მუსიკა | ცა

Sayonara, რიუიჩი საკამოტო

(1952 - 2023)

აპრილი 04, 2023

„Ars longa, vita brevis –

სიცოცხლე წარმავალია, ხელოვნება კი მუდმივი“

ეს იაპონელი კომპოზიტორის, მუსიკოსის და ხელოვანის, რიუიჩი საკამოტოს რჩეული ფრაზა იყო და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ამ სიტყვების თანხვედრით იცხოვრა. რთულია ისეთ ადამიანზე რამის დაწერა, რომელთანაც ცხოვრებისეული შეხება არ გქონია, შესაბამისად ვერც მასთან გატარებულ დროს ან მის ყოფით თვისებებს გაიხსენებ, თუმცა ხელოვნებას, მუსიკას - ამ შემთხვევაში კი საკამოტოს შემოქმედებას, როგორც ჩანს შესწევდა იმის ძალა, რომ ადამიანებში ყველაზე ძვირფასი ემოციები აღეძრა და ბევრისთვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გამხდარიყო.

მის შემოქმედებასთან მისასვლელად ყველას თავისი, განსხვავებული და უნიკალური გზა ჰქონდა - ზოგმა ჩემნაირად, მისი პირველი ჯგუფის, YMO-ს შემოქმედებიდან გაიცნო, ზოგსაც ფილმებისთვის დაწერილი მუსიკიდან მოესმა საღვთო ბგერების ნაკადი, სხვებმა ელექტრონული მუსიკასთან მისი ექსპერიმენტირებით და ა.შ. - ეს სია იმდენად გრძელი შეიძლება იყოს, რამდენადაც მისი დისკოგრაფია და იმ მუსიკალური სტილების მრავალფეროვნება, კარიერის სხვადასხვა ეტაპზე რომ ასხივებდა.

ომის შემდგომ პერიოდში, იაპონიის საშუალო კლასის, წიგნების რედაქტორის ოჯახში დაბადებული საკამოტო ბავშვობიდან ხელოვნებასთან და ლიტერატურასთან იყო ნაზიარები. ჯერ კიდევ სკოლის პერიოში, 1960-იანი წლების ბოლოს, იგი აქტიურად იყო ჩართული ახალგაზრდულ მოძრაობაში, რომლებიც ვიეტნამის ომსა და იაპონიის იმ დროინდელ პოლიტიკურ რეჟიმს აკრიტიკებდა. კონსერვატორიაში უკვე როგორც ფორტეპიანოს ვუნდერკინდმა ისე ჩააბარა, მუსიკალური გემოვნება კი მთელ მსოფლიოს წვდებოდა, იაპონური ჯაზიდან დასავლურ პოპამდე, რაველის რომანტიციზმიდან, აფრიკულ და აღმოსავლეთ აზიის ეთნიკურ მუსიკამდე. განსაკუთრებულ პატივს კი დებიუსის სცემდა, რომელმაც მეცხრამეტე საუკუნეში ტონალური მუსიკა რთულ ჰარმონიულ ნაწილებად დაშალა და რომლის გავლენაც საკამოტოსთანაც აქტიურად იგრძნობოდა.

1970-იანი წლების შუა პერიოდიდან, სესიური მუსიკოსის როლში აქტიურდება, მეორე ნახევრიდან კი უკვე აყალიბებს ბენდს Yellow Magic Orchestra, ჰარუომი ჰოსონოსთან (ბასი) და იუკიჰირო ტაკაჰაშისთან (დრამი) ერთად. სამივე დაინტერესებული იყვნენ სრულიად ახალი, ეგზოტიკური მუსიკალური იდეებით, რომლის ინსპირაციაც ამერიკელი კომპოზიტორი მარტინ დენი, გერმანული კრაფტვერკი და იტალიელი ჯორჯო მოროდერი იყვნენ. რა თქმა უნდა ჯგუფის მთავარი იდეა სინთეზურ ბგერაზე იდგა და თუ დაუკვირდებით, მათი პირველი ალბომები ვიდეო თამაშებისთვის შექმნილი მუსიკის საწყისი ეტაპიც იყო, რომელმაც 1980-იან წლებში უკვე მთელი იაპონია მოიცვა. ბენდმა სრულიად ახალი, განუმეორებელი მუსიკალური სტილი - „TechnoPop” შექმნა, რამაც თავის მხრივ გავლენა მოახდინა დასავლელი მუსიკოსების მთელ წყებაზე, დაწყებული ჰიპ-ჰოპ პროდიუსერებით, დასრულებული იმ პერიოდში ახლად შექმნილი საცეკვაო მუსიკის დალღით.

მომავლის ყველა ტექნოლოგია პირველადად სწორედ 1980-იანი წლების იაპონიაში იყრიდა თავს. ამ დროს იაპონიის პოპულარულმა მუსიკამ შემოქმედებითი აფეთქება განიცადა - საკამოტო კი ის არტისტი იყო, რომელიც ყველაზე ადრე ჩაწვდა ახალ ესთეტიკურ წინააღმდეგობებს - მაღალტექნოლოგიური ხმოვანება და კლასიკური ორკესტრი, იაპონიის ლოკალური კონტექსტი და გლობალური კულტურული ნაკადები, რომელთა გაერთიანებითაც ხელოვნების ექტრემალურ ფორმებში გამოჭედვა შესაძლებელი გახდა.

ამ პერიოდში მოსული წარმატება, მას უკვე ეხმარება აქტიურად ჩაერთოს კინომუსიკაში. 1983 წელს ეკრანებზე გამოდის ნაგისა ოსიმას ფილმი Merry Christmas Mr. Lawrence, რომელშიც გადრა მუსიკალური ნაწილისა, როგოორც მსახიობი, დევიდ ბოუისთან და ტაკეში კიტანოსთან ერთად მონაწილეობს. ამას მოჰყვა ბერტოლუჩის ორი ფილმის, ოსკაროსანი The Last Emperor-ის და The Sheltering Sky-ის მუსიკალური გაფორმება, რომლებმაც მისი სახელი დასავლურ სამყაროს უკეთესად გააცნო და კომპოზიტორიც ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად.

1990-იანი და 2000-იანი წლები საკამოტოს შემოქმედებაში ალბათ ყველაზე ნაყოფიერი იყო, როგორც მუსიკალური ისე აქტივიზმის მხრივ, რაც მისი ცხოვრების მუდმივი ელემენტი გახდა. 2006 წლიდან იგი Commmons-ის პროექტის დამფუძნებელია, რომელიც ისეთ არტისტებს აერთიანებთ, რომლებიც მუსიკასთან ერთად სოციალური ცვლილებებით არიან დაინტერესებული. აღნიშნული პროექტის ფარგლებში კი მუსიკალური ელექტრონული წიგნების მთელი სერია გამოვიდა.

თანამშრომლობამ დავიდ სილვიანთან, იგი პოპთან, არტო ლინდსისთან და სხვებთან საკამოტოს მუსიკალური პალიტრა უფრო მეტად გაამდიდრა. კრისტიან ფენეზთან და ალვა ნოტოსთან მისმა თანამოქმედებამ, ფორტეპიანოსა და ელექტრონიკის მინიმალისტურმა, ნაზმა, უპრეტენზიო და ინტროსპექციულმა სინთეზმა კი ემბიენთ მუსიკის სრულიად ახალი კარი გააღო მსმენელისთვის. მისი ყოველი მორიგი ალბომი ალბათ უფრო მეტ მუსიკალურ იდეებს და ტექნიკურ კომპლექსურობას ატარებდა, ვიდრე უამრავი მუსიკოსის მთელი კარიერა, ხატავდა რა წარმოსახვით სამყაროებს, რომლებიც ერთი მხრივ აბსტრაქციისკენ იყო მიდრეკილი, მეორე მხრივ კი მსმენელის ცხოვრებისეულ გამოცდილებებთან მარტივად აბამდა ბმულებს - ნამდვილ ცხოვრებასთან, რომელსაც ყველა ყოველდღიურობის მიღმა, განცდების უწყვეტ ნაკადში ატარებს ხოლმე.

მხოლოდ 2014 წელს, კიბოს მოულოდნელმა დიაგნოზმა შეძლო შემოქმედის გაჩერება, ისიც მხოლოდ მცირე დროით. შემდეგი 9 წლის განმავლობაში, მიუხედავად ჯანმრთელობის პრობლემებისა, ყოველწლიურად ახალ ალბომზე მუშაობდა - ეს კიარა გასულ წელს Noton-ის ლეიბლმა ალვა ნოტოსთან კოლაბორაციის თავიდან გამოცემა დაიწყო. (რომელიც ეხლაც პროცესშია).

საკამოტომ თავის შემოქმედების სხვადასხვა ეტაპზე წაშალა ზღვრები ავანგარდსა და პოპ-კულტურას შორის, თავადაც იყო რა მედლის ორივე მხარის წარმომადგენელი. თუმცა,სადაც კი მის ნოტს „ფეხი დაუდგამს“ ყველგან იგრძნობოდა მისი პიროვნული მაგნეტიზმიც, რომელსაც თავად მუსიკოსი, თავმდაბლობის გამო ხშირად უარყოფდა.

მიუხედავად მისი მოულოდნელი გარდაცვალებისა, რიუიჩი საკამოტომ სრული ცხოვრებით იცხოვრა, ადრეული ასაკიდან მოექცა ხელოვნების ძალის ქვეშ და ოთხი დეკადის განმავლობაში მის სამსახურში იდგა... და რაც მთავარია მუსიკის გადამდები ეფექტის მეშვეობით შეასრულა მისი, როგორც ხელოვანის მთავარი მისიაც - ადამიანთა ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა.

ავტორი : ჯაბა შავიშვილი