თიბისი შენთვის სიახლეები

სულ შენთანაა: მოგზაურობა

მოგზაურობა თბილისი-ბათუმის გზაზე ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვთან ერთად.

აგვისტო 15, 2021

არ მიყვარს ავტობანი. განსაკუთრებით საქართველოში. ავტობანი იმისაა, რომ იმდენით იარო რამდენიც გინდა, აქ კიდევ 110კმ/სთ-იან ჩარჩოში გსვამენ რომ ქართული სულის უადგილო ყვავილობა არ დაუშვან. ისეთი მოსაწყენია, რომ აუცილებლად კაი მოლაპარაკე უნდა წაიყვანო რომ გაგართოს, თორემ შეიძლება ჩაყვინთო. აი, მაგალითად ტურიკასთან ერთად მგზავრობა არის ერთი სიამოვნება. იმდენ რამეს მოგიყვება, შეიძლება, ინატრო, რომ გვიან ჩახვიდე ადგილზე. თან ფეხბურთი იცის ენციკლოპედიურად, რაც ერთიორად მატებს მგზავრობას ხარისხს. სამწუხაროდ, გიო ახვლედიანთან ერთად არსად ვყოფილვარ, თორემ ფეხბურთი მაგან რომ იცის, სხვამ მგონი არავინ. 

მიხარია ბებიაჩემ ლილისთან რომ 40 წუთში ჩავდივარ გორში, თუმცა იმის იქით მწყინდება. ამიტომ ავდექი და გზის დაგრძელება დავიწყე. 

სად მეჩქარება? აღმოჩნდა, რომ არსად. 2020-ში აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში არავის არსად მიგვეჩქარება და უბრალოდ გვატყუებდნენ აქამდე. მთავარი ყოფილა, ერთმანეთი და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება.

ბათუმში კი ისე უნდა ჩახვიდე, რომ ყველგან გაჩერდე, სადაც გინდა: მცხეთის სალობიეთი დაწყებული, მალთაყვის პლაჟებით დამთავრებული. შუაგზაში კი, ქუთაისშიც უნდა შეურბინო დინოზავრივით კვალისდამტოვებელ მეგობრებს. 

მცხეთა

ვახო ბაბუნაშვილის რესტორანი მცხეთაში არის ჩემი საყვარელი ადგილი. ამას წინ ვიყავით მე და ჩემი მეგობარი და გაგვაოცა: დაძაბული, დაღლილი ჩაკეტილი სივრციდან უცებ ზედ მტკვარზე აღმოვჩნდით ტერასაზე. მტკვრის ტალღები ხომ ტალღებად და ფეხებზე ცუგა ნეშოს გახახუნებაც მესიამოვნა. მერე ვახომ ხინკალი მოიტანა. თურმე რა მაგარია მდინარესთან ერთად ცხოვრება და რამდენს ვიკლებთ თბილისში იმის გამო, რომ მტკვარში მხოლოდ საეჭვო წარმომავლობის წყლებს ვუშვებთ. ახლაც შევიარე და დავხედე. ვახოც იქაა, ნეშოც, რამდენიმე ფისოც და თევზიც, რომელიც ჩემი მისვლისას იქვე ჩაგდებულ ანკესზე აუცილებლად ეგება. 

კასპი-ტოსკანა

იტალიაში ყველა სოფელი უნდა მოვიარო, თავისი სიცილიათი და სარდინიით. სოფლების ასე 15%-ში უკვე ნამყოფი ვარ, რამდენიმეში პასტაც მაქვს ნაზელი, ზოგან ღვინოც მაქვს დაწურული, პასტრამი ნაკუწი, ბებოებთან ყველგან ჩახუტებული ვარ. დანარჩენი წინაა. 2020-2021 წლებში იტალიაში ვერ წავედი, სამაგიეროდ, მონატრების ამბავში კასპის რაიონში ვსეირნობდი ხშირად. ტოსკანა ხომ გაგიგიათ? ზუსტად ისეთივეა კასპი, ოღონდ ცოტა უფრო ღარიბი, კლიმატიც ერთი-ერთში ემთხვევა, რელიეფიც, ფერებიც. Ჩემი მოკრძალებული რჩევა იქნება, რომ ძეგვიდან ქვახვრელამდე კარგად დაკვირვებით გაირონიოთ, სოფლებში შერბენებით. უამრავ სილამაზეს ნახავთ და გეამებათ. ესაა ნამდვილი ქართლი, რომელიც ცოტათი დაუფასებელი და დაკარგულია რადგანაც მთავარი გამავალი გზებია ზედ და ამ ორპირმა ქარმა ეგზოტიკა გამოაცალა. შიდა ქართლის ის სოფლები, რომლებშიც ძველი სავაჭრო გზები გადიოდა, ან ყურძენი მოდიოდა კარგი, შედარებით მდიდარი იყო და ამას სახლებზეც შეატყობთ, დღემდე ბევრი ქვითკირის საცხოვრებელი შენობა დგას, ასე ორსაუკუნემდე ასაკის. მჟავანაძის დროს აშენებული სტანდარტული საბჭოთა სტილის ორსართულიანი სახლები უფრო მეტია, თუმცა ნაცადი თვალი მარგალიტებს ადვილად შეამჩნევს. Სოფელ ახალქალაქს და მის მიმდებარე მიკარგულ უბნებს კი რაც შეეხება, საერთოდ საგანძურია. აქ ისევ შენარჩუნებულია ძველი საზაფხულო სახლები, მარნები და კიდევ ბევრი სხვა. თარხნიშვილების ორი ოჯახი ვიცი, ვინც ამ ადგილს დაუბრუნდა და ძალიან მიხარია. 

ბატონ ყარამანს გამოფენა ჰქონდა ცოტა ხნის წინ და ვერ მივუსწარი. ექსპოზიციის ნაწილი მაინც დამხვდა ბალგარსკიანთ სასახლის უკანა ეზოში მოწყობილ პავილიონში. ახალი სკულპტურებიც ვნახე, ფესტინოვას დიდებულ გეგმებსაც გავეცანი.

დოესი

წედისში უნდა ამევლო ანდრო ბარნოვთან, რომელსაც მარანი აქვს და დიდებული ღვინო, მაგრამ ვერ მოვახერხე, მომწერა რომ ახლობელი გარდაიცვალა და ქალაქში მივდივარო. სამაგიეროდ, ბებიაჩემებს გავუარე გორში. გზად შებინდებულზე დოესი გავიარე და ჩემი ბავშვობის მეგობარი ვანო ხორბალაძე გამახსენდა, რომელმაც ერთხელ გაზეთი “დოსიე” მომიტანა, “ნახე ჩემი სოფლის გაზეთი გამოსულაო”. კაი ხანი ეგრე გვეგონა, სანამ მე არ შევიტანე ეჭვი იმის გამო, რომ მხოლოდ კრიმინალური ისტორიები ეწერა შიგ. შეუძლებელი იყო ამდენი მაიმუნობა ერთ სოფელში მომხდარიყო. დამავიწყდა, რა ჰქვია იმ ჩვევას, კითხვისას ასოებს რომ ანაცვლებ და სიტყვას ისე იმახსოვრებ. ეგ მჭირს. წელს გავიგე რომ დარტანიანმა წიგნის დასაწყისში პირველი ბერნაჟუ მოკლა და არა ბერანჟე. პარდონ მაი ფრენჩ.

გორის კატლეტი. ინტურისტი

ალბათ, დაინტერესებულხართ, რა არის გორის კატლეტი და რატომაა ის ასეთი პოპულარული. ვეცდები, ავხსნა: ჩვეულებრივისგან განსხვავებით, ესაა საქაბაბე, ანუ ორჯერ გატარებული ფარშით შექმნილი და შემდეგ ფრიტურში შემწვარი კატლეტი, რომელიც ბოლომდე არ შრება და საკმაოდ წვნიანია, ჩემი დაკვირვებით პურიც არ ურევია შიგ. პიურესთანაც კარგად მიდის. ლეგენდის თანახმად, მისი შექმნა სასტუმრო “ინტურისტის” შეფ-მზარეულს უკავშირდება, რომლის სახელიც ისტორიამ არ შემოგვინახა. არ შემოგვინახა არც სასტუმრო ინტურისტიც, არადა პირველად მწვადი აქ გავსინჯე 1990 წელს.

გორის კატლეტი პირვანდელი სახით შემორჩენილია არანაკლებ ლეგენდარულ ძმობის დუქანში, რომელიც მდებარეობს ძველ საბჭოს ქუჩაზე, ძველი მილიციის შენობიდან ცოტა ზემოთ, პირველ გზაჯვარედინზე. 

კატლეტი, პიურე, საწებელი, ბორჯომი, პური - 8.00 ლარი. 


“ბისტროგანი” რომ წერია მენიუში, სინამდვილეში “ბიფ სტროგანოვია”.

ჰამაკები. რიკოთი

ჰამაკებზე ვდარდობდი, გზა რომ აცდა ხაშურს, ვინც ჩემნაირად დარდობდით, ყველა მინდა დაგამშვიდოთ, ჰამაკებმა სურამის მხარეს და გვირაბს იქითაც კი გადაინაცვლეს. ნაზუქების სერგო ვიკითხე და არ დამხვდა, ძმა ჰყავს ცუდად და სოფელში წავიდაო. ნაზუქი ვიყიდე და ბოლომდე შევჭამე. ნერვიულობას არაფერი შველის ისე, როგორც მარტივი ნახშირწყლები, ოღონდ მერე უნდა ირბინო ცოტა, ასე 5-6 კილომეტრი. 

დასავლეთი

ასე მგონია, რომ გალფის ჰოთ დოგმა მნშვნელოვნად ჩაუგდო ვაჭრობა ჯარგვალს, ზღაპარს თუ მალხაზს. ასე მგონია, დარწმუნებული არ ვარ. სიმფლ ენდ პერფექტ. ასე შევაფასებდი ამ საჭმელს. ლანჩხუთში ბიჭები ჩავისვი, რომლებიც გრიგოლეთში მიდიოდნენ. 

გრიგოლეთში მოვედით. გადასახვევთან თევზის ჯიხურში ისევ კეფლები ქანაობდნენ ძუაზე. არის რაღაცეები, რაც არ იცვლება.

ფორთოხლის მთები

გურიიდან რომ აჭარისკენ მიდიხარ, გზად აუცილებლად შეამჩნევ გასაყიდად დალაგებულ ფორთოხლებსა და ლიმონებს. ყოველთვის მეფიქრება ერთ რამეზე, აი, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ლიმონი, ან თუნდაც ამდენი ფორთოხალი? რატომ არ ფიქრობს ამ ციტრუსების ასე ლამაზად დამწყობი ადამიანი იმაზე, რომ წვენსაწურს თუ დადგამს იქვე და დააწერს: “Orange Fresh” დაახლოებით 10-ჯერ უფრო მეტი შემოსავალი ექნება? ქართული ეროვნული კომერცია ძალიან უცნაური რამაა, რომელიც ჩემთვის ხშირ შემთხვევაში ამოუხსნელი რჩება. 

ციხისძირი

ეს რა სასწაული რამე ყოფილა. ბანანის ჭალებით, მდინარით, კლდეებიდან ხტომით, ჩანჩქერით და შიგადაშიგ გამავალი მატარებლით, რომელსაც ზღვაში მოტივტივე უყურებ და ტკბები.

ციხისძირი ჩემი ყველაზე საყვარელი ადგილია შავ ზღვაზე და ამ სიყვარულს ვერაფერი შემიცვლის.

ბათუმი

შეხევდრის ადგილი არ იცვლება. ძველი ბათუმი და პორტი. როგორი კარგი და ნატიფია აქაურობა.

ნაცნობი სახეები ისევ დამხვდნენ, თითქოს არსად წასულან. კომახიძის ქუჩაზე საოცრად ლამაზი სახლი ვიპოვე გასაყიდად, ოღონდ ჯერ ფულს შევაგროვებ.

ავტორი: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვი

ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვი