ოქტომბერი 06, 2020
სიტყვებს - „სტარტაპი“ და „დეკრეტი“ - ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ მანამ, სანამ ერთი შეხედვით სრულიად განსხვავებული ცნებები თიბისის ერთ-ერთი პროექტის სახელი გახდებოდა. „სტარტაპ დეკრეტი“ ასე ჰქვია პროგრამას, რომელიც უკვე მეორე წელია არსებობს და საუკეთესო სტარტაპ იდეის მქონე თანამშრომლებს საშუალებას აძლევს ბიზნესის განსახორციელებლად 6 თვიანი, სრულად ანაზღაურებადი დეკრეტით ისარგებლონ.

ხშირად საქმეს, რომელსაც ყოველდღიურად სამსახურში ვაკეთებთ, ახალ საწყისებამდე მივყავართ. „სტარტაპ დეკრეტის“ გამოცდილების შედეგად კი ნამდვილად დადასტურდა, რომ იდეები, რომლებიც სამუშაო გარემოში ჩნდება, შესაძლებელია სრულიად ახალი და წარმატებული საქმის საფუძველი აღმოჩნდეს.
პროექტი ერთი მხრივ თანამშრომლების, მეორე მხრივ კი სტარტაპების მხარდაჭერას ემსახურება.

ტრადიციულად, წელსაც თიბისელებმა საკუთარი ბიზნესიდეები კონკურსისთვის სპეციალურად შერჩეულ ჟიურის წარუდგინეს. გამარჯვებულ იდეას 2 მთავარი კრიტერიუმი უნდა დაეკმაყოფილებინა: ინოვაციურობა და ტექნოლოგიურობა.
კონკურსში მონაწილე 14 გუნდიდა ფინალში გავიდა 5 გუნდი, რომელთაგან გამოვლინდა 1 გამარჯვებული პროექტი - „იდეაკურსი“.
იდეაკურსი არის ონლაინ პლატფორმის იდეა, რომელიც განათლების მიღების/თვითგანვითარების მსურველ ადამიანებს აკავშირებს მასწავლებლებთან და კურსების შემქმნელებთან. პლატფორმის ერთიან სისტემაში შესაძლებელი იქნება, დაინტერესებულმა პირებმა ნახონ ყველა არსებული შეთავაზება, ხოლო კურსის ავტორებმა შეძლონ თავიანთი სერვისების გასაყიდად განთავსება, რაც განათლების მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ხელს შეუწყობს მსგავსი კურსებისა თუ კლასების რაოდენობის ზრდას.
გამარჯვებული გუნდის წევრები: მარიამ აბულაძე, მარიშა გოგოლაური, მარიამ ცანავა.


„ ცხოვრების რაღაც ეტაპზე ყველას აქვს საჭიროება მოიძიოს რაიმე კურსი, კერძო მასწავლებელი, სპორტული წრე ან უბრალოდ თვითგანვითარებისთვის შეიძინოს ახალი უნარები - საქართველოში კი არ არსებობს ორგანიზებული მეთოდი, სადაც დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია ერთ სივრცეში ნახოს, შეადაროს, გაფილტროს (ლოკაციის, შეფასებების ან ფასის მიხედვით) და იყიდოს კონკრეტული კურსი. მეორე მხრივ, ბევრ ბიზნესს ან კერძო პირს, რომლებიც ასეთი სერვისების მიმწოდებლები არიან, არ აქვთ საკმარისი რესურსი გააციფრულონ პროცესები, ჰქონდეთ ელ. კომერცია და პირდაპირ გავიდნენ სამიზნე აუდიტორიაზე. ვფიქრობთ, ამ ყველაფერს გადაწყვეტა იქნება საერთო „მარკეტფლეისის“ შექმნა კურსების მაძიებლებისთვის და კურსების მწარმოებლებისთვის, რაც გააუმჯობესებს ხარისხს და გაამარტოვებს პროცესებს.“
- მარიამ აბულაძე


„ სადღაც გულის სიღრმეში ალბათ დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა სტარტაპერობის სურვილი, რომელიც ჩვენთვის ბევრ სიახლედ და აღმოჩენების უწყვეტ წყაროდ ითარგმნებოდა. ერთ-ერთი მოგზაურობისას კი, როცა საუბრისას სამივემ დაახლოებით ერთი და იგივე პრობლემა წამოვჭერით მასწავლებლის თუ კურსის მოძიების სირთულის შესახებ, ჩვენდა უნებურად სამივემ ბევრი წარუმატებელი შემთხვევა გავიხსენეთ. იმ მომენტში, როგორც ცხოვრებაში ხშირად ხდება ხოლმე, მომენტუმი დავიჭირეთ და მივხვდით, რომ რაღაც კარგ იდეამდე მივედით. მთავარი იყო, რომ დავინახეთ პრობლემა, რომელსაც აუცილებლად სჭირდებოდა გადაწყვეტა. დღეს აქამდე მოვედით. სამომავლო გეგმა პროექტის გაშვება და ადამიანებისთვის ჩვენ მიერ დანახული პორბლემების მოგვარებაა.“
- მარიშა გოგოლაური


„ სტარტაპ დეკრეტის შესახებ ბევრ რამ ვიცოდით და სამივეს გვინდოდა მონაწილეობის მიღება. ძალიან კარგია, როდესაც კომპანია, სადაც მუშაობ, სხვადასხვა საინტერესო მეთოდით ცდილობს დაგეხმაროს ახალი თავგადასავლების ძიებაში. ჩვენი იდეის და მისი მომავლის ძალიან გვჯერა და როდესაც პროექტი დაანონსდა, სამივემ ვიცოდით რომ კონკურსში მონაწილეობა საუკეთესო გამოცდილება იქნებოდა. დეკრეტული 6 თვის გარდა, პროგრამა გვეხმარება, შევხვდეთ ბევრ წარმატებულ სტარტაპერს და მივიღოთ რეკომენდაციები სხვადასხვა საკითხში. ადამიანები, რომლებიც პროექტის უკან დგანან ერთგვარი მენტორები ხდებიან მონაწილეებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საწყის ეტაპზე.“
- მარიამ ცანავა
„ ეს პროექტი, რომელიც უნიკალურია თავისი შინაარსით, ძალიან კარგად ასახავს ჩვენს კორპორაციულ კულტურას და კომპანიის დამოკიდებულებას თანამშრომლების მიმართ. მიხარია, რომ გუნდში გვყავს ისეთი ადამიანები, რომლებსაც დიდი მიზნები აქვთ. საინტერესო წამოწყებებში მათი ხელშეწყობა კი ჩვენი ერთ-ერთი უპირველესი მიზანია. გვჯერა, რომ აქ გაჩენილი იდეები აუცილებლად იპოვის განვითარებას.“
- გვანცა მურღვლიანი, თიბისის ადამიანური კაპიტალის მართვის განყოფილების დირექტორი
სტარტაპ დეკრეტის ფინალისტი გუნდები და მათი იდეები:
დიმიტრი შავიშვილი: კარაოკე აპლიკაცია გასართობი, პროფესიული და საგანმანათლებლო გამოყენების ფუნქციებით.
ირაკლი გაგოშიძე: ონლაინ პორტალი მასწავლებლებისთვის, ლექტორებისთვის და ტრენერებისთვის, რომლებსაც სურთ დისტანციურად ჩაატარონ გაკვეთილები.
ალექსანდრე მანია, გიორგი ალიბეგაშვილი, აკაკი ჯიქია: ელექტრო სკუტერის საქართველოში წარმოება.
გიორგი შიუკაშვილი: აპლიკაცია, რომელიც დაეხმარება მშობელებს ბავშვის აღზრდაში და ბავშვის შესახებ მონაცემების შენახვა/თავმოყრაში.
ავტორი: ქეთი რაზმაძე
ფოტო: რეზი ყენია