აგვისტო 22, 2025
მთავარია გჯეროდეს — გზა აბიტურიენტობიდან სტუდენტობამდე
დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია, ვინ დგას შენ გვერდით
კარგად მახსოვს, რა სახე მიიღო ჩემმა ისტორიის ჯგუფელმა, როცა ვუთხარი, რომ ისტორიის გამოცდაზე 55 ქულაზე მეტის აღება მინდოდა. იმის მიუხედავად, რომ ერთად ვემზადებოდით და რაღაც მხრივ მიცნობდა და იცოდა, როგორც ვსწავლობდი, მაინც ისეთი გაკვირვებით შემომხედა, რამდენიმე წამით მეც შემეპარა საკუთარ თავში ეჭვი. თუმცა, ამ ამაღელვებელი და საშიში წლის განმავლობაში, საკუთარ თავს სულ ერთ რაღაცას ვუმეორებდი — ჭკვიანი ვარ და ყველაფერი გამომივა. რა თქმა უნდა, გონიერებასთან ერთად, ბევრი შრომაც დამჭირდა გამოცდებისთვის მოსამზადებლად, მაგრამ იმან, რომ საკუთარი თავის და შესაძლებლობების მჯეროდა, ჩემს წარმატებაში დიდი როლი ითამაშა — გამოცდებზე მშვიდად იმიტომ კი არ შევდიოდი, რომ ყველაფერი ვიცოდი (ასე არ იყო), არამედ იმიტომ, რომ ჩემი თავის იმედი მქონდა. ისტორიის გამოცდაში 58 ქულა ავიღე.
ისიც მახსოვს, ჩემი არც ისე ახლო მეზობლები რომ ესაუბრებოდნენ ხოლმე ჩემი ოჯახის წევრებს და ყოველდღე ახალ-ახალ მოსაზრებებს უზიარებდნენ:
„მაგ უნივერსიტეტში ძალიან რთული სწავლაა, ჩემი შვილის მეგობარი სწავლობდა და გადავიდა, გაუჭირდება."
„კი მაგრამ, ეგ ხომ ძვირი უნივერსიტეტია, გაწვდებით ამხელა გადასახადს?!"
„რატომ იცვლის აზრს? სხვა რაღაცაზე არ აბარებდა?"
"
თუმცა, ჩემს ოჯახს ჩემი ყოველთვის სჯეროდა, ხშირად ჩემზე მეტადაც
იმდენად სჯეროდათ, რომ ჩემი მთავარი შიში მათი იმედგაცრუება იყო. მაშინ, როცა საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული არ ვიყავი, ნათესავებისა თუ ნაცნობების ნათქვამი "ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველაფერი გამოგივა" მაძლევდა მოტივაციას. ყველაფერმა მართლაც კარგად ჩაიარა, ჩემს მიზანს მივაღწიე — 100%-იანი გრანტი ავიღე. ჩემს კურსზე ეროვნული გამოცდების უმაღლესი შედეგები მქონდა, რის გამოც უნივერსიტეტის შიდა გრანტიც მოვიპოვე (მანამდე ამ გრანტის შესახებ არც ვიცოდი). შედეგად, ჩემი სტუდენტური თავგადასავალი ეიფორიით დაიწყო.

"
ყველაზე მეტად სწორედ უნივერსიტეტში მივხვდი, რამხელა ძალა აქვს საკუთარი თავის რწმენას
პირველ კურსზე, ალბათ, ბევრ თქვენგანს გამოუცდია (ან გამოცდის) ამ მოვლენას — მაღალკურსელებისგან რჩევების მიღება. როცა პირველი კურსი დავიწყე, მეორეკურსელები ძალიან მონდომებით ცდილობდნენ, რომ ჩემთვის და ჩემი კურსელებისთვის რჩევები მოეცათ. დაახლოებით ეს იყო, რაც მათგან შევიტყვე — ყველა ლექტორი ძალიან მკაცრი იყო, ყველა საგანი — ძალიან რთული, ამიტომ არაუშავდა, თუ კარგ ქულებს ვერ მიიღებდი, ამ უნივერსიტეტში ეგ ნორმალურია. და, რა თქმა უნდა, როცა პირველ კურსზე ხარ, ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებ და არაფერი არ იცი მის შესახებ, შენზე მეტად გამოცდილებს მოუსმენ. წინასწარ შემექმნა გონებაში მოლოდინი, რომ ეს საგანი რთულია, ვერ დავხურავ მაღალ ქულაზე და მიუხედავად იმისა, რომ მაინც ბევრს ვმეცადინეობდი, ამ მოლოდინმა დიდი როლი ითამაშა ჩემს პირველ სემესტრში — საგნების უმრავლესობა საშუალო შეფასებაზე დავხურე. თან ვფიქრობდი: "არაუშავს, ეს კარგი შედეგია ამ უნივერსიტეტში".
მეორე სემესტრში რაღაც შეიცვალა. ისევ მოგვცეს რჩევები, ისევ შემაშინეს ზოგიერთ საგანსა და ლექტორზე, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩემთვის გარდამტეხი მომენტი მაშინ იყო, როცა იმ საგნის გამოცდაში, რომელიც მაღალკურსელების თქმით "ყველაზე რთული" უნდა ყოფილიყო ამ სემესტრში, უმაღლესი შეფასება მივიღე. მაშინ ამაზე ბევრი არ მიფიქრია, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ გონებაში ახალი აზრი გამიჩნდა: "ამაზე მეტის გაკეთება შემიძლია". ნელ-ნელა მივხვდი, რომ სხვებმა თუ ვერ შეძლეს რაღაცის გაკეთება, არ ნიშნავს, რომ არც მე არ შემიძლია. ვიცი, რომ ჭკვიანი ვარ, შრომაც შემიძლია.
რა მაკავებს?
მეორე სემესტრში ყველა საგანი უმაღლეს შეფასებაზე დავხურე. გარდა იმისა, რომ სასიამოვნო იყო, ამ ყველაფერმა ჩემს თვითშეფასებაზეც დიდი გავლენა მოახდინა. სწორედ ამ დროს გავაანალიზე, რომ სხვების გამოცდილებიდან არ უნდა შევიქმნა მოლოდინები და ჩემი შესაძლებლობები სხვების შესაძლებლობებით არ უნდა შევბოჭო.
"
ამ დროს მივხვდი, რომ ყველაფერი შემიძლია, თუ ამას დავიჯერებ. მთავარია, საკუთარ თავს და გონებას არ შევუქმნა დაბრკოლებები

მას შემდეგ 1 წელი გავიდა და შემიძლია თავისუფლად ვთქვა, რომ ამ ყველაფრის გაანალიზება ძალიან დამეხმარა. ისეთი საგნების გავლა გადავწყვიტე, რომლებზეც ყველა მეუბნებოდა, რომ ძალიან რთული იყო და არ ღირდა, თუმცა გადავწყვიტე, ჩემს თავს ვნდობოდი და ეს საგნებიც კარგად დავხურე. უნივერსიტეტის გარდა, სხვა პროექტებშიც დავიწყე მონაწილეობის მიღება და მიუხედავად იმისა, რომ ცოტა მეშინოდა, სწავლაში არ შემშლოდა ხელი, მოვახერხე, რომ დრო სწორად გამენაწილებინა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. რისკებზე წასვლა და ახალი გამოწვევების ძიება დავიწყე.
მაშინ ამ პროცესებს, რომლებიც ჩემს გონებაში მიმდინარეობდა, ყურადღებას არ ვაქცევდი, თუმცა თიბისის ახალი ვიდეორგოლის ნახვამ საკუთარი თავი და აქამდე გამოვლილი გზა გამახსენა და დავფიქრდი, როგორ მოვედი დღევანდელ მდგომარეობამდე. ვიდეო ერთგვარი შეხსენება იყო ჩემთვის, რომ გარდა შრომისა და ძალისხმევისა, ჩემს წარმატებაში ჩემს გარშემო მყოფებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს.
"
ახლა ვხვდები, რამდენად მნიშვნელოვანია გყავდეს ისეთი ადამიანები, რომლებსაც შენში ეჭვი არ ეპარებათ, შენი სჯერათ, გენდობიან და გამხნევებენ
სწორედ ამ ადამიანების მხარდაჭერამ მომიყვანა აქამდე, დამეხმარა, რომ საკუთარი თავის რწმენა მესწავლა და ახალი, სხვებისთვის რთულად მიჩნეული ნაბიჯების გადასადგმელად გამბედაობაც შემძინა.
აქვე გეტყვით, რომ სწავლაში ღამეებს არასდროს არ ვათენებ. ერთადერთი შემთხვევა, როცა ეს გავაკეთე, ამ სემესტრის ბოლო გამოცდის წინ იყო, რადგან ძალიან ცოტა დრო მქონდა მოსამზადებლად. სხვა შემთხვევაში, არც ეს არაა საჭირო — უბრალოდ გჭირდება, რომ დრო და პრიორიტეტები სწორად გაანაწილო და საკუთარი რითმი იპოვო. მნიშვნელოვანია, რომ შენი შესაძლებლობები გაიგო და მაქსიმალურად გამოიყენო, სუსტი მხარეები ძლიერებით დააბალანსო და საკუთარი წესები თუ მეთოდები შექმნა.
"
ყველაზე მეტად კი მთავარია, გჯეროდეს და სჯეროდეთ შენი, რადგან არ არსებობს არაფერი, რაც არ გამოგივა, თუ გწამს, რომ ეს შეგიძლია. არ ვიცი, მომავალში რა მელოდება, მაგრამ მჯერა, რომ გავუმკლავდები და იმედი მაქვს, რომ ამ რწმენას არ დავკარგავ

ავტორი: სალომე შავერდაშვილი (On.ge)
ფოტო: სერა ძნელაძე