ბიზნესი ტექნოლოგია თიბისელები

გაიცანი გუნდი, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო ბიზნეს ინტერნეტბანკს ქმნის

თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკი მსოფლიოში საუკეთესოა.

ნოემბერი 24, 2021

ჯილდო, რომელიც თიბისიმ საერთაშორისო, ავტორიტეტული გამოცემა Global Finance-სგან მიიღო, წლების წინ არჩეული ციფრული განვითრების სტრატეგიისა და მომხმარებლის გამოცდილებაზე მუდმივი დაკვირვებების ლოგიკური განვითარებაა. „მსოფლიოში საუკეთესო ბიზნეს ინტერნეტბანკი“  - ასეთი შეფასება დღეს უკვე თიბისის ეკუთვნის.

2012 წელს, 9 წლის წინ, როდესაც საქართველოში პირველად შეიქმნა სპეციალურად ბიზნესისთვის ინტერნეტბანკი, ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ის ბიზნესის განვითარებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი იარაღი გახდებოდა.

დღეს უკვე, თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკის გუნდი 24 საათის განმავლობაში აკვირდება და სწავლობს მომხმარებლის მოთხოვნებებს, ჩვევებს, საჭიროებებს და სწორედ ამ გამოცდილებაზე მორგებულ ახალ-ახალ ფუნქციონალებს ქმნის, რომელიც ბიზნესს ყოველდღიურ საქმიანობას უმარტივებს და დროს უზოგავს.

ამ სტატიაში იმ გუნდის წევრებს გაგაცნობთ, რომლებმაც შესაძლებელი გახადეს, რომ თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკი მსოფლიოში საუკეთესო გამხდარიყო. 

მარიამ კვარაცხელია - გუნდის კაპიტანი

მარიამ კვარაცხელია ბიზნეს ინტერნეტბანკის გუნდის კაპიტანია, ის და საბა მიქაია პირველები იყვნენ, ვინც ჯილდოს მოპოვების შესახებ ინფორმაცია გაიგეს.

რამდენიმე წუთი დაგვჭირდა, რომ გაგვეაზრებინა, რომ ნამდვილად მსოფლიოში საუკეთესოს ტიტული მოვიპოვეთ. როდესაც დავადასტურეთ, რომ ნამდვილად ასე იყო, მაშინვე ვაცნობე გუნდს. დისტანციურად ვმუშაობთ და ყველამ ცალ-ცალკე, სახლებში ვიზეიმეთ ეს ამბავი. მალე შევიკრიბებით და აღვნიშნავთ ამ ჯილდოს. 

საბა მიქაია - სერვის ექსპერტი

“ 

ეს იყო ძალიან მოულოდნელი სიხარული! როდესაც ეს მეილი მივიღეთ, თვალებს არ ვუჯერებდით, წერილს ერთმანეთს ვაკითხებდით, რომ დაგვეჯერებინა. რა თქმა უნდა, ასეთი აღიარების მოპოვება ძალიან გვახარებს, მიგვანიშნებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და გვაძლევს მოტივაციას, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ და გავაუმჯობესოთ ინტერნეტბანკი ჩვენი მომხმარებლებისთვის.

მარიამი ფიქრობს, ყველაზე სწორი გუნდში ისეთი ხალხის შემოკრებაა, რომელსაც მოსწონს და აინტერესებს რასაც აკეთებს და არ მუშაობს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სამსახურია. ის ამბობს, რომ გუნდის წევრები ღირებულებას ხედავენ ამ საქმეში და ორიენტირებულები არიან იმაზე, რომ მომხმარებლებს გაუმარტივონ ბიზნესის მართვა. „ვფიქრობ, ყველაზე დიდი მიღწევა, სწორედ ესაა - ისეთი გუნდის შეკვრა, რომელიც მომხმარებელზეა ორიენტირებული და სწორი ხედვა აქვს,“ - ამბობს მარიამი და თავისი გუნდის წევრებს გვაცნობს.

სანდრო წურქავა - სერვის ექსპერტი/გუნდის კაპიტანი

ძალიან მნიშვნელოვანია გუნდის თითოეული წევრის ჩართულობა და მაღალი პასუხისმგებლობა. გუნდში არსებულ შრომისმოყვარე კულტურას დამატებული საქმის და პროდუქტის სიყვარული განაპირობებს მიღწეულ მაღალ სტანდარტს.


დიდი მოტივაცია და ამავდროულად პასუხისმგებლობაა, როცა დაგეგმილი ამოცანების შესრულებას აღიარება მოყვება. ვმუშაობთ პროდუქტის განვითარებაზე და ჩვენს მომხმარებლებზე მეტად მორგებაზე. მომხმარებლების საჭიროებები და პრობლემები, რასაც ვჭრით, მუდამ ცვალებადია. ჩვენი მიზანია, თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკის პლატფორმა იყოს ერთიანი გადაწყვეტა კომპანიის ფინანსური საჭიროებების სამართავად.

თემო რაზმაძე - UX/UI დიზაინერი

გუნდური მუშაობა წარმატების გასაღებია და სწორედ ამის დამსახურებაა მიღწეული წარმატებაც. ჩემი მიმართულებაა პროდუქტის დიზაინი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია სწორი პრობლემების სწორად გადაჭრა. ამ ნაწილში ძალიან გვეხმარება უშუალოდ ჩვენ მომხმარებელთან ერთად პროდუქტზე მუშაობა.


ვცდილობთ, ბიზნეს ინტერნეტ ბანკი გავაუმჯობესოთ არა მხოლოდ მომხმარებლისთვის, არამედ მომხმარებელთან ერთად. ციფრული პროექტი ცოცხალი ორგანიზმივითაა და მუდმივად განვითარებას საჭიროებს. მომხმარებლისგან მიღებული უკუკავშირი ახალ აღმოჩენებს და გამოწვევებს გვისახავს, რაც საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი პროდუქტი.

გიორგი გვრიტიშვილი - დეველოპერი

ჩვენთვის, დეველოპერებისთვის, მთავარი მიზანია მომხმარებელს შევუქმნათ მარტივი და სტაბილური გარემო. ჩემი აზრით, დღეიდან უფრო მეტი მომხმარებელი გამოიყენებს ჩვენს ინტერნეტ ბანკს. გუნდის წევრები  უფრო მოტივირებულები ვიქნებით, რომ მომხმარებელს ახალი პროდუქტები და ფუნქციონალი შევთავაზოთ.  

 

ძალიან გამიხარდა, შრომა რომ ფასდება, ეს  უდიდესი მოტივატორია.

ლუკა ჩიტაიშვილი - დეველოპერი

ეს ჯილდო გუნდის თითოეულ წევრს ეკუთვნის, ყველამ უდიდესი წვლილი შეიტანა აღნიშნულ წარმატებაში, მათ შორის მეც, ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩავერთო უკლებლივ ყველა მიმდინარე პროცესში და დავეხმარო გუნდის წევრებს არსებული პრობლემების გადაჭრაში. ჯილდო კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს, რომ გავაგრძელოთ ჩვენი პლატფორმის განვითარება და მრავალი საინტერესო ფუნქციონალი დავამატოთ ბიზნეს ინტერნეტბანკში.


მომდევნო თვეებში ჩვენს მომხმარებელს სასიამოვნო სიახლეებს შევთავაზებთ, ვმუშაობთ როგორც ინტერნეტბანკში არსებული პროდუქტების გაუმჯობესებაზე, ასევე, ახალ, საინტერესო ფუნქციონალზე. სასიხარულოა, რომ მომხმარებელი ჩვენი პლატფორმით კმაყოფილია და გვინდა, რომ მომავალ წლებში ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ.

თიკა მაკარაშვილი - სერვის ექსპერტი

ჩემი აზრით, წარმატების მთავარი გასაღები გუნდის წევრებს შორის არსებული პროდუქტის მფლობელობის თანაბარი განცდა და თითოეული ჩვენგანის თანაბარი ჩართულობაა. გაორმაგებული პასუხისმგებლობით და შემართებით ვაგრძელებთ ახალ ფუნქციონალებზე მუშაობას. არ გვინდა, რომ დავაგდოთ ეს მუხტი.

ეკა მარანელი - UX მკვლევარი

ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ჩართული ვარ ყველა კვლევაში, რომელიც მიმართულია პროდუქტის სხვადასხვა ფუნქციონალური მახასიათებლების და ზოგადად, პროდუქტის განახლებისკენ. ვცდილობ, ჩატარებული კვლევებიდან შემოსული ინსაითების საფუძველზე მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მომხმარებლის ხმა.


ჯილდოს მიღების შემდეგ, ვფიქრობ, მომხმარებლისთვის უფრო მეტად სანდო და საამაყო გახდება ჩვენი პროდუქტით სარგებლობა. ასევე, ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმული იქნება ეს ჯილდო, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ და მაქსიმალურად ბიზნესის საჭიროებებს მოვარგოთ ფუნქციონალი.

მარიამ ასანიძე - UX მკვლევარი

განხორციელებული კვლევების საშუალებით და მომხმარებელთან მუდმივი კომუნიკაციით, შევძელით პროდუქტი მეტად კომფორტული და მომხმარებელზე ორიენტირებული ყოფილიყო. ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის მოტივაცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო დიდი შემართებით გავაგრძელოთ საქმიანობა. მომხმარებლისთვის კი ეს ყველაფერი პროდუქტის მუდმივ განვითარებაში აისახება.

ლუკა ფანჩულიძე - ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი

როგორც ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერს, პასუხისმგებლობა მაქვს, რომ მომხმარებლებს პროდუქტი მაქსიმალურად სწრაფად და უხარვეზოდ მივაწოდოთ. ჩვენი ბიზნეს ინტერნეტბანკის მასშტაბებიდან გამომდინარე კი ვფიქრობ, ავტომატური ტესტირებით მნიშვნელოვნად ვამცირებ გუნდის სხვა წევრების იმ ადამიანურ რესურსს, რომელიც ტესტირებას უნდა მოხმარებოდა. შესაბამისად, ეს ყველაფერი Time To Market-ის მაჩვენებელზეც დადებითად აისახება.


დაახლოებით ნახევარი წელია, რაც გუნდს შევუერთდი და ვიცოდი, რომ რაღაც დიდზე ვმუშაობდით, თუმცა ამხელა მასშტაბებს ნამდვილად არ ველოდი. ორმაგად სასიხარულოა, როდესაც გუნდის მიერ გაწეულ შრომას მსოფლიო დონეზე აფასებენ. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ტემპს არ დავაგდებთ და გეგმა მინიმუმი ამ ჯილდოს მომავალ წელსაც შენარჩუნება იქნება.

ზეზვა გონიაშვილი - სერვის ექსპერტი

ვფიქრობ, ეს ჯილდო იმიტომ დავიმსახურეთ, რომ ყოველდღიურ სამუშაო პროცესში ჩვენთვის უმთავრესი მომხარებელზე ორიენტირებულობაა. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა და კიდევ უფრო გაზრდილი მოტივაცია. ეს აუცილებლად აისახება ჩვენი მომხარებლის კმაყოფილებაზე.

ნინო წივილაშვილი - ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი

ჩვენ, როგორც ერთიანი გუნდი, ერთად ვართ პასუხისმგებელი, როგორც წარმატებაზე ისე წარუმატებლობაზე. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ თითოეული გუნდის წევრის, მათ შორის, ჩემი დაუღალავი შრომა არის ყველაზე დიდი წვლილი ამ ჯილდოს მოპოვებაში.


ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ გუნდის წევრი ვარ და გარკვეული წვლილი მაქვს შეტანილი ამ ჯილდოს მიღებაში.

„მომავალში გვინდა, კიდევ უფრო ჭკვიანი გავხადოთ ბიზნეს ინტერნეტბანკი. ჩვენი ხედვის მიხედვით, ჩვენ არ გვსურს ვიყოთ არხი მხოლოდ ფინანსური ოპერაციებისთვის. გვინდა, ვიქცეთ ბიზნესის დამხმარედ. ამისთვის პირველი ნაბიჯები უკვე გადავდგით (ბიზნეს ფინანსური მენეჯერი, ინვოისინგი). მომავალში მეტ ისეთ სიახლეს შევთავაზებთ მოხმარებლებს, რაც მათ ბიზნესის მართვის ყოველდღიურ რუტინას გაუმარტივებს. ამასთანავე, არ დავივიწყებთ ფინანსური ოპერაციების მხარესაც და კიდევ უფრო გავამარტივებთ ამ ნაწილს. ასე რომ სამომავლოდ კარგი ცვლილებები გველოდება. 

- მარიამ კვარაცხელია, გუნდის კაპიტანი