართველ მემამულეს, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტს ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანბატონს (1809-1895წწ.). 


1876 წელს ივანე მუხრანბატონმა საფრანგეთიდან მოიწვია მეღვინეობის სპეციალისტები, დაიხმარა ქართველი მეღვინე ზ. ჯორჯაძე და მუხრანში ააგო ღვინის ქარხანა, სადაც ღვინოს ევროპული წესის შესაბამისად აყენებდნენ. 


სრულიად განსხვავებულული ნაგებობის შთაგონების წყაროს აზიურ სტილთან შეხამებული ფრანგული არქიტექტურა და ვერსალის ბაღები წარმოადგენდა.

ივანე მუხრანბატონის განახლებული სასახლე წინა საუკუნეების ისტორიული ქართლის წარსულს სრულად და თვალსაჩინოდ აცოცხლებს.

ქართლის დიდგვაროვანთა კულტურული ცხოვრების დეტალებზე და უკვე სალონური ცხოვრების, გიორგი ერისთავის პირველი კლასიკური თეატრის ამბავი მოგზაურებს რეჟისორმა ლევან წულაძემ გაგვაცნო. 

ქართლის ციხე-სასახლეების მოვლა, მათ მკვიდრთა წარსულში მოგზაურობა, კიდევ უფრო შთამბეჭდავი მეგზურების განსაკუთრებულმა თხრობამ გახადა. მივიწყებული ისტორიების გახსენება კი ატენური თუ მუხრანის ღვინის თანხლებით, ქართლური კულინარიის სიმბოლოებითა და ამ მხარის ხუროთმოძღვრების მონახულებით დაუვიწყარი გამოდგა.


ეს მოგზაურობა შთაბეჭდილებების შეგროვების გარდა, იყო მცდელობა გაგვეაზრებინა ჩვენი ისტორიის მნიშვნელოვანი პერიოდი.

წინ თიბისი კონცეპტისა და „მოგზაურის“ კიდევ რამდენიმე ერთობლივი ტურია. 

შემდეგი მოგზაურობა ივნისში სამცხე-ჯავახეთის მისტიკურ ისტორიულ მხარეში გველის. ეთნიკური მრავალფეროვნებით და ამოუცნობი ისტორიით გამორჩეული მხარე განსხვავებული კულინარიითაც გაგაკვირვებთ.


მომავალი ტურის დეტალებზე თვალი ადევნეთ თიბისი კონცეპტის სოციალურ ქსელებს. 

ავტორი: At.ge