სტარტაპ კურსზე რეგისტრაცია დაიწყო — რა უნდა იცოდე პროგრამის შესახებ

სექტემბერი 12, 2022

სტარტაპები მსოფლიო ეკონომიკასა და ინოვაციებში გამწევ ძალას წარმოადგენენ. აქ იქმნება სამუშაო ადგილები, ახალი პროდუქტები, აქ იდეები რეალობად იქცევა, ბევრს მარცხდებიან და ბევრსაც იმარჯვებენ. მათ ნამდვილად შეუძლიათ სამყაროს შეცვლა, მაგრამ, პირველ რიგში, ამისთვის სჭირდებათ ცოდნა. 

საიდან დავიწყოთ? როგორ შევქმნათ პროდუქტი? როგორ მოვიძიოთ ფინანსები და ინვესტორები? როდის ვართ მზად ბაზარზე შესასვლელად? — ეს ის მნიშვნელოვანი შეკითხვებია, რომლებიც ყველა დამწყებ მეწარმეს უჩნდება. პასუხების პოვნა კი არც ისე მარტივია. სწორედ ამიტომ თიბისიმ შექმნა სტარტაპ კურსი, რომელიც მიმოიხილავს სტარტაპის განვითარების საწყის ფაზებს, იდეის გაჩენიდან ინვესტორებთან წარსადგენი ეგრეთ წოდებული pitch-ის მომზადებამდე.

სტარტაპ კურსი თიბისის პროგრამა სტარტაპერის ფარგლებში შეიქმნა და ერთ-ერთი ელემენტია კომპანიის მისიის შესასრულებლად — მხარი დაუჭიროს და ყოველდღიურობა გაუმარტივოს მცირე და საშუალო ბიზნესებს. 

სტარტაპ კურსი უკვე გაიარა ათობით სტარტაპერმა თუ ბიზნესის დაწყებით დაინტერესებულმა ადამიანმა და პროფესიონალი სპიკერებისგან მიიღო ცოდნა. ახლა კი ახალ ნაკადზე გამოცხადდა მიღება, სადაც 40 სტარტაპერს ელიან. ფიზიკური შეხვედრები 20 სექტემბრიდან კვირაში ორჯერ, 20:00 საათზე ჩატარდება, ტრენინგის ხანგრძლივობა კი 2 საათი იქნება.

მანამ, სანამ რეგისტრაციას გაივლით და სტარტაპ ეკოსისტემაში პირველი ნაბიჯების გადადგმას ისწავლით, ჩვენ ამ ბლოგში იმ კურსდამთავრებულებზე მოგიყვებით, რომლებმაც უკვე დაასრულეს სტარტაპ კურსი და მიღებული ცოდნა საკუთარი მცირე ბიზნესების გასაძლიერებლად გამოიყენეს.

“შეხვედრებმა, მისმა ორგანიზებულობამ და შინაარსმა მოლოდინს გადააჭარბა”,

— ქეთევან ვახტანგიშვილი, “მანსარდის” დამფუძნებელი 

ქეთევან ვახტანგიშვილი მეექვსე წელია, სტარტაპ “მანსარდს” ქმნის. აწარმოებს ხელნაკეთ ნივთებს — ტყავის ბლოკნოტებს, ჩანთებს და ფოტოალბომებს, პროდუქციას კი ონლაინ და ფიზიკურ მაღაზიებში ყიდის. მისთვის სტარტაპ კურსი ამ ტიპის პირველი საგანმანათლებლო პროგრამა იყო და როგორც აღნიშნავს, ძალიან გაუხარდა, როცა ამ შესაძლებლობის შესახებ გაიგო.

“მაშინვე ჩავერთე, როგორც კი გავიგე სტარტაპ კურსის შესახებ. მსგავსი გამოცდილება აქამდე არ მქონდა და მოხარული ვარ, რომ შევხვდი ძალიან ბევრ მაგარ ტრენერს, რომლებმაც საკუთარი გამოცდილება და ცოდნა გაგვიზიარეს. ეს ცოდნა ჩემს სტარტაპ საქმიანობაში გამომადგა”.

ქეთევანის თქმით, მრავალფეროვანი იყო საკითხები, რომლებიც შეხვედრებზე დაფარეს — “იყო თემები, რომლებიც სრულიად ახალი იყო ჩემთვის, თანაც ეს საკითხები იყო მორგებული ყველანაირ სეგმენტზე”.

ქეთევანის სამომავლო გეგმები წარმოების გაზრდა, სახელოსნოს გაფართოება და მეტი თანამშრომლის აყვანაა, რისთვისაც, როგორც ამბობს, კურსზე მიღებულ ცოდნას ნამდვილად გამოიყენებს.

“ესაა კარგი საშუალება, პირველად გაიგო ინფორმაცია სტარტაპის მუშაობის პრინციპებზე ან გაიღრმაო არსებული ცოდნა”, — გიორგი ჩაჩუა, “სადაზღვევო ბროკერი - ფრანის” დამფუძნებელი და დირექტორი.

გიორგი ჩაჩუა გუნდთან ერთად ციფრულ სადაზღვევო ბროკერის შესაქმნელად მუშაობს. ეს იქნება პლატფორმა, რომელიც ერთმანეთთან ციფრულად დააკავშირებს სადაზღვევო კომპანიებს და მომხმარებლებს. მომხმარებლებს პლატფორმაზე საშუალება ექნებათ, იყიდონ სადაზღვევო პოლისი, მიიღონ საკუთარ სურვილებზე მორგებული შემოთავაზებები და დახმარება ბროკერის მხრიდან. როცა გიორგი სტარტაპ კურსზე დარეგისტრირდა, პროდუქტი პროტოტიპირების ეტაპზე იყო. მისი მოტივაცია კი იყო ის, რომ ბაზარზე სწორად შესვლისთვის გამოცდილება და ცოდნა მიეღო. ახლა პროდუქტი დეველოპმენტის ფაზაშია და წლის ბოლოს ბაზარზე გაეშვება.

“როგორც ყველა სტარტაპერს, მეც მინდოდა, გამეცნო ახალი ტრენდები, მიმეღო მეტი ახალი ინფორმაცია. რაც მთავარია, კურსი ძალიან კარგია კავშირების დასამყარებლადაც. გავიცანი როგორც სხვა სტარტაპერები, ისე ტრენერები — ეს ეკოსისტემაში დამკვიდრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თანაც, ჩვენ განვითარების ეტაპზე ვართ და შესაძლოა ამ სტარტაპებთან მომავალში საქმიანი თანაკვეთა გვქონდეს”.

გიორგი მიიჩნევს, რომ იმისდა მიუხედავად, უკვე იცი თუ არა ესა თუ ის საკითხი, სტარტაპ კურსი საშუალებას გაძლევს, ბევრი რამ ახლებურად დაინახო. 

“კურსის უპირატესობა ისაა, რომ ინფორმაციას იღებ ტრენერებისგან, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ ამ საქმეში”

— ამბობს გიორგი ჩაჩუა.

“სტარტაპ კურსი არის არა მარტო ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის, არამედ ტრადიციული ბიზნესებისთვისაც, რომლებიც ინოვაციებს ნერგავენ”,

— გიორგი ჩხაიძე, “ბადიშის” დამფუძნებელი.

“ბადიში” საოჯახო ფირმაა, რომელიც გურული ენდემური პროდუქტებისგან სუნელებს, ტყემლებსა და საწებლებს ამზადებს. პროდუქცია ჯანსაღი კვებით, სპორტითა და ფიტნესით დაინტერესებული ადამიანებისთვისაა და გამორჩეული შეფუთვებით გადის ბაზარზე.

როგორც მისი დამფუძნებელი, გიორგი ჩხაიძე, გვიამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, ბადიში ტრადიციულ ბიზნესად მოიაზრება, იგი გარკვეულწილად სტარტაპია, ამიტომაც დაინტერესდა ამ კურსით. შედეგი კი უკვე თვალსაჩინოა — კურსი მას გრანტების მოპოვებაში დაეხმარა.

“შეხვედრებზე საუბარი იყო ინვესტორების მოზიდვაზე, pitch-ის მომზადებაზე, როგორ დავტესტოთ პროდუქტი და ასე შემდეგ. ეს ის საკითხები იყო, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა, თანაც ძალიან მოტივირებული ვიყავი, რადგან ლექციებს ძალიან გამოცდილი ტრენერები უძღვებოდნენ. ამის შემდეგ მოვიპოვე GITA-ს 50 ათასი ლარის ოდენობის რეგიონულიი გრანტი, რაც ამ კურსის დამსახურებაა”.

გიორგის თქმით, ტრენინგებს ლოგიკური სტრუქტურა ჰქონდა —

“ზუსტად ისე იყო დალაგებული შეხვედრები, როგორც ბიზნესი უნდა ააწყო — იდეა, მომხმარებლის სეგმენტაცია, MVP-ზე მუშაობა, ტესტირება, ინვესტორებისა და ფინანსების მოძიება…”

გიორგი ამბობს, რომ პირველივე შეხვედრაზე დაინახეს, როგორია სტარტაპის რეალობა და ეს ძალიან დასამახსოვრებელი იყო. 

“ტრენერები საქართველოში საუკეთესოები არიან და ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რის გამოც მონაწილეობა მივიღე. ტრენერების გარდა სტარტაპერებსაც დავუახლოვდი და ძალიან კარგი სანაცნობო წრე გავიჩინე. თანაც, კარგია, რომ კურსებზე დასწრება შეუძლია მათ, ვინც ახლა იწყებს ბიზნესს და მათაც, ვისაც უკვე აქვს საკუთარი სტარტაპი”, — ამბობს გიორგი. 

ასე რომ, თუ გსურთ, ინდივიდუალურად მიიღოთ რჩევები და რეკომენდაციები გამოცდილი ტრენერებისგან და პირადად გაიცნოთ ამ სფეროში წარმატებული ადამიანები, სტარტაპ კურსი თქვენთვისაა. პროგრამა ახალი სტარტაპ იდეების ფორმირებასა და არსებული იდეების დახვეწაში დაგეხმარებათ.

სტარტაპ კურსზე მიღება უკვე დაიწყო. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

სტატიის ავტორი: იანა კოხოძე