მუსიკა | ცა

Sioni HI-FI Sound System | პირველი ხელით აწყობილი Dub ხმის სისტემა საქართველოში

Tsa.Music

თებერვალი 24, 2023

„სწორ საუნდზე მოსმენილი (ეს) მუსიკა ჩემთვის სულთან შეხებას გავს; საკრალური პროცესია, რომელიც გასუფთავებს, გფერთხავს და ყველანაირი სტიმულატორის გარეშე განიჭებს უდიდეს სიამოვნებას“. - ლევან ხურცილავა aka Juno Q Beat


  Sioni HI-FI Soundystem პირველი ხელით აწყობილი Dub ხმის სისტემაა საქართველოში, რომელიც ლევან ხურცილავამ aka Juno Q Beat შექმნა მეგობრების დახმარებით. როგორც თავად ლევანი გვიყვება: „ეს ყველაფერი თავიდან ერთი დიდი თავსატეხივით იყო, საკმაოდ რთულ და შრომატევად პროცესებთან დაკავშირებული. უამრავი ქვეყანა, ფესტივალი თუ სესია შემოვიარე იმისთვის, რომ ჩემი ყურისთვის და კონკრეტული მუსიკალური ჟანრების გასახმოვანებლად შესაბამისი ჟღერადობის დინამიკის ყუთი მეპოვა. იმას, რასაც ფიზიკურად ვერ ვუსმენდი, ვცდილობდი ჯერ ფორუმებზე, შემდეგ კი სანდო ინჟინრებთან გადამემოწმებინა. ეს ერთი ფაზლი იყო ის, რაც საქართველოს აკავშირებდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან და ამ ნახევარსაუკუნოვან, დიდ კულტურასთან რასაც Soundsystem Culture ქვია. ეს კი იმაზე დიდი მუხტის მომცემი იყო ჩემთვის, ვიდრე დახარჯული დრო, ენერგია და სახსრები“.

ცხადია, ეს გავდა გაუკვალავ გზაზე სიარულს, ვინაიდან საქართველოში არ არსებობდა მსგავსი გამოცდილება. ამ დიდი თავსატეხის აწყობას, ხოლო შემდგომ საქართველოში Soundsystem Culture-ის განვითარებას, ბევრი გულშემატკივარი და დამხმარე ძალა ჰყავდა. მათ შორის, რამდენიმე მათგანი შეფილდიდან - Sinai Soundsystem, გლაზგოდან - Mungo’s HiFi Soundsystem, ლონდონიდან კი ლაშა ჟორჟოლიანი aka Voicedrone და Fold-ის ოჯახი.

 დაგროვებული გამოცდილების და ლონდონში ჩატარებული ორი წარმატებული სესიის შემდეგ გადაწყდა, რომ Sioni HI-FI Soundystem საქართველოში უნდა ჩამოეტანათ...

„ხმის სისტემის აწყობა ბრიტანეთში დაახლოებით 2014-15 წელს დავიწყეთ, ხოლო 2017 წელს დამთავრდა ბოლო ხელით აწყობილი კომპონენტი ჩვენი სისტემის და დაიწყო მისი და ჩვენი თავის გამოცდა“.

Juno Q Beat

როგორც ლევანი იხსენებს, საქართველოში დაბრუნებისას ვენიუები მათ ინიციატივას ხელგაშლილები არ დახვედრიან. საწყის ეტაპზე, სჭირდებოდათ ადგილი, სადაც „საუნდ ჩექს“ გაივლიდნენ, თუმცა ვერ შეძლეს ისეთი ადგილის ნახვა, რომელიც სამუშაოდ სამფაზიან დენის წყაროს იყენებდა და თან სივრცის დათმობაზე დათანხმდებოდნენ. 

საბოლოოდ, ბევრი ძებნის შემდეგ კლუბი KHIDI უსასყიდლოდ დათანხმდა სივრცისა და დენის წყაროს გაზიარებას, რის შემდეგაც დაიწყო უშუალო მზადება პირველი სესიისათვის.

საქართველოში პირველი ხელითაწყობილი ხმის სისტემის სესია ჩატარდა U-Bahn aka Fly-ში, რომელიც მდებარეობდა დავით აღმაშენებლის 164 ნომერში. 

„როცა შედიხარ Soundsystem სესიაზე საერთოდ განსხვავებულ გამოცდილებას იღებ. გარდა იმისა, რომ ფიზიკურად ყველაფერი ვიბრირებს, შენ და შენ გვერდით მყოფი ადამიანები ერთიანდებით, ხდებით ერთი ორგანიზმი და ამ კონდიციამდე მისასვლელად არ გჭირდებათ არანაირი დრაგი. გჭირდებათ მხოლოდ ბასი და ის დაბალი სიხშირე, რომელიც ყველა ირგვლივ მყოფი ადამიანის გულამდე აღწევს“ - Juno Q Beat


ვორქშოპები და სესიები პერიოდულად ტარდებოდა Vodcast Records-ის ფირფიტების მაღაზიაში, ასევე დედაენის ბაღში და ლისის ტბაზე.

პირველი მცდელობების შემდეგ, დროთა განმავლობაში გამოჩნდნენ სივრცეები, რომლებიც დაინტერესდნენ არამარტო Dub Roots Reggae Bass მუსიკით, არამედ უშუალოდ იმ განსაკუთრებული ატმოსფეროთი, რომელსაც თავად ეს ხელით აწყობილი ხმის სისტემა ქმნის.

ერთ-ერთი ასეთი ადგილი აღმოჩნდა კლუბი TES, სადაც 2022 წლის 30 აპრილიდან დღემდე რეგულარულად ტარდება სიონის სესიები, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ და საერთაშორისო არტისტებს და ხელს უწყობს საქართველოში ამ მიმდინარეობის განვითარებას. ამასთან, ამ პროცესებში აქტიურად არის ჩართული Tempo Radio, რომელიც ზრუნავს სესიების დოკუმენტირებაზე:

სესიიდან სესიამდე იზრდება მსმენელის რაოდენობა და რაც ყველაზე საინტერესოა, თითოეული მათგანი განიცდის შესამჩნევ ცვლილებას. მაგალითად, თუკი დასაწყისში უმეტესი ნაწილისთვის ეს ყველაფერი ჩვეულებრივ საკლუბო „ფართისთან“ ასოცირდებოდა, დღეს უკვე ჩანს რომ უფროდაუფრო მეტი ადამიანი იაზრებს ამ სესიების რეალურ მნიშვნელობას.

„სესიის დროს თითქოს მუსიკა შენში გადის, ფიზიკურ დონეზე გრძნობ ყველა ვიბრაციას, თითოეულ რხევას და თავად ხდები ამ პროცესის ნაწილი, მუსიკის ნაწილი“ - Juno Q Beat


 კლუბში მოსული სტუმრები მოდიან არა „ფართიზე“, სადაც მთავარ მიზანს გართობა და არაფხიზლად ყოფნა წარმოადგენს, არამედ სესიაზე, რომელიც აერთიანებს იქ მყოფ ადამიანებს, აქცევს მათ ერთ მთლიანობად და თავს აგრძნობინებს რაღაც ამაღლებულის, ხელშეუხებლის ნაწილად. ამასთან, უნდა აღინიშნოს რომ Sioni HI-FI-ის სესიებზე ტრეკები არ იმიქსება, რაც ასევე განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენს. ტრეკებს შორის არის პაუზები, რომელიც კიდევ უფრო ამძაფრებს მუსიკის აღქმას; ეს ყველაფერი თითქოს მსმენელს შესაძლებლობას აძლევს გადაიაზროს და შეაჯამოს ის, რაც 2-3 წუთის წინ მის თავს ხდებოდა.

„ტრადიციული Dub მუსიკის სესიების გარდა საუნდსისტემ ოჯახი და კოლექტივი ასევე ბას მუსიკის სესიებს აკეტებს.” Sub Solo” და “From Dub to Jungle “ სესიები, სადაც Deep Dubstep / Breaks / Jungle /DnB ჟანრები იკვრება. სესიების მთავარ მიზანს წარმოადგენს ამ მუსიკალური ჟანრების სწორი რეპროდუქცია, მსმენელისთვის ინფორმაციის გაზიარება და ამ კუთხით მათი უფრო მეტად გაზრდა“. - Juno Q Beat


როგორც ჯუნო აღნიშნავს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბას მუსიკის დაკვრას შესაბამის ხმის სისტემაზე. ყველა კლუბის ხმის სისტემა შესაძლოა არ „გამოდგეს“ ამ პროცესების განსახორციელებლად და უფრო მეტიც, არის ალბათობა რომ ვერ გაუძლოს მსგავს დატვირთვას.

"როგორც ნამცხვრის ნაჭრით ვერ მიაჭედებ ლურსმანს და გჭირდება ჩაქუჩი ან სწორი ზომის ქვა, ესეთივე სწორი მიდგომა ჭირდება ბას მუსიკას და იმ ხმის სისტემას რომელზეც იგი იკვრება." – Juno Q Beat


  ამასთან, სესიებს ყავს Mic Man, სესიის ჰოსტი, რომელიც პერიოდულად, მუსიკის მოსმენის პარალელურად მიკროფონით ესაუბრება ხალხს და ამ გზით კიდევ უფრო უახლოვდება მათ.

„Jah Shaka , Channel One , Aba Shanti i , Iration Steppas Soundsystem და ზოგადად ტრადიციულ Dub-Roots Reggae სესიებზე ეს საუბარი ისე გესმის, თითქოს ეკლესიაში ხარ და შენ წინ ქადაგებენ, გმოძღვრავენ“ - Juno Q Beat


თავად ლევანიც, რომელიც სესიის დაწყებიდან მის დამთავრებამდე ხმის სისტემის „გულს“ PreAmp-ს აკონტროლებს, სესიის ჰოსტია და Mic man-ის ფუნქციასაც ითავსებს, თუმცა დიდი იმედი აქვს რომ ეს დროებითია და მეტი ახალგაზრდა ინსპირირდება, გამოჩნდება და გამოთქვამს სურვილს რომ იყოს ამ ინტერნაციონალური კულტურის ნაწილი.

 


ავტორი: მართა გელიაშვილი