მუსიკა | ცა

SoulFood Society - ლაივი ალბომში

MokuMoku

თებერვალი 18, 2020

“The only type of food they eat”

SoulFood Society - ასე ჰქვია MokuMoku-ს მეოთხე ალბომს, რომელიც 20 თებერვალს LENO RECORDS-ის ლეიბლზე გამოვა. 

MokuMoku ახლა ალბათ განვითარების ყველაზე აქტიურ ფაზაშია. ჯგუფი, რომელიც ორი ადამიანის მუსიკალური პროდუქციით დაიწყო, დღეს წერს ალბომს, რომელშიც 10 მუსიკოსი მონაწილეობს. ხშირად ადამიანების რაოდენობრივი ზრდა, აზრების სხვადასხვაობას იწვევს, თუმცა შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ეს ის შემთხვევა არ არის.  

©️გიორფი ზათიაშვილი


ერთმანეთს თითქმის ყოველდღე საათობით ხვდებიან სარეპეტიციოში, უკრავენ და ემზადებიან მორიგი კონცერტისთვის, თუმცა ლაივზე ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ რაღაც ისეთი დაუკრეს, რაც აქამდე თავადაც არ ჰქონდათ მოსმენილი. ასე, ჯემის, ლაივის, საუნდჩეკის დროს იქმნება ახალი სიმღერები, რომლებიც შემდეგ ჩვენთვის აკვიატებულ, ყველაზე ნაცნობ ჟღერადობად იქცევა.  


ახალი ალბომიც ჯგუფის ხასიათს პასუხობს - ლაივი ალბომში



„ეს ალბომი ზუსტად ასახავს ბენდის დღევანდელ სახეს. მასში გადმოცემულია ზუსტად ის ემოცია, რომელიც ჩვენს ლაივებზე ხდება. კონცერტის მუხტის გადმოტანა ალბომში არ არის მარტივი, თუმცა ვთვლით რომ ტექნიკურად ჩვენ ეს მოვახერხეთ და ვფიქრობ რომ სწორედ ეს არის ამ ალბომის ყველაზე საინტერესო მხარე“


ტატო რუსია


მსმენელი

ბოლო პერიოდია სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის მოკუმოკუს მუსიკა, ლაივზეც ვენიუები ყოველთვის სავსეა. მოკუმოკუს შეხვდებით როგორც მცირე ზომის კლუბებში, ისე დიდ ფესტივალებზე... ისინი ყველგან იმეგობრებენ მსმენელს, რომელიც მათს ექსპერიმენტებსა და იმპროვიზაციას ყოველთვის პოზიტიურად ხვდება. თუ ზოგჯერ მუსიკოსებისთვის ლაივი გარკვეული მუსიკალური გამოცდილების შეჯამებაა, მოკუმოკუსთვის ლაივების უმეტესობა რაღაც ახლის დასაწყისია და ეს ალბათ მსმენელთან ურთიერთობით მიღებული ინსპირაციის დამსახურებაა.

09.02 - ლაივის შემდეგ დედაენის ბარში

©️ ნინა სიზოვა

„ჩვენი გამბედაობა სცენაზე, მათი ფიდბექის შედეგია. ასე მეტ უფლებას ვაძლევთ საკუთარ თავს და უფრო თამამები ვხდებით. ლაივის დროს ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ მსმენელი ჩვენს შიდა სამზარეულოში შევახედოთ და გავუზიაროთ ის ყველაფერი რასაც თუნდაც აქ, სარეპეტიციოში ვაკეთებთ.“

იდეა და ტექსტი


„იდეოლოგიურად ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული ტრეკების პალიტრა გვაქვს. ბევრი ეტაპი გავიარეთ როგორც მუსიკოსებმა და ყველა ეტაპზე გარკვეული ხასიათი ჰქონდა ჩვენს სიმღერებს. ახალ ალბომში ერთმანეთისგან თემატიკით საკმაოდ განსხვავებული სიმღერები გვექნება, რადგან აქ ბევრი ვოკალიანი ტრეკია და არ არის ისეთი ინსტრუმენტალური, როგორც სხვა დანარჩენი ალბომები. სიმღერების შინაარსიც ისეთია, რასაც მუსიკა გვკარნახობს. ზოგადად ჩვენთვის ტექსტი ბევრად უფროა დამოკიდებული მუსიკაზე, ვიდრე მუსიკა ტექსტზე.“ - ტატო რუსია

ალბომზე მუშაობისას LENO RECORDS-ში

©️ალექსანდრე ბაგრატიონი


„ჩემი აზრით ბევრად უფრო საინტერესოა, როცა მსმენელს კონკრეტული სიმღერის აღქმის საკუთარი ვერსია აქვს. ყოველთვის ვცდილობთ მსმენელს დავუტოვოთ სივრცე საკუთარი ინტერპრეტაციისთვის, ასე ბევრად უფრო საინტერესოა.“ - ცოტნე


შეთანხმება

„ეს გამოცდილებასთან ერთად უფრო და უფრო მარტივდება. ყველა უფრო და უფრო მარტივად ვხვდებით და ვთანხმდებით მოკუმოკუსთვის რა იქნება კარგი. ადრე იყო ხოლმე შემთხვევები, როცა ვიღაცას რადიკალურად სხვა აზრი ჰქონდა და ასეთ დროს უნდა გვეფიქრა როგორ მივსულიყავით შეთანხმებამდე. ახლა მუშაობის პროცესშივე ისე ვწერთ ტრეკს, რომ ყველას მოგვწონს, რადგან უკვე საერთო ენაზე ვსაუბრობთ“ - მიშო ელიავა


"რაც უფრო მეტ დროს ვატარებთ ერთად, გვინდა არ გვინდა, ჯგუფის სხვა წევრების მუსიკალური გემოვნება ქვეცნობიერად გველექება. ჯემის დროს ისე კეთდება სიმღერა, რომ თვითონაც ვერ ვხდებით, როგორ ვითვალისწინებთ ერთმანეთს." - ცოტნე


მოკუმოკუმდე და პირველად მოკუმოკუში

„ჩემი ბექრაუნდი პირდაპირ მოკუმოკუ და ჰიპ-ჰოპია.“


ტატო რუსია

©️გიორფი ზათიაშვილი


"ბედნიერი ვარ, რომ მე და ტატომ ერთმანეთი ვიპოვეთ." (იცინის)


ჯეი

©️გიორფი ზათიაშვილი


„მუსიკასთან ბავშვობიდან ახლოს ვარ - ჩემი მშობლები კონსერვატორიის პროფესორები არიან. ამან განაპირობა ჩემი არჩევანიც - ვსწავლობდი ჯაზ ვოკალის ფაკულტეტზე. დღესდღეობით ვაკეთებ საკუთარ მუსიკას და ვუკრავ კლავიშზე მოკუმოკუში. კლავიშზე აქტიური დაკვრა დაახლოებით 5 წლის წინ დავიწყე. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ამისკენ ჰიპ-ჰოპ მუსიკამ მიბიძგა. ჰიპ-ჰოპ გამოყენებულმა ჯაზის სემპლებმა, სულ სხვა მხრიდან დამანახა ეს მუსიკა. მოკუმოკუს გულშემატკივარიც სწორედ ამიტომ გავხდი - ძალიან მომწონდა მათ მიერ აღმოჩენილი და დამუშავებული სემპლები. შემდეგ ტატოს თხოვნით რამდენიმე ტრეკზე ვიმუშავე, რამდენმეჯერმე სარეპეტიციოშიც შევიკრიბეთ და აქამდეც მოვედით.“


მიშო ელიავა

©️გიორფი ზათიაშვილი


„მეც ბავშვობიდან დაინტერესებული ვიყავი მუსიკით და ინსტრუმენტებით. საყვირზე და დრამზე ვუკრავდი, გუნდში ვგალობდი... დაახლოებით 10 წლის წინ დავინტერესდი ექსპერიმენტული მუსიკით - მაქვს მეორე პროექტი მეტასტაზი და იქ ვუკრავ ექპერიმენტალს.

რაც შეეხება მოკუმოკუს, ტატო სამი წლის წინ გავიცანი. ერთხელ თავის ლაივზე წამიყვანა, სადაც სამნი უკრავდნენ. ძალიან პატარა ლაივი იყო 15-მდე ადამიანით და აქედან თითქმის ყველა მსმენელი ჩემი მეგობარი იყო. მაგ დღეს გავიფიქრე გულში, რომ ამ მუსიკას აკუსტიკური დრამი ძალიან მოუხდებოდა და ძალიან მესიამოვნებოდა აქ დაკვრა. მერე გამიმართლა და ტატომ Black Heaven-ის ტრეკების გარჩევა მთხოვა, შემდეგ კი რეპეტიციაზე მოსვლაც...მოკუმოკუში ისე მოვედი, რომ უკვე თითქმის ყველა ტრეკი ვიცოდი და რაღაცნაირად, ძალიან სწაფად გავერთიანდით. ეგრევე მივხვდით, რომ ერთად უნდა გაგვეგრძელებინა ეს ყველაფერი.“


ალექსანდრე ხოხიაშვილი

©️გიორფი ზათიაშვილი


„ყველაზე დიდი მუსიკალური გავლენა ჩემზე მამაჩემმა იქონია თავისდაუნებურად, როცა სახლში მოიტანა კასეტა - ერთ მხარეს დელტა ბლუზის კომპილაციით, მეორე მხარეს კი ფანკის სელექციით. ასე დავიწყე მუსიკის მოსმენა და პრინციპში ყველაფერი ამის გავლენით გავაკეთე, თუმცა არასდროს პირდაპირ არ გამომიყენებია ეს ჟანრები. სხვადასხვა როკ ბენდში ბასისტიც ვიყავი, ვოკალისტიც. როცა ტატომ და ჯეიმ გამოუშვეს მოკუმოკუს პირველი ალბომი, მოვუსმინე და ძალიან მომინდა, რომ რაღაცნაირად დავკავშირებოდი ამ ბენდს ან ამ ჟანრს. რაღაც პერიოდის მერე თვითონ გადაწყვიტეს რომ ლაივისთვის გიტარისტი უნდოდათ და მე დამიძახეს. იმ ლაივის შემდეგ ვფიქრობ, რომ ეს ის ადგილია სადაც უნდა ვყოფილიყავი და სადაც უნდა ვიყო მომავალშიც.“ 


ცოტნე გოგიტიძე

©️გიორფი ზათიაშვილი


„ბასზე 15 წლიდან ვუკრავ. დავიწყე ჩემი ჯგუფით - პულსით. ტატოს და ჯეის ვიცნობდი. ერთ დღეს, ტატომ დამირეკა - „ზეგ ლაივი გვაქვს და დაუკრავ ჩვენთან ერთადო?“ მეორე დღეს, მიშოსთან სახლში რეპეტიციაზე ვიყავი. ცოტნე პირდაპირ ლაივზე გავიცანი, მანამდე ერთად დაკრული არ გვქონდა. ასე დაიწყო ჩემი ისტორია მოკუმოკუში.“


სანდრო მაისურაძე


„რაც თავი მახსოვს ვუკრავ სხვადასხვა ინსტრუმენტზე. მივხვდი რომ შვიდწლედმა და ათწლედმა ბევრი ვერაფერი მომცა, ამიტომ დავიწყე ჩემით სწავლა, პერკუსიასაც ჩემით მივადექი. ჩემთვის მოკუმოკუ ყველაზე მასშტაბური პროექტია და ეს ძალიან მიხარია."


ნაზი ჭავჭავაძე

ტატო: სანამ დავასრულებდეთ აუცილებლად მინდა ვახსენო ჩვენ დიმიტრი დიტრიხა ლეკვეიშვილი (ტენორ საქსაფონი), თორნიკე აბულაძე (ალტ საქსაფონი) და კემო (საყვირი) - ეს ის ხალხია, რომელთა გარეშეც ამ ალბომის ჟღერადობა ისეთი არ იქნებოდა როგორიც არის. და რადგან ჟღერადობა ვახსენე, აუცილებლად უნდა ვახსენო გვაჯი, რომლის გარეშეც ეს ალბომი არ იქნებოდა. 

„ეს ის არის, რაც მე მინდა.“ - ამას ამბომს ყველა წევრი მოკუმოკუს შესახებ. ის რაც მათ უნდათ, უკვე გერმანელი მსმენელისთვისაც საინტერესოა, რაზეც MokuMoku-ს გერმანიაში ტური მეტყველებს.

წინ დიდი გეგმები და მოლოდინებია. ვინ იცის, მალე რამდენი ყურისთვის იქნება მოკუმოკუს ხმები ყველაზე ნაცნობი და საყვარელი. დარწმუნებულები ვართ, ეს გეგმები მალე კვლავ ჩვენი ბლოგის მთავარი თემა იქნება.