სექტემბერი 13, 2022
ბიზნესდაჯილდოება, თიბისის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, იწყება.
თიბისი მეშვიდე წელია, მცირე, საშუალო თუ მსხვილ ბიზნესებს ფართო საზოგადოებას აცნობს და აჯილდოებს.
დაარსებიდან დღემდე ღონისძიებაში 3000-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, გამოვლინდა ათობით გამარჯვებული და კიდევ უფრო მეტს მიეცა შთაგონება, რომ თავადაც სცადოს ბიზნესის დაწყება. ესაა ღონისძიება სამეწარმეო სულისკვეთების ამაღლებისთვის და ქართული ბიზნესსოციუმის განვითარებისთვის.
ბიზნეს დაჯილდოება 2022 — სიახლეები
თიბისი წლევანდელ ბიზნეს დაჯილდოებაზე რამდენიმე სიახლეს გვთავაზობს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ახალი ნომინაციაა, რომელშიც ბიზნესი გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის დაჯილდოვდება.
“არავისთვისაა საიდუმლო, რომ სამომხმარებლო გამოცდილება და მომხმარებელი არის ბიზნესის ცენტრში. თუ გინდა, იყო გრძელ ვადაში წარმატებული ორგანიზაცია, შექმნა ძლიერი ბიზნესი, მაშინ უკიდურესად აუცილებელია, იყო მომხმარებლებთან ახლოს, გქონდეს მათთან ემოციური ბმა, ზრუნავდე და გიყვარდეს ისინი”
- განაცხადა თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ,
თორნიკე გოგიჩაიშვილმა, ბიზნეს დაჯილდოების საზეიმო გახსნაზე.
მისივე თქმით, სამომხმარებლო გამოცდილება თიბისის კულტურისა და ღირებულებების ცენტრალური ხაზია, ამიტომაც ეს ნომინაცია ძალიან მნიშვნელოვანია და დარჩება ყოველთვის, სანამ ბიზნეს დაჯილდოება იარსებებს.
წლევანდელი ბიზნეს დაჯილდოების ნომინაციებია:
- საუკეთესო პროდუქტისთვის
- საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის
- გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
- გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში
- გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილებისთვის
მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ წელს დამატებით ორი ჯილდო გაიცემა — გენდერული თანასწორობისთვის და მწვანე ინიციატივებისთვის. მათ პარტნიორი ორგანიზაციები UN Women და გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდი გასცემენ.
ამასთან, იცვლება შეფასების წესებიც — ნომინაციებში საუკეთესო პროდუქტისა და სამომხმარებლო გამოცდილებისთვის ნომინანტებს ჟიურის წევრების გარდა მომხმარებელიც შეაფასებს.
ბიზნეს დაჯილდოების წლევანდელი პარტნიორები არიან: Visa, აწარმოე საქრთველოში, UN Women, გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდი, კვლევითი კომპანია ანოვა და სხვები.
სამი კომპანიის ტრიუმფი ბიზნეს დაჯილდოებაზე და მის შემდეგ
2022 წლის ბიზნეს დაჯილდოება სააზეიმო ვითარებაში, თიბისი კონცეპტის სივრცეში გაიხსნა. თიბისიმ აქ იმ კომპანიებს უმასპინძლა, რომლებმაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ნომინაციაში ჯილდო მიიღეს და რომელთა წარმატება ბიზნეს დაჯილდოებამ დიდწილად განსაზღვრა.
ეს კომპანიები არიან Soplidan.ge, ბარბარესთან და ჟუჟუნა.
დაბადების, გადარჩენის და თვითშემეცნების ამბავი Soplidan.ge-სგან
“თავიდან ორი ფერმერი გვყავდა, ათი პროდუქტი და არცერთი მომხმარებელი, დღეს კი შვიდი წლის შემდეგ, 12 ათასზე მეტი უნიკალური მომხმარებელი გვყავს, 400-ზე მეტი ფერმერი გვაწვდის პროდუქტს საქართველოს ყველა რეგიონიდან, 350-ზე მეტი დასახელების პროდუქტი გვაქვს და ყველა შესაძლო არხში ვართ წარმოდგენილი, იქნება ეს ვები, მობილური აპლიკაციები, ვოლტი, შოურუმი თუ სხვა. ამასთან, წელს ქუთაისში გაეშვება ახალი საწყობი და დავიწყეთ ექსპორტი ევროპის 10 ქვეყანასა და ნიუ იორკში”,
— ამბობს ნათია ნინიკელაშვილი, Soplidan.ge-ის დამფუძნებელი.
Soplidan.ge პირველი ქართული პლატფორმაა, სადაც ფერმერს მიეცა საშუალება, ონლაინ გაეყიდა პროდუქტი, ხოლო ქალაქის მოსახლეობას — ონლაინ ეყიდა, მარტივად ინოვაციურად და უსაფრთხოდ.
Soplidan.ge-მ ბიზნეს დაჯილდოებაში 2019 წლის ბოლოს, ნომინაციაში საუკეთესო პროდუქტი ან მომსახურება გაიმარჯვა. ორ თვეში კი პანდემია დაიწყო და კომპანია მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დადგა — გაემართლებინა ეს ჯილდო და თავისი სახელი.
“24/7-ზე ვმუშაობდით, ფერმერებს ქალაქის მისადგომებთან ვხვდებოდით, 20-შეკვეთიანი დღე 200-შეკვეთიან დღედ იქცა, თუმცა არცერთი მომხმარებელი დაგვიტოვებია პროდუქტის გარეშე. გავიზარდეთ, გაიზარდა ბიზნესიც და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 1000-მდე მომხმარებელმა პირველი გამოცდილება ელექტრონული კომერციაში სწორედ Soplidan.ge-ის დახმარებით შეიძინა”.
ნათია ამბობს, რომ მეწარმეობა უდიდესი გამოცდილებაა, როგორც პროფესიულად, ისე მენტალურად, ხოლო ასეთი ღონისძიებები და კონკურსები მცირე ბიზნესებს თვითრწმენას მატებენ.
"ასეთ კონკურსებში მონაწილეობის მიღება და მერე აღიარება კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უბრუნდები თავდაჯერების იმ წერტილს, როცა იცი, რომ რასაც აკეთებ ნამდვილად ღირებულია”.
ბარბარესთან მსოფლიო გასტრონომიის რუკაზე
ბარბარესთან 2015 წელს დაარსდა და როგორც მისი დამფუძნებელი, ანდრია ქურასბედიანი ამბობს, იგი ქართული გასტრონომიის განვითარებას და მის მსოფლიო რუკაზე მოხვედრას ემსახურება.
2015 წლამდე ქურასბედიანების ოჯახი ტრადიციულ სარესტორნო ბიზნესს მართავდა, თუმცა ყოველთვის უნდოდათ ახალი პროდუქტის და კონცეფციის განვითარება. ამიტომ გადაწყვიტეს, შეექმნათ “ბარბარესთან”.
“ბარბარესთან არის უნიკალური ქართული გასტრონომიული გამოცდილება, რომელიც აცოცხლებს ძველ ქართულ რეცეპტებს, გადმოაქვს იგი ქართულ ოჯახურ გარემოში და შემოაქვს საერთაშორისო გამოცდილება იმისთვის, რომ იყოს გლობალურად საინტერესო”,
— ამბობს ანდრია ქურასბედიანი.
ფაქტია, რომ მსოფლიო გასტრონომიის რუკაზე ბარბარესთან საპატიო ადგილასაა წარმოდგენილი. იგი ადგილობრივებს წარსულში ამოგზაურებს და უძველეს, ჯერ არგასინჯულ არომატებთან აზიარებს, უცხოელი სტუმრებს კი წარმოდგენას უქმნის საქართველოზე, მის ისტორიასა და კულტურაზე. კომპანიამ 2015 წელს ნამდვილად თქვა ახალი სიტყვა ბაზარზე, ერთი წლის შემდეგ კი ბიზნეს დაჯილდოებაში წლის ტურისტული ბიზნესის ნომინაციაში გაიმარჯვა.
“ჩვენთვის ძალიან საინტერესო და ყოველთვის ღირებულია თიბისითან თანამშრომლობა და ის გამარჯვება, რომელიც 2016 წელს მოვიპოვეთ. ჩვენ მაშინ ახალი გახსნილები ვიყავით. ბარბარესთან შეიქმნა განსხვავებული, ახალი კონცეფციით, ამიტომაც ამ ყველაფრის საჯაროდ აღიარება ჩვენი ბიზნესისთვის იყო კიდევ უფრო მეტი თავდაჯერებულობის, უკომპრომისობის მომტანი. ამან ჩვენს წარმატებაში დიდი როლი ითამაშა — მოგვცა ძალა, კიდევ უფრო მეტი საინტერესო რამ გაგვეკეთებინა გასული 7 წლის განმავლობაში”,
— ამბობს ანდრია.
ჟუჟუნა — ადაპტაციის საუკეთესო მაგალითი
ჟუჟუნა ნახევრად ცქრიალა ღვინოა, რომელიც ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა. მან მალევე დაიპყრო ბარები, ფესტივალები და მომხმარებლების გულები, თუმცა მაშინ ხელმისაწვდომი მხოლოდ ჩამოსასხმელ ფორმატში იყო.
მერე პანდემია დაიწყო და კომპანიას შეცვლილ გარემოებებზე სწრაფი პასუხის პოვნა მოუწია. დასაწყისში სასმელს საკუთარი ხელით ასხამდნენ ბოთლებში და მომხმარებლებთან პირდაპირ სახლში მიჰქონდათ. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი, მათე აბესაძე ამბობს, ეს მათთვის გადარჩენის გზა იყო. ამის გამო თიბისისგან ჯილდო მიიღეს, ხოლო საზოგადოებისგან — მეტი ყურადღება და სიყვარული.
“ჩვენ ბოლომდე დავიხარჯეთ. ასე აღმოჩნდა ჟუჟუნა ბოთლში, რამაც მარტო თიბისის ყურადღება არ მიიქცია, ჩინეთიდან დაგვიკავშირდნენ და პირველი ოთხი პალეტი გავგაგზავნეთ ექსპორტზე”,
— ჰყვება მათე და ამბობს, რომ შემდეგ ჟუჟუნათი იაპონიაშიც დაინტერესდნენ. ახლა კი წარმოებისა და ექსპორტის გაფართოებაზე მუშაობენ.
“ბიზნეს დაჯილოდებაში გამარჯვება ძალიან დიდი მუხტისმომცემი იყო, ამან ბაზარზეც მეტად გამოგვაჩინა, თავად თიბისიშიც კორპორატიულ ბანკირებს თავდაჯერება მისცათ, ჩვენთვის სესხი მოეცა, რითაც დანადგარები შევიძინეთ და რამაც, რეალურად, გადაგვარჩინა. ბიზნეს დაჯილდოება ჩვენთვის უფრო გადარჩენასთან ასოცირდება, ვიდრე უბრალო ჯილდოსთან. "
"დამწყებ ბიზნესებს ვეტყოდი, არასდროს დაივიწყონ საკუთარი იდეა და ოცნება, არასდროს დაიხიონ უკან და აუცილებლად გაუმართლებთ”.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნომინანტებს გამოცდილი და კომპეტენტური ჟიური შეაფასებს. მათ შორისაა მედეა ტაბატაძეც, რომელიც მეხუთე წელია, ბიზნეს დაჯილდოების ჟიურის წევრია. იგი წელსაც შეაფასებს ბიზნესებს რეგიონის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
“ეს ძალიან საინტერესო ნომინაციაა. გასულ წელს მრავალფეროვანი იდეები და საინტერესო კომპანიები შევაფასეთ. მათი გამარჯვება ძალიან ემოციური და გადამდებია. ღონისძიება ძალზედ პოზიტიურია, რადგან ვხედავ, როგორ ღვივდება სამეწარმეო სულისკვეთება და რამდენად საინტერესო იდეები აქვთ რეგიონის ბიზნესებს”,
— ამბობს მედეა ტაბატაძე.
წინ მრავალი ბიზნეს ისტორია გველოდება და მრავალი კომპანიის გამარჯვების მომსწრენი გავხდებით, ამიტომ თვალი ადევნეთ სიახლეებს ვებსაიტზე: