ოქტომბერი 31, 2022
სტარტაპის დაწყება სარისკო და საპასუხისმგებლო საქმეა, რომელსაც შესაფერისი ცოდნა და უნარები სჭირდება. სტარტაპერებისა და ახალი ბიზნესის დაწყების მსურველებისათვის თიბისიმ სტარტაპ კურსს ჩაუყარა საფუძველი, რომლის მონაწილეებსაც ცოდნას პროფესიონალი სპიკერები უზიარებდნენ.
თეორიული მასალის გარდა, მონაწილეებმა რჩევები მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღეს და გამოცდილება ერთმანეთსაც გაუზიარეს.
“ამ ეტაპზე უძრავი ქონების საკონსულტაციო და საბროკერო კომპანია ბროკერიჯს ვმართავ. გამომდინარე იქიდან, რომ დამოუკიდებელი საქმიანობა პირველად დავიწყე, მსურდა საქმეში გამოცდილი ადამინების მოსმენა, მათგან რჩევების მიღება; მაინტერესებდა, ჩემი აზრით, მთლიანად აწყობილ საქმეს რაიმეს ხომ არ ვაკლებდი ან რა შეიძლებოდა გამეკეთებინა უფრო კარგად, ვიდრე ვაკეთებდი”, -
ამბობს თამარ კოროშინაძე, სტარტაპ კურსის მონაწილე.
“კურსმა ნამდვილად გაამართლა, რადგან საკმაოდ კომპლექსური იყო, სტარტაპის დასაწყებად საჭირო ყველა თემას მოიცავდა და დაინტერესებულ ადამიანს მყარ საფუძველს უქმნიდა. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო ბრენდისა და კომუნიკაციის ლექცია აღმოჩნდა. ასევე გამოვარჩევდი ბოლო ლექციას, იურიდიული და სამარკო ნიშნის შესახებ. ყველაზე მეტი ჩართულობა ამ ლექციაზე იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ცოდნა ამ თემის შესახებ ყველას გვაკლდა”, - ამბობს თამარი და აღნიშნავს, რომ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება უკვე დაიწყო მცირედი დასახული გეგმის ცვლილებით.
თავისი უკუკავშირი გაგვიზიარა მადონა სურმანიძემაც, რომელიც კომპანია WOOD Crafters-ს მართავს.
“ჩემი კომპანია მასიური ხის თანამედროვე მაგიდებსა და ავეჯს ქმნის. კომპანია განვითარების ეტაპზეა და ახლახან გადავდგით კიდევ 1 ნაბიჯი, გავაფართოვეთ საწარმო, დავიმატეთ კადრები, შესაბამისად, მჭირდებოდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება კომპანიის სტრატეგიული განვითარების ნაწილში და მსურდა, ეს ყველაფერი რაც შეიძლება სწორად გამეკეთებინა”,
- გვიყვება მადონა სურმანიძე.
“კურსის თემები ძალიან კარგად იყო დალაგებული, ვფიქრობ საინტერესო იყო როგორც დამწყებთათვის, იდეის ან სტარტაპის ეტაპზე მყოფი ბიზნესებისთვის, ასევე არსებული საშუალო სიდიდის ბიზნესებისთვის, ვისაც სურს კიდევ უფრო განვითარება. ჩემთვის პირადად ყველაზე საინტერესო იყო: ბრენდი და კომუნიკაცია, ინვესტიციების მოძიება, ბიზნესმოდელი.”
მადონას თქმით, ახალი ცოდნა მართვის გარკვეულ ნაწილში უკვე გამოიყენა და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ კურსმა მისცა, არის კიდევ უფრო დიდი მოტივაცია და თავდაჯერებულობა, ნებისმიერ საქმეს რომ ჰაერივით სჭირდება. დაარწმუნა თავისი გადაწყვეტილებების სისწორეში და ახლა უფრო მკაფიოდ იცის, რა უნდა აკეთოს მომავალში. ახალგაზრდა სტარტაპერისთვის ყოველთვის საინტერესოა წარმატებული, პროფესიონალი ადამიანების ისტორიები; გზები, რომლებსაც ისინი გადიან, და რჩევები, რომლებსაც ტრენინგზე იღებს.
“ჩემი კომპანია ჯერ კიდევ სტარტაპი იყო, როდესაც ძალიან ეფექტურად გამოვიყენეთ რესურსი, რომელსაც თიბისის სტარტაპერის პროგრამა დამწყებ ბიზნესებს სთავაზობს, და მნიშვნელოვანი ისაა, რომ დღეს, როდესაც უკვე სხვა საფერხურზე ვართ, მსგავსი ფორმატის შეხვედრები იგივენაირად საინტერესო და პრაქტიკულია. ნეთვორქინგი და პროფესიონალი ადამიანების მიერ გაზიარებული პრაქტიკული გამოცდილებები, ვფიქრობ, ნებისმიერ ეტაპზე საინტერესოა ბიზნესისთვის, რადგან უკვე ყოველდღიურად იცვლება მიდგომები, შეხედულებები, გემოვნება, ტენდენციები და აუცილებელია პულსზე ხელი გვეჭიროს”
- ამბობს მადონა სურმანიძე.