აგვისტო 24, 2022
ორშაბათი, 12 ივლისი - სეულის განათების დევნა
სეულში პირველი გასეირნება ღამე. წვრილ ქუჩებში იქით უხვევ საითკენაც უფრო საინტერესო განათება შეგხვდება. ამინდის ცვლილებას ხალხს ატყობ. ნელ-ნელა მრავლდება ქოლგების რაოდენობა ხელში. შესაბამისად წვიმას იწყებს. თითქმის არცერთი საწვიმარი - მხოლოდ ქოლგები.
სამშაბათი, 13 ივლისი
სწრაფი საუზმის მერე, გასეირნება Jung-gu-ში. ქოლგები მზეშიც აქტუალურია. მაღალი შენობები, უამრავი ბანერი და ნიშანი. ტექნოლოგიურ განვითარებას ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო მოწყობაში ატყობ. გადასასვლელ ზებრაზე შუქნიშნის გარდა, ძირს, ტროტუარზე ასასვლელამდე გრძელი ლედ განათებაა. იმათთვის ვინც სმარტფონში იყურება და ისე კვეთს ქუჩას.
გადასვლა Gangnam-ში. უამრავი პატარა საინტერესო შენობა, ბევრი რესტორანი, ყავა და პირველ რიგში ტანსაცმლის მაღაზიები. სწრაფ დინამიკაში მიუყვები ვიწრო ქუჩებს და განათების ბოძებზე დაკიდებულ უამრავ სადენს.
ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე კაფეების და რესტორნების ბანერებს პლასტიკური ქირურგიის ბანერები ანაცვლებს. მაკიაჟის მაღალი მოთხოვნის გარდა, კორეაში კოსმეტიკურ ქირურგიას სტუდენტობიდან, ზოგჯერ სკოლიდანაც იწყებენ.
განგნამის ვიწრო, მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებში სეულის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მაღაზიის შენობაა - Acne Studios Store - Cheongdam. როგორც სტუმარი, ჩემი შთაბეჭდილება ისეთია, რომ დასავლურმა ბრენდებმა და კორეულმა ურბანულმა კულტურამ რაღაც მისცა ერთმანეთს. საკმაოდ უნიკალური სტილის, მკაცრი, თან მსუბუქი და საინტერესო გარემო. დიზაინი Sophie Hicks Architects ეკუთვნის.
სეულში უმეტესად ყველამ იცის საქართველოს შესახებ, ყველა კატეგორიის ადამიანმა სხვადასხვა მიზეზის გამო. ამ შემთხვევაში მაღაზიის კონსულტანტი თავისით მიხვდა ეროვნებას და მომიყვა, რომ მოდიდან იცოდა ჩვენი ქვეყნის შესახებ.
კორეული სამზარეულო დატვირთულია ცხარე კერძებით. კიმჩის სუნი ქუჩაში სეირნობისასაც ხშირად გხვდება. ასევე პოპულარულია Korean BBQ, რომელიც შენ თვალწინ იწვება.
კარგი ბარების უმეტესობა დამალულია. შეიძლება ვინმეს გარაჟში - პარკინგთან კარი აღმოაჩინო და უცბად ძალიან კარგ ბარში აღმოჩნდე. კარზე შეილება Touch ID-ც დაგხვდეს, კედელი შემოტრიალდეს და ისე შეხვიდე საპირფარეშოში, ან პიანინო თავისით უკრავდეს. ბარები ძალიან კარგი მომსახურებით და საკმაოდ კომუნიკაბელური ადგილობრივი საზოგადოებით. პირველივე ღამე საკმაოდ აქტიური და სოციალიზაციით სავსე აღმოჩნდა.
ოთხშაბათი, 14 ივლისი
დილას სეულის Secret Garden-ისკენ წავედი, მაგრამ ორშაბათს დაკეტილი აღმოჩნდა. იგივე პარკში კარგი ტბა და Changgyeonggung Palace შემხვდა. ცოტა შიგნით მცენარეების სათბური, რომელშიც ბევრი ბონზაი დგას.
კორეის თანამედროვე ხელოვნების მხარემ კიდევ უფრო დამაინტერესა ვენეციის ბიენალეზე კორეის პავილიონში წარმოდგენილი ინსტალაციის ნახვის შემდეგ. ამიტომ, პირველი MMCA | National Museum of Modern and Contemporary Art Seoul-ში წავედი.
Yunchul Kim: Gyre / Pavilion of Korea at Venice Art Biennale 2022
გამოფენის შემდეგ, საბაგიროთი Seoul Tower-ზე ასვლა და მეორე მხარეს - Itaewon-ისკენ ფეხით დაშვება.
Itaewon ახალგზარდებით სავსე, ცოცხალი და არქიტექტურულად საკმაოდ ლამაზი უბანია. წვრილი დაღმართიდან და კერძო სახლებიდან მთავარი ქუჩისკენ ჩადიხარ.
კორეული სამზარეულოს გარდა ამ უბანში უამრავი კარგი რესტორანი გხვდება. ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ადგილი ჩინური რესტორანი - 벽돌해피푸드 한남점 იყო.
რესტორანში ერთი ტატუ არტისტი გავიცანი - სამხრეთ კორეაში ტატუს კეთება არ არის ლეგალური. უფროსი თაობა და მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ტატუს კულტურას ხელოვნებად არ აღიგქვამს, პირიქით, მათთვის ტატუ კრიმინალურ გენგში ყოფნის ნიშანია. როდესაც ტელევიზიებში სხეულზე ნახატებს აქრობენ, ახალგაზრდობა ცდილობს ეს სტერეოტიპი გააქროს.
სეირნობისას Leeum Museum of Art-ის ეზოში ანიშ კაპურის ინსტალაციები მხვდება. Itaewon-ში ლურჯი ცის ტონები იდეალურად გადადის შენობების ტონებში და როგორც ინსტალაციები ისე ირეკლავენ ცას.
როგორც განგნამში, ასევე იტაევონშიც ბევრი დამალული ბარი და რესტორანია. ზოგს სახელიც შესაბამისი ქვია, მაგალითად, ერთ-ერთი ბარის სახელია PUSSYFOOT SALOON. კატის ნაბიჯებით ბეტონზე ვიღაცის ეზოსკენ ჩადიხარ და იქ გხვდება ბარი. ამ ბარში რამდენიმე ადგილობრივი გავიცანით, რომლებმაც წაგვიყვანეს ახალგაზრდებით ყველაზე დატვირთულ ქუჩაზე - Itaewon-ro 27ga-gil. ტურბულენტობა იზრდება, ქუჩის კუთხეებში მეხსიერება იბლარება.
ხუთშაბათი, 15 ივლისი
Seochon Hanok Village-ის გვერდზე, დიდი პარკია, რომელშიც ნაციონალური მუზეუმები და შენობებია. Gyeongbokgung Palace - ამ ადგილას კორეის მეფეები ცხოვრობდნენ.
Dongdaemun-ში ზაჰა ჰადიდის დიზაინით აშენებული ხელოვნების, დიზაინის და ტექნოლოგიის ცენტრი Dongdaemun Design Plaza (DDP) შეგხვდება. შენობის ფასადი რომელიც სამგანზომილებიანი ციფრული ტექნოლოგიით გაკეთებული 45 ათასი ალუმინის პანელისგან შედგება, ღამე განათების სანახაობად გარდაიქმნება.
სამხრეთ კორეაში მოსახლეობის ნახევარი ათეისტია, მაგრამ უმეტესად ქრისტიანობაა გავრცელებული. ყველაზე მეტი მიმდევარი პროტესტანტულ ეკლესიას ყავს. ქალაქში ძალიან ბევრი ჯვარი გვხვდება. ცენტრში უზარმაზარი, არქიტექტურულად ძალიან საინტერესო პრესბეტარიანული ეკლესია დგას, სახელად Saemoonan Church.
კორეაში ბევრი ეკლესია შეგხვდებათ, რომელსაც გარედან საერთოდ ვერ მიამსგავსებ ეკლესიას. დაბალი პროცენტულობით არსებობს რამდენიმე კულტიც, რომლებიც ახალგაზრდებს იტყუებს და გარე საზოგადოებასთან ტყუილით გამკლავებას ასწავლის.
ძირითადად კორეელები საკმაოდ თავაზიანები და კეთილგანწყობილები არიან სტუმრების მიმართ. ერთ-ერთ რესტორანში მთლიანი ბოთლი ადგილობრივი ალკოჰოლური სასმელი გვაჩუქეს. რომელიც სოჯუს გავდა, მაგრამ ბევრად მაღალი ალკოჰოლური შემცველობა ჰქონდა.
სეული ძალიან დიდი და კონტრასტული ქალაქია. უამრავი განსხვავებული უბნით. საკმაოდ რთულია ამოწურო. მინიმალისტური შენობებიდან - გადატვირთული დეტალებით სავსე ფასადებამდე. ცათამბრჯენების ქვეშ ხმაურიდან - წყნარ ქუჩებში დამალულ შეკრების ადგილებამდე. დახვეწილ მაღაზიებიდან, სახელოსნოებიდან და ტექნოლოგიური ქარხნებიდან - გარეუბნის მოტოციკლეტების შესაკეთებელ ავტოფარეხამდე.
ავტორი: გიორგი ზათიაშვილი