ბიზნესი

თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2023-ის ფინალისტები ცნობილია

დეკემბერი 22, 2023

თიბისიმ ბიზნესის მხარდაჭერის პროექტში ბიზნეს დაჯილდოება 2023-ი ფინალისტი კომპანიები გამოავლინა. ფინალისტები 5 ნომინაციაში 400-ზე მეტი კომპანიიდან შეირჩა, რომლებიც წლევანდელ დაჯილდოებაში მონაწილეობდნენ.

ბიზნეს დაჯილდოება თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროექტია, რომელიც უკვე მეშვიდედ იმართება და მასში მონაწილეობა 3000 - ზე მეტმა კომპანიამ მიიღო. 

გაიცანით ბიზნეს დაჯილდოება 2023-ის ფინალისტები, რომელთა შორისაც გამარჯვებულებს ჟიური მომავალი წლის თებერვალში გამოავლენს

სტოქტონი

სტოქტონ რექორდსი არის ლეიბლი და მუსიკალური მენეჯმენტის კომპანია. მათი მომსახურება გულისხმობს როგორც უფრო კომფორტულ სამუშაო გარემოს მუსიკოსებისთვის, ასევე, უფრო მდიდარ მუსიკალურ პროდუქტს და საკონცერტო გამოცდილებას მსმენელისთვის. კომპანიის შემოქმედებითი ჯგუფი არტისტებთან ერთად ჩართულია მუშაობის ყველა ეტაპზე, საიმისოდ რომ შექმნან ახალი და განსხვავებული აუდიო-ვიზუალური გამოცდილება. 

ცვალებადი ნიშნები

კავეა პლუსმა საქართველოში შექმნა პირველი სტუდენტური სერიალი - "ცვალებადი ნიშნები". სერიალში ნაჩვენებია სტუდენტური გამოწვევებით, დილემებით, სოციალური საკითხებითა და გადაწყვეტილებებით სავსე თანამედროვე ცხოვრება და მკაფიოდ ისმის ახალი თაობის ხმა. "ცვალებადი ნიშნების" პირველი სეზონი უმოკლეს დროში გახდა ციფრულ პლატფორმებზე ყველაზე ნახვადი და განხილვადი პროექტი და ადგილობრივ გართობისა და შემოქმედებით ინდუსტრიაში შეიქმნა მასშტაბური წარმატების პრეცედენტი - სოციალურ ქსელში „ტიკტოკი“ ეპიზოდის სცენები 38 მილიონჯერ ნახეს, „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ იგივე მაჩვენებელი 10 მილიონზე მეტია, ხოლო კავეა პლიუსზე სერიალის 12 ეპიზოდის ჯამური ნახვების რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა. წარმატების და ზრდის პოტენციალის დასტურად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ სერიალის მეორე სეზონი გადაღებები უკვე მიმდინარეობს და მონატრებული მაყურებელი ახალ ეპიზოდს იანვარში ნახავს. მომდევნო ორი წლის განმავლობაში კიდევ 2 სეზონია დაგეგმილი.

HIGHWAY VFX

კინო, სარეკლამო და კომპიუტერული თამაშების სივრცე - ეს სწორედ ის მიმართულებებია, სადაც სტუდია "ჰაივეი" მეხუთე წელია პოზიციონირებს, როგორც ინდუსტრიის სტანდარტის ხარისხის მომწოდებელი 3D ანიმაციასა და ვიზუალური ეფექტების წარმოებაში.

სტუდია "ჰაივეი" დაარსების დღიდან იყო ორიენტირებული ხარისხზე და ლოკალური თუ გლობალური ბაზრის ათვისებაზე, რათა მსოფლიოს დაანახოს, რომ საქართველოშიც შეიძლება აწარმოო იგივე დონის/ხარისხის 3D ანიმაცია და ვიზუალური ეფექტები, როგორც ამას ამერიკული თუ ევროპული კომპანიები აკეთებენ.

„ჰაივეიმ“ ძალისხმევა პირველ რიგში ქართულ ბაზარზე მიმართა და მონაწილეობა მიიღო თითქმის ყველა დიდი და ცნობილი ადგილობრივი ბრენდის პროექტებში. შედეგმაც არ დააყოვნა და მალევე სახელი HIGHWAY VFX გახდა ხარისხთან ასოცირებული. 

ამ მონდომების შედეგად,   კომპანია დაარსებიდან პირველივე წელს ისეთი გლობალური ბრენდის პროექტში ჩაერთო, როგორიცაა NISSAN, რომელსაც მოყვა SUZUKI, შემდეგ AIRBUS, შემდეგ HONDA, შემდეგ SAMSUNG და 2-3 წლის ინტერვალში, "ჰაივეი" გლობალურმა ბაზარმა გაიცნო.

„ჰაივეის“ დაგეგმილი აქვს, რომ მომდგევნო 2 წლის განმავლობაში მოიპოვოს ნდობა და აქტიურად დაიწყოს თანამშრომლობა ისეთ კომპანიებთან როგორებიცაა NETFLIX, DISNEY, HBO, UNIVERSAL, SONY და ასე შემდეგ. ეს ერთი-ორად შეცვლის ადგილობრივ თუ რეგიონალურ ლანდშაფტს ამ სფეროში დასაქმების მიმართულებით. საქართველო კი დაფიქსირდება კიდევ უფრო გლობალური 3D ანიმაციის და ვიზუალური ეფექტების რუქაზე. 

ტენე 

ტენე გამორჩეული პასუხისმგებლობის კომპანია, რომლის მიზანსაც გარემოზე ზრუნვა წარმოადგენს. 

კომპანია ტენემ უარი თქვა პირველადი პლასტმასის მასიურ გამოყენებაზე და მის ნაცვლად წარმოების პროცესში დანერგა მეორადი ბოთლის თავსახურების გამოყენება. მოსახლეობაში ნარჩენების შეგროვება-დანაწევრების კულტურის გასავითარებლად წამოიწყო აქციები, რომლის ფარგლებშიც ყველა, ვინც 50 ბოთლის თავსახურს შეაგროვებდა, სანაცვლოდ მიიღებდა 1 USB სადენს.

 ელექტრონული ნარჩენის მზარდი პრობლემის მიმართ ცნობიერების ასამაღლებლად და მის შესამცირებლად ტენემ მეორე აქციაც წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც ადამიანები აბარებენ დაზიანებულ USB სადენს და სანაცვლოდ ახალს იღებენ. დაზიანებულს კი ტენე  მეორე სიცოცხლეს ჩუქნით,  შეაკეთებს და  მიმოქცევაში აბრუნებს, როგორც მეორადი მოხმარების ნივთს. 

გარემოში სასათბურე აირების გამოფრქვევის შესამცირებლად ტენეს წარმოება სრულად განახლებად ენერგიაზე - მზის პანაელებზე გადავიდა. 

ტენეს საწარმო წეროვნის დევნილთა დასახლებაში გადაიტანეს, სადაც სამუშაო ადგილებს იქმნება პირველ რიგში 2008 წლის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირებისთვის.  

პლასტმასით დაბინძურების შესამცირებლად ბოთლის თავსახურებთან ერთად ტენემ დაიწყო ბოთლის ტარის ჩაბარებაც, რომელსაც მართალია წარმოებაში თავად არ იყენებს, ამიტომ გადაეცემა სხვა გადამამუშავებელ კომპანიებს, ასევე ბოთლების ჩაბარების გასამარტივებლად შეიქმნა „ბოთლიყლაპია“ აპარატი და მისი აღრიცხვის ელექტრონული სისტემის ქართული ვარიანტი.  

ტენემ ხმარებიდან ამოიღო კაბელის ლამინირებული შეფუთვა, რისი გადამუშავებაც შეუძლებელია საქართველოში და მის ნაცვლად შემოიღო მეორადი მუყაოსგან დამზადებული კრაფტ შეფუთვები. 

სოციალურ საწარმოზე და ეკო წარმოების კონცეფციაზე გამოცდილების გაზიარების მიზნით, ტენე სკოლებისთვის ატარებს ვორქშოფებს, ასევე სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში იმართება საინფორმაციო შეხვედრები. 

ბაბალე

საქართველოში 150 000-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი ცხოვრობს, მათი ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა დასაქმებაა. სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა ინკლუზიური განათლებისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოში ბოლო წლებში გადადგმული პროგრესული ნაბიჯების და მცდელობების მიუხედავად, კვლავ აწყდებიან დაბრკოლებებს, როგორც ადეკვატური და ხარისხიანი განათლების მისაწვდომობის არსებობის, ასევე საზოგადოების მხრიდან მწვავე სტიგმატიზაციისა და გაუცხოვების გამო.  კომპანია „ბაბალე“ დაფუძნდა დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდების დასაქმების და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით. წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ დასაქმებამდე ახალგაზრდებს ესაჭიროებათ ხანგრძლივი და რუტინული მხარდაჭერა უნარების განვითარებაში, რათა მომავალში შეძლონ სრულფასოვანი დასაქმება. ამ ეტაპზე „ბაბალეში“ სრულფასოვნად დასაქმებულია 4 დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდა, ხოლო 16 მოზარდი გადის წინა პროფესიულ მომზადებას.

პეტიტ ბაზარი

კომპანია  Petit Bazar -ის დევიზია „მეტი ვიდრე მაღაზია“.  კომპანია ცდილობს იყოს მეტი ვიდრე მაღაზია სოციალური განზომილებით, მეტი ვიდრე მაღაზია გარემოს დაცვითი ინიციატივებით, მეტი ვიდრე მაღაზია ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობით, ქალთა გაძლიერებით. „პეტიტ ბაზარი“, რომელიც 2022 წლის 1 ივნისს გაიხსნა, არის ინოვაციური კონცეფციის ადგილი ბავშვებისა და მშობლებისთვის, სადაც გაერთიანებულია საბავშვო მაღაზია და შემოქმედებით-შემეცნებითი სივრცე ეზოთი, მთავარი აქცენტით ადგილობრივ, ეკო-მეგობრულ წარმოებასა და ინკლუზიურ გარემოზე. დღეს მაღაზიაში იყიდება ადგილობრივი მეწარმეების ნარჩევი საბავშვო პროდუქცია ავეჯით, დეკორით და სათამაშოებით დაწყებული, აქსესუარებითა და წიგნებით დამთავრებული. ხოლო შემოქმედებითი და შემეცნებითი წრეები, სადაც გაკვეთილებს იგივე მეწარმეები ატარებენ, ემსახურება ბავშვების თავისუფალი წარმოსახვის უნარის განვითარებას, სხვადასხვა ხელობების სწავლებას, ბუნებისა და ეკოლოგიის მიმართ მგრძნობელობის გაზრდას.  დაარსებიდან წელიწად ნახევრის შემდეგ „პეტიტ ბაზარი“ აერთიანებს 150-ზე მეტ ადგილობრივ მეწარმეს, რომელთა 80 პროცენტს ქალები წარმოადგენენ და რომელთათვისაც „პეტიტ ბაზარი“ დამატებით შემოსავალს ქმნის. 

ციმ.ციმ

ციმ.ციმ გალერეა ტექსტილის მზა ნაწარმის დამამზადებელი საწარმოა, ეკო პროდუქციის გამორჩეული ხარისხით და სოციალური პასუხისმგებლობით. ციმ.ციმი ამზადებს საბავშვო, საოჯახო, კომერციული და გარე გამოყენების ტექსტილის ნაწარმს, მხოლოდ უმაღლესი ხარისხის, ბუნებრივი ქსოვილებით და კერვის ქარხნული სტილით. მუშაობს ეკო პროდუქციით, უნარჩენო წარმოების პრინციპით, შესაფუთად იყენებს მხოლოდ ქაღალდის ბაზისზე დამზადებულ ტარას, ასწავლის უფასოდ ჭრა-კერვას და წარმოების თანმდევ პროცესებს იმ ქალებს, რომელთაც პროფესია არ აქვთ. 

ციმ.ციმი არ არის მხოლოდ ფინანსურ მოგებაზე ორიენტირებული საწარმო, კომპანიისთვის მთავარი ფასეულობა ადამიანური ღირებულებები და ურთიერთობები, კმაყოფილი თანამშრომლები და ბედნიერი მომხმარებლები არიან. 

ენთები

„ენთები“ ბუღალტრული და ფინანსური სერვისების კომპანიაა, რომელიც დღეს ყოველდღიურად 500-ზე მეტ კლიენტ კომპანიას ემსახურება. ენთები დაარსდა 2015 წელს და მომხმარებელს შესთავაზა ბაზრისთვის უცხო, განსხვავებული და გამარტივებული სერვისი. როდესაც ენთები ბაზარზე გამოჩნდა, არსებული საბუღალტრო კომპანიები აქცენტს აკეთებდნენ მსხვილ ბიზნესზე. საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობდა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი სერვისი. საბუღალტრო კომპანიები ან პირდაპირ ადეკლარირებდნენ, რომ მათი სერვისი განკუთვნილი იყო მსხვილი ბიზნესებისთვის ან მათ მიერ შეთავაზებული ფასი პრაქტიკულად უზღუდავდა წვდომას მცირე და საშუალო ბიზნესს. ეს იმ დროს, როცა დიდი ბიზნესების რაოდენობა საქართველოში რამდენიმე ასეულს არ აღემატებოდა და მცირე/საშუალო ბიზნესების რაოდენობა 50 ათასს აჭარბებდა. ენთებმა სწორედ ამ სეგმენტზე მორგებული სერვისი შექმნა. მიდგომა იყო მარტივი: ტექნოლოგიების დახმარებით, ბუღალტერიისა და თანმდევი ტრანზაქციების ავტომატიზაციის გზით, მანუალური ინტერვენციის მინიმუმამდე დაყვანა, რაც ერთი მხრივ ამცირებდა ხარჯებს და საშუალებას იძლევა, რომ მცირე და საშუალო სეგმენტს მისაღებ ფასად შესთავაზო მომსახურება და მეორე მხრივ ახდენდა ბუღალტრული მომსახურების უდიდესი ნაწილის დიჯიტალიზაციას და გავირტუალურებას. ფიზიკური საბუთები პრაქტიკულად სრულად ჩანაცვლდა ელექტრონული ინფორმაციის მიმოცვლით. მსხვილი ბიზნესის შემთხვევაში ბუღალტერიის ავტომატიზაცია და დისტანციური ინფორმაციის მიმოცვლა ნაკლებად შესაძლებელია, თუმცა მცირე და საშუალო ბიზნესის შემთხვევაში ეს სრულიად რეალური იყო და სწორედ ეს განახორციელა ენთებმა.

აუკი

აუკი სივრცითი მოწყობის სერვის კომპანიაა. ადამიანებს სთავაზობს სრულ სპექტრს დიზაინ კონცეფციიდან გასაღებით ჩაბარებამდე. აუკი უკვე 5 წელია ერთ-ერთ ყველაზე უსიამოვნო პროცესს იმგვარად გარდაქმნის, რომ მომხმარებელმა, მათ შესაძლებლობებთან მიმართებაში, საუკეთესო სახლში იცხოვრონ და თან ეს პერიოდი პოზიტიურ გამოცდილებად დაამახსოვრდეთ. მომხმარებლები წინასწარ განწყობილი არიან რომ თავი იგრძნონ მოტყუებულად, უყურადღებოდ და საბოლოო პროდუქტით უკმაყოფილოდ. აუკმა ამ პარადიგმის გადასატეხად ამ ბუნდოვან ინდუსტრიაში მიზნად დაისახა სრული გამჭვირვალობის შემოტანა და იმ სივრცეში სადაც ადამიანები ურთულეს კომუნიკაციის გამოცდილებას ელოდებიან, ინტეგრირება გაუკეთა მსოფლიოს საუკეთესო ციფრული პროექტ მენეჯმენტ ინსტრუმენტებს. ამ ინსტრუმენტების გამოყენება საშუალებას აძლევს მომხმარებელს ცოცხალ რეჟიმში მიაწოდოს განახლებადი ინფორმაცია მიმდინარე პროგრესის შესახებ, ცვლილების საჭიროების შემთხვევაში ციფრულად შესთავაზოს ალტერნატიული ვერსიები.  ციფრულ სივრცეში არჩევანის გართულების შემთხვევაში მომხმარებელთან სასურველ ადგილზე მიაქვს მასალა/პროდუქტის ვარიაციები.

ჰერბია

ჰერბია Global Gap, HACCP და GEO Gap-ის სერტიფიკატების მქონე კომპანიაა, რომელსაც ქიმიური საშუალებების გამოყენების გარეშე მოჰყავს მწვანილი და ბოსტნეული. კომპანია ახდენს წარმოებული პროდუქციის დაფასოებას და დისტრიბუციას საქართველოს ყველა სავაჭრო ქსელში. ჰერბიამ საქმიანობა დაიწყო 2006 წელს და მას შემდეგ ძალიან მალე გახდა უმაღლესი ხარისხის სათბურში მოყვანილი მწვანილის და ბოსტნეულის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი და პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც დაიწყო პროდუქციის დაფასოება. ჰერბიას სათბურები წყალტუბოში 10 ჰექტარზეა გაშენებული, კომპანიას მოწყობილი აქვს საწყობი-მაცივარი და დასაფასოებელი საწარმო, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და საწარმოო ხაზებით. ყველა პროდუქტი, რომელიც ჰერბიას სავაჭრო ნიშნით იწარმოება, შეესაბამება სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებს და გარემოსდაცვით მოთხოვნებს. ჰერბია უკვე 17 წელია ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე, ამ პერიოდის მანძილზე კომპანიამ გაიჩინა ძალიან ბევრი პარტნიორი, მათ შორის არიან ადგილობრივი ფერმერები, რომლებიც რეგიონში 5000-ზე მეტია. დაფუძვნების დღიდან ჰერბია ინოვატორი იყო ახალი ტექნოლოგიების და კულტურების დანერგვაში, რომელიც შემდეგ გავრცელდა მთელი რეგიონის და არამარტო რეგიონის მასშტაბით მაგალითად: კომპანია პირველი იყო რომელმაც ააშენა გვირაბის ტიპის სათბური და აღჭურვა თანამედროვე საირიგაციო სისტემებით, ქვეყანაში გაავრცელა ისეთი კულტურები როგორიც არის რუკოლა, როზმარინი, ჩაივსი, პომიდორი ჩერი, სალათის სხვადასხვა ჯიშები და ა.შ. 

ალტიჰათი

ალტიჰათი 3014 არის თანამედროვე სამთო სასტუმრო [Mountain Hut], განთავსებული ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე, ყაზბეგში. კომპანიის მისიაა სამთო და რეკრეაციული ტურიზმის განვითარება საქართველოს ალპურ სიმაღლეზე. ალტიჰათმა წარმატებით შეძლო შეექმნა ახალი შესაძლებლობები მაღალ-მხარჯველი ტურიზმის განვითარების სფეროში და ხელი შეუწყო არსებული მწირი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მაღალმთიან რეგიონში. გარდა იმისა რომ ალტიჰათმა სრულიად ახალი, უმაღლესი სტანდარტი დააწესა რეგიონში, ასევე მნიშვნელოვნად გააუმჯობესა უსაფრთხოების ნორმები ალპურ სიმაღლეზე - საკუთარი ხარჯებით და კომპანია მაგთიკომის ხელშეწყობით 2018 წლიდან სრულად დაიფარა აღნიშნული სიმაღლე სატელეფონი კავშირით, რამაც შესაძლებელია გახადა პირდაპირი გაგებით მინიმუმ 10 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. ასევე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ამ სიმაღლეზე არსებული ტურისტების გადაადგილება და მნიშვნელოვნად გაზარდა შესაძლებლობა ადგილობრივი თემისათვის ალტიჰათმდე არსებული სეზონის გახანგრძლივებით.  

სასტუმრო მდებარეობს ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე, სადაც მოხვედრა მხოლოდ საფეხმავლო ბილით, 5 კმ გავლის შემდეგაა შესაძლებელი. ალტიჰათის მთავარი მისია, ნარჩენების მართვის სისტემის შექმნაა, რაც გაზრდილი ტურიზმის გამოწვევაა ნებისმიერ ქვეყანაში, ამ მიმართულებით მოხდა სისტემური მიდგომის დანერგვა ალპურ სიმაღლეზე; გეგმა - ახალი ტურისტული და სათავგადასავლო მიმართულების განვითარების ხელშეწყობა ქვეყანაში, წარმატებით იქნა მიღწეული, 2018 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა ისეთი ვიზიტორების რაოდენობა როგორიცაა birdwatching, სკი-ტურინგი, heli-biking და ახალი საფეხმავლო მარშრუტები ამ მიმართულებით, განსაკურებით კი აქამდე არარსებულ სეზონზე. ადგილობრივი მოსახლეობისათვის შეიქმნა ახალი შესაძლებლობები და წლის აქამდე არააქტიურ სეზონზე დასაქმების პერსპექტივები.

2022 წლიდან ალტიჰათმა სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი და მოგვიანებით სრულყოფილი პარტნიორობა დაიწყო შვეიცარულ ულტრა "ლაქშერი" ბრენდ ბალისთან, შესაბამისად ბალისთან ერთად 2024 წელს დაგეგმილია სრულიად ახალი, თანამედროვე სამთო სამაშველო ქოხის პროექტის მშენებლობა ზღვის დონიდან 3700 მეტრ სიმაღლეზე, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს სათავგადასავლო ტურიზმის პოტენციალს ჩვენს ქვეყანაში და ადგილობრივ თემს მისცემს საშუალებას მნიშვნელოვნად გაზარდონ მათი ბიზნეს შესაძლებლობები.

სვანიძის ზეთისხილი

ქართული ზეთისხილის ზეთის წარმოება დაკავშირებულია გიორგი სვანიძესთან, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ორგზის არჩეულ პრეზიდენტთან. 14 წლის წინ გიორგი სვანიძის ინიციატივით გაშენდა საქართველოში პირველი ზეთისხილის ბაღები და დაიწყო პრემიუმ კლასის ზეთისხილის პროდუქციის წარმოება - კომპანიის საქმიანობის უნიკალურობა მდგომარეობს ზეთისხილის კულტურის საქართველოში შემოტანასა და დანერგვაში. ზეთისხილით პრემიუმ ხარისხის ზეთისა და მარინადის პროდუქტების წარმოების გარდა, რომელიც გაშენებულია ტარიბანას ველზე, კახეთში, ამ უდიდესი წამოწყების საფუძველი საქართველოს აგრარული სექტორის ხელშეწყობა და ქართველი ფერმერების გაძლიერება იყო. სვანიძის ზეთისხილის პროდუქცია მოიცავს 100%-ით ქართულ და ნატურალურ ზეთისხილის „extra virgin” ზეთს, რომელიც მხოლოდ ცივი დაწურვის შედეგად მიიღება, რის შედეგადაც გვაქვს შენარჩუნებული ზეთისხილის ბუნებრივი სასარგებლო და გემოვნური თვისებები; მსოფლიოს კვლევების მიხედვით ზეთისხილის ზეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე დადებითი გავლენაა. მონოუჯერი ცხიმების მაღალი შემცველობა მავნებელი ქოლესტერინის (LDL) დონის შემცირებას უწყობს ხელს, შედეგად კი გულის დაავადებებისა და ინსულტის რისკები საგრძნობლად მცირდება; ამასთან, მიიჩნევა, რომ ზეთისხილის ზეთში შემავალი ცხიმები და ანტიოქსიდანტები ტვინის ჯანმრთელობასა და მის კოგნიტიურ ფუნქციას ხელს უწყობენ. 

Signify

ოდესმე დაგჭირვებია ხელშეკრულების ამობეჭდვა-შევსება-ხელმოწერა? დასკანერება? კურიერის გაგზავნა? ან რამდენიმე წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულების ძებნა ბაინდერებში… მარტივად რომ ვთქვათ, ამ და ბევრ სხვა პრობლემებს აგვარებს Signify (signify.ge). სისტემა აძლევს კომპანიებს საშუალებას იყონ უფრო სწრაფები, ეფექტურები, ჰქონდეთ უკეთესი Customer Experience-ი და მოწესრიგებული ბიზნეს პროცესები, დაზოგონ ხარჯი, გახდნენ ეკო-მეგობრულები. Signify არის პირველი ციფრული კონტრაქტინგის პლატფორმა საქართველოში და ასევე, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტარტაპი საქართველოს ბაზარზე. სისტემის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია გააციფრულოს დოკუმენტის სრული სასიცოცხლო ციკლი, მათ შორის: მომზადება - კომპანიებს შეუძლიათ გააშაბლონონ ან ფორმებად გადააქციონ საკუთარ კომპანიაში არსებული კომპლექსური ინიცირება / ვიზირება / ხელმოწერის პროცესები ან უბრალოდ ატვირთონ ხელმოსაწერი დოკუმენტი. დიდი კომპანიები, როგორც წესი, ასევე აკეთებენ საკუთარი სხვა სისტემებიდან Signify-სთან ინტეგრაციას.

KLIPY

KLIPY არის ხმოვანი გიფების, სტიკერებისა და სხვა პროდუქტების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლატფორმა, რომელიც უდიდეს Messenger-ებს, Social Network-ებსა და Media პლატფორმებს ეხმარება მონეტიზაციაში. ეს კი ხდება ზემოხსენებულ ფუნქციებში პროგრამატიკული რეკლამების გაშვებით სხვადასხვა ad network-ებიდან.

KLIPY უკვე ინტეგრირებულია ისეთ სოციალურ ქსელებთან და მესენჯერებთან, რომლებსაც ასობით მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს და სულ მალე ფუნქციონალს ვიხილავთ Viber-სა და სხვა დიდ სამესიჯო აპლიკაციებში.

დღეს აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 300,000 აჭარბებს, რაც ძალიან მალე 3 მილიონს მიუახლოვდება, ხოლო pipeline-ში არსებული ინტეგრაციების გაშვებით 20 მილიონამდე გაიზრდება მომავალი წლის ბოლომდე.

გასულ თვეში KLIPY-მ მოიზიდა $1.2mln ზომის seed round (ჯამში $2m commitment-ებიდან), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ისეთმა ინვესტორებმა, როგორიცაა Sturgeon Capital (lead), Zaza Pachulia, Isaac Applbaum, Tim Wagner და სხვა მრავალი, ხოლო გასულ წელს პირველი pre-seed $100k ინვესტიცია Presto Ventures-მა ჩადო.

Roommate.ge

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, როგორებიც არის თურქეთი, საქართველო, იტალია და სხვა სტუდენტები აპროტესტებენ ბინის ქირის მაღალ ფასებსა და სტუდენტური საცხოვრებლების დეფიციტს. ბინის ქირის ყოველწლიურ ზრდასთან ერთად სტუდენტური საცხოვრებელი კიდევ უფრო დიდი გამოწვევა ხდება. ამ პრობლემის გადასაჭრელად, ერთი წლის წინ, შეიქმნა პლატფორმა, რომელიც სტუდენტებს ეხმარება ინტერესების მიხედვით იპოვონ ერთმანეთი და გახდენენ ოთახის მეზობლები ბინის ქირის ხარჯის გაყოფის მიზნით. პლატფორმის გაშვებისთანავე 2000 სტუდეტი დარეგისტრირდა, თუმცა მომხმარებელთან კომუნიკაციის შედეგად მივხვდით, რომ რეალურად უფრო დიდი პრობლემა არსებობს, რომელიც ბინის მეპატრონეებთან არის დაკავშირებული. ხელმისაწვდომი ბინების არ არსებობის მიზეზი ასევე აღმოჩნდა ის, რომ ბინის მეპატრონეები არ ენდობიან სტუდენტებს და არ სურთ მათ მიაქირაონ ბინა ორი ძირითადი შიშის გამო: ფიქრობენ, რომ სტუდენტები ბინას დაუზიანებენ და არ მოუფრთხილდებიან, ბინის მეპატრონეებს არ სჯერათ, რომ სტუდენტები მათ თანხას დროულად გადაუხდიან.