მუსიკა | ცა

შემოდგომის მუსიკა

Tsa.Music

ნოემბერი 12, 2020

Andrea Ferraris & Matteo Uggeri - Autumn is Coming, We're all in Slowmotion (2010)


ეს ალბომი მეგობარმა გამაცნო რამდენიმე წლის წინ და მას შემდეგ სექტემბრის დადგომასთან ერთად ჩემი ფლეილისტიც ავტომატურად მისით იწყება.. ორი იტალიერი ემბიენთ მუსიკოსის კოლაბორაცია, სადაც ტექსტურები, ეზოში ბავშვებთან ჩაწერილი ხმები თუ ჩელოს დროული გამოყენება მუსიკალურად შემოდგომის ლამაზ დღეს ქარგავს, სადაც სენტიმენტალურობა ცხოვრების წესად ქცეულა.

Spirogyra - Bells Boots & Shambles (1973)


მე რომ მკითხოთ, თუ რომელი მუსიკალური სტილია ყველაზე მეტად შემოდგომის სეზონისთვის განკუთვნილი, ალბათ ფოლკ-როკს გიპასუხებდით, განსაკუთრებით კი 70-იანების დასაწყისის კენტერბერის სცენა - ამ მხრივ კი გამორჩეულია ბენდი Spirogyra და მათი ალბომი „Bells Boots & Shambles“. სევდა და მელანქოლია ამ ალბომის ძირითადი ხაზია, რასაც ჩელოსთვის, ფლეიტისთვის თუ საყვირისთვის დამატებითი ინსტრუმენტაცია ამძაფრებს, ბარბარა გასკინის ხავერდოვანი ხმა კი მსმენელში ოდესღაც განცდილ სულიერ ტკივილებს აღვიძებს.

George Winston ‎– Autumn (1980)


ამერიკელი პიანისტის ალბომი, რომლის სახელიც და ალბომის ვიზუალური გაფორმებაც შემოდგომის სეზონთან არის დაკავშირებული, რომ არაფერი ვთქვათ მის მელოდიურ და მსუბუქ მუსიკალურ მოტივებზე - ეს შესაფერისი თანაგზავრი იქნება თქვენი ყვითელი შემოდგომისთვის.

Roy Hargrove - Nothing Serious (2006)


უამრავი ჯაზ ალბომიდან, სადაც “Autumn Leaves”-ის სხვადახვა ინტერპრეტაციებს შეხვდებით, როი ჰარგრუვის ეს ალბომი შევარჩია, სადაც ნახსენები ჯაზ სტანდარტი საერთოდ არ ფიგურირებს. სოულსა თუ ფანკზე ორიენტირებული RH Factor-ისგან განსხვავებით, მესაყვირე აქ კვინტეტთან ერთად რადიკალურად განსხვავებულ ატმოსფეროს ქმნის, რომლის ჩამოყალიბებაშიც  დემოკრატიულად ყველა წევრი ერთვება.  ალბომს აქტიურად ვუსმენდი გასული შემოდგომისას და ვფიქრობ თქვენთვისაც საინტერესო ემოციებს წამოწევს წინ.

Andrew Bird & The Mysterious Production of Eggs (2005)


ჩიკაგოელი ენდრიუ ბირდი ჩემო ფავორიტი მულტინსტრუმენტალისტი და მსტვენელია,  არ მოგესმათ, მსტვენელი! მის 2005 წლის ალბომში, იგი ამ ნიჭს, საინტერესო პოეტიკას, უპასუხო კითხვებით გარს ავლებს, რასაც საბოლოოდ ვიოლინოს მელოდიური ჩანართები ემატება - შემოდგომის ველოგასეირნების კეთილხმოვანი საუნდტრეკიც იქმნება.

Fleet Foxes -Fleet Foxes (2008)


თანამედროვე ფოლკისა და როკ მუსიკის გამორჩეული ალბომი, რომელიც ბუნებასთან ჰარმონიის მისაღწევად შეიქმნა, ეს ბენდი უამრავ გავლენას განიცდის სრულიად განსხვავებული მუსიკალური სტილებისგან, შესაბამისად ინსტრუმენტებთან ჰარმონიული ვოკალური შერწყმისა  და რბილი რიტმების სილაღი ლამაზი საშემოდგომო მუსიკალური თეატრიც მზადდება.

Joni Mitchell – Blue (1971)


რთულია ისეთ ალბომზე და მუსიკოსზე რამის დამატება, რომელზეც დეკადების განმავლობაში თითქოს გამოყენებელი შემამკობელი სიტყვები ამოიწურა. ფორტეპიანო, გიტარა, ჯონის სულშიმწვდომი ხმა და ის პოეტური ტექსტები მუსიკას უნაკლოს ხდის, ჩვენს ცხოვრებას კი ბედნიერს რომ მისი მოსმენა შეგვიძლია.

Stereolab - Dots and Loops (1997)


Stereolab 90-იანი წლების ერთ-ერთი საკულტო ფრანგულ-ინგლისური ჯგუფია. იდეოლოგიურად მემარცხენე სიტუაციონისტების გავლენით, ჯაზ მუსიკის, კრაუტროკისა და პოპ ჟღერადობის ეგზოტიკურ ჩანასახს ვიღებთ, რომელსაც ვოკალისტის ლეტიშია სადიეს დამამშვიდებელი ეფექტის მქონე ხმა ისეთ მომაჯადოვებ ეფექტს ქმნის, რომ მრავლის მნახველი ფარელ უილიამსის გულიც დაიპყრო.

Julia Holter - Loud City Song (2013)


უნდა ითქვას რომ ბევრი ქალი ვოკალისტი არ მეგულება თანამედროვე მუსიკალურ სცენაზე, რომლის ხმაც ჩამითრევს და მთელ ალბომს შეუჩერებლად მომასმენინებს, კალიფორნიელი ჯულია ჰოტლერი აქ გამონაკლისია. ზუსტად შემოდგომის პერიოდი იყო როცა ეს ალბომი 7 წლის წინ გამოვიდა და მახსოვს როგორ მოუხდა ეს ნაზი ავანგარდული პოპი, ჯაზის მცირე შეხებით თბილისის ქუჩების იმ დროინდელ პეიზაჟს.

Stars of the Lid - And Their Refinement of the Decline (2007)


ამ ტეხასურმა ემბიენთ/დრონ დუეტმა სტილში დიდი გარდატეხა მოახდინა და მათი ეს ბოლო ალბომიც დღემდე ითვლება აუცილებელ მოსასმენ მასალად ყველა მელომანისთვის. ეს სიმშვიდით „გადატვირთული“ მუსიკალური მოქმედება, ვერ ვიტყვი რომ მხოლოდ ფონური ეფექქტის მქონია, ვინაიდან ყველა კომპოზიცია აშკარად სულის ამოძახილია და ჩვენც ცნობიერების აღმოუჩენელ ნაკადებს გვაპოვნინებს

El Fog ‎– Reverberate Slowly (2007)


იაპონელი ვიბრაფონისტის, მასაოში ფუჯიტას პროექტი, რომელიც რამდენიმე წლის წინ თბილისსაც ეწვია კონცერტით. ამ ალბომში მინიმალისტური ესთეტიკით  და რა თქმა უნდა ვიბრაფონის უჩვეულო ჩართულობით იქმნება ნისლიანი სამყარო, სადაც თვით რეფლექსიითვის ადგილი ყოველთვის თავისუფალია.

Bibio ‎– Fi (2005)


ბრიტანელი სტეფან უილკინსონის იგივე Bibio მუსიკა ნატურალისტური ხედვითა და ესთეტიკით ხასიათდება. პირველი ალბომის გამოშვებას (Fi) იგი Boards of Canada-ს წევრებს უმადლის, რომელთანაც მუსიკალური და ემოციური ნათესაობა აშკარა გახდება კომპოზიციების მოსმენის შემდეგ.  2000-ანებში მცირე ხნით არსებული ე.წ. folktronica-ს სცენა სწორედ ამ ტიპის არტისტებზე იდგა, სადაც ფოლკისა და ელექტრონული მუსიკის სინთეზით საინტერესო ისტორიებზე მოგვითხრობდნენ.

King Krule - King Krule (2011)


დღემდე კარგად მახსოვს 9 წლის წინ, შემოდგომის ის საღამო, როდესაც 17 წლის არჩი მარშალის ეს მინიალბომი ჩემს ფლეილისტში მოხვდა. მიუხედავად ლირიული კონტრასტისა, მაინც რაღაც იმედის მომცემი ემოციები მეუფლება ყოველი მოსმენისას, სადაც გიტარის პარტიებით მელანქოლიაც სახელს იხვეჭს და ასე ვხვდებით მოზარდის ცნობიერების ნაფლეთებში, რომელიც ასაკისთვის დამახასიათებელ ფიქრებს მოუცვიათ.


ავტორი: ჯაბა შავიშვილი