აპრილი 01, 2025
თიბისი უკვე ექვსი წელია, რაც ეჯაილ ტრანსფორმაციის გზაზეა. 2019 წელს დაწყებული ეს პროცესი, მუდმივი განვითარებისა და ადაპტაციის მაგალითია, რომელსაც დღეს სხვადასხვა ორგანიზაცია ინტერესით აკვირდება.
ამ ტრანსფორმაციის ფარგლებში, კომპანიამ შეიმუშავა ახალი ოპერაციული მოდელი, დაძლია მნიშვნელოვანი გამოწვევები და ჩამოაყალიბა ძლიერი ეჯაილ კულტურა, რომელიც დღეს მისი წარმატების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.
თიბისი თავის გამოცდილებას პერიოდულად სხვა ორგანიზაციებსაც უზიარებს.
ამჯერად, სტუმრად ბანკი Lviv გვეწვია, რომელიც ეჯაილ ტრანსფორმაციის პროცესშია და საჭიროებდა გამოცდილ პარტნიორთან შეხვედრას, რათა ინფორმაცია მიეღო ამ პროცესის გამოწვევების, სირთულეებისა და წარმატების შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში, ბანკი Lviv - ის წარმომადგენლებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ დავგეგმეთ და განვახორციელეთ ეჯაილ ტრანსფორმაცია 2019 წელს, რა გამოწვევები გვქონდა და როგორ დავძლიეთ ისინი, HR-ის როლი ტრანსფორმაციაში, ტრაიბ ლიდერების გამოცდილება და მათი თანამშრომლობის პრაქტიკული მაგალითები, ტოპ მენეჯმენტის ხედვა ეჯაილ ტრანსფორმაციის ღირებულებაზე და ინოვაციების მართვისა და კულტურის ჩამოყალიბების გამოცდილება.
ბანკი Lviv თიბისიზე
რატომ ავირჩიეთ თიბისი ეჯაილ ტრანსფორმაციის გამოცდილების გასაზიარებლად?
,,თიბისი არის ერთ-ერთი წამყვანი ბანკი რეგიონში, შესაბამისად, ჩვენ დიდი ინტერესით ვაკვირდებით თქვენს წარმატებულ საქმიანობას საქართველოსა და უზბეკეთში, რადგან თქვენი ორგანიზაციული კულტურა ეფუძნება მომხმარებელზე ორიენტირებულობასა და ბაზარზე პოზიციონირებას, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი.
თქვენ ეჯაილ ტრანსფორმაციის ექვსწლიანი გამოცდილება გაქვთ და მუდმივი განვითარებით, ადაპტაციითა და ზრდის კულტურით მიღებული შედეგები ჩვენთვის ძალიან შთამბეჭდავია”
შეხვედრის რომელი ნაწილი იყო ყველაზე ღირებული – პრაქტიკული გამოცდილების, რეალური მაგალითების, თუ თეორიული მიდგომების გაზიარება?
,,ყველა ეს ასპექტი მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩვენ მაქსიმალურად გვინდოდა ღირებული რჩევების მიღება.
ეჯაილ ტრანსფორმაცია კულტურული ცვლილებაა, რომელიც იწყება კითხვებით ,,რატომ?” და ,,რა?”. ნათელია, რომ თქვენ ამ კითხვებზე პასუხები გაქვთ, რამაც, თავის მხრივ, დაგვაფიქრა ჩვენი კომპანიის ხედვაზე.
ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებული იყო ის, რომ გააზიარეთ ეჯაილ ტრანსფორმაციის ,,ბნელი მხარეები” - ის გამოწვევები და სირთულეები, რომლებიც გადალახეთ ამ გზაზე.
ყველაზე შთამაგონებელი იყო გუნდის წევრებთან შეხვედრა, როდესაც რეალურ მაგალითებზე ვიხილეთ, თუ როგორ თანამშრომლობენ სხვადასხვა პოზიციაზე მყოფი ადამიანები – როგორ აბალანსებენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ხედვებს, როგორ ინარჩუნებენ საკუთარ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებს გუნდში.”
როგორ დაგეხმარებათ თიბისის გამოცდილება ეჯაილ ტრანსფორმაციაში?
,,ცვლილებები და ტრანსფორმაცია ყოველთვის რთული პროცესია, ჩვენ ყველას გვაქვს კონკრეტული შინაგანი მექანიზმები, რომლებიც ხელს გვიშლის ადაპტაციაში. თქვენი გამოცდილების გაზიარებამ დაგვაფიქრა და დაგვეხმარა ამ შიშების გადალახვაში."
როგორ შეიძლება მომავალში ასეთი ცოდნის გაზიარება უფრო სასარგებლო გახდეს?
„ცოდნის გაზიარების კონკრეტული ორი დღე იყო შესანიშნავი შესაძლებლობა, რის შედეგადაც ჩვენ უამრავი ღირებული რჩევა და იდეა მივიღეთ.
ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული და ჩვენ მადლობას ვუხდით მთელ ეჯაილ ტრანსფორმაციის გუნდს, განსაკუთრებით ინგა ყელაურაძეს, და იმ შთამბეჭდავ ადამიანებს, რომლებთაც შევხვდით.
მოხარული ვიქნებით, თუ შევინარჩუნებთ კონტაქტს და მომავალში კვლავ ჩავატარებთ შეხვედრებს ჩვენი ბანკის ეჯაილ ტრანსფორმაციის გზაზე.”
ამ და სხვა მრავალი თანამშრომლობითა და თავისი გამოცდილების გაზიარებით, თიბისი ხელს უწყობს უფრო მძლავრი და განვითარებული ბიზნესეკოსისტემის შექმნას, სადაც ეჯაილ მეთოდოლოგიები ინოვაციას, ოპერატიულობასა და მომხმარებელზე ორიენტირებულობას აძლიერებს.
თიბისი მზად არის, აქტიურად შეინარჩუნოს ლიდერობა ამ მიმართულებით და გააგრძელოს ცოდნის გაზიარება.